ათონის მთა უმთავრესად შინაგან ლოცვას გვთავაზობს
ათონის მთა უმთავრესად შინაგან ლოცვას გვთავაზობს
როცა იქიდან მოდიხარ, ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს საკუთარ სახლს ტოვებ და გენატრება
- ათონის წმინდა მთა მართლმადიდებლობის სულიერების ცენტრია, რომელმაც მრავალი აღმსარებელი და სარწმუნოების დამცველი აღზარდა , - გვიამბობს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე, - განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათონის მთას იმიტომ, რომ იქ შემონახული მამების ცხოვრების წესი თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ ტრადიციების მიმდევარი არის დღევანდელი 22 მონასტერი. მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყო ვათოპედის მონასტერი.

ვათოპედის წმინდა მონასტერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორცვზე მდებარეობს და ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972-985 წლებში დააარსა სამმა მდიდარმა და წარჩინებულმა ადამიანმა - ათანასემ, ნიკოლოზმა და ანტონიმ. ისინი მობრძანდნენ აქ, რათა ეცხოვრათ მონასტრული ცხოვრებით. წმინდა ათანასეს დროინდელ ტიპიკონში (1045 წ.) ვათოპედს დღემდე მეორე ადგილი უჭირავს წმინდა მთის მონასტრებში.

XII-XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები საბა და სვიმეონი ვათოპედის ძმები იყვნენ. სერბი მეფე სტეფანე დუშანის მრავალრიცხოვან შეწირულობას შორის, რომელიც მან XIV საუკუნეში მონასტერს მიუძღვნა, არის სოფელი აგიოს მამი. მონასტრისთვის სახსრის შეწირვა შემდგომ საუკუნეებში სხვა სერბმა მმართველებმაც გააგრძელეს.

ვათოპედს მძიმე დროც ახსოვს - კატალონიელი მეკობრეები და თურქები თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ სავანეს. მაგრამ ამან მონასტრების შემდგომ აყვავებას არ შეუშალა ხელი. პირიქით, სხვადასხვა დროს მის მფლობელობაში შევიდნენ მონასტრები: ქალკეი, ვერიოტი, იეროპატორი, კალეტი, წმინდა დიმიტრის სახელობისა, ქსისტრი, ტრიპოლიტი და ტროქალი. ბიზანტიის იმპერატორები არ იყვნენ ამ სავანის მიმართ მაინცდამაინც ხელგაშლილნი. პოსტბიზანტიურ პერიოდში მონასტრებს მფარველებად მოევლინნენ დასავლელი მბრძანებლები.

ვათოპედის საძმოს წევრი იყო XV საუკუნის წმინდანი მაქსიმე ბერძენი. 1749 წელს, საბერძნეთისთვის მძიმე დროს, სწორედ აქ გაიხსნა ცნობილი ათონის აკადემია.

X საუკუნეში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. მისი უძველესი ფრესკები (XVIII-XIX ს.ს-ში გადაღებეს) XIV საუკუნისაა. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19 - გარეთ. მათგან 5 - მიშენებულია ტაძარზე. წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ ითვლება მონასტრის 1427 წელს აგებული სამრეკლო. ვათოპედის ისტორიაში მონასტრული ცხოვრების წესი პერიოდულად იცვლებოდა: საერთო ცხოვრებიდან (კინოვია) გადადიოდა თვითშენახვაზე. 1989 წელს ვათოპედი დაუბრუნდა კინოვიას.

მონასტრის საგანძურში დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. აქ ინახება უამრავი მშვენიერი სამოსელი და წმინდა ჭურჭელი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები: ყოველთა დედუფალი, მირონმდინარე, ქტიტორული და სხვა. ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2000 ხელნაწერია, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი.

მონასტრის ხელშია 24 კელია, წმინდა დიმიტრის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტები კარიესის მახლობლად.

მონასტერში მამები განსაკუთრებული სულიერებით იღვწიან და შრომობენ. ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი იოსებ ისიქასტის შთამომავალი გახლავთ. მამა ეფრემის სულიერი მოძღვარი იყო ბერი იოსები, რომელიც შარშან გარდაიცვალა და მათი ხელმძღვანელობა, მათი სულიერი ღვაწლი ამ ადამიანებზე გადმოდის. მამა ეფრემზე გვიყვებოდა ბერი იოსები. როცა სულიერმა მოძღვარმა ათონის მთაზე ჩამოიყვანა, ახალგაზრდა ყოფილა. კელიაში შესვლისთანავე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დახვედრია და უთქვამს: - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სავანეშიო.

- რატომ გამოირჩევა ათონის მთა სულიერებით?

- იქაურმა მამებმა არ დაკარგეს ღვაწლი გონებრივი ლოცვისა, რომელსაც იესოს ლოცვა ჰქვია. ეს ლოცვა ადამიანებს აახლოებს ღმერთთან და განსაკუთრებული მადლი მოქმედებს მათზე. წმინდა მთაზე მოღვაწე მამებთან მისული ხალხი საოცარ სულიერ ძალას, სულიერ სიმშვიდეს და განსაკუთრებულ შეწევნას იღებს. პირველად ბერ იოსებს 1999 წელს ვათოპედის მონასტრის ერთ-ერთ სკიტში შევხვდი. როცა ვკითხე, - რა უნდა აკეთოს კაცმა წუთისოფელში-მეთქი, თუ აქამდე არ გაქვთ დაწყებული იესოს ლოცვა, ძალიან გვიან არის და შეეცადეთ, სასწრაფოდ დაიწყოთო. ბერი იოსები გამუდმებით ამბობდა იესოს ლოცვას და მასთან სიახლოვე ამის გამო ბედნიერების მომგვრელი იყო ნებისმიერისათვის. ეს პირადად ჩემს თავზეც გამოვცადე. მინდა გავიხსენო ასევე ბერი გერვასი, რომელიც დღესაც წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის სკიტში ცხოვრობს. ეს მამა განსაკუთრებული სულიერებით გამოირჩევა. შეხედავს კაცს და იცის, რა სჭირდება, რა აწუხებს. განსაცდელები მქონდა. ბერი გერვასის რჩევა გავითვალისწინე, მისი დარიგება შევასრულე და ყველაფერი ღვთის სადიდებლად შემობრუნდა. ამიტომაც არის, რომ ათონის წმინდა მთა ადამიანებს განსაკუთრებით იზიდავს. იქ ძალიან ბევრი რამ არის სასწავლი. ჯერ ის, რომ ცოცხალ მაგალითს უყურებ, თუ როგორ უნდა ლოცულობდეს თანამედროვე ერის ადამიანი თუ ბერი.

***
ათონზე 22 დიდი მონასტერი და უამრავი სკიტია. თითქმის ყველა მონასტერში ვარ ნამყოფი. ვათოპედის მონასტერში თვეობით მიცხოვრია. მართლაც საოცარია იქაური ცხოვრების წესი. დილის 4 საათზე იწყება ღვთისმსახურება, შემდეგ მოდის ცისკარი, შუაღამიანი. ცისკრის მსახურებას მოსდევს წირვა, მერე ტრაპეზი, მორჩილებები, მცირე ხნით დასვენება. იგივე ტიპიკონია სხვა მონასტრებშიც. ათონის მთის მონასტრების წყობა განსაკუთრებულია. ათონზე ყოფნის დროს სულიერად ისე სწრაფად იზრდები, რომ იქიდან წამოსვლა არ გინდა. უამრავი სიწმინდეა დაცული მონასტრებში. ივერონის მონასტერში უამრავი სიწმინდე გამოაბრძანეს. მეგონა, გაცოცხლდა ძველი ეკლესიის ისტორია-მეთქი. წმინდანების წმინდა ნაწილების ნახვისას თითქმის ყველა თვალწინ ცოცხლად დამიდგა. ეს კიდევ არის ძალა იმისა, რომ დედაეკლესია ცოცხალია და ეკლესიაში სულიწმინდის ძალა მოქმედებს და ღმერთი მოწყალეა.

KARIBCHE***
საოცარია ათონის მთა. თითქოს შეუცნობელ სამყაროში შედიხარ. როცა იქიდან მოდიხარ, ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს საკუთარ სახლს ტოვებ და გენატრება. ფაქტობრივად, იქ ადამიანი სასუფეველში ხარ. წარმოიდგინეთ, 22 მონასტერი ღამე ღმერთს უთევს და მამები უფალს მთელი ღამის განმავლობაში ადიდებენ. ათონის მთას ძალიან ბევრი მომლოცველი ჰყავს. ვათოპედის მონასტერს დღის განმავლობაში 200-250 ადამიანი სტუმრობს. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა უმასპინძლო, ატრაპეზო, მოასვენო, სულიერი დარიგება მისცე და დიდი სიყვარულით გაისტუმრო. მეორე დღეს კვლავ ახალი სტუმრების მისაღებად ემზადებიან. საოცარი სიყვარულით იღებენ მამები თითეულ მომლოცველს. ყველაფერი გულუხვად არის მონასტრებში - ტრაპეზიდან დაწყებული, სულიერი საუბრებით დამთავრებული. საოცარია იესოს ლოცვით გამსჭვალულ ღვაწლმოსილ ისიქასტ მამებთან შეხვედრა. ზოგიერთ მონასტერში შეიძლება ოდნავ განსხვავებული ტიპიკონი იყოს. სქეროპოტამი და ვათოპედის მონასტრები მკაცრი ტიპიკონით გამოირჩევა. ვათოპედის მონასტერს, როგორც ჯარში მსახურებას, ისე მოიხსენიებენ. თანაც აქ ყველაზე მეტი, დაახლოებით 120 მონაზონი ცხოვრობს. მართლაც საოცარია ტიპიკონით ცხოვრება. დედა ღვთისმშობელი ისეთ ადგილებში მიგიყვანს, რომ საერთოდ არც ელოდები და არც გიფიქრია იმ ადგილების მოლოცვა. შეიძლება ფიქრობდე ერთ მონასტერში მისვლას, მაგრამ არ არის გამორიცხული, სხვა მონასტერში აღმოჩნდე. შეიძლება უარი გითხრან იმ მონასტერში დარჩენაზე, სადაც შენ გსურს, მაგრამ ღვთისმშობელი ისეთ ადგილას მიგიყვანს, მიხვდები, მართლა სად უნდა მისულიყავი. ღმერთი ისეთ რამეს დაგანახებს და ისეთ ვინმეს შეგახვედრებს, რომ ხვდები, - შენი ადგილი სად იყო. ღვთის მადლით, ღვთისმშობელი განაგებს იქ ყველაფერს.

***
მონასტრის კარებთან უნდა აჩვენო დიამონტერეა (ათონის მთის ვიზა), სადაც წერია შენი ვინაობა და რომ ხარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. შემდეგ მიდიხარ არქონდარიკში (სასტუმროში), იქ მოგათავსებენ და გადმოგცემენ მონასტრის ტიპიკონს. შემდეგ ვალდებული ხარ, დაემორჩილო ტიპიკონს. ტრაპეზზე სულიერ დარიგებებზე საუბრობენ. წიგნის მკითხველი კითხულობს, მერე გააჩერებს გერონდა და ხდება განმარტება იმ ადგილებისა. ყვებიან თანამედროვე მამების ცხოვრებაზე. სხვა სარწმუნოების აღმსარებლებს მონასტრებში აღარ ტოვებენ.

საათივით არის აწყობილი ათონის მთაზე ცხოვრება. იქ წინასწარ იციან, რამდენი სტუმარი უნდა მიიღონ, რამდენი კაცისთვის გაშალონ ტრაპეზი და რამდენს გაუმზადონ სენაკები. თუ ამის საშუალება არა აქვთ, უარს ამბობენ სტუმრობაზე და მიღებაზე..

ათონზე ზოგიერთ მამას, წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, განსაკუთრებული ღვაწლი აქვს. ტრაპეზის დროს შუბლზე ჩამოფარებული აქვთ კუნკულები, ისე, რომ მათ სახესაც ვერ ხედავ. ამ დროს ისინი მხოლოდ იესოს ლოცვით არიან დაკავებულნი და არ ტრაპეზობენ. მართლაც საოცარი საყურებელია. ერთ დიდ სატრაპეზოში ტრაპეზის დროს ერისკაცები და მონასტრის წევრები ცალ-ცალკე სხედან.

***
ძალიან კარგია მამა პაისის, ეფრემ ფილოთეველის, ეფრემ ვათოპედელის სწავლებები, რომლებიც იყვნენ დიდი მამის, იოსებ ისიქასტის შთამომავლები. საოცარ სულის სასარგებლო საკვებს იღებ ამ წმინდა მამებისგან. მამა პაისის ცხოვრებიდან მინდა გავიხსენო ერთი ამბავი: ერთხელ ერთ-ერთი პიროვნება ჩამოვიდა ათენიდან და მამა პაისის სთხოვა (სახეზე არ იცნობდა), - მამა პაისის ნახვა მინდაო. რად გინდა მისი ნახვა, საქმეზეა წასულიო, - უთხრა მამა პაისიმ. მაშინ დაველოდებიო. როცა დაინახა, რომ ეს კაცი კეთილი გულით იყო მასთან მისული, წაიყვანა თავის სენაკში და სულიერი დარიგებები მისცა.

უამრავი ადამიანი მიდიოდა მამა პაისისთან, მამა იოსებთან, მამა ეფრემთან. ეს მამებიც არჩევდნენ ადამიანებს ისე, როგორც ძველად წმინდა მამები არჩევდნენ ხოლმე და ყველას ისეთ დარიგებას აძლევდნენ, რაც მათ სულიერ მდგომარეობას სჭირდებოდა.

***
ათონის მთაზე წინამძღვარს მონასტრის საძმო ირჩევს, რის შემდეგაც ბოლომდე მის მორჩილებაში უნდა იყვნენ მონასტრის წევრები.

ათონის მთის მონასტრის წინამძღვრები სხვა მონასტრებსაც წინამძღვრობენ. ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი გახლავთ ასევე წინამძღვარი პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარე მთავარანგელოზთა დედათა მონასტრისა. ამ მონასტერში არიან ჩემი სულიერი შვილები (მონაზვნური გამოცდილების მიღების შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში და გააგრძელებენ მოღვაწეობას ზაჰესში, პანტანასას სახელობის მშენებარე დედათა მონასტერში). ისინი მამა ეფრემის დარიგებებით, სწავლებით და ათონური ტიპიკონით ცხოვრობენ. ჩვენთვის ნიშანდობლივი იყო, რომ მამა ეფრემის და ვათოპედის მონასტრის მფარველობაში მიგვეღო სულიერი სწავლება. ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ ღვაწლმოსილი მამების ღვაწლით და შრომით ყალიბდება ქართველ ქალებში მონაზვნური სული.

ათონზე მოღვაწე ბერმონაზვნებში საოცარი შინაგანი თავისუფლება სუფევს. გგონია, დაბადებიდან იცნობ ამ ადამიანებს, იმდენად დიდი სიყვარული მოდის მათგან. წარმოიდგინეთ, რომ არა მარტო სულიერ დარიგებებს მაძლევდნენ, ფიზიკურადაც შემეწეოდნენ. მამა ეფრემმა გვაჩუქა წმინდა ევდოკიმე ვათოპედელის წმინდა ნაწილები. ეს არის უკვე ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულება. პანტანასას ხატი დაიწერა ჩვენი მშენებარე მონასტრისთვის. ჩვენთვის ესეც უკვე ძალიან დიდი წყალობაა. პანტანასას ღვთისმშობლის ხატი გამოირჩევა ძალიან დიდი სიწმინდით. განსაკუთრებული შეწევნა აქვთ ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანებს. დღესაც ამ ხატის ასლები სასწაულებს ახდენენ. ამას წინათ, პანტანასას ჯანმრთელობის პარაკლისის შემდეგ ერთი ქალბატონი მობრძანდა და მითხრა, - აქ შევიძინე პანტანასას პატარა ხატი და მიდებული მქონდა ტაძარში დაბრძანებულ პანტანასას ხატზე. შინ რომ წავიღე, მირონის დენა დაიწყოო. ამ ქალბატონს განსაკუთრებული დაავადება ჰქონდა და დღეს მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

***
მამა იოსებ ისიქასტი გვარად პანტელისე გახლდათ. მის წინაპრებს ყველას პანტელეიმონი ერქვა. საოცარია, რომ ბერი იოსები წმინდა კოზმა და დამიანეს ხსენების დღეს გარდაიცვალა. ორმოცი წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს მოუწია. მას სენაკში წმინდა კოზმა და დამიანეს ხატები ჰქონდა დაბრძანებული და როცა ვსტუმრებოდით, სულ იმ ხატებით გვლოცავდა ხოლმე. გარდაცვალების დღეს შევხვდი. უკან მომავალს გზაზე შემატყობინეს მისი გარდაცვალების ამბავი. გარდაიცვალა ვათოპედის მონასტერში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. როგორც მამა იოსები ამბობდა, ის მუდამ იყო გარდაცვალების მოლოდინში. როცა პირველად შევხვდი, ამბობდა, - გული მაწუხებს და ვემზადები უფალთან შესახვედრადო. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. დარწმუნებული ვარ, მამა იოსებმა წინასწარ იცოდა საკუთარი გარდაცვალების დრო. მახარებს ის, რომ მამა იოსები საგანგებოდ რამდენჯერმე ჩამოვიდა პელოპონესში მთავარანგელოზთა დედათა მონასტერში ქართველი ქალების სანახავად. მის სენაკთან მრავალი ადამიანი იდგა და ელოდებოდა მისგან ლოცვა-კურთხევის მიღებას. მამა იოსებმა ხალხს უთხრა, - მე ამ ბიზანტიელებისთვის (ჩვენს გოგონებს გულისხმობდა) ჩამოვედი პელოპონესში და არა თქვენი გულისთვისო. მჯერა, რომ მათ მამა იოსების ლოცვა ყოველთვის განსაკუთრებულად შეეწევათ.

***
ერთი მღვდელმონაზონი გვიყვებოდა ბერი იოსების ზიარების შესახებ. ვათოპედის მონასტრის წინამძღვარს, მამა ეფრემს უთხოვია სტუმრად მყოფი იოსებისთვის, ეზიარებინა გერონდა იოსები. როცა მისულა საზიარებლად, გაოცებული დარჩენილა. ბერი იოსები წელს ქვემოთ სულ სველი დახვედრია. მთელი მსახურების განმავლობაში მამა იოსები თურმე ცრემლებად იღვრებოდა. ამბობდა, რომ იგი თავისი თვალით ხედავდა, როგორ დაკლეს ჩვილი იესო და როგორ ჩაასხეს ანგელოზებმა სისხლი ბარძიმში, მისი უმანკო ხორცი როგორ დაანაწილეს, როგორ დადეს ფეშხუმზე. მე უნდა ვეზიარო ამხელა სიწმინდესო, - უთქვამს ბერ იოსებს. როცა გარდაიცვალა, თავიდან პირს ვერ უხურავდნენ. როცა იქ სასულიერო პირებს კრძალავენ, დაფარნას ადებენ პირზე. მამა იოსები ბერი იყო და უარი თქვა სასულიერო ხარისხზე, მაგრამ ბერძნებში არის ასეთი ტრადიცია - როცა ბერი დიდ სულიერებას აღწევს, მას შეუძლია მონასტრის წინამძღვრობა. ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემი სულიერი მოძღვრის მამა იოსების ლოცვა-კურთხევის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ ადგამდა.Aმის გამო გადაწყვიტეს პირზე ჩამოეფარებინათ ჩვარი. როცა მოხსნეს, ნახეს, რომ ღიმილი ჰქონდა გადაფენილი სახეზე. ეს ადამიანები სიცოცხლეშივე იყვნენ წმინდანები. ბერი იოსები ასაკოვანი მიიცვალა. დასაფლავებულია ვათოპედის მონასტერში. ჩაუქრობლად ანთია მის საფლავზე კანდელი. საფლავი, საძვალე მონასტრის მოპირდაპირე მხარეს არის. რადგან მამა იოსები დიდი მამა იყო, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. გარკვეული დროის შემდეგ მონასტრის წევრები ხსნიან საფლავებს. თავის ქალას იღებენ, სახელს აწერენ და ინახავენ. ძვლებს - საერთო საძვალეში ჩააბრძანებენ. განსაკუთრებით ღვაწლით მცხოვრები ადამიანების თავის ქალებს ლიმონისფერი დაჰკრავს. მეც მინახავს იქ ჯვარგამოსახული თავის ქალები.

***
ვათოპედის მონასტერში ქართველებიც მოღვაწეობენ. მეამაყება, რომ ისინი ჩემი წაყვანილები არიან: მამა თეოდოხოსი, მამა ნექტარიოსი და მამა ტრიფონი. გრიგორიუს, პანტელეიმონის, ქსეროპოტამის მონასტრებშიც არიან ქართველები. ღვთის წყალობით, მოვმრავლდით იქ.

ათონის მთა დროზე მაღლა დგას. დრო მხოლოდ მიდის ღვთის სადიდებლად და იქ მოღვაწე მამების სულის საცხოვნებლად. არ ექვემდებარება არც ცვალებადობას, არც წუთისოფელს და რჩება სვეტად და შუქურად მართლმადიდებლობისა.
ბეჭდვა
1კ1