არ გაგიშვებ, ტკბილო იესო! და არ დაგტოვებ!
არ გაგიშვებ, ტკბილო იესო! და არ დაგტოვებ!
მადლი და წყალობაა, როცა ოჯახიდან ორი ადამიანი უფლის სამსახურში დგება
წუთისოფელში ყოველი კაცი მუდამ სასურველისკენ მიილტვის, მაგრამ ხშირად ვერ გაურკვევია, რა არის მისთვის სასურველი. ხშირად ამგვარ მდგომარეობაში მორწმუნენი და ეკლესიურნიც აღმოჩნდებიან და ამ ძებნაში მხოლოდ ცუდს პოულობენ. მადლის მიმღები კი სასურველს მადლმოსილებაში ხედავს და ცდილობს, უფლის ამგვარ წყალობას სათუთად გაუფრთხილდეს.

ბერი იოსებ ათონელი თავის სულიერ შვილს პასუხობს: "მეკითხები, ვინ უფრო სწრაფად მიიღებს მადლს, მდუმარებაში მყოფი თუ მორჩილი. უეჭველია, მორჩილი მოწაფე მადლსაც სწრაფად იღებს და ყოველთვის უსაფრთხოდაცაა. არც დაცემის ეშინია, არც დაკარგვის, ოღონდ კი უბედურებამ არ მოიცვას, ხოლო როცა ადამიანი ქრისტეს შეიმოსავს, მაშინ მარადისობაშიც და ხალხშიც მდუმარებაში იქნება და სადაც უნდა იყოს, მშვიდობა დაისადგურებს მის სულში. ღვთის მადლი დამოკიდებულია არა დროზე, არამედ საშუალებასა და უფლის მოწყალებაზე. საქმეში გამოცდილებას დროთა განმავლობაში შევიძენთ, მადლს კი სწორედ იმიტომ ეწოდება მადლი, რომ ღვთის მიერ უსასყიდლოდ მომადლებული ნიჭია, რომელსაც ადამიანი სარწმუნოების სიმხურვალის, სიმდაბლისა და კეთილი განზრახვის შესაბამისად მიიღებს.

სოლომონმა თორმეტი წლის ასაკში მიიღო მადლი, ასევე დანიელმა, დავითმა - სიყრმეში, როცა მამის ცხვრებს მწყემსავდა. მათ მსგავსად ყველა ძველმა და ახალმა მამამ. როგორც კი გულწრფელად შეინანებს, ადამიანს უახლოვდება მადლი და მისი მოშურნეობის შესაბამისად მატულობს. გამოცდილება კი მრავალწლიან ღვაწლს მოითხოვს.

უფლისგან მადლის მთხოვნელმა, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი სახით მოსული განსაცდელი და მწუხარება უნდა დაითმინოს. თუკი გამოცდის ჟამს ის დრტვინავს და სათანადო მოთმინებას არ იჩენს, ვერც მადლს შეიძენს საკმარისად, სათნოებაშიც ვერ წარემატება და წყალობასაც ვერ მიიღებს. ვინც შეიცნო, რომ მწუხარება და სხვა ყველაფერი, რასაც განსაცდელი მოგვიტანს, ღვთის წყალობაა, მან ჭეშმარიტად საუფლო გზა იპოვა. ის ელოდება განსაცდელებს, რადგან მათი დათმენით განიწმინდება, განათლდება და ჭვრეტს ღმერთს.

ღმერთი არ იხილვება შეცნობის გარეშე. ეს შეცნობა ხედვაა, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა ხვდები, რომ ღმერთი შენ გვერდითაა, შენ ღვთის წიაღში იმყოფები, ის ხედავს, რასაც აკეთებ. ამიტომ ფრთხილობ, არ დაამწუხრო, რადგან იგი ყველგან ყველაფერს ხედავს. მაშინ აღარ სცოდავ, რადგან ხედავ ღმერთს, გიყვარს ის და ცდილობ, არ დაამწუხრო, "ვინაიდან მარჯულ შენსა არს".

შემცოდე ვერ ხედავს ღმერთს. ის ბრმაა.

მადლი ყოველთვის წინ უსწრებს განსაცდელს, თითქოს წინასწარ გვამცნობს, რომ მომზადებაა საჭირო. მადლის დანახვისთანავე დაიძაბე და თქვი: "ომი გამოცხადდა! ფრთხილად, თიხავ, ნახე, რომელი მხრიდან დაიგვრგვინებს ბოროტის ბრძოლა". ხშირად ის მალევე მოდის, ხშირად კი ორი-სამი დღის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში მოვა. მტკიცე უნდა იყოს სიმაგრე: ყოველ საღამოს აღსარება, მოძღვრის მორჩილება, სიმდაბლე და სიყვარული ყველას მიმართ და ამით შეიმსუბუქებ მწუხარებას.

მადლს სამი ხარისხი აქვს: განმწმენდი, განმანათლებელი და სრულყოფილების. სამგვარია ცხოვრებაც: ბუნების მიხედვით, ზებუნებრივი და ბუნების საწინააღმდეგო. ამ სამ საფეხურზე ადამიანი ადის და ჩამოდის. სამ დიდ ნიჭს იღებს ადამიანი: ხედვას, სიყვარულსა და უვნებობას. ყველას, ვინც კი შეინანა, ამ მადლმა უბიძგა სინანულისკენ და ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, მადლის მოქმედებაა. მაშინაც კი, როცა არ იცის, რომ მადლი აქვს მიღებული, მადლი აღზრდის და მოძღვრავს და, მიღწეული წარმატების შესაბამისად, ადამიანი მაღლდება ან ეშვება, ან იმავე მდგომარეობაში რჩება. თუკი მოშურნე და თავგანწირულია, მაშინ ჭვრეტას აღწევს, რასაც მოჰყვება საღმრთო ცოდნით განათლება და გარკვეულწილად - უვნებობა. თუკი გაგრილდება მოშურნეობა და მზადყოფნა, მცირდება მადლის მოქმედებაც.

ადამიანი მოტიტინე ბავშვივით ითხოვს ღვთისგან მის წმინდა ნებას. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, აძლევს მას მადლს, მაგრამ მადლთან ერთად უგზავნის განსაცდელსაც, თუკი ის უდრტვინველად მოითმენს განსაცდელს, მადლი გამრავლდება. რაც მეტ მადლს იღებს, მრავლდება განსაცდელიც.

როცა ეშმაკები გვიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქ კი არ მოვლენ, სადაც მათ უთუოდ დაამარცხებ, არამედ შეამოწმებენ, სად არის შენი სუსტი ადგილი და სადაც არ ელოდები, იქ დაარღვევენ ციხესიმაგრის კედელს...

ითხოვ ღვთისგან მადლს? მადლის მაგიერ განსაცდელს გიგზავნის. ვერ უძლებ ომს, ეცემი? არ გაგიმრავლდება მადლი. ისევ ითხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ დამარცხდი? სულ დანაკარგი გექნება სიცოცხლის ბოლომდე. სიკვდილამდე წინ აღუდექი განსაცდელს. გვამივით დაეცი ბრძოლაში და ღონემიხდილმა ქვემოდან იყვირე: "არ გაგიშვებ, ტკბილო იესო! და არ დაგტოვებ! არ განგეშორები უკუნისამდე და შენი სიყვარულისთვის ბრძოლის ველზე განვუტევებ სულს". მოულოდნელად ის ბრძოლის ასპარეზზე გამოჩნდება და ქარიშხალში დაგიძახებს: "მე შენ გვერდით ვარ! შემოირტყი სარტყელი, როგორც მამაცმა და წამომყევი! შენ კი გაბრწყინდები და გამხიარულდები: "ვაიმე, წყეულს! ვაიმე, ცბიერსა და უხმარს! ჰამბავით ყურთა მესმინა შენთვის პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისთვის განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად". ხოლო როცა მოიწყენ, დრტვინავ და არ დაითმენ განსაცდელს, მაშინ გამარჯვების ნაცვლად სინანული უნდა გქონდეს: დღის შეცდომებისა და ღამის უდებების გამო და იმის ნაცვლად, რომ მადლმა მადლი გაამრავლოს, მწუხარება გემატება. ამიტომ ნუ დაფრთხები, ნუ გეშინია განსაცდელის. ბევრჯერაც რომ დაეცე - ადექი. ნუ დაკარგავ სიმშვიდეს, ნუ წარიკვეთ სასოებას. ეს ყველაფერი ღრუბლებია, რომლებიც მალე გადაივლის.

მადლი განგწმენდს ყველა ვნებისაგან, მაშინ შენი გონება იგრძნობს განათლებას და ჭვრეტისკენ წარიმართება... ასეთი მდგომარეობა ჩვენი გონების მიერ კი არაა წარმოდგენილი, არამედ მადლის მოქმედებაა, რომელიც აზრს წარმოშობს, გონება კი დაუღალავად ეძლევა ჭვრეტას. ამას ადამიანი არ ქმნის - ეს თვითონ მოდის და გონება იწყებს ჭვრეტას. მაშინ ფართოვდება და იცვლება გონება. ნათლდება. მისთვის ყველაფერი იხსნება. ადამიანი აღივსება სიბრძნით და როგორც შვილი, ფლობს იმავეს, რასაც მამა. მან იცის, რომ არარაობაა, თიხაა, მაგრამ ამავე დროს - ძე მეუფისა. არაფერი აქვს, მაგრამ ყველაფერს ფლობს. აღივსება ღვთისმეტყველებით. გააზრებულად აღიარებს, რომ მისი არსება არარაობაა. მისი წარმოშობა - თიხა. მისი მაცოცხლებელი ძალა? ღმერთის სუნთქვა - მისი სული. სული პირდაპირ ზეცაში მიფრინავს! "მე ვარ შთაბერვა, სუნთქვა უფლისა! ყველაფერი გაქრა, მიწაში დარჩა, საიდანაც იყო აღებული! ვარ მარადიული მეუფის ძე, მე ვარ ღმერთი, მადლის მონიჭებით. უკვდავი და მარადიული ვარ, ერთ წამში ჩემს ზეციურ მამასთან გავჩნდები..."

ასე რომ, გამხნევდი, შვილო ჩემო, და ამ იმედით მოითმინე ყველა ტკივილი და მწუხარება, რადგან მალე ამის ღირსი გავხდებით. ჩვენ ყველა ღვთის შვილები ვართ. მას ვუხმობთ დღე და ღამე, და ჩვენს ტკბილ დედას, ყოვლისმპყრობელს, რომელიც არასოდეს ტოვებს მათ, ვინც მისგან შეწევნას ითხოვს".

***
გულმხურვალედ მოღვაწე და მლოცველ ადამიანებს უფალი მადლის და ღვთის წყალობის გარეშე არ ტოვებს. მართლაცდა უდიდესი მადლი და წყალობაა, როცა ოჯახიდან ორი ადამიანი უფლის სამსახურში დგება და სიცოცხლეს უფალს სწირავს.

ხაშურის გარეუბანში, ლუბრუმის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში მონაზონი მელანია (დავითელაშვილი) მსახურობს, მისი ერთ-ერთი შვილიც ბერი და ძამის ხეობაში, ბერთუბნის მარიამ მეგვიპტელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია. უფლის სიყვარულმა ჯერ შვილი წაიყვანა მონასტერში, შემდეგ კი დედა. დედა-შვილი ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მოღვაწეობს. დედაშვილური სიყვარულის გარდა ახლა უფლის მიერ მიმადლებული ბერმონაზვნური სიყვარულიც აერთიანებთ.

- ვიდრე მონასტერში მოვიდოდი, წლების განმავლობაში ეკლესიურად ვცხოვრობდი. ძალიან მინდოდა, ჩემი შვილებიც ღვთის გზაზე დამდგარიყვნენ. შევთხოვდი დედა ღვთისმშობელს, უფალს, რომ ღვთის გზა მათაც დაენახათ. დროთა განმავლობაში სურვილი მიჩნდებოდა ღრმად ჩავძიებოდი მონასტრულ ცხოვრებას. ერში ყოფნამ აზრიც დაკარგა და მუდამ სიმყუდროვეს, სიმშვიდეს ვეძებდი. მეგონა, რომ ჩემი სახლი იქ არ იყო, სადაც ვცხოვრობდი. ახალი ცხოვრების ძიებაში ვიყავი, - მიამბობს დედა მელანია, - მივხვდი, რომ უფალმა მომცა და დამანახა ორი გზა - ან ერში გამეგრძელებინა ცხოვრება, ან ამერჩია მონაზვნობა. ამასობაში, ჩემმა შვილმა ბერობა გადაწყვიტა, შემდეგ კი მე წამოვედი მონასტერში.

ვიდრე ჩემი შვილი ბერი გახდებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ერთხელ ისეთი განსაცდელი შეემთხვა, რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩა. გამიმხილა, ერში ვეღარ ვიცხოვრებ, მონასტერში უნდა წავიდეო. მას შემდეგ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და წამოვიდა ყინწვისის მამათა მონასტერში. აქ გაიცნო მამა ისაია (გოგიბერიძე), აღსარებაც ჩააბარა. ერთხანს მამა ისაიასთან იყო. მერე სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში გადმოიყვანეს მორჩილად. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, სურამშიც ცხოვრობდა. მეუფის კურთხევით ჩემმა შვილმა მთხოვა, ჩავსულიყავი სურამში და მცირე ხნით იქ მეცხოვრა. ერთი კვირის მაგივრად მეუფემ ორ თვეზე მეტხანს დამტოვა მონასტერში. პეტრეპავლობის მარხვა იქ გავატარე. რამდენიმე ხნის შემდეგ ყელეთში წამოვედი. მაშინ იქმნებოდა ყელეთში მონასტერი. მეუფემ იქ მორჩილად მაკურთხა. მონასტრის წინამძღვართან, დედა მაკრინესთან ვცხოვრობდით. სურამიდან ერთად გადმოვედით მე და დედა საბიანა. მაშინ დედა საბიანა მორჩილი ნინო იყო. მონაზვნად ყელეთის წმინდა გიორგის ტაძარში აღგვკვეცა მეუფე იობმა. მეუფის კურთხევით ყელეთიდან სომანეთში გადმოვედით, ეს მონასტერიც ხაშურის რაიონს ეკუთვნის. ამჟამად ლუბრუმის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ვარ. მონასტრის წინამძღვარი გახლავთ დედა სიდონია.

მადლობელი ვარ უფლის, დედა ღვთისმშობლის, რომ მე და ჩემი შვილი, ჩვენ, ცოდვილები, ამხელა მადლის მქონენი და უფლის მსახურნი გავხდით.

მონასტერში შემთხვევით არავინ ხვდება. უფალმა ოჯახიდან ორი ადამიანი წამოგვიყვანა მონასტერში. ეს მართლაც ღვთის დიდი მადლი, წყალობა და მფარველობაა. ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ადამიანს ღვთის გზით წარემართოს ცხოვრება.

ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, როგორ და საიდან მომიყვანა უფალმა მონასტერში. ერში მაია მერქვა, მორჩილს - მარიამი. დღეს კი დედა მელანია ვარ. მონაზვნობა უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ერში თუ საქმით შევცოდავდი, მონასტერში ფიქრიც დიდი ცოდვაა. მონასტერში რთულია ცხოვრება, სამაგიეროდ, უფალია ტკბილი. როცა ამას ვაცნობიერებ, ჩემთვის ვამბობ, ღმერთო, იმდენად ტკბილი ხარ, რომ შენამდე ძალიან მინდა მოსვლა-მეთქი. დიდება შენდა, ღმერთო, რა ძლიერი ხარ და როგორ გიყვარს ადამიანები! რამხელა წყალობა მოიღო ჩვენზე, რომ წამოგვიყვანა ცოდვილები ღვთის გზაზე.

სულიერად გაზრდას ღვაწლი და ბრძოლა სჭირდება. დედა ღვთისმშობელს ვთხოვ, მომცეს ძალა და მადლი, რათა ჩემი მცირედი ლოცვით მოყვასს დახმარება აღმოვუჩინო. მთავარია მოყვასისადმი სიყვარული შევინარჩუნოთ. როგორც მამა გაბრიელი (ურგებაძე) ამბობს, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგიკეთებიაო. თვით მტერიც როგორ უნდა შევიყვაროთ? წმინდა მამების თქმით, მისი ბოროტი განზრახვა უნდა გვძულდეს, ხოლო ადამიანი გვებრალებოდეს.

ერთხელ ჩემი შვილი, მამა ანთიმოზი სამი თვე არ მენახა. იმ დღეს ღვთისმშობლის საგალობელს ვგალობდი და ვგრძნობდი, რომ რაღაც ნუგეში უნდა მომსვლოდა. შვილმა დამირეკა. დედა, ძალიან მენატრები. წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეა და იქნებ მოხვიდეო. დედა ღვთისმშობელმა არ დააყოვნა და წამიყვანა ჩემს შვილთან... სულ სხვაა დედაშვილური სიყვარული, მაგრამ სულიერი სიყვარული ამას ვერ შეედრება. ჩემგან შორს არის ჩემი შვილი, მაგრამ სულიერად მაინც ერთად ვართ. მამა ანთიმოზის გარდა კიდევ მყავს შვილები, შვილიშვილი, მეუღლე, დედამთილი, მამამთილი, მაგრამ დავტოვე ყველა და უფლის გზაზე წამოვედი. სადაც მაკურთხებენ, იქ წავალ და ვემსახურები შემოქმედს. ჩემი მეორე ვაჟიც ხშირად ჩამოდის ჩვენს ეპარქიაში და მამა ანთიმოზთან რჩება. ესეც ხომ ღვთის წყალობაა. დედის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. მამა ანთიმოზმა ბევრჯერ მთხოვა, - დედის ლოცვა იკითხე მუდამ, შენი ლოცვა მაძლიერებსო.

ხშირად ვქადაგებ ხოლმე სიყვარულზე. ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემი ჯვარი ბოლომდე სიყვარულით, პატიოსნად და უმწიკვლოდ მატარებინოს. დედა ღვთისმშობლის წყალობით, ღმერთმა სულიწმინდის მადლი, მშვიდობა მოგვანიჭოს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღვთისმშობელი ფარავდეს სრულიად საქართველოს, თავისი მადლიანი კალთა გადააფაროს მთელ ერს.

ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე".
ბეჭდვა
1კ1