თავმდაბლობის გარეშე ყველა ღვაწლი დამღუპველია
თავმდაბლობის გარეშე ყველა ღვაწლი დამღუპველია
გადმოცემის მიხედვით, ათონის მთაზე კვიპროსზე გამგზავრებულმა დედა ღვთისმშობელმა დადგა თავისი წმინდა ფეხი - ზღვით მიმავალი უფლის განგებით ამოვარდნილმა ქარიშხალმა ათონის წმინდა მთაზე გარიყა. ნაპირზე გადმოსულმა მადლიერების ნიშნად წარმოთქვა: "მადლი ჩემგან შობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა".

ათონზე მონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან მოდის. ოფიციალურად პირველი მონასტერი (დიდი ლავრა) ათანასე ათონელმა დააარსა 963 წელს, ამიტომაც ამ ლავრას "ათანასეს ლავრასაც" უწოდებენ. ათანასე ათონელი საქართველოს კანდელის - იოანე მთაწმინდელის მოძღვარი და მეგობარი იყო. სწორედ იოანე და თორნიკე მთაწმინდელებმა დააარსეს ივერონის მონასტერი (980-983 წწ.) და დიდი წვლილი შეიტანეს როგორც დიდი ლავრის აღმშენებლობაში, ასევე ზოგადად წმინდა მთის - ათონის მონასტრების დაარსება-აღშენებაში.

ბარდა სკლიაროსზე გამარჯვებით (979 წ.) თორნიკე ერისთავმა დიდძალი სიმდიდრე წაიღო ათონის წმინდა მთაზე. სწორედ ამ სახსრებით აშენდა და გამშვენდა უამრავი საცხოვრებელი თუ მონასტერი, მათ შორის ივერონი, ვათოპედი და დიდი ლავრა.

სკიტები ათონის მთაზე პირველად VIII საუკუნეში გამოჩნდა. სკიტები ათონის კონკრეტული მონასტრების კუთვნილ მიწებზე, მათთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე არსებობდა. კონტრაქტები რატიფიცირებულ იქნა კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს მიერ. დღესდღეობით ათონის წმინდა მთაზე 12 სკიტი არსებობს. ყველა ისინი კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნის ამა თუ იმ მონასტერს. სკიტი იგივე მონასტერია, ოღონდ შეზღუდული უფლებებით და განსხვავებული ცხოვრების წესით. თუმცაღა მასაც ჰყავს თავისი წინამძღვარი. მათი ცხოვრება უფრო ძნელია, ვინაიდან დამოკიდებულნი არიან თავიანთ შრომასა და მეურნეობაზე. აქ მონაზვნური ცხოვრება განსხვავებულია, ზოგიერთი იდიორითმული ცხოვრების წესით ცხოვრობს, ზოგი კი ზოგადსაცხოვრებელი ცხოვრების წესით.

ცოტა ხნის წინ ათონის მთა მოინახულა ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის რაიონის ველისციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სკიტში მოღვაწე ბერდიაკვანმა დანიელ გიორგობიანმა.

- სად მდებარეობს სკიტი, რომელშიც მოღვაწეობთ?

- ქარელიდან 25 კილომეტრის მოცილებით, თრიალეთის ქედზე. რუის-ურბნისისM მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ეპარქია გახლავთ და იქ ვმსახურობ 2002 წლიდან. მეუფე იობი არის ჩემი სულიერი მამა, ადამიანი, ვინც მე ქრისტეში და მართლმადიდებლობაში მშვა. მან მომიყვანა ეკლესიაში 1990 წელს. ის არის აგრეთვე ჩემი მოძღვარი, რომელიც ჩემს სულიერ ცხოვრებას წარმართავს და განაგებს.

- გვიამბეთ თქვენი ათონის მთაზე გამგზავრების შესახებ...

- ათონის მთაზე მოსალოცად მაისში მეუფის ლოცვა-კურთხევით გავემგზავრე. შარშანაც გახლდით. ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ აღმოვაჩინე, რომ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის (ივერონის) გარდა ათონის მთაზევე არსებობს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის კელია, ათონის ნახევარკუნძულის სამხრეთით, მის უკიდურეს წერტილში - კარულის უდაბნოში.Eამ ცნობილ უდაბნოში განდეგილი და მეუდაბნოე მამები მოღვაწეობდნენ.Aკარულის უდაბნო ორ ნაწილად იყოფა: შიდა და გარე უდაბნოდ.

იმდენად მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ჩემთვის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის კელიის აღმოჩენა, თანაც კარულის უდაბნოში, რომ გამიჩნდა სურვილი, საქართველოს და ქართველების სახელით ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატი წაბრძანებულიყო აქედან და დავანებულიყო ამ კელიაში. მეუფემ მომცა ამის ლოცვა-კურთხევა. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემი სურვილი ჩემს მეგობრებს გავუზიარე. დაიწყო შემოწირულობების შეგროვება, დაიწერა ხატი დავით ხიდაშელის და ზურაბ ჩიქვინაძის მიერ მოიჭედა მისი ჩარჩოს კიდეები. ძალიან ძვირფასი და ლამაზი ხატი გამოვიდა. შემდეგGგავემგზავრე ათონის მთაზე, კარულის უდაბნოში და იქ დავაბრძანეთ ეს ხატი. ამ ხატის ჩაბრძანებამდე იქ, ფაქტობრივად, დაწერილი ხატი არ არსებობდა. მხოლოდ რეპროდუქციები ჰქონდათ. ძალიან გაუხარდათ ამ ხატის ჩაბრძანება. ვინც ნახა და მოილოცა, ყველა ძალიან კმაყოფილი და აღფრთოვანებული დარჩა.

ეს კელია მთის წვერზეა და აქ მისვლა მხოლოდ ჯაჭვებითაა შესაძლებელი, შემდეგ კი - ბილიკებით. ამ კელიაში ამჟამად მოღვაწეობს რუსი მამა რაფაელი. კარულის უდაბნოში მოღვაწეობენ რუსებიც, სერბებიც და ბერძნებიც. თვითონ კარულის უდაბნო იურიდიულად ათანასე დიდის ლავრის დაქვემდებარებაშია. ამ დიდი ლავრის წარმომადგენელი, რომელიც ერთგვარად ზედამხედველობს კარულის უდაბნოს, გახლავთ ბერძენი მამა ხარიტონი. მამა ხარიტონი 40-43 წელიწადია, ბერია და მთელი ცხოვრება ათონზე, უშუალოდ კარულის უდაბნოში აქვს გატარებული. ძალიან კარგი პიროვნებაა, გაუხარდა ამ ხატის იქ ჩაბრძანება და დიდი სურვილი აქვს საქართველოში ჩამობრძანებისა. ღვთის მადლით, მოვინახულე ეს კელია.

- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ათონის მთამ?

- ათონის მთაზე ცოტა სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა, რაც გადმოცემებით გამიგია და წამიკითხავს, ბევრწილად არ დაემთხვა რეალობას. ის ათონი, სამწუხაროდ, ვერ ვნახე (იგივე აღნიშნა ათონზე მოღვაწე რამდენიმე მამამაც). და თუ ვნახე, - მხოლოდ ცალკეული, პატარა კერების სახით კარულის შიდა კატუნაკის უდაბნოში და რამდენიმე ადგილას. შეიძლება ეს დროის ბრალია.Bბერული სული დაკნინებულია. ცივილიზაცია აქაც ძალუმად შეიჭრა. ზოგადად, მატერიალიზაცია მავნე გავლენას ახდენს ბერების ცხოვრებაზე. გამარტივებულია ცხოვრება. ბერების გარკვეული ნაწილი ცდილობს, მოერიდოს კომფორმიზმს, რომელმაც იქ ძალუმად მოიკიდა ფეხი, ცივილიზაციის შემოტევას სხვადასხვა სახითა და ფორმით. ვიღაც ახერხებს, ვიღაც - ვერა... იქ არიან ბერები, რომლებიც ცდილობენ თანამედროვე, კომფორმიზმის სულს გაექცნენ, დროის გამოწვევებს გაუძლონ, შინაგანი სიწმინდე შეინარჩუნონ და გადაარჩინონ. მატერიალურიKკომფორტი ბერის შინაგან ცხოვრებას ანგრევს, სულიერ განვითარებას ხელს უშლის და ეღობება ცხონების გზაზე, ამაზე ბერი პაისი ათონელი წერდა: "შეიყვარეთ უდაბნო და სიღარიბე; შეძლებისდაგვარად გათავისუფლდით მატერიალური ნივთებისაგან და, თუ რამე გაგაჩნიათ, დაურიგეთ უპოვართ, გაიმარტივეთ ცხოვრება, გათავისუფლდით წუთისოფლის ამაო საზრუნავისაგან და თქვენი არსებობა შეიძენს აზრს". ადამიანი თვითონ წყვეტს, სად იყოს, ვისთან იყოს. ნებისყოფაც არის აქ, რა თქმა უნდა, ჩართული, მაგრამ მხოლოდ საკუთარ ძალისხმევაზე მინდობა არ შეიძლება. უფალთან ყოფნა, მასთან გაერთიანება - სინერგია გადამწყვეტი და აუცილებელია. სულიერი მოღვაწეობა მოიცავს ლოცვას, მარხვას, თავშეკავებას, ასკეტურ მოღვაწეობას შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ვინც შეიგრძნო ძალა და მადლი მყუდროებისა, სიმშვიდისა, მდუმარებისა, მას არჩევანს უფრო ადვილად აკეთებინებს ის მადლი, რომელიც ცოცხლად განიცადა. მაგრამ, ვიმეორებ,Mმხოლოდ ამის გაცნობიერება არ კმარა, ძალისხმევაც უნდა გამოიჩინოს მოღვაწემ, რადგან ბრძოლა ყოველწამიერია. მადლი ნებისმიერ წუთს შეიძლება დაკარგოს მოღვაწემ.

- დიდსქემოსანი ბერისთვის, რა თქმა უნდა, ღვაწლი მეტია... აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობაც. დღეს თუ არიან ათონზე ასეთი მამები?

KARIBCHE- მეტი მადლიც ეძლევა ასეთ მოღვაწეს. დიდ სქემას წმინდა ბასილი დიდი "მეორე ნათლობას" უწოდებს. ძალიან დიდი და მძიმე ჯვარია დიდ სქემაში აღკვეცა და აქედან გამომდინარე, დიდ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას გულისხმობს ღვთის წინაშე. იმაზე მეტი არ უნდა იტვირთოს მოღვაწემ, რისი ტარებაც შეუძლია. კარულის უდაბნოს თავზე კატუნაკის უდაბნო უფრო მკაცრია ცხოვრების პირობებით და გარემოთი. ათონზე დღესაც არიან ისიქასტი მამები, რომლებიც ცდილობენ, ჩრდილში იყვნენ. ისინი თავმდაბლად ცხოვრობენ. თავმდაბლობის გარეშე ყველა ღვაწლი დამღუპველია, - ყველაზე დიდი ღვაწლი სიმდაბლეა. იგი არის საფუძველთ საფუძველი ყველა სათნოებისა და ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული იქ მოღვაწე მამებს. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ კატუნაკის უდაბნოში მომიწია ჩემთვის და ალბათ ყველა ქართველისთვის უსაყვარლესი მოღვაწის, მამა ილარიონ ქართველის (ყანჩაველის) მოღვაწეობის ადგილზე მისვლა. მისი საცხოვრებელი კელია კატუნაკის უდაბნოში, კლდეში არსებულ გამოქვაბულშია. ახლა კედლებიღაა შემორჩენილი. ასევე მოვინახულე ღირსი ილარიონ ქართველის მეორე კელია, რომელიც დიონისეს მონასტრიდან რამდენიმე კილომეტრში, ტყეში - მეტად ლამაზ და ღირსშესანიშნავ ადგილას არის. ძალიან დიდ პატივს სცემენ ღირს მამა ილარიონს. დიდი სითბოთი და სიხარულით იხსენებს ყველა, ვისაც გაგონილი აქვს მის შესახებ და დღესაც ძალიან დიდ მამად აღიარებენ. ჩემთვის, რაღა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ ასეთი დიდი ქართველი ბერი მოღვაწეობდა ათონის მთაზე.

- სამწუხაროდ, ძალიან დიდი პრობლემები არსებობს ათონის მთაზე ქართველებთან, უშუალოდ ივერონის მონასტერთან დაკავშირებით...

- პრობლემები არსებობს, მაგრამ იმედია, ღვთის შეწევნით, ყველაფერი გამოსწორდება. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს სულიერ ცხოვრებასა და ჩვენს დამოკიდებულებაზე ღვთისა და ღვთისმშობლის მიმართ და მერე, ალბათ, ყველაფერს, ეშველება. რადგან დაუშვა უფალმა ის, რომ დღეს ივერონი ქართველების აღარ არის და იქ ქართველი თითქმის აღარ მოღვაწეობს, ეს ჩვენი ცოდვებისა და არასწორი ქმედებების გამოა. რას ვიზამთ? იყოს ნება ღვთისა!.. დღესდღეობით დაახლოებით 13-14 ქართველი მამა მოღვაწეობს ათონის მთის სხვადასხვა მონასტერში. ყველას კარგი სახელი აქვს. პატივისცემით სარგებლობენ.

- კიდევ წახვალთ ალბათ ათონის მთაზე?

- შესაძლებელია გაისად ისევ მომიხდეს იქ წასვლა. ძალიან მშობლიური გრძნობა გამიჩნდა კარულის უდაბნოს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის კელიის მიმართ. გარდა ამისა, ის თავისი ადგილმდებარეობით, ცხოვრების წესით ძალიან ახლობელი გახდა. იქ მცხოვრებ და მოღვაწე რამდენიმე ბერთან ძალიან სასიამოვნო და კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. თუ ღვთის ნება იქნა, ვეცდები, ეს კავშირები არ გაწყდეს. მათი მხრიდანაც არსებობს ასეთი დამოკიდებულება და სურვილი და შეძლებისდაგვარად, როგორც უფალი ინებებს, ეს ურთიერთობები გაგრძელდება.

დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი და არაქართველი ადამიანების მიმართ, ვინც გვერდით დამიდგა და ხელი შეუწყო ამ ხატის წაბრძანებას და ათონში დამკვიდრებას. ღმერთმა შეუწიროს და ასწილად მიაგოს ორთავ სოფელსა შინა მათ გაღებული წვლილი. ჩემთვის მატერიალურ დახმარებაზე არანაკლებია და ბევრად უფრო მეტიც ის სითბო და სიყვარული, რაც მათგან მივიღე და ვიგრძენი. გაახაროს და დალოცოს ღმერთმა ისინი და სრულიად საქართველო!
ბეჭდვა
1კ1