ღვთის ნებაა, რომ ოჯახიდან დედა-შვილი ღვთისმსახური გავხდით
ღვთის ნებაა, რომ ოჯახიდან დედა-შვილი ღვთისმსახური გავხდით
"ვისაც ჰყავს ღმერთი, - ამბობს წმინდა კვიპრიანე, - არაფერი მოაკლდება ცხოვრებაში, თუ თავად არ განუდგება ღმერთს". როგორც შეემთხვა დანიელს, როცა იგი, მეფის ბრძანებით, ორმოში მშიერ ლომებთან ჩააგდეს. ღვთის განგებულებამ მას მოუმზადა სადილი და აი, ღვთის კაცს აპურებდა მშიერ ლომებშიც კი. ასე იკვებებოდა მამა შიოც - ღვთის განგებით, საკვებს უზიდავდა მტრედი, როცა იგი სრულ განმხოლოებულ ცხოვრებას ეწეოდა სარკინეთის მიდამოებში. "ვინ ცხოვრობს მართალი სულით, რომელსაც გვაძლევს მაცხოვარი? - კითხულობს ნეტარი ავგუსტინე. ის, ვისაც ახსოვს, რომ მხოლოდ ზედმეტი ზრუნვანი იგმობა და არა შრომა, რომელიც ღვთისგანაა დალოცვილი". უფალი ბრძანებს: "ნუ მიეცემით ზედმეტად იმ საზრუნავებს, რითაც ჩვეულებრივად დაკავებულია ხალხი. ყველა საზრუნავს ამჯობინეთ ერთი და ყველაზე მეტად მოიძიეთ ის: ნურავითარ შრომას ნუ მოერიდებით... ღმერთი არ დაგტოვებთ, რაც საჭიროა, ყველაფერს გიწყალობებთ, ყველაზე მეტად კი ღვთიურ მშვიდობასა და სულიერ სიხარულს მოგანიჭებთ, მაშინ თქვენს სულში იქნება სინათლე, სინდისი გექნებათ სუფთა და დამშვიდებული, მთელი გულით იქნებით კმაყოფილნი და ყველაფრისთვის მადლობას შევწირავთ ღმერთს".

უფალს მინდობილს ღმერთი არ მიატოვებს, უჩვენებს ჭეშმარიტი ცხოვრებისკენ სავალ გზას. ზოგი იკითხავს, როგორ გამოვიძიო ღვთის განგებულებაო. ეკლესიის წიაღში მყოფს უფლის შთაგონებით სულიერი მოძღვარი აუწყებს ამას. ხშირად ჩვენი ნება არ ემთხვევა უფლისას, მოძღვრის სიტყვასაც გულგრილად აღვიქვამთ და საკუთარ ნებას დამორჩილებულნი თავნებობით ვცდილობთ ეკლესიურად ცხოვრებას. ღვთის მადლით, არიან ისეთებიც, რომელთა ცხოვრება მხოლოდ უფალზეა მინდობილი და უარყოფილი აქვთ საკუთარი ნება. ერში ამგვარად ცხოვრება, ცხადია, რთულია, მაგრამ ალბათ ზოგისთვის შესაძლებელიც. ყველაზე მეტად კი მონასტრულ ცხოვრებაშია სასურველი. ამქვეყნიური ცხოვრების დატევების შემდეგ მონასტერში მთელი გულისყური და მოსაგრეობა სულიერზე გადადის და ღვთის ნებით და წინამძღვრის მორჩილებაში მყუდროდ ცხოვრობს მონასტრის თითოეული წევრი.

სურამში, იტრიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში ორი დღე დავყავი. წინამძღვარი და უფლის ნებას დამორჩილებული მონასტრის წევრები დღეებს ლოცვასა და შრომაში განლევენ. ყოველი დღე ლოცვით იწყება და ლოცვით მთავრდება. გამთენიისას, ოთხის ნახევარზე, მონასტრის წევრი გამცნობს ლოცვის ჟამის მოახლოებას. ოთხ საათზე დედა პელაგია კითხულობს ლოცვებს და ხმატკბილი გალობით ადიდებს უფალს. მონასტერში პატარა გოგონა, ანა იზრდება. დედა პელაგია მას მზრუნველობას არ აკლებს და დედაშვილურ სითბოსა და სიყვარულს უნერგავს.

KARIBCHEტაძარი სურამს ურთხვის ხევიდან გადმოსცქერის. ის XVI საუკუნეშია აშენებული, სამრეკლო - მოგვიანებით, XVII საუკუნეში აუშენებიათ ბეჟან ჩხეიძეს და წინამძღვარ ნიკოლოზს. მონასტერი სამნავიანია და ნაშენია თლილი ქვით, რომელიც დროთა განმავლობაში ხავსს დაუფარავს. მოგვიანებით გაუსუფთავებიათ კიდეც. ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს: "კელიები ისე გაუფხეკიათ, რომ მასზე უამრავი წარწერაც ზედ მიუყოლებიათ. თაღები და კედლები სულ გაუფუჭებიათ და მოუსპიათ".

მონასტერს გარშემო დიდი გალავანი აკრავს, გალავანს შიგნით კი საცხოვრებელი სახლი და პატარა კოშკი დგას, რომელიც თავშესაფარს წარმოადგენდა.

მონასტრის მშენებლობის ისტორიულ ფაქტებს ვგებულობთ XVI საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთ სიგელში, რომელიც ქართლის კათალიკოსს დოროთეოზს ეკუთვნის. დოროთეოზი 1583-85 წლებში მოღვაწეობდა. სიგელი 1584 წელს უნდა იყოს შედგენილი. ქართლის კათალიკოსი სიგელში იხსენიებს ყველა იმ მეფის სახელს, რომელთა დროსაც შენდებოდა მონასტერი. სიგელში ასევე გებულობთ, თუ როგორ შეიძინა კათალიკოსმა მეფე გიორგისგან სოფელი ნიტრია (იტრია), როგორ დაასახლა ამ სოფელში გლეხები. როდესაც სოფელი გაამრავლა გლეხებით, ამის შემდეგ დაიწყო მონასტრის მშენებლობა. მონასტრის მშენებლობამდე იქ მდგარა ყოვლადწმინდის ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეებისა უნდა იყოს. იგი სიგელში წერს: "ვიმუშავე და ავიღე საფუძველითურთ, ახალი საფუძველი გავსთხარე; აღვაშენე მონასტერი ესე სახელსა ზედა სიონისასა". მტერთა შემოსევის დროს მონასტერი გადაუწვავთ. კათალიკოსმა დოროთეოზმა კვლავ აღადგინა მონასტერი და ტაძარში დააბრძანა ღვთისმშობლის მიძინების ხატი, მარგალიტებითა და სასწაულმოქმედი ნაწილით შემკული, ასევე ხატი მაცხოვრისა, ბარძიმ-ფეშხუმი და სხვა პატარ-პატარა ხატები. ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ მონასტერი XIX საუკუნეში მთლიანად დაუნგრევიათ და მერე აღუდგენიათ.

KARIBCHEღვთისმშობლის მიძინების მონასტერში 120-130-მდე წმინდა ნაწილია დაბრძანებული. მათ შორის - წმინდა ბარბარეს, დავით და კონსტანტინე მხეიძეების, იობ და ამფილოქ პოჩაევების, წმინდა ელისაბედის და მისი მოწაფის წმინდა ბარბარესი, ასევე დიმიტრი როსტოველის, ბეთლემში მოწყვეტილი ჩვილების, პალესტინის დედათა მონასტერში მოღვაწე მოწამე დედების წმინდა ნაწილები. საბა განწმენდილის ლავრაში მოწყვეტილი ბერების წმინდა ნაწილები, დივეევოში მოღვაწე დედების წმინდა ნაწილები, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩის ნაწილი, წმინდა მატრონა მოსკოველის წმინდა ნაწილები, კიევ-პეჩორის ლავრაში არსებულ ახლო და შორეულ მღვიმეებში გაბრწყინებულ მამათა წმინდა ნაწილები, გაბრიელ ათონელის წმინდა ნაწილები, წმინდა სერაფიმე საროველის მანტიის ნაწილი, ქვის ნაწილი, რომელზეც ლოცულობდა, ღვთისმშობლის საფლავის ქვა, ჯვრის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს, ალექსანდრე რომაელის წმინდა ნაწილი.

მონასტრის ამოქმედებამდე დედებს ტაძარში რამდენიმე ძველი ხატი დახვდათ - მაცხოვრის, ხელმწიფე ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის და იოანე ზედაზნელის. კანკელის ხატები კი დაწერილია მიტროპოლიტ კონსტანტინეს (მელიქიძე) დაკვეთით.

დილის 4 საათზე მონასტრის წევრები ტაძრისკენ ფეხაკრეფით მიდიან. უფალი სალოცავად უხმობს რჩეულთ, ანგელოზებრივად მცხოვრებთ. ლოცვის შემდეგ მცირედ ვისვენებთ, პატარა ზარის ხმა კი მორჩილების დაწყებისთვის გვაფხიზლებს. მონასტერში ორი სქემმონაზონი დედაა - დედა ფილოთეა და დედა ელისაბედი.

როცა სქემმონაზონ დედა ფილოთეას ვკითხე, რა არის თქვენთვის მონასტერი-მეთქი, მითხრა, - მონასტერი ჩემთვის ყველაფერია, მონასტერში შვებას ვგრძნობ, რადგან უფალთან მეტ სიახლოვეში ვარ. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით მოვედი მონასტერში. 80 წლის ვიყავი. მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ღვთის რწმენა და სიყვარული მუდამ მქონდა. კომუნისტების დროს მალულად დავდიოდით ტაძარში. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ცხოვრება უფლის გზას დაუკავშირდა.

სქემმონაზონი ელისაბედი 89 წლის გახლავთ. რადგან ფიზიკური შესაძლებლობა ხელს არ უწყობს, დღეებს ლოცვაში ატარებს. "ღმერთმა სულიერად და ხორციელად კარგად და ჯანმრთელად მიმყოფოს დედა პელაგიას თავი. დედა ღვთისმშობელს ვევედრები ერისა და ბერის გაძლიერებას. დალოცოს ღმერთმა ყველანი", - მეუბნება დედა ელისაბედი.

მონაზონ ირაიდას დედაშვილური სიყვარულით მოვიხსენიებ და მის მადლიან სულსა და გულს მოვეფერები. "სულ სხვაა მონასტრული ცხოვრება. ერში შენს ნებაზე დადიხარ, აქ კი შეზღუდული ხარ, - მითხრა დედაომ, - უპირველესად მორჩილება უნდა გქონდეს, თორემ სულს დაიღუპავ. მორჩილებასთან ერთად აუცილებელია ლოცვა, სიყვარული. აქ წინამძღვარია დედაც, მამაც, ოჯახის უფროსიც, რომელიც შენს სულზე აგებს პასუხს. ჩვენი მისაბაძიც არის. უნდა ვისწავლოთ კიდეც მისგან და შევასრულოთ ყველა მითითება. ჯერ შენ უნდა იცხონო სული, ამისთვის იღვაწო და მერე დანარჩენებიც აცხონო.

ღვთის ნება იყო ალბათ ისიც, რომ ოჯახიდან ორნი სასულიერო პირი გავხდით. ჩემი ერთი შვილი ბერია, მზოვრეთის მამათა მონასტერში მოღვაწეობს მამა აბიბოსი.

ღვთის ნებაზე მინდა ერთი ამბავი გიამბოთ ჩემი ცხოვრებიდან. ჩემი უფროსი ვაჟი ჯვარდაუწერლად ცდილობდა დაქორწინებას. მიხაროდა, რომ ოჯახდებოდა, მაგრამ ვწუხდი, რადგან ჯვრისწერის გარეშე სურდა ქორწინება. ქორწილის წინა დღეს ჩემი ბერი ვაჟი, მამა აბიბოსი მოვიდა. მაშინ ქოზიფაში იყო. საოცარია ღვთის განგებულება. 30 კილომეტრი შუა ზამთარში წელამდე თოვლში ფეხით გადმოიარა. არ იცოდა ძმის ამბავი. უფალმა მოიყვანა. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება.

დედა პელაგია ჩვენთვის მართლაც დედაა. იმდენად ყურადღებიანია, რომ პაწია რამ არ გამოეპარება. შეიძლება მაშინვე არაფერი გითხრას, მაგრამ ტრაპეზის დროს წმინდა მამათა ცხოვრებიდან მოგვიტანს მაგალითებს და ამით მიგვითითებს შეცოდებაზე. გამოცდილება ძალიან დიდი აქვს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, ისეთი სულიერი შვილები ვიყოთ, როგორიც უფალს და მას სურს. ჩვენი მეუფე იობი კი ყველა ბერისა და მონაზვნის მზრუნველია. ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, სულიერად უფრო მეტად გაგვიძლიეროს. მინდა მოკრძალებულად ვთხოვო ყველას, იცხოვრონ ეკლესიურად, ჩვენი გადარჩენა ეკლესიის წიაღშია მხოლოდ შესაძლებელი. საქართველოს ვუსურვებდი გამთლიანებას და გაძლიერებას".
ბეჭდვა
1კ1