თუ მართლა გსურს ღვთისკენ მოქცევა, მაშინ სამუდამოდ უნდა დაუტევო ადრინდელი ცხოვრება
თუ მართლა გსურს ღვთისკენ მოქცევა, მაშინ სამუდამოდ უნდა დაუტევო ადრინდელი ცხოვრება
რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
თავი 9. ხუცესი კოპრი და პატერმუთი
ერთხელ პატერმუთი გასაძარცვად შეიპარა ღვთისთვის თავმიძღვნილი ქალწულის სახლის სახურავზე და შეეცადა, შიგნით მოხვედრილიყო. ეს ადვილი საქმე არ აღმოჩნდა. ღამე თითქმის მიილია, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. ამასობაში დაღლილს ჩაეძინა. სიზმარში წარდგა მის წინაშე სამეფოდ მოსილი მამაკაცი და უთხრა: "დროა, თავი ანებო ავაზაკობას! ქურდობის ნაცვლად ღვთისმოშიშების სადარაჯოზე დადექი, იტვირთე ზეციური, ანგელოზთა მსახურება, ამიერიდან ღირსეულად, სულით იცხოვრე და მეთაურად და წინამძღვრად გაგხდი ამ სამსახურშიო".

ყაჩაღს გაუხარდა. წარმოუდგა მონაზონთა მხედრობა, რომლის მეთაურობა ებრძანა.

გაიღვიძა და რას ხედავს, მის წინ დიასახლისი დგას. ჰკითხა, - ვინა ხარ, აქ საიდან გაჩნდიო.

გაოგნებულმა არაფერი უპასუხა, ეგღა სთხოვა, - ქრისტიანული ტაძარი მაჩვენეო. ქალწული მიხვდა, უფალი თავის ნებას აღასრულებდა. წაიყვანა ავაზაკი ეკლესიაში და ხუცესებს წარუდგინა. დაემხო მათ ფერხთა წინაშე ყაჩაღი და ითხოვა, წმინდა ნათლისღების ღირსმყავით და დაუყოვნებლივ დამადეთ საეკლესიო სასჯელიო. დეკანოზები იცნობდნენ ამ საშინელ ბოროტმოქმედს და გაოცებულნი ვერ იჯერებდნენ მის მოქცევას. ნაყაჩაღარის მოუკლებელი ვედრებით შეძრულებმა უთხრეს, - თუ მართლა გსურს ღვთისკენ მოქცევა, მაშინ სამუდამოდ უნდა დაუტევო ადრინდელი ცხოვრებაო. მერე კი იგი განსწავლეს სარწმუნოების უმთავრესი ჭეშმარიტებით.

- მომეცით კანონი, - ევედრებოდა იგი, - დამარიგეთ, როგორ დავადგე ცხონების გზას.

ხუცესებმა მას პირველი ფსალმუნის პირველ სამ მუხლზე მიუთითეს.

ახალმოქცეული უდაბნოში განმარტოვდა, სადაც დიდი დრო გაატარა და დღედაღამ ცრემლმორეული ლოცულობდა. იკვებებოდა ბალახის ფესვებით.

ერთხელ ტაძარში მივიდა. ხუცესებმა ნახეს, რომ მას არა მარტო სიტყვით, საქმეებით და მოღვაწეობითაც განემართლებინა მოსმენილი მუხლები. საოცრად ეჩვენათ დეკანოზებს, რომ იგი მოქცევისთანავე შეუდგა ასეთი მკაცრი მარხვის ღვაწლს და დაწვრილებით გააცნეს ღვთის სიტყვა, თან ურჩევდნენ, ჩვენთან დარჩიო. მან კი მათთან ერთი კვირა დაჰყო და კვლავ უდაბნოს სიღრმეს მიაშურა, სადაც შვიდი წელი მარხულობდა. და ისეთი სისავსით მოიპოვა მადლი ღვთისაგან, რომ ზეპირად იცოდა თითქმის მთელი წმინდა წერილი. პურს მხოლოდ კვირადღეს იხმევდა, იმასაც ზეციდან მოცემულს - მუხლმოდრეკით ლოცვის მერე თავის კელიაში პურს ნახულობდა, რომელიც არ შეიძლებოდა კაცთაგან ვინმეს მოეტანა. დიდი ხნის მერე კვლავ გამოვიდა უდაბნოდან.

მისი მოღვაწეობის მაგალითმა მრავალი მისაბაძად აღძრა... ერთმა ახალგაზრდამ დამოწაფება სთხოვა... პატერმუთმა მას სამონაზვნო ტანსაცმელი ჩააცვა: ლევიტონი, კუნკული და თხის მატყლის მოსასხამი, თანაც მოღვაწეობის კანონები ასწავლა.

პატერმუთს განსაკუთრებით მიჰქონდა გულთან და ზრუნავდა გარდაცვლილი ქრისტიანების ღირსეულად დაკრძალვისთვის. ჭაბუკმა შეამჩნია, თუ როგორი გულმოდგინებით ალაგებდა მოძღვარი სამოსს მიცვალებულისთვის და ერთხელ უთხრა, - მოძღვარო, როცა მოვკვდები, მეც ასე შემმოსე და მიმაბარე მიწასო.

- ეჰ, შვილო, ვეცდები, ისე შევასრულო შენი თხოვნა, ვიდრე თვითონ არ მეტყვი, - საკმარისიაო!

გავიდა ცოტა ხანი. ახალგაზრდა მართლაც გარდაიცვალა. განსვენებულის შემოსვისას არ ინანებდა ტანსაცმელს და როცა მორჩა, სხვათა წინაშე ჰკითხა მას:

- საკმარისია, ჩემო საყვარელო შვილო, იქნებ გსურს, კიდევ რაიმე დავუმატოთ?

მიცვალებულს სახე შეხვეული ჰქონდა. უეცრად ყველამ მკაფიოდ გაიგონა: - საკმარისია, მამაო, დანაპირები აასრულეო...

ყველა განაცვიფრა ასეთმა საკვირველმა მოვლენამ. ბერი კი მოწაფის დამარხვისთანავე განმარტოვდა უდაბნოში, რათა გაქცეოდა, რაიმე სახით თავმაღლობას. ერთხელ მორჩილი ძმების დასამოძღვრად გამოვიდა უდაბნოდან. ერთი მათგანი მძიმედ გახდა ავად და უფალმა განუცხადა სიკვდილის მოახლოება. საღამოვდებოდა და ბერმა იჩქარა, დამშვიდობებოდა მომაკვდავს. მაგრამ დაბა, სადაც სნეული იწვა, მოშორებით იყო... იძულებული გახდა, ღამიანად წასულიყო... უეცრად ბერმა გაიხსენა მაცხოვრის სიტყვა: "ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაითა არა გეწიოს თქუენ ბნელი (იოანე 12,35). "უკეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერხი" (იოანე 11,9). ამ დროს შენიშნა, მზე საცაა ჩაესვენებოდა...

- იესო ქრისტეს სახელით შესდექი მცირე ხანს და დაიცადე, ვიდრე სოფელს მივაღწევდე, - მიმართა მნათობს. ჩაწურვაზე მიმდგარი მზე თითქოს შედგა. ღვთის კაცი დაბაში შევიდა. იქაურებმა შენიშნეს ეს უცნაური მოვლენა და იკითხეს, - რას ნიშნავდა ეს.

- განა დაგავიწყდათ ჩვენი უფლის, მაცხოვრის სიტყვები: თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა გექნებათ, ყველაფერი შესაძლებელია თქვენთვისო? - უპასუხა მათ განდეგილმა.

მიხვდნენ, რომ მისი რწმენით მზე შეჩერდა, შეძრწუნდა ყველა. მათგან ბევრი დაემოწაფა და თან გაჰყვა. ამასობაში განდეგილი შევიდა სახლში. ძმა გარდაცვლილი დახვდა. წარმოთქვა ლოცვა, მიუახლოვდა ცხედარს, ეამბორა და ჰკითხა:

- რომელი უფრო მეტად გინდა, ძმაო, - განხვიდე ხორცით და იცხოვრო ქრისტესთან ერთად თუ ხორცში დარჩე?

მიცვალებული საწოლიდან ოდნავ წამოიწია და უპასუხა, - რატომ მეკითხები მაგას, მამაო? მირჩევნია, განვიდე და ქრისტესთან ვიყოო.

- იძინე, მშვიდობით, შვილო, და ილოცე ჩემთვის, - შეეხმიანა მოძღვარი. მიცვალებული მაშინვე მიწვა და მიიძინა... განცვიფრებულმა იქ მყოფებმა ერთხმად წამოიძახეს, - ჭეშმარიტად ღვთის კაციაო.

ამის მერე მოძღვარმა დიდებულად შემოსა ყმაწვილი. მთელი ღამე ფსალმუნთა და საგალობელთა გალობაში გაატარა, დილით კი შესაფერისად დაკრძალა.

ერთხელ მან მოინახულა ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი ძმა. უჭირდა ძმას ამ სოფლის დატოვება - სინდისი ქენჯნიდა და თრთოდა.

- რატომ არ ხარ, შვილო, მზად განსვლისთვის? ეტყობა, სინდისი გამხილებს სიზარმაცის გამო და არ განგეშორებაო, - ჰკითხა.

ავადმყოფმა აღმოთქვა: - გევედრები, მამაო, მიშუამდგომლე ღვთის წინაშე... დაე, მცირე ხნით მაინც განმიგრძელოს სიცოცხლე, რომ განვიწმინდოო.

- მაშინ ითხოვ დროს სინანულისთვის, როცა აღსასრულის ჟამი დაგიდგა? რას აკეთებდი ადრე? განა არ შეგეძლო, მაშინვე გემკურნალა წყლულებისთვის?! მაგრამ ძველ ცოდვებს ახალს უმატებდი!..

მომაკვდავი უფრო მეტი დაჟინებით შეევედრა.

- თუ ძველ ბოროტებას არ განამრავლებ, ვილოცებთ შენთვის. ღმერთი სახიერია და დიდმომთმენი. იგი კიდევ მცირე ხნით გიგრძელებს სიცოცხლეს, რათა ვალების გადახდა შეძლო...

მოიდრიკა მუხლი და ლოცვა დაიწყო. შემდეგ წამოდგა და სნეულს უთხრა: - უფალი გაძლევს კიდევ სამი წლის სიცოცხლეს, ოღონდ მთელი გულით უნდა შეინანოო, - მოჰკიდა ხელი, წამოაყენა სარეცლიდან და უდაბნოში გაიყოლა. გავიდა სამი წელი და ამბამ დააბრუნა ძმა იმავე ადგილას, საიდანაც წაიყვანა სამი წლის წინ. ყველა გაოცებული დარჩა: მართლაც ანგელოზია ღვთისაო. აი, ასეთი სრული იყო მისი ღვთისკენ მოქცევა!

ამასობაში შეიკრიბა ძმათა სიმრავლე. ბერმა ის შუაში დააყენა. მთელი ღამე ესაუბრებოდა ძმებს სინანულის ნაყოფზე და ღვთისკენ მოქცევაზე... ძმასაც თითქოს მიეძინა... ახლა კი საუკუნოდ!

ილოცა მისთვის და ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოამზადა მისი დაკრძალვისთვის, მერე კი ბერი მაშინვე განმარტოვდა უდაბნოში...

ხშირად ის გადალახავდა დიდ მდინარე ნილოსს... მოინახულებდა ზემოთ მდებარე კელიებში დაყუდებულ ძმებს. უეცრად გამოჩნდებოდა ხოლმე, სადაც უნდოდა, თუნდაც ძალზე შორს თავისი კელიიდან...

ჯერ კიდევ მისი მოქცევის პირველივე დღეებში, ერთკვირიანი მარხვის მერე, უდაბნოში შეეყარა პურ-ღვინით კაცი და სთხოვა, მიეღო მისთვის ზეგარდმო გამოგზავნილი საკვები...

სხვა დროს გამოეცხადა დემონი და არწმუნებდა, ამა და ამ ადგილას ჩამარხულია ფარაონის უთვალავი ოქროო. პატერმუთმა უპასუხა: "ვერცხლი ეგე შენი შენთანვე იყავნ, წარსაწყმედელად შენდა" (მოც. საქმე 8,20).

აი, ასეთი და სხვა ამგვარი საქმეები აღასრულა უფალმა მის მიერ.

- ჩვენამდე ბევრი მამა აღასრულებდა ზეციურ ნიშ-სასწაულებს. მათი ღირსიც არ იყო ეს სოფელი (შედრ. ებრ. 11,38)...

ასე გვესაუბრა მამა კოპრი. მისი საუბრის დროს ერთ-ერთ ძმათაგანს ამბის დაუჯერებლობის გამო გონება განეფანტა და მოწყინებისაგან ჩასთვლიმა კიდეც. ძილში ხედავს ოქროსასოებიან წიგნს, რომელიც ხელთ უპყრია მამა კოპრის და იქიდან გვიკითხავს ამ ამბებს. იქვე დგას ნათელმოსილი ჭაღარა მამაკაცი. მკაცრად შეხედა უყურადღებოს. გონებაგაფანტული რად უსმენ და თვლემ ურწმუნოების გამოო, - შეარცხვინა. შეშინებულ ძმას გამოეღვიძა და მოჰყვა თავის სიზმარს.

საუბრის დროს მღვიმის შესასვლელთან ერთი გლეხი მოვიდა, ხელთ ქვიშით სავსე ჭურჭელი ეპყრა და ელოდებოდა ბერის საუბრის დასრულებას. ვკითხეთ ხუცესს, - რა უნდა ამ გლეხსო.

- ეჰ, შვილო, - გვიპასუხა მამა კოპრიმ, - ალბათ თავი უნდა შემეკავებინა ასეთი ახსნისგან. ღმერთო, დაგვიფარე, რომ არ ჩავვარდეთ რაიმე სახის მედიდურობაში და არ დავკარგოთ საუკუნო ჯილდო! მაგრამ თქვენ ამხელა გზა გამოიარეთ ჩვენს სანახავად... თქვენს დასამოძღვრად და სულიერი სიკეთისათვის არ დავფარავ და მოგითხრობთ ღვთის ნამოქმედარს.

ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ნიადაგი მწირია, მაგრამ გასაჭირის გამო ამუშავებდნენ. ზოგჯერ მოსავალი თავისით ამოდიოდა, მაგრამ ღეროში იბუდებდნენ ჭიები და მოსავალს ანადგურებდნენ. ამ ადგილის მკვიდრი წარმართები გავაქრისტიანეთ. ერთხელ მოვიდნენ და გვთხოვეს, ლოცვა აღგვევლინა მათი მოსავლისთვის. ვუპასუხეთ, მზად ვართ ვილოცოთ, მაგრამ სათხოვრის შესრულებისთვის საჭიროა თქვენი რწმენაცო. მაშინ მათ კალთები აივსეს იმ ქვიშით, რომელსაც ფეხით ვთრგუნავდით, მოგვიტანეს და გვთხოვეს, გვეკურთხებინა იესო ქრისტეს სახელით. "სარწმუნოებისამებრ თქვენისა გეყოს თქვენ", - ვუთხარი მე. მათ ქვიშა წაიღეს, შეურიეს თესლს და დათესეს. ისეთი მოსავალი მოიწიეს, როგორიც არასოდეს აუღიათ ეგვიპტეში. მას შემდეგ წელიწადში ორჯერ მოდიოდნენ ჩემთან ამავე იმედით.

არ დავფარავ თქვენგან იმასაც, თუ რა გამოაჩინა უფალმა ჩემს მიერ თავისი სახელის სადიდებლად. ერთხელ ქალაქში გავემგზავრე. იქ შევხვდი მანიქეველთა მასწავლებელს, რომელიც აცდუნებდა ხალხს. უნდა შევკამათებოდი, მაგრამ ის ძალზე გაქნილი გამოდგა და ვერ შევძელი მისი გამოჭერა. შემეშინდა, ცთუნების საბაბი არ მიმეცა მსმენელისთვის. თუ ის წავიდოდა, თავის ქებას დაიწყებდა, - გავიმარჯვეო და წამოვიძახე: "დაანთეთ მოედანზე კოცონი. ჩვენ ორივე შევალთ მასში. ვინც იქიდან უვნებელი გამოვა, დაე, მისი რწმენა ვაღიაროთ ჭეშმარიტად!" ჩემი ნათქვამი მოეწონა ხალხს და მაშინვე საშინელი ცეცხლი გააჩაღეს. ხელი მოვკიდე მანიქეველს და კოცონისკენ წავიყვანე. "შეჩერდი, - იყვირა მან, - ასე არა, თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე შევიდეთ. რადგან ეს შენ მოიგონე, შენვე შედი პირველი".

ქრისტეს სახელით გამოვისახე ჯვრის ნიში და შუა კოცონში შევაბიჯე. ცეცხლის ალი გამექცა... ასე გავიდა ნახევარი საათი და ღვთის სადიდებლად უვნებელი დავრჩი. განცვიფრებული ხალხი განადიდებდა უფალს: "საკვირველ არს ღმერთი წმინდათა შორის მისთა" (ფს. 67,16). ამის მერე მანიქეველის ჯერიც დადგა. მას აიძულებდნენ ცეცხლში შესულიყო, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა. მაშინ ბრბომ შეიპყრო და შუა კოცონში შეაგდო. ცეცხლი უმალ მოედო და იქიდან ნახევრადდამწვარი გამოვარდა. ხალხმა ის ქალაქიდან შერცხვენილი გააგდო. "ცოცხლად უნდა დაგვეწვი, შე მატყუარაო", - უყვიროდნენ, მე კი ხელში აყვანილი მიმიყვანეს ეკლესიაში.
ბეჭდვა
1კ1