ადამიანი ხშირად უნებლიეთაც ღალატობს უფალს. ამიტომაც დაგვიდგინა მაცხოვარმა სულიერი მოძღვარი
ადამიანი ხშირად უნებლიეთაც ღალატობს უფალს. ამიტომაც დაგვიდგინა მაცხოვარმა სულიერი მოძღვარი
ხშირად ცოდვას ისე ვჩადით, რომ ვერც ვაცნობიერებთ. მაგრამ უფალი უეცრად სხვადასხვა განსაცდელით გამოგვაფხიზლებს და დაგვაფიქრებს.

წმინდა ეფრემ ასურის სწავლებაში ვკითხულობთ: "ჩემ მიერ ბავშვობაში ჩადენილ ბოროტმოქმედებათა შესახებ მინდა მოგითხროთ და ამისიც მეშინია - ვაითუ განმაქიქოთ, შემიძულოთ და თითით საჩვენებელი გავხდე ხალხის წინაშე. ძმებო, ბავშვობაში ვიყავი მაგინებელი, შეურაცხმყოფელი, მოპაექრე, დამბრალებელი, მავნებელი, დავრდომილთა მიმართ გულგრილი, ერთი სიტყვით, სრული ბოროტმოქმედი. მაგრამ მე ვიცი, რომ ბავშვობაში ჩადენილი ცოდვები ჩემი ნათლისღების ჟამს აღიხოცება, ხოლო ნათლისღების შემდეგ ჩადენილი ცოდვებისგან ვინ გამომიხსნის?  მხოლოდ ღმერთია ცოდვების მომტევებელი და მოწყალე მცოდველთა მიმართ. ამიტომაც გევედრებით, ჩემო საყვარელო ძმებო, წყალობა და შენდობა მითხოვეთ მოწყალე ღმერთისგან. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ცოდვის მწვირეში, შურსა და სიძულვილში ვარ ამოვლებული, ჩემს ბოროტ ნებას ვასრულებ, ვმრისხანებ, ვწყრები, ძვირის ხსენებაში, უგუნურებაში, ნაყროვანებაში, უძღებებაში, ხორციელ სიტკბოებაში, ფულის სიყვარულში, გლახაკთა სიძულვილსა და გარეშეთა შეურაცხყოფაში ვარ ჩაფლული. მე, ყველა ადამიანზე ნაკლები, ჩემზე უკეთეს ადამიანებს კადნიერად ვეპყრობი და შეურაცხვყოფ.  დიდებულ ადამიანებზე ვქედმაღლობ მე, ნარჩევი კაცთა. და რაც გითხარით, ყოველივე ამაზე უარესი ვარ და უბოროტესი, მნებავს კი, რომ ადამიანები წმინდას მიწოდებდნენ. ცოდვაში ვარ დანთქმული და ადამიანთა წინაშე უბიწოდ გამოჩენა მსურს. მუდამ სიცრუეს ვამბობ და სხვების დასანახად ვითომ მძულს მატყუარები. გარეგნულად სიწმინდეს ვაჩვენებ ადამიანებს და შინაგანად სავსე ვარ სისაძაგლით. სხვებზე წინ ვდგები ეკლესიაში ლოცვაზე და მათ უკან დგომის ღირსიც არ ვარ. დიდება და პატივისცემა მნებავს ადამიანებისაგან და ღვთის თვალში არარა ვარ. მიყვარს, თაყვანს რომ მცემენ, მომიკითხავენ.

როცა საერო პირი ვიყავი, ერისკაცებს შორის ვქედმაღლობდი და როცა მონაზვნად აღვიკვეცე, მამათა შორის ვთავხედობ. სათნოებას ვაჩვენებ ადამიანებს: მდიდრებს - სიკეთეს, სულელებს - სიბრძნეს, მორწმუნეებს - სისრულეს, გლახაკებს - უწყალოებას, ჩემებს - მანკიერებას. თუ ვინმე შემეწინააღმდეგება, შევრისხავ და თუ მაქებს და ამაოდ მადიდებს, მეც ვაქებ და ვმედიდურობ. თუ მამხილებენ, ვწუხდები და თუ ვინმე შემივრდება, ვქედმაღლობ. თუ არ მემსახურებიან, ვშფოთავ, მათთან ყოფნა არ მსურს და ძვირს ვუზრახავ მზაკვრულად. თუ ძმა ჭირში ჩავარდება, სრულებით არ მნებავს მისი მიხედვა და თუ დიდებას მიაღწევს, მასთან ახლოს ყოფნას ვცდილობ. თუ მოყვასი დასნეულდება, მაშინვე მოვიწყენ მის გვერდით, ხოლო თუ მე ავად ვხდები, მნებავს, რომ მრავალი მემსახურებოდეს, ყველა მე მკითხულობდეს. ბოროტად შევრისხავ კაცს, რომელიც პირში გელაქუცება და ზურგს უკან ძვირს გიზრახავს. მნებავს, რომ ღისეულად ვიხსენიებოდე, ღირსეული საქციელისგან კი ფრიად შორს ვარ. მიყვარს ქება და პატივი, ხოლო საქები საქმე უცხოა ჩემთვის.

ჩემი საიდუმლოებების აღსარება მსურს თქვენს წინაშე და დაფარულ გულისსიტყვათა გამოცხადება ბოროტი ვნებების მიმართ, დღედაღამ რომ შემაჭირვებენ. ლოცვის დროს მოწყინება მიპყრობს და დასვენების დროს - გულმოდგინება. როცა ფუჭი ზღაპრობა მესმის, მხიარულად ვისმენ და როცა სინანულზე საუბრობენ, სასმენელს ვარიდებ. სალოცავად რომ დავდგები, ჩემს გონებას სავაჭრო ადგილები და ფოლორცები მიმოიტაცებენ. ჩემი პირი გალობას წარმოთქვამს და გონება ცოდვაში იწვრთნება. ჩემი ბაგეები მადლობას სწირავენ და ჩემი გული მზაკვრობას იზრახავს.

ვის შეუძლია აღწეროს ჩემი დაუდევრობა ლოცვის ჟამს და ჩემი გულმოდგინება ამაო შრომის დროს? აი, ჩემ მიერ ჩადენილი ცოდვები და ჩემი მონაზვნობის სათნოება. შეძაგებისა და შეძულების რომ არ მეშინოდეს, ჩემს სხვა საიდუმლოებებსაც გამოგიცხადებდით - მათზე უმძიმესსა და უსაზარლეს ცოდვებს.Mმაგრამ დავიდუმებ, რათა მეტისმეტად არ მომიძულოთ. თქვენს სიწმინდეს, თქვენს ღვთისმეტყველებას ვევედრები, წყალობა მიყავით და ილოცეთ ჩემ ცოდვილისათვის, რომელიც ვამბობ: "აღუარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე მე ყოველი უღმრთოებაი გულისა ჩემისაი". იგია შემნდობი და მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა - მამას, ძეს და სულიწმიდას - აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ".

***
ზემო სვანეთში სტუმრობისას სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, სქემმღვდელმონაზონ ეგნატეს (კურტანიძე) და სოფელ იფარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს სქემმღვდელმონაზონ თეოფანეს (არღვლიანი) შევხვდი. ჭეშმარიტად სულიერ მამებს ვთხოვე საუბარი ღალატის ცოდვის შესახებ.

მამა ეგნატე: - ყოველი ცოდვა ერთმანეთს ჯაჭვივითაა გადაბმული: ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება, მეორეს - მესამე. თუ კაცმა ღვთის საწინააღმდეგო ქმედება დაიწყო და სინანული არ გამოხატა, ცოდვა გამრავლდება და ცუდ ნაყოფს გამოიღებს. როცა ადამიანი ღვთის მცნების საწინააღმდეგოდ შეგნებულად მოიქცევა, რა თქმა უნდა, ღალატია ღვთისა. როდესაც ადამიანი უფალს უღალატებს, ის მოყვასის მიმართაც ამგვარად მოიქცევა. საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ დაინდობს. ოჯახი უფლისგან არის ნაკურთხი და დალოცვილი. ოჯახის ღალატი უფლის წინაშე ჩადენილი ღალატის ტოლფასია. ღალატის მოყვარულ ადამიანთან ურთიერთობაც კი რთულია.

სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ყოველდღე ვღალატობთ უფალს - საქმით, ცხოვრების წესით. როდესაც ადამიანი ღვთისაგან მოცემულ მცნებას შეგნებულად დაარღვევს და არასწორად, გულგრილად მოეპყრობა მოყვასს, ის თავისთავად მონაწილეა უფლის ჯვარცმისა. დილით, გაღვიძებისთანავე უნდა ფიქრობდეთ უფლის ჯვარცმაზე, რადგან ამით ცოდვა გამოგვესყიდა. თითქოს ვიცით, რომ უფალი თითოეული ადამიანის ცოდვებისათვის ჯვარს ეცვა, მაგრამ იმავეს ვიმეორებთ ჩვენი არასწორი ცხოვრების წესით. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ერი ამ ცოდვისაგან გამოვიდეს. თუ ამ ცოდვისაგან გავთავისუფლდებით, წრფელი გულით უფრო დავუახლოვდებით უფალს. ღალატისაგან განწმენდილს უფრო გაუადვილდება მაცხოვართან მიახლება.

ჩვენ, მართლმადიდებლები, ჭეშმარიტი სარწმუნოების მქონე ერი ვართ და ამ საუნჯეს გაფრთხილება სჭირდება. როდესაც ადამიანი ჭეშმარიტებას არ იცავს და ისე განადიდებს უფალს, ესეც უფლის ღალატია. შეიძლება კაცს ჰქონდეს რწმენა, მაგრამ არ შეეძლოს სწორად წარმართვა. ვინც რწმენას არასწორად გამოიყენებს, ღალატის ცოდვაშია ჩაძირული.

უფლის წინაშე ადამიანი აღთქმას ნათლობის დროსაც დებს. ადამიანების უმრავლესობა დადებული აღთქმისაგან გადაუხვევს კიდეც და ამგვარი ღალატით უფრო ამძიმებს უფალს. როდესაც მონაზონი აღთქმას დებს, მასაც აღთქმის შესაბამისად მოეკითხება და პასუხს აგებს უფლის წინაშე. ვფიქრობ, ბერები ხშირად უნდა კითხულობდნენ და ახსენებდნენ საკუთარ თავს იმ აღთქმას, რომელიც აღკვეცის დროს დადეს მაცხოვრის წინაშე. ალბათ ამის შეხსენება აუცილებელია, რათა არ აღმოჩნდე დადებული აღთქმის მოღალატე. ერისა და ბერის ღალატი უფლის წინაშე თანაბრად განისჯება. შეიძლება ბერმა ფიქრით, გონებით და სხვა მოქმედებით უღალატოს უფალს, ერის ადამიანმა კი სხვაგვარად. ამას ძალიან დიდი განსხვავება და მნიშვნელობა აქვს. თუმცა ღალატის ცოდვა ყველას ერთნაირად მოეკითხება. ადამიანი მუდამ უნდა ცდილობდეს საკუთარი თავის გამოსწორებას. როდესაც ადამიანი უფალს მიენდობა და ღვთის წინაშე სწორად წარმართავს თავის ცხოვრებას, მისი გონება განიწმინდება და ღალატისაგან შორს იქნება. ხოლო როცა ცოდვის მორევში ჩაეფლობა, ღალატის ცოდვა უფრო დაუმძიმდება. უფლისკენ სავალ გზაზე შეიძლება დაბრკოლება შეგვხვდეს, მაგრამ ჭაობიანი გასავლელი გზა არ შეგვხვდება. შეგვხვდება სწორი გზა, რომელიც მიმყვანებელი იქნება უფალთან. უფლისა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით კი ყოველივე დაიძლევა.

როდესაც ადამიანი უფლის მცნებებს აღასრულებს, მისი ცხოვრება ღვთისთვის სათნოდ მიემართება. ყოველთვის ერთ რამეს ვუსურვებ საკუთარ თავს და ნებისმიერ ადამიანს - უფალმა ისე გვაცხოვროს, როგორც ღვთისთვის იქნება სათნო. ღვთისთვის სათნო ცხოვრება კი უფლის მცნებების აღსრულებასა და უფალთან თანამყოფობაშია.

თუ კაცს ღვთისა და მოყვასის ერთგულების ნიჭი აქვს, ღალატში მონაწილეობას არ მიიღებს. ადამიანი ხშირად უნებლიეთაც ღალატობს უფალს. ამიტომაც დაგვიდგინა მაცხოვარმა სულიერი მოძღვარი, სულის მკურნალი. მასთან შეთანხმებით და ლოცვა-კურთხევით უნდა ვაგვარებდეთ ყოველივეს და ისე აღვასრულებდეთ ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც გზა არის ჭეშმარიტი და უფალთან მიმყვანებელი. ლოცვა-კურთხევით მცხოვრები არ ჩავარდება ღალატის ცოდვაში და ადვილად არ წამოეგება სხვადასხვა ცოდვას.

KARIBCHEმართლაც, უმძიმესი ცოდვაა ღალატი. ჩვენი ქვეყნის წარსულიდან კარგად გვახსოვს ბევრი ცუდი მაგალითი, რის გამოც საქართველო აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. სამწუხაროდ, ღალატის ცოდვა მემკვიდრეობად გვერგო. ღმერთმა იხსნას ჩვენი ქვეყანა ღალატისაგან და უფლისა და სამშობლოს ერთგულები ვყოფილიყავით.

სოფელ იფარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი თეოფანე (არღვლიანი):

- ცოდვა მართლაც უდიდესი ძალის მქონეა, რომელმაც უდიდესი მადლი და წყალობა დაგვაკარგვინა. უწინარეს, დაგვაკარგვინა ის ადგილი, რომელიც უფალმა დასაბამიდან შეგვიქმნა. როცა ვიცით, რას ნიშნავს მადლი, სამოთხე და უფლის წყალობა და ამას უარვყოფთ, ცხოვრება ისე წაგვივა, რომ სული სამარადისო ტანჯვაში ჩავარდება. განა ამით უფალს არ განვარისხებთ და არ ვღალატობთ? როცა ადამიანი ამგვარად მოიქცევა, თავს მისცემს ბოროტს და უფალთან ცხოვრებაზე ამბობს უარს, როგორ არ უნდა იყოს უფლისათვის გამაღიზიანებელი? თუ ღვთისთვის სათნოდ ცხოვრობს, დიდი მადლი და წყალობაა. მას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ უფლის მსახურებაში ყოფნით მუდამ მასთან იქნება. მაგალითად, უფლის მოწაფე იყო იუდა. უფალთან ცხოვრობდა, მისგან იღებდა ყველაფერს, მაგრამ უფლის მსახურებისგან შორს იყო. ამიტომაც გასცა უფალი. როცა ადამიანი ბოროტის მსახურია, ამაზე დიდი გაცემა უფლისა რა უნდა იყოს?! ამაზე უარესი რა უნდა გაუკეთოს უფალს, როცა ეშმაკს მიჰყიდის საკუთარ სულს?! ღმერთმა მოგვმადლოს იმის ნიჭი, რომ უფლის ღალატისგან შორს ვიყოთ. ღმერთმა გაგვაძლიეროს ღვთის მადლში.

უფალს უპირველესად იმით ვღალატობთ, რომ არ ვცხოვრობთ სულიერად. ვცხოვრობთ მხოლოდ მატერიალური სულისკვეთებით. ამგვარი ცხოვრებით კი მას ვშორდებით.

KARIBCHEბერობა უდიდესი მადლია. ბერი მკვდარია ამ ქვეყნისათვის, თავად შეიცნო უფალი და იცის, რას ნიშნავს ამაოება, ხრწნადობა, მადლი. ყველაფერი ის, რაც უფალთან კავშირშია და უფლისთვის გამაღიზიანებელია, მისთვის ცნობილია. ბერი უკვე შეწირულია ამ ყველაფრისათვის და ღვთის შეწევნით მომზადებულია იმისათვის, რომ დაუხვდეს ბოროტ ძალას და ღვთის წყალობით და მადლით გაძლიერებული შეებრძოლოს.

ცოდვასთან შებრძოლება ბერს უფრო უხდება. უფალმა რომ გამოირჩია, ეს იცის ეშმაკმაც და ცდილობს, ისეთი რამ შეამთხვიოს, რომ შინაგანად დაანგრიოს. ამიტომაც მეტი სიფრთხილე მართებს ყოველგვარ ქმედებაში, სიტყვაში. წინდახედულად უნდა მოქმედებდებს და ფიქრობდეს იმაზე, მისი საქციელი რა ნაყოფს გამოიღებს, იქნება თუ არა ღვთისთვის სათნო. ასევე პასუხს აგებს საკუთარ თავზე და სამწყსოზე, რომელიც მთელი არსებით მინდობილია მას.

ადამიანმა ცხოვრება ისე უნდა განვლოს, რომ წარსულისა არ შერცხვეს უფლის წინაშე.Kკარგად უნდა დააკვირდეს განსხვავებას, როგორ ცხოვრობდა ეკლესიის გარეთ და როგორია მისი ცხოვრება ეკლესიის წიაღში. ამ ყველაფერს რომ დააკვირდება ხორციელი თვალით, სულიერი თვალიც აეხილება და უფლის მსახურებაზე არასდროს იტყვის უარს, თანაზიარი გახდება უფლის სისხლისა და ხორცისა. ასეთ ადამიანს უფალი წყალობასა და მადლს არ მოაკლებს და ბედნიერი იქნება.

ღმერთმა მოგვცეს მადლი, წყალობა და უფალთან მიახლოების ნიჭი.
ბეჭდვა
1კ1