"აჰა, მხევალი უფლისაი!"
"აჰა, მხევალი უფლისაი!"
ბერ იოსებ ათონელის წიგნში, "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა", ვკითხულობთ: "სადაც ენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებათა, ქრისტეს ჯვრის ტარების მოსურნე კი საკუთარ ბუნებას სძლევს. ჭეშმარიტად უდიდესია მონაზვნის წმინდა და ანგელოზებრივი ხატების ძალა და მადლი. გიხაროდენ და მხიარულ იყავი, ჩემო საყვარელო შვილო, შენს წმინდა დებთან ან, უფრო სწორად, სულიერ კეთილსურნელებასთან ერთად. გიხაროდენ, ღვთივგონიერო ქალწულნო, რომ დედამიწაზე ასეთი ანგელოზებრივი ცხოვრების ღირსნი გავხდით. კურთხეულ არს ღმერთი, "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად". კურთხეულ არს ღმერთი, ჯერ კიდევ ხორცში მყოფ მოკვდავთა უხორცოთა ცხოვრებამდე აღმყვანებელი.

გისურვებთ, ჩემო შვილებო, და მთელი გულით ვლოცულობ, რომ კეთილსურნელოვანი მადლი, როგორც სურნელოვანი ღვთიური სუნთქვა, მუდმივად სიოსავით ქროდეს თქვენ შორის, და კეთილსურნელებით აღავსებდეს ღირს სულებს, განანათლებდეს მოღვაწეთა სხეულებს.

დაჟინებით გთხოვთ: იზრუნეთ თქვენს სულებზე. დაე, ყოველი თქვენგანი მიემსგავსოს არა პირველ დედას - ევას, არამედ ღვთისმშობელ მარიამს, ქალწულ მარიამს. მან თქვა: "აჰა, მხევალი უფლისაი!" და ღვთის დედა და ანგელოზთა დედოფალი გახდა. მისი ნაყოფი, ტკბილი იესო, მორჩილებით ჯვარზე ავიდა, ჯოჯოხეთში ჩავიდა და ამით ურჩობის უდიდესი წყლული განკურნა. ამით შეიცანით საიდუმლოს ძალა.

მონაზვნის ხატება იმ ჯვრის სანაცვლო ჯვარია, რომელიც ჩვენი ხსნისთვის ქრისტემ იტვირთა. ამიტომაც ჩვენ მონაზვნის ხატების შემოსვით მორჩილებას შევიმოსავთ. და გულმოდგინენი მორჩილებაში ჩვენს ქრისტეს მივემსგავსებით.

ამას გეტყვით: მორჩილების ტვირთი სხვა სათნოებათა დამაგვირგვინებლად ითვლება, ისევე როგორც ჯვარი - მაცხოვრის ვნებათა. და როგორც ავაზაკი ჯვრით სამოთხეში შევიდა, ისე ჩვენ მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში. ცხადია, ურჩები სასუფევლის გარეთ რჩებიან.

მაშ ასე, გზა ნეტარია, ისწრაფეთ. ყურადღებით იყავით და ილოცეთ, განსაცდელი რომ არ შეგემთხვეთ. რადგან ურჩი, რომელიც არ აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, ეშმაკთა მონა ხდება და მისი აღსასრული მწუხარე და ადამიანთაგან გასაკიცხია.

სამონაზვნო შესამოსელი ღვთაებრივ პახომს ანგელოზმა უჩვენა. ადრე, ქრისტიანობის დასაწყისში, ისინი, ვინც თქვენსავით ქალწულებას აირჩევდა, სამი წელი გამოიცდებოდნენ, შემდეგ კი სურნელოვანი ყვავილებიდან გვირგვინს წნავდნენ.

მღვდელმთავარი მათთვის, როგორც ქრისტეს სასძლოთათვის, მონაზვნად აღკვეცის დღევანდელი ლოცვის მსგავს ლოცვებს კითხულობდა. გარდაცვალებისას მათ გვირგვინებს საფლავში ატანდნენ.

სამონაზვნო სამოსლის შემოსვა ისეთივე საიდუმლოა, როგორიც ქორწინებაში გვირგვინების დადგმა. შენ გვირგვინის ნაცვლად სამონაზვნო შესამოსელს იმოსავ. ამრიგად, ქრისტეს სასძლო ხდები და ცხოვრების ბოლომდე ქალწულების აღთქმას დებ. ხორციელ ქორწინებაში გვირგვინების დადგმით ერთმანეთს ცხოვრების ბოლომდე უმანკოების აღთქმას უდებენ".

არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წიგნში "სულიერ შვილებს მონაზვნობის შესახებ" წერს: "ცივი საფლავები მოინახულე და ყური მიუგდე, რას გეტყვიან მათი მკვიდრნი: "რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?". "ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაო".

სიკვდილის უძნელეს და საშინლად მტანჯველ ჟამს ადამიანის შემწე, მისი საქმეების გარდა, არავინაა. ჭეშმარიტად არავინაა, გარდა ღვთისა. თუ მას ვემსახურებით, სულისა და ხორცის გაყრის საშინელ წუთებში შემწე და ხელისაღმპყრობელი გვეყოლება. "ვითარი ღუაწლი აქუს სულსა განრავიდოდეს ხორციელთაგან!" ეს ღვაწლი მუდამ გახსოვდეს და იფიქრე და ფრთხილად იყავი, რადგან ჰაერის საზვერეებიც გასავლელი გვაქვს. ისინი ზემოთ აღმავალი სულების სვლას აფერხებენ, დასაბრკოლებლად მათ ცხოვრების საქმეებს წარმოუდგენენ და ასე ითრევენ ჯოჯოხეთში.

განა რა სჯობს, ვინმემ მთელი ცხოვრება ღვთისთვის იშრომოს და როცა ღმერთთან წავა, ამ შრომის მონაგები თან წაიღოს! ჭეშმარიტად ეს არის ბრძენი ვაჭარი, რომელმაც ძვირფასი მარგალიტი იპოვა.

მთელი გულით გისურვებ, რომ ღვთაებრივი ტრფიალების მეშვეობით ღვთისადმი ლტოლვა შენში დაუცხრომელი გახდეს და ამით ფრთაშესხმულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, რომელიც აქაურობის იღუმენიაა, ანგელოზთასწორ მშვენიერებას მიაღწიო. ამინ. იყავნ".

***
გვესაუბრება იღუმენია ზოილე (ალთუნაშვილი):

- უწმინდესმა ქადაგებაში ბრძანა: - თქვენ, ბერ-მონაზვნები, თქვენით კი არ ხართ, ეს თქვენი წინაპრების დამსახურებააო. ძველად სოფელი, თემი, ჩვეულებისამებრ, ერთ ბერს ან მონაზონს გამოზრდიდა ხოლმე. უხაროდათ - ჩვენს სოფელს მისი ლოცვა გადაარჩენსო. სამონაზვნეს გამოარჩევდნენ ხოლმე. ერისკაცმა ღმერთს შეიძლება შესწიროს მატერიალური, ბერ-მონაზონი კი თავის სიცოცხლეს სწირავს. ზვარაკად ეწირება უფლის მსახურებას. როცა ადამიანს შეუძლია ერის გამრავლება ან მონასტერში შრომა, მისგან ეს ნამდვილად დიდი თავგანწირვაა. ამას ყველაფერს ღვთის გულისთვის აკეთებს. ეს თავისით არ ხდება - ამას ღმერთი უშვებს. მონაზვნობაზე ფიქრით არ გავზრდილვარ. უფალმა ეს ნელ-ნელა დაუშვა, მას ჩემი სურვილიც დაემთხვა. ეს რთულიცაა და დიდი ნეტარებაც - რაც თავად უნდა განიცადო. ძალიან დიდი სიხარული და ნუგეშია ღვთის წინაშე ლოცვა. მონაზვნის ყოფა ანგელოზებრივი ცხოვრებაა. ამ მდგომარეობაში ყოფნა ყოველთვის ჭირს. რა თქმა უნდა, სასურველია და კარგია, მაგრამ ჯერ ხორცში ვართ, ყველაფერი ადამიანური გვაწუხებს. როცა ლოცულობ, იცი, ყველაფერი კარგად იქნება, რომ უფალთან ხარ და სულიერი სხივი შემოდის შენში. მერე მას სხვებსაც უნაწილებ. ვცდილობ, ეს მდგომარეობა შევინარჩუნო ხოლმე.

ვთვლი, რომ სულიერება არის გონიერება. ადამიანს დიდი გონიერება, სიფრთხილე, მოზომილი სიტყვა, წინდახედულება სჭირდება. თითოეულ ჩვენს სიტყვას ხომ უფალი იმახსოვრებს. ამიტომ ყოველი სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ. ეს რომ გაითავისოს ადამიანმა, მერე ზედმეტსაც აღარ იტყვის, ყოველთვის საზრიანად მოიქცევა. გარშემო მყოფთაც თავისი სიტყვით სიკეთისთვის განაწყობს. ყოველი სიტყვა ხომ ქადაგებაა. ყოველ სიტყვას სჭირდება დაფიქრება. სიტყვას თავისუფლად არ უნდა უყურო - სულერთია, ქადაგებ თუ ახლობელს ესაუბრები. ყოფაშიც ეს გვევალება. ამას წინათ ვკითხულობდი ერთ-ერთი თანამედროვე მამის ნაწერს, - ჩვენ ვერიდებით ტელეფონზე ბევრ საუბარს, რადგან ამას ბევრი გადასახადი მოჰყვება. უფრო დიდი პასუხისგება გვაწევს თითოეული სიტყვის გამო და ვერ ვაცნობიერებთ, რა იქნებაო. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს.

როცა რაიმე თემაზე ქადაგებ, თვითონ კი ასრულებ მას? ამიტომ ცოტა მიჭირს ხოლმე ძალიან ამაღლებულ თემებზე საუბარი. ვიცი, რომ მე თვითონ არ ვარ ჯერ იმ სიმაღლეზე, სხვას მოვუწოდო და გადავცე ნაფიქრალი.

წმინდა მამები ამბობენ: კაცმა წინასწარ რომ იცოდეს, რა ელოდება, შეიძლება არც შეუდგეს მონაზვნობის ღვაწლსო. ეს არის ანგელოზებრივი ცხოვრება. ანგელოზებრივ ცხოვრებას სჭირდება ძალიან დიდი სულიერი ძალები, დიდი გონიერება და მოწყალება. რასაც განიცდი და ატარებ, ეს შენს ცხოვრებაზე უნდა აისახოს. შეიძლება ბევრი არც ილაპარაკო, მაგრამ ისეთი რაღაც გააკეთო, კაცთათვის ის უფრო დიდ ქადაგებად იქცეს. პირადად მე მივესალმები, ვინც თავისი საქმით, მდუმარებით და მოქმედებით ქადაგებს. ქადაგება თავისთავად ძალიან კარგია და აუცილებელია, ვისაც შეუძლია, მაგრამ უმთავრესია, ამ ქადაგებას როგორ მიჰყვები და რას აკეთებ, როგორ მოქმედებ გარკვეულ სიტუაციაში. უფალი ყველაფრის განმკითხველია, მოწყალეა, მაგრამ მართლმსაჯულიცაა. როდესაც ეს თანხვედრა არ ხდება, ეს მდგომაერობა ცოტა საშიშია.

- დედაო, როცა ადამიანი შეუდგება მონაზვნურ ცხოვრებას, აღკვეცის შემდეგ ახალი ადამიანი იბადება?

- რა თქმა უნდა. სხვა ადამიანი რომ იბადება, ამიტომაც ეცვლება მას სახელიც. როდესაც ადამიანი ხდება მონაზონი, ის მუდამ უნდა ებრძოლოს თავის ჩვეულებებს და სიცოცხლე ხომ ბრძოლაა. მონასტერში მოსვლის შემდეგ ადამიანს შეიძლება ისეთი ბრძოლები დაეწყოს, მანამდე რომ არ ჰქონია. მას უნდა ებრძოლოს, უნდა მოსპოს. მუდამ უნდა იყოს დადარაჯებული, საიდანმე არ შემოეპაროს ღვთისთვის მიუღებელი ჩვევები. ზოგიერთი ცოდვა ისე ლამაზად მოდის, რომ შეიძლება ვერც მიხვდე და მერე, როცა გაიზრდება, ხვდები, რომ ცუდი იყო. ამიტომ ძალიან დიდი გონიერებაა საჭირო, ეს არის ცხონების გზა. ბერ-მონაზონი უნდა იყოს სულიწმინდის ჭურჭელი. ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი მოძღვრები რჩევებით, მათი წინამძღვრობით და სწავლებით ვცდილობთ, რომ ასე იყოს, მაგრამ რთულია. ადამიანი ყოველთვის მარტო რჩება უფალთან და უფლის შეწევნით და დახმარებით თვითონ, მარტომ უნდა გადაიტანოს ის განსაცდელები, რასაც უფალი მასზე დაუშვებს.

აღკვეცისას მოძღვარი რამდენიმე შეკითხვას აძლევს მორჩილს. ერთ-ერთია: - შენ მოსულხარ ნებითა შენითა? აღმკვეცელი არ ეუბნება, ვინ მოგიყვანა, ვინ გირჩია, მოძღვარმა მოგიყვანა თუ არაო. ნებითა შენითა? - ის პასუხობს: - დიახ, ღვთის შეწევნითა, პატიოსანო მამაო. ეს არის ჩვენი პირადი არჩევანი. უფალმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება და თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზა აირჩიოს. ერშიც ასეა და ბერშიც. უფალი ყოველთვის თავისუფალ ნებას უყურებს. ყოველწუთს ჭიდილში ვართ. მოძღვარმა შეიძლება რჩევა მოგცეს, მაგრამ გადაწყვეტილებას თავად ადამიანი იღებს. ის თავად ირჩევს და ცხოვრებას მოძღვარს აბარებს. ადამიანს თუ სიმდაბლე არ გაქვს, მორჩილებას ვერ შეიძენს. მთავარია სიმდაბლე და სიყვარული, მინდობა მოძღვარზე, მის რჩევებზე. ურჩობის გამო მეტი განსაცდელი მოდის. ურჩობა ამპარტავნებაცაა. თითქოს გგონია, რომ შენ მოძღვარზე სწორად მსჯელობ და ყველაფერში მართალი ხარ. ცუდ ჩვევებს ჩვენ მარტივად ვუყურებთ, არადა, ისინი ეკლებივით იზრდება, გარს გეხვევა და გჭამს. მოძღვარი უკეთ ხვდება, რა არის ჩვენი სულისთვის საჭირო და ღვთისთვის სათნო. როდესაც ადამიანი თავის თავისუფალ ნებას დაუმორჩილებს მოძღვრის ნებას, აქ ხდება ღვთის შეწევნა. ჩვენი ნებით არაფერი შეგვიძლია. აი, ამას შეიწირავს უფალი. მონაზონმა თავისი თავისუფალი ნება ღვთის სამსახურს მიუძღვნა. უფალი შეუძლებელს გაგაკეთებინებს. მორწმუნეს რწმენა, უფალზე მინდობა, მორჩილება, სიყვარული, მოთმინება მაღალ საფეხურზე აიყვანს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით.
ბეჭდვა
1კ1