ათონელი ქართველები
ათონელი ქართველები
ათონელ ივერიელებს არავისი რაფერი "მართებდათ" და "მართებთ"
ათონზე, იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ფეხი დაადგა, შემდგომში მთაწმინდის ერთ-ერთი პირველი მონასტერი აშენდა. ამ მონასტერს კლემენტოს მონასტერს უწოდებდნენ, რომელიც არაბთა შემოსევისას დანგრეულა და მიგდებული იყო, ვიდრე იქ ქართველები არ დასახლდნენ. მონასტერს ახლა ივერთა მონასტერი ეწოდა, თუმცა კარგა ხანს შემორჩა ძველი, კლემენტოს სახელი.

მეცნიერებაში გამოთქმულია აზრი, რომ ქართველები ათონის მთაზე ადრევე დასახლდნენ. მღვდელმთავარ პორფირე უსპენსკის მტკიცებით, ქართველები 787 წლის ახლოს უკვე ცხოვრობდნენ ათონზე, მათ სამყოფს ათო ეწოდებოდა. მის აზრს არაერთი მკვლევარი იზიარებდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. ათონზე ქართველთა სავანის დაარსება ღირსი მამის, იოანეს სახელთან არის დაკავშირებული.

წმინდა იოანე ნათესავით ქართველი, მშობელთა პაპათაითგან დიდებული და წარჩინებული მთავარი იყო დავით კურაპალატისა. მაგრამ რადგანაც გულში ქრისტეს სიყვარულის ცეცხლი აენთო, დაუტევა ყველაფერი და და ოთხთა ეკლესიაში დასახლდა. მერე კი ოლიმპოს მთას მიაშურა. იქ რამდენიმე წელი დაჰყო, ვინაიდან გაითქვა მისი სახელი, დატოვა ოლიმპოც და თავის ვაჟთან, ექვთიმესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა წმინდა ათანასე დიდთან, რომელიც დედით ქართველი გახლათ. წმინდა იოანე დიდი სიყვარულით მიიღეს. მან თავი ჯერ არ გამოამჟღავნა და ორი წელი მზარეულის მორჩილებას ასრულებდა. რამდენიმე წელში ბერად აღიკვეცა მისი ნათესავი თორნიკე (იოანეს სიმამრი აბუბაქარი გახლდათ თორნიკეს ბიძა), სახელგანთქმული სარდალი. თორნიკემ შეიტყო, რომ მამა იოანე მთაწმინდაზე იყო, ამიტომაც მეფეების უჩუმრად ათონზე ჩამოვიდა და ბერად აღიკვეცა. დაფარვა აღარ ეგებოდა და იძულებული გახდა, ვინაობა ღირსი ათანასესთვისაც განეცხადებინა. დიდად განიხარა დიდმა ათანასემ და ღირსეულ ქართველებს შესაფერისი პატივი მიაგო. იოანესა და იოანე-თორნიკეყოფილის ამბავი რომ შეიტყვეს, მრავალი ქართველი მათ შეუერთდა. მაშინ მამებმა გადაწყვიტეს, ათანასეს ლავრას განშორებოდნენ. იქვე, ახლოს, ერთ უდაბნოში წმინდა იოანე მახარებლის ეკლესია და სენაკები ააშენეს, სადაც დიდხანს ცხოვრობდნენ, ვითარცა ანგელოსნი ღმრთისანი.

იმ პერიოდში ბიზანტიის მცირეწლოვან უფლისწულებს - ბასილსა და კონსტანტინეს აუჯანყდა მცირეაზიელი ფეოდალი ბარდა სკლიაროსი. ლაშქარმა თითქმის მთელი მცირე აზია ჩაიგდო ხელში და ბიზანტიის ცენტრალურ ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნა. სასოწარკვეთილმა დედოფალმა დახმარება ქართველ მეფეს სთხოვა, მან - ათონელ ქართველებს. წმინდა ათანასემ და წმინდა იოანემ ძლივს დაითანხმეს თორნიკეყოფილი - კვლავ აეღო მახვილი. იოანე-თორნიკეყოფილი ბიზანტიის დედოფალთან შეხვედრის მერე სამშობლოში გამოემგზავრა. მეფე დავით კურაპალატმა სარდალს 12000 რჩეული მხედარი გაატანა. ქართველთა ლაშქარმა მცირე აზიაში, მდინარე ჰალისის პირას მტერი სასტიკად დაამარცხა. თორნიკემ დიდძალი ალაფი იგდო ხელთ, რომლის ნაწილიც ჯარს გაუნაწილა და ხელდამშვენებული დაბრუნდა ათონზე. ქართველმა მამებმა ახლა უკვე ახალი სავანის დაარსება გადაწყვიტეს. შუა მთაწმინდაზე იპოვეს მშვენიერი ადგილი, კლემენტოს ნამონასტრალი და იქ დიდებული მონასტერი ააშენეს. ბიზანტიის იმპერატორებმა ოქრობეჭდით დაუმტკიცეს "ადგილნი და სოფელნი, რომელიც მათ ქართველებმა სთხოვეს". ასე აშენდა სავანე, რომელსაც ჩვენი წინაპრები ასე იხსენიებდნენ: "ლავრაი დიდებული და ყოველთა შუენიერებითა შემკული", "დიდი ლავრაი", "დიდი ლავრაი ქართველთა" და ა.შ.

ქართველ მამებს არ უძუნწიათ - "დიდძალი საფასე და მრავალნი ტურფანი" ათონის სხვადასხვა მონასტერსაც შესწირეს, რომელთაც ამით სული მოითქვეს. წმინდა ათანასე ძველებურად მფარველობდა ქართველებს და ეხმარებოდა ახალ სავანეს. იგი საგანგებოდ წარმოაჩენდა იოანეს დამსახურებას ათონელთა წინაშე. წმინდა ათანასეს დახმარებით ქართველთა მონასტერმა ნაოსნობის უფლება მოიპოვა. შემორჩენილია ღირსი ათანასეს ანდერძი, რომელშიც იგი ლავრელ ბერებს ქართველების სიყვარულს მოუწოდებს - თითქოს გრძნობდა წმინდა მამა, რა შავ დღეში ჩააგდებდნენ ისინი ერთმორწმუნე ქართველებს. ამ ანდერძითვე იგი სიკვდილის მერე თავისი ლავრის და სრულიად ათონის მართვა-გამგებლობას და პროტოსობას იოანე ივერიელის ხორციელ შვილს და თავის სულიერ შვილს ექვთიმეს ანდობდა, ხოლო თუ ექვთიმე მყუდროებით ცხოვრებას მოინდომებდა, მას ლავრის გამგებლად გიორგი ივერიელი უნდა დაედგინა. ეს "მძიმე შეცდომა" არ აპატიეს არც მისმა თანამოღვაწეებმა და არც მომდევნო თაობებმა - ათანასეს "ცხოვრების" ორ ბერძნულ რედაქციაში იგნორირებულია იოანე ქართველი და ის ურთიერთობა, რომელიც არსებობდა ქართველებსა და ათანასეს ლავრის საკრებულოს შორის ათანასეს სიცოცხლეში და პირველ რიგში ათანასე ლავრელსა და იოანე ქართველს შორის.

ორმოცი წელი იცხოვრა ათონის მთაზე წმინდა იოანემ, სიცოცხლის ბოლო წლებში ნიკრისის სენი შემოედო და უძლურმა მონასტერზე ზრუნვა თავის ვაჟს, ექვთიმეს ჩააბარა. გამრავლდნენ ათონზე ქართველები, 300 ბერისაგან შედგებოდა კრებული. მათ შორის იყვნენ წმინდა ბერები: იოანე გრძელიძე, რომელიც ადრე ოთხთა ეკლესიაში მოსაგრეობდა და წმინდა არსენ ეპისკოპოსი ნინოწინდელი, რომელმაც მღვდელმთავრობა დაუტევა და მყუდროებით ცხოვრება ირჩია. ეს ორი მამა სამშობლოდან მოშორებით პონტოს უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. წმინდა ათანსემ და ექვთიმემ ისინი მთაწმინდაზე მოიწვიეს, უდაბნო ადგილებში სენაკები აუშენეს, სადაც ისინი "ღვთის სათნო ცხოვრებით ცხოვრობდნენ". იმ პერიოდში ათონზე სალოცავად მოსულა მონაზონი "ჰრომი ქვეყანისაი", კაცი განთქმული სიდარბაისლითა და კეთილშობილებით, ძმა ვენევენტოს ლუკასი ექვსი მოწაფის თანხლებით. მათ ქართველების მონასტერიც მოუნახულებიათ. ივერიელებმა სიხარულით უმასპინძლეს და მონასტერში დარჩენა სთხოვეს - "ჩვენც უცხო ვართ და შენცა უცხო ხარო". ივერონში მათი დარჩენის ამბავი რომ შეიტყვეს, უამრავი ერისკაცი ჩამოვიდა რომიდან, რათა მონაზვნად აღკვეცილიყვნენ. მაშინ ქართველებმა მათ მიწა უყიდეს და მონასტრის აშენებაში შეეწივნენ. მერეც ხშირად მიდიოდნენ მათთან და სულიერად განაძლიერებდნენ. მეცნიერთა ნაწილის აზრით, რომაელთა მონასტერი ახლანდელი ყარაყალის მონასტერია, სხვები ფილოთეოს მონასტერს ასახელებს. წმინდა გიორგი მთაწმინდელი მოგვითხრობს, რომ ღირს მამა გაბრიელ ქართველსა და ლეონ დიდს, რომაელს, "ფრიადი სიყვარული აქვნდათ სულიერი". მამა ლეონს ღირსი გაბრიელის გვერდით ჰქონდა სენაკი. როცა შებნელდებოდა, გამოვიდოდნენ თავიანთი სენაკებიდან, დასხდებოდნენ და ცისკრამდე საღმრთო საგნებზე საუბრობდნენ. უცნაური ამაში ის იყო, რომ ისინი თავ-თავიანთ ენაზე საუბრობდნენ და თანამოსაუბრის ენა არ იცოდნენ, მაგრამ მათი სიწმინდის გამო ყველაფერი შესაძლებელი იყო.

წმინდა იოანეს სიცოცხლის ბოლო წლებში მობრძანებულა ივერონში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მოწყალე უფლის დედამ თავისი მობრძანებით განამხნევა ივერიელნი და მათ მონასტერს განსაკუთრებული სულიერი ადგილი დაუმკვიდრა ათონელთა ცხოვრებაში.

სიკვდილის წინ წმინდა იოანემ "ყოველი ხელმწიფება და უფლება" მამა ექვთიმეს მისცა. დამოძღვრა და დალოცა. ისიც და დანარჩენი სულიერი შვილნი აკურთხა "ზეგარდმოითა კურთხევითა" და მიიცვალა უფლისა მიმართ. წმინდა ექვთიმეს საფლავზე მთავარანგელოზის ეკლესია ააშენა. წმინდა იოანეს საფლავიდან მრავალი სასწაული აღესრულებოდა. ერთხელ ვინმე ეშმაკეულმა დალია ზეთი მის საფლავზე ჩამოკიდებული კანდელიდან, იგი მეყსეულად განიკურნა და ღმერთს ადიდებდა.

14 წელი იყო წინამძღვრად ღირსი ექვთიმე. დიდ ღვაწლში გახლდათ წმინდა მამა. მას ევალებოდა ივერონელ 300 ბერზე ზრუნვა, ღირსი ათანასეს ლავრის განმგებლობაც. ვიდრე მამა ცოცხალი ჰყავდა, მას ემსახურებოდა, საბერო კანონს ასრულებდა და დღედაღამ წიგნებს თარგმნიდა. როგორც ცნობილია, ყრმობისას ბერძნულ გარემოში გაზრდილს ქართული ენა გადაავიწყდა. ერთხელ ღვთისმშობელი გამოეცხადა, პატარა ექვთიმე სნეულებისგან განკურნა და აკურთხა: "ქართულად ხსნილად უბნობდიო". წმინდა ექვთიმეს დიდსულიერებას ერთი ამბავიც გვიდასტურებს. ერთ ფერიცვალებას, ათონელების წინაშე ჟამისწირვისას, წმინდა ექვთიმე იხილეს, ვითარცა "ცეცხლი მღგზნებარე". ღირსმა მამამ დაამშვიდა მოწაფენი და უთხრა: "ნუ გეშინინ, რამეთუ ეს საღმრთო მოხედვა იყო და ღმერთმა თავისი დღესასწაული ადიდაო".

როცა კვიპროსის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, მეფემ (ბიზანტიისა) მთავარეპისკოპოსად მისი კურთხევა გადაწყვიტა, მაგრამ უარი მიიღო, ეგ კი არა, ღირსი არსენისა და იოანეს თხოვნით, წინამძღვრობაც დატოვა და მთლიანად წმინდა წერილის თარგმნას მიუძღვნა თავი. მტერმა მისი მოკვლა რამდენჯერმე განიზრახა. მაგრამ ღვთისმშობელმა დაიფარა თავისი მორჩილი. წმინდა ექვთიმე მოულოდნელად კონსტანტინოპოლში გარდაიცვალა, წამოასვენეს და თავის მონასტერში დაკრძალეს. მისი საფლავიც მრავალს განკურნებდა მისდამი სარწმუნოებით შევრდომილთა.

წმინდა ექვთიმემ წინამძღვრობა სიცოცხლეშივე გადააბარა ღირსი იოანე-თორნიკეს ძმისშვილს გიორგის. მამა გიორგიმ მონასტრის წესების ნაწილი შეცვალა და თავის ნებასა და განზრახვას შეუდგა. მამა გიორგის დროს გამრავლდნენ ბერძნები მონასტერში და ქართველები შეავიწროვეს. ასეთი საქმიანობის გამო მას ათონელი ქართველები შემოსწყრნენ. საგულისხმოა, რომ მან ბიზანტიის სამეფო კარის რისხვაც დაიმსახურა, ორგულობა დასწამეს და კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს. მისი აშენებული ყოფილა ღვთისმშობლის მიძინების მთავარი საკრებულო ტაძარი.

გიორგის გადასახლების მერე ბიზანტიელებმა დრო იხელთეს და ქართველთათვის სავანის წართმევა მოინდომეს. მიიმხრეს საბერძნეთის დიდებულნი და "პალატისა წარჩინებულნი". სამჯერ დაარბიეს მონასტერი "და რაიცა ტურფაი იყო მამათა ჩვენთა მოგებული, ყოველივე იავარიქმნა, და ეგრეთვე განძი და კუმაში".

გიორგის მერე 1029 წლიდან წინამძღვრად გახლდათ მამა გრიგოლი, რომელიც თავგამოდებით ცდილობდა ივერიელთა ყოფის გაუმჯობესებას. იმპერატორის კარამდეც მიაღწია და 1034 წელს ივერონს დაუბრუნა ჩამორთმეული მამულები (ლეონდრი, იერისო, მელინძა და სხვა) "და კვალად დაუმკვიდრა ადგილი და საყოფელი" თავის თანამოძმეებს. გრიგოლ წინამძღვარს გვერდით ედგა "კაცი ორთავე მარჯვე და სავსე გონიერებითა" არსენი, რომელმაც არ შეიწყალა თავი თვისი, მრავალი შრომა, შეურაცხყოფა, საპყრობილეში დამწყვდევა დაითმინა. გიორგის შემდეგ ის წინამძღვრობდა მონასტერს. მაშინ ბერძნები კიდევ ერთხელ აღდგნენ ქართველთა წინააღმდეგ, მაგრამ იმპერატორმა მიხეილ IV-მ "ეკლესია და მონასტერი ყოვლითა მონაგებითა და სიმდიდრით" ქართველებს დაუმტკიცა. მომდევნო წინამძღვრის, არსენის დროს ქართველები უფრო შეკავშირდნენ. იწყეს სათანადო საბუთების დაძებნა, დოკუმენტების შედგენა და თავისი უფლებების დაცვა. სწორედ მაშინ შეადგინეს "მოსახსენებელი" ქართველ-ბერძენთა ურთიერთობისა ათონის მთაზე. სვიმონის შემდეგ წინამძღვრად ღირსი გიორგი დაადგინეს. ღირსი გიორგი ათონზე მისმა მოძღვარმა, შავმთელმა გიორგი შეყენებულმა გამოგზავნა, რათა გაეგრძელებინა წმინდა ექვთიმეს დაწყებული საქმე - საღმრთო წიგნების თარგმნა. ღირსი გიორგი ძმებმა სიხარულით შეიწყნარეს, დეკანოზად აკურთხეს, ხოლო 1044 წელს წინამძღვრადაც დაადგინეს. თავისი წინამძღვრობისას მან გამოიძია და აღადგინა წმინდა ექვთიმესეული წესები. ღვთისმშობლის ეკლესიაში გადმოასვენა იოანე ათონელის, ექვთიმეს, იოანე გრძელიძისა და არსენ ნინოწმინდელის ნეშტები. შექმნა სანაწილე, სადაც სხვა სიწმინდეებთან ერთად წმინდა ექვთიმეს მარჯვენაც ესვენა და სულ თან დაჰქონდა. წმინდა გიორგიმ დახმარებისთვის მიმართა ბიზანტიის იმპერატორს კონსტანტინე IX მონომახს, აგრეთვე ქართველთა მეფეს ბაგრატ IV-ს და დედამისს მარიამს. მათი დახმარებით ქართველთა მონასტერი უფრო გამდიდრდა, განმტკიცდა, გაძლიერდა. გიორგის წინამძღვრობა ხელს უშლიდა წიგნთა თარგმნაში, დატოვა ათონი და შავმთაზე წავიდა. მაგრამ მოძღვარმა უკან დააბრუნა. 1057 წელს ანტიოქიის საპატრიაქოში გაიმართა სიტყვისგება თეოდოსი პატრიარქსა და წმინდა გიორგი ათონელს შორის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზე, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ბერძნები კიდევ ერთხელ შერცხვენილნი დარჩნენ ჭეშმარიტების წინაშე, ახლა უკვე ანტიოქიაში.

თუ ექვთიმე ქართველს მწიგნობრობაში გვერდით ედგნენ: ნეტარი ბერი გრიგოლი, ზაქარია მირდატის ძე, არსენი, მოძღვარი მისი თეოფანე ხუცესი და "სხვა მობაძავნი მათნი", გიორგი მთაწმინდელის დროს მწიგნობრობდნენ: არსენ გოგოფა, იაკობი და იოანე ხარტულარი. იმავე პერიოდში მოღვაწეობდა ჰიმნოგრაფი ეზრა ათონელი, რომელმაც შექმნა მამა იოანე ათონელის საგალობელი. ამავე ხანების მოღვაწეა სტეფანე ათონელი, რომელმაც თარგმნა წმინდა იოანე ოქროპირის თხზულებები: "ფუტკარი" და "კლიტე". იმავე პერიოდში მოღვაწეობდნენ გადამწერნი: ათანასე, ბასილი, ნიკოლა.

მწიგნობრული საქმიანობა გრძელდებოდა წინამძღვრების - თეოდორესა და გიორგი ოლთასარის პერიოდში. თეოდორეს დროს არაერთი ქართველი დაეხმარა მონასტერს, მათ შორის ბაგრატ IV-ის ურჩი ვასალი ლიპარიტი, რომელიც "მოვიდა წმინდასა ამას მონასტერს და მოსცა ეკლესიასა წმინდისა ღვთისმშობლისასა 100 დრაჰკანი".

გიორგი ოლთისარი გიორგი ათონელის გარდაცვალების მერე, 1065 წელს დანიშნეს წინამძღვრად. მან წმინდა მამის ცხედარი გიორგი მაშენებელთან ერთად დაასვენა, "ვითარცა მეორე მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიისა". მის დროს მონასტერში იყვნენ მწიგნობრები: ევსტრატი დეკანოზი, ზოსიმე მონაზონი, რომელმაც შექმნა ექვთიმე მთაწმინდელისა და ილარიონ ქართველის საგალობლები, კვირიკე დიაკონი და სვიმონ თავშიშველი. გიორგი ოლთისარის დროს შედგა ცნობილი "ათონის კრებული", რომელშიც შეტანილია ათონელ ქართველთა ცხოვრებები, დასდებელნი, საგალობლები, აღაპები... კრებული შეუდგენია ღირს მამა მიქაელ დაღალისონელს.

ქართველთა სავანის საკეთილოდ იღვწოდნენ გიორგი ოლთასარის შემდგომი წინამძღვრები - არსენ ფარსმანყოფილი, ევგენი, ვასილი, იოანე ბუქაისძე, მიქაელი და სხვანი.

ათონის ქართულ სავანეს დაეხმარა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, მისი თანამედროვე დიდებული არიშინიანი, რომელმაც ეკლესიის გადასახურავად 150 დრაჰკანი შესწირა და მისი ძმა იოანე კოჯიხის ძე, რომელმაც "ხელითა დიდისა ბერისა და მოძღვრისა ონოფრე გარეშჯელისაითა" მნიშვნელოვანი შესაწირავი გაუგზავნა.

იოანე ბუქაისძის დროს მოღვაწეობდა დეკანოზი იოანე თაფლაიძე, რომელსაც წინამძღვრის კურთხევით შეუკრებია გაბნეული აღაპები.

1170 წლიდან ათონის ქართველ მამათა მონასტერს მამა პავლე წინამძღვრობდა, რომელმაც დავალიანებული ჩაიბარა მონასტერი. მამა პავლე წავიდა კონსტანტინოპოლში და "დიდი ჭირითა და მრავლითა ხრიკებითა განათავისუფლა მონასტერი, ათონზე დაბრუნებულმა კი მრავალმხრივი აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო. სავანეში და მის მეტოქიონებში მანვე აღამაღლა მონასტრის ზღუდეები, რომლებიც ადრე ძალზე დაბალნი იყვნენ. ააშენა კარიესის კელიები და სხვა. მონასტერს დიდად შესწევიან თამარ მეფე, იოანე მწიგნობართუხუცესი, აბულასან ქუთათელი, პავლე ქუთათელი, იოანე და გრიგოლ ქობულისძეები. მრავალი ქართველის შემონაწირი მთაწმინდაზე ამოუტანია მამა ნიკოლოზ გულაბერისძეს, რომელსაც მთავარანგელოზის ეკლესია აუშენებია ყოვლითურთ.

პავლეს შემდეგ წინამძღვრობა გიორგიმ ჩაიბარა, გიორგის მერე - მაკარიმ. ივერიის მონასტრის მომდევნო ხანა ნაკლებადაა ცნობილი.

KARIBCHE

ივერონი

1259 წელს ათონის ნახევარკუნძული და მათ შორის ივერთა მონასტერი ლათინებმა დაარბიეს, გაძარცვეს. ქართველებმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის გადამალვა მოასწრეს. დარჩენილი ქონება მტერმა გაზიდა, სიგელ-გუჯრები დაწვა, მონაზონთა ნაწილი ამოხოცა. XII საუკუნის 80-იან წლებში ლათინებმა ათონი კვლავ დაარბიეს. ბერებს კათოლიკობის მიღება მოსთხოვეს. ქართველი მამები არ დათანხმდნენ მოძალადეთა მოთხოვნას. მტრებმა ნაწილი ივერიელებისა რომში წაიყვანა და მონად გაყიდა, 200 ბერი კი, ძირითადად მხცოვანი მამები, ზღვაში დაახრჩეს. ლათინებს გაუტაციათ ივერიელ მამათა წმინდა ნაწილები.

მძიმე იყო მონასტრისთვის XIV საუკუნის დამდეგი: იქაურობა 1304 წელს თურქებმა დაარბიეს, ორი წლის შემდეგ - კატალონიელებმა, კიდევ ორი წლის მერე - არაბებმა. არაბები 15 ხომალდით შემოადგნენ ათონის მთას, ალყა შემოარტყეს ივერთა მონასტერს. ბერებმა ხელი სტაცეს წმინდა ჭურჭელს, კარიბჭის ღვთისმშობელს და თავი ციხე-კოშკს შეაფარეს. მტერმა სავანის გაძარცვა არ იკმარა, გადაწყვიტა ტაძრის მთავარი გუმბათი ჩამოენგრია. გამოაბეს თოკები გუმბათის შემაკავებელ მარმარილოს სვეტებს და გამალებით ეწეოდნენ. ამის მხილველმა ბერებმა ღვთისმშობელს შეჰღაღადეს. ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მათი ვედრება. ამოვარდა ქარი, აღელდა ზღვა და მთელი ფლოტი ზღვის უფსკრულში დაინთქა. მხოლოდ ის გემი გადარჩა, რომელშიც არაბთა მეთაური ამირა იჯდა. მან თავს მოწევნული ღვთის რისხვად აღიარა, მამებს ნაძარცვი დაუტოვა და გაიქცა.

1345 წელს ათონის მთა სერბეთის მეფის სტეფანე დუშანის ხელთაა, რომელსაც ივერთა მონასტერი გადასახადებისგან გაუთავისუფლებია. XIV საუკუნის შუა წლებში ივერთა მონასტერი ჯერ კიდევ მდიდარი იყო. მაგრამ ამდენმა განსაცდელმა იქ ქართველთა რიცხვი შეამცირა. ბერძნებმა ჯერ დიდი ტაძრის მიტაცება სცადეს, მიიმხრეს ათონის მონასტრების თავკაცები, ბოლოს, თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქი კალისტე, რომელმაც ქართველებს ჩამოართვა საკრებულო ტაძარი, აუკრძალა მონასტერში პასუხსაგებ თანამდებობათა დაკავება და სამოღვაწეოდ პატარა ეკლესია მიუჩინა, თუმცა ივერონში ბერძნები ჭარბობდნენ, მაგრამ მაინც საქართველოს კუთვნილებად იგულისხმებოდა და ნომინალურად ასეც ითვლებოდა. ამით აიხსნება, რომ ქართველი მეფე-დიდებულები (ყვარყვარე და მზეჭაბუკ ათაბაგები, ლევან კახთა მეფე, აშოთან მუხრან-ბატონი, ერეკლე II და სხვანი) შეეწეოდნენ მას.

აქვე განსაკუთრებით უნდა ვახსენოთ ლევან კახთა მეფისა და მისი ძის, ალექსანდრეს ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები ფილოთეოს მონასტერში. მათ განუახლებიათ ტაძარი, მოუჭედავთ სავანის სასწაულმოქმედი ხატი ღვთისმშობლისა, "ტკბილ ამბორად" წოდებული. ამ დახმარების გამო ლევანიც და ალექსანდრეც მონასტრის კედელზე გამოუხატავთ.

1567 წელს ათონს სწვევია პილიგრიმი ფილიპე შაქარაშვილი. მას ჩამონგრეული ღვთისმშობლის ეკლესიის ახლად ასაშენებლად და გადასახურად შეუწირავს ასი დრაჰკანი. უქართველებო ივერონის მონასტერს შესწევია თეიმურაზ I, როსტომ მეფის მეუღლე მარიამი. აშოთან მუხრან-ბატონს 1680 წელს მონასტრის კარიბჭესთან აუგია ეკლესია, სადაც დაუსვენებია კარიბჭის ღვთისმშობელი.

მღვდელმთავარ ტიმოთე გაბაშვილის ცნობით, ათონის კარაკალის მონასტრის დაქცეული გუმბათი და პალატი აღუდგენია და განუახლებია იმერთა მეფე არჩილს, მის ძმას გიორგის, ვახტანგ ქართველთა ბატონს და აშოთანს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ათონელ ივერიელებს არავისი არაფერი "მართებდათ" და "მართებთ". ჩვენი წმინდა მამების სისხლითა და ოფლით აშენებულ მონასტერში, სამწუხაროდ, დღეს ქართველი აღარ ჭაჭანებს. ზოგიერთი ბერძენის კადნიერება იქამდე მიდის, რომ ამ 10-15 წლის წინათ სერიოზულად დაობდნენ იმაზე, რომ წმინდა იოანეს მიერ ივერონის წინ დარგული კვიპაროსი მაღალი არ უნდა ყოფილიყო ღირსი ათანასეს მიერ დიდი ლავრის წინ დარგულ კვიპაროსზე. თუ წმინდა გიორგი მთაწმინდელის დროს ისე კადნიერდებოდნენ, რომ ქართველებს ერეტიკოსობას სწამებდნენ, რა გასაკვირია, ზოგიერთს არც ჩვენი გალობა მოსწონდეს და არც ხატწერა.

უნდა ვახსენოთ XVIII საუკუნის ათონელი ქართველებიც, რომლებიც იქ მღვდელმთავარ ტიმოთე თბილელს უნახავს: დიონისეს მონასტერში იყვნენ ქართლელი თეოდორე შეყენებული, სამთავისის ყმა, სოფელ უსიტყოდან, რომელიც ლეკებს გაუტაცებიათ და კონსტანტინოპოლში გაუყიდიათ. თურქი ბატონი რწმენის დატევებას სთხოვდა და უწყალოდ სცემდა. თურმე ერთხელ ღვთისმშობელს შეევედრა და ბატონს გაექცა. უფლის დედის სასწაულებრივი შეწევნით, გასხლტომია ხელიდან მდევარს. მთაწმინდამდე მოუღწევია, ნაპირზე გასულს ხმა მოესმა თურმე, - თეოდორე, თეოდორე, ამიერიდან დიონისეს მონასტერში დასახლდი. დიონისეს მონასტერში უცხოვრიათ სხვა ქართველებს: გაბრიელ მონაზონს - იმერელს, ღვანკითელს, ლეონტი (ლაზარე) დაღეთელს, სერაბინ ქართველს, ათონის კლდეთა შინა შეყენებული ყოფილა ვინმე მონაზონი კეთილი, გრიგოლიოს კახ-საალავერდო, გერასიმე სამარღანიშვილი, ფცელი გერასიმე, იმერელი, საქარელი ხრისტოდული. წმინდა ანას სკიტში დაყუდებული იყო ჯავახი, ღირსი ანთიმოსი, სრულიად შიშველი და უპოვარი, რის გამოც სენაკიდან არ გამოდიოდა, თუმცაღა კარი არ ჰქონდა მის სენაკს და ქვით დაეხშო შესასვლელი.

ასე მოაღწია ათონელმა ქართველობამ XIX საუკუნემდე. მათი წმინდა ლოცვა ეწეოდეს სრულიად საქართველოს.
ბეჭდვა
1კ1