მზეზე კაშკაშა იყო ეს სინათლე!
მზეზე კაშკაშა იყო ეს სინათლე!
ხომ ხედავთ, რა დიდი ძალა აქვს სკვნილს

გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-26.

ივერიის სკიტში.
მთაწმინდაზე დაბრუნებულმა მამა პაისიმ კარიესთან ახლოს, კაფსალის უდაბნოში დამკვიდრება გადაწყვიტა, მაგრამ იქ შესაფერისი კელია ვერ მოძებნა და საბოლოოდ ივერიის სკიტში, მთავარანგელოზების კალივაში დასახლდა. მაგრამ აქაც ბევრი სამუშაო დახვდა. მის გარშემო ძმები შემოიკრიბებოდნენ. მისმა მოძღვარმა, მამა ტიხონმაც ასე უთხრა: ყველა უნდა მიიღო, ვინც შენთან ცხოვრებას დააპირებს, ოღონდ განმარტოებისთვის მოშორებით პატარა სენაკი აიშენეო. მართლაც, მამა პაისის გარშემო შეიკრიბნენ ძმები, მათ შორის იყვნენ მამა ბასილი და მამა გრიგოლი. ამ ბერებმა შემდგომში ააღორძინეს ბერმონაზვნური ცხოვრება სტავრონიკიტას მონასტერში, რომლის იღუმენიც მამა ბასილი გახდა. ვიდრე ბერები თავიანთ კელიას მოაწესრიგებდნენ, მამა პაისიმ თავისი სენაკი დაუთმო და მოშორებით ქოხში გადასახლდა. მამა პაისის, მიუხედავად სნეულებისა, მარხვა არ შეუმცირებია. არც ძველ "ჩვეულებაზე" უთქვამს უარი, როცა ფეხშიშველი დადიოდა სინაზე. აქაც ფეხსაცმელი აბგაში ედო და მხოლოდ მაშინ იცვამდა, როცა ვინმეს შეეყრებოდა.

მამა პაისის ძველმა ნაცნობმა, ფილოთეოსიის მონასტრის მეტყევემ, ძია ათანასემ პროდუქტი და საჭირო ნივთები მოუტანა. პაისიმ მადლობა გადაუხადა და უთხრა, შენი გარდაცვლილების სახელები ჩამომიწერე, მოვიხსენიებო. ბერიკაცი, ეტყობა, იეღოველების გავლენის ქვეშ იყო და ხელი ჩაიქნია, - კაცი რომ კვდება, მთავრდება ყველაფერი, სიკვდილის შემდეგ არანაირი ცხოვრება აღარ არსებობსო. მალე ძია ათანასე გარდაიცვალა. პაისის ძალზე შეეწყალა, ყოველდღე მიდიოდა საფლავზე და გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისი სულის განსვენებისთვის. ოცი დღის შემდეგ მამა პაისი მოძებნა ფილოთეოსის მონასტრის ეპიტროპმა და აღელვებულმა უთხრა: - მამაო, გამომეცხადა განსვენებული ათანასე და მისაყვედურა, დამივიწყე, არაფრით მეხმარები. მარტო პაისი შემეწევა თავისი ლოცვითო. მართლაც, მე მას არ ვიხსენიებდი. მერე სასულიერო საბჭოს წევრად ამირჩიეს და კანცელარიაში მუშაობა დამაკისრეს. უამრავი სამუშაო დამეყარა თავს. საბერო კანონის შესრულებასაც კი ვერ ვახერხებო. "გინდა გითხრა, რა გააკეთო? - შენი კანონი ცოტა დიდხანს ილოცე", - დაარიგა პაისიმ. თვითონ კი უფრო მეტი გულმოდგინებით დაიწყო ლოცვა ყველა გარდაცვლილისთვის.

ივერიის სკიტის ქვემოთ ხრამია. მის შემყურე პაისის იქ დასახლების სურვილი გაუჩნდა. როცა ეს ივერიის მონასტრის ძმათა საბჭოს ერთ-ერთ წევრ მამას განუცხადა, მან დაუყვირა: - რას თავმაღლობ?! თითქოს დიდი მოღვაწე იყოო. იმავე ღამეს ამ მამას წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და კვერთხით ცემა დაუწყო. შეშინებულმა ბერმა ძმები შეყარა. მოუყვა, რაც მოხდა. ამის მერე საბჭოს წევრებმა პაისის არა მარტო კალივის აშენების ნება მისცეს, ჯორებით სამშენებლო მასალებიც კი გამოუგზავნეს. საოცრად ნესტიანი იყო ეს ხრამი, ამიტომაც იქ მამები ვერ ჩერდებოდნენ - ძვირად დაუჯდა პაისისაც. ხველებისას სისხლს აყოლებდა... შრომა ქანცავდა, მაგრამ საოცარ სიხარულს განიცდიდა, რომელიც მეტი ენერგიით აღავსებდა.

ათონის მთაზე ბერებს დიდ სქემაში მალევე აღკვეცენ ხოლმე, მაგრამ პაისი სქემის შემოსვას არა ჩქარობდა. მთავარი იყო, მისი შინაგანი კაცი გამხდარიყო მონაზონი. "მხოლოდ კაბოსანი მორჩილი რომ ვყოფილიყავი, არ ვიღელვებდი, - ამბობდა შემდგომში, - მხოლოდ ბერულად ცხოვრებაზე ვზრუნავდი. თუ სული არ იქნება დამუშავებული, შინაგანად შეიარაღებული, მაშინ სქემა, მიუხედავად იმისა, რომ იარაღია, სულს ვერ დაეხმარება. სქემის შემოსვის მერე მცირედი ურჩობაც ხომ დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს. დიდსქემოსანი უნდა იყოს დიდად უკომპრომისო ადამიანი. ჩვენი აღთქმების შენახვისთვის უნდა ვიღვაწოთ. კარგი იქნება, თუ მონაზონი დიდი სქემის მიღებამდე დაიწყებს დაბერებას, იღვაწებს და ამით დაიცავს სასქემო აღთქმებს". მამა პაისი სიმდაბლის გამო არასოდეს საუბრობდა დიდ სქემაზე, მაგრამ მოძღვრისგან წაქეზებული, დათანხმდა და 1966 წლის 11 იანვარს მამა ტიხონის ხელთაგან დიდი სქემა შეიმოსა...

მიძინების მარხვა იდგა. მამა პაისის რამდენიმე დღე არაფერი ეჭამა. ერთხელ ძალაგამოცლილს ავადმყოფი ბერის სანაპიროზე ჩაყვანა დაავალეს. ეგეოსის ზღვის პირას ჩასულმა საშინელი სისუსტე იგრძნო. უკან მობრუნებულს კელიის წინ უცნობი აღემართა და ხილით სავსე კალათა გადასცა. ეს უფლის ანგელოზი იყო. მან პაისის საკვები მისცა და გაქრა.

ჯერ კიდევ ფილოთეოსის მონასტერში ყოფნისას იძულებული გახდა, სამკურნალოდ სოფელში წასულიყო. სნეულებამ აიძულა, სინის მთაც დაეტოვებინა. ექიმებმა შეცდომით ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. თურმე ბრონქოექტაზია სჭირდა. ოპერაციის გაკეთება მოუხდა: ორი ნეკნი და თითქმის მთელი მარცხენა ფილტვი ამოჰკვეთეს. მაგრამ ამ განსაცდელმა "დიდი სიკეთე" მოუტანა. "ადრე, როცა წმინდა წერილში უფლის ვნებებზე ვკითხულობდი, მათ ისტორიულ ფაქტად ვიღებდი. ასევე ვფიქრობდი წმინდა მოწამეთა მარტვილობაზეც. ამიერიდან თანავუგრძნობ, რადგან თვითონ მომიწია მცირეოდენი ტკივილის დათმენა. უკვე ოცდახუთი დღეა, რაც გონს ვერ მოვსულვარ სატანჯველისგან", - სწერდა ახლობლებს.

საავადმყოფოში ბერმა გაიცნო და სულიერად დაუახლოვდა რამდენიმე ღვთისმოშიშ და მონაზონთა მოყვარე გოგონას, რომლებიც ნახულობდნენ მას და ოპერაციისას სისხლიც გადაუსხეს. მადლიერი მამა პაისი შემდგომში სულიერად შეეწეოდა მათ. ბერი დაეხმარა გოგონებს, სამონაზვნო ცხოვრებისთვის შესაფერისი ადგილი მოეძებნათ. ასე დაარსდა წმინდა ნათლისმცემლის სახელობის ცნობილი ისიქასტრიუმი სალონიკის ახლოს, სუროტაში. შემდგომში მამა პაისი სულიერად ხელმძღვანელობდა ისიქასტრიუმის დედებს, გარდაცვალების შემდეგ აქ დატოვა თავისი მრავალტანჯული სხეული. ხატოვნად რომ ვთქვათ, დებისგან მან სისხლი მიიღო და სანაცვლოდ სული მისცა, ანუ სულიერად შეეწია.

საავადმყოფოდან დაბრუნებულმა პაისიმ გააგრძელა კეთილმოსაგრეობა. სკიტში ძმებიც გამრავლდნენ. მოვალეობებითა და საზრუნავით სავსე სკიტურმა ცხოვრებამ მეტი მყუდროების სურვილი გაუჩინა. თანაც ოპერაციის მერე კლიმატი უნდა გამოეცვალა და მშრალ ადგილას დასახლებულიყო. მამა ტიხონის რჩევით, 1967 წლის ივლისში კატუნაკის უდაბნოში გადასახლდა.

კატუნაკის უდაბნო. ბერი კატუნაკში იპატის კალივაში დასახლდა. ეს იყო პატარა, უტაძრო ქოხი, მცირე ჭითა და ქვის სამი ტერასით. იქვე იდგა მეორე კალივა, სადაც ადრე ცნობილი მამა ეფრემი ცხოვრობდა. ასი მეტრის ზემოთ, მღვიმეში მამა ეფრემი მოსაგრეობდა. ირგვლივ ბევრი ღირსი მამა მოღვაწეობდა. მათი ცხოვრება მამა პაისიმ ცალკე წიგნად აღწერა. მამა პაისი კატუნაკის მოხუც და ავადმყოფ ბერებს პროდუქტითა და სამოსით ამარაგებდა. ერთ მათგანს კალივის კარებზე წარწერა ჩამოეკიდა: "ნუ შემაწუხებთ. მოხუცი და უძლური ვარ". თუმცა მამა პაისიმ დაარწმუნა ეს ბერი, საჩუქარი მიეღო - აიღე, მამაო, შენ ხომ მოხუცი და უძლური ხარო...

ერთხელ კალივაში სხვადასხვა ნივთებით დატვირთული ადიოდა. გზად ერისკაცი შეხვდა და შესთავაზა, დაგეხმარებიო. ეს საცოდავი ეშმაკეული ყოფილა, გზაში მიწაზე დაეცა. ბერმა მას სკვნილით ჯვარი გადასახა. ეშმაკეული მარჯვენა ხელზე ეცა, მამა პაისიმ სკვნილი მარცხენა ხელში გადაიტანა და კვლავ გადასახა - "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, გამოვედ, არაწმინდა სულო". ის მაშინვე დამშვიდდა და შენდობა ითხოვა. მამა პაისი ამბობდა: - ხომ ხედავთ, რა დიდი ძალა აქვს სკვნილსო.

KARIBCHEკატუნაკში ყოფნისას მამა პაისი საღმრთო მოხილვის ღირსი გახდა. "ერთხელ, ღამით, - ჰყვებოდა მამა პაისი, - იესოს ლოცვის კითხვისას უეცრად ჩემი კელია მოცისფრო-თეთრმა ნათელმა განაბრწყინა. გული ტკბილად ამიტოკდა. განვაგრძე ლოცვა, ვიდრე მზე არ ჩავიდა. მზეზე კაშკაშა იყო ეს სინათლე! მის გვერდით მზე იბინდებოდა, შუადღისას მთვარის ნათების მსგავსი იყო. დიდხანს ვჭვრეტდი ამ ნათელს, მერე კი გაქრა, მადლიც შემცირდა და ვერსად ვპოვებდი ნუგეშსა და სიხარულს. ვცდილობდი ჭამას, ვსვამდი, ვხელსაქმობდი და თავს ცხოველის მსგავსად ვთვლიდი. შემდეგ სრულიად დამავიწყდა ეს შემთხვევა და გუშინწინღა გამახსენდა, როცა ერთმა ღვთისმოშიშმა ადვოკატმა, იესოს ლოცვის მლოცველმა, მომითხრო განცდილ ამგვარ მდგომარეობაზე... ამ ნათელს დაინახავ როგორც თვალდახუჭული, ისე თვალგახელილი, როგორც ღამის სიბნელეში, ისე დღისითაც - მზის სინათლეზე".

პატიოსანი ჯვრის კალივაში. ათონის მთის წმინდა კინოტმა ივერიის სკიტის ბერებს ბასილისა და გიორგის მოუწოდა, მონაზვნური ცხოვრება აეღორძინებინათ სტავტონიკიტას მონასტერში, რომელშიც ბერები აქამდე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ (და არა კინოვიის წესით). ბერებმა აზრი მამა პაისის ჰკითხეს. მან აკურთხა ისინი, მიეღოთ კინოტის მიპატიჟება და დაჰპირდა, - მეც მოვალ და რაც შემეძლება, დაგეხმარებითო. ძმათა სიყვარულის გამო 1968 წელს მამა პაისის კიდევ ერთხელ მოუხდა მყუდრო უდაბნოს დატოვება და გადასახლდა მონასტერში, სადაც უამრავი პასუხისმგებლობა და ტვირთი დაეკისრა. მართლაც თავს არ ზოგავდა.

ამასობაში მამა პაისის მოძღვარი, რუსი მოსაგრე ბერი მამა ტიხონი, გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე მან პაისის თავის კელიაში გადასვლა სთხოვა. მამა პაისი წერდა:L"ეს ბოლო ათი დღე, რომელიც მის გვერდით გავატარე, ჩემთვის ღვთის უდიდესი კურთხევა იყო, ვინაიდან ამ დროს უფრო მეტი სიკეთე მივიღე, ვიდრე ოდესმე. ხელსაყრელი შემთხვევა მომეცა, ცოტა ხნით მეცხოვრა მისი ცხოვრებით და უკეთესად გამეცნო იგი... ბოლო ღამეს მთელი სამი საათის განმავლობაში ხელები ჩემს თავზე მოუშორებლად ეწყო, მაკურთხებდა და უკანასკნელად ამბორს მიყოფდა".

მამა ტიხონი 1968 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა, თავისი სიკვდილის დღე წინასწარ ღვთისგან შეიტყო და თავისივე ხელით გაითხარა სამარე. სათნო მორჩილს, თავის "ტკბილ პაისის", როგორც ეძახდა, კურთხევა დაუტოვა და დაჰპირდა, ყოველ წელს მოგინახულებო. "მე და შენ, ჩემო შვილო, - ეუბნებოდა მამა ტიხონი, - უკუნითი უკუნისამდე უძვირფასესი სიყვარული გვექნება ერთმანეთისა". მამა ტიხონს ერთი სურვილიც ჰქონდა: "თუ შენ ამ კელიაში დარჩები, ეს დიდ სიხარულს მომანიჭებს. მაგრამ დაე, იყოს ისე, როგორც ღმერთს უნდა". მართლაც, მამა პაისი აქ გადმოსახლდა. ეს ადგილი მას გულს შეუმუსრავდა, ვინაიდან მამა ტიხონის ზეადამიანური ღვაწლით და აქ მომხდარი საღმრთო მოვლენებით თითქოს განსაკუთრებული, ღვთის მადლით იყო გაჟღენთილი. სამონასტრო საზრუნავისგან თავისუფალი და მოძღვრის მაგალითით აღფრთოვანებული, ნეტარებდა თავისი "უტკბესი მყუდროებით". 1969 წელს ახლობელს სწერდა: "ახლა, როცა ღვთის მადლით მონასტრის საზრუნავისგან გავთავისუფლდი და ვცხოვრობ ჩემს უტკბეს მყუდროებაში (რომელიც თავისთავად საიდუმლო ლოცვაა), მე მეხსომებით თქვენ უფრო მეტად და ასე ძალზე შორს მყოფი (ფიზიკურად) მთლად შენს გვერდით ვიქნები. ილოცეთ, რომ უკეთ გავქრე ადამიანის თვალთაგან, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში აღვასრულებ ჩემს დანიშნულებას".

მიუხედავად იმისა, რომ ბერი უხილავი იყო სოფლისთვის და "მამა ტიხონის ხრამში გახლდათ დამარხული", ის იყო მიზიდულობის ცენტრი მრავალი ახალგაზრდისთვის, სტავრონიკიტას მონასტრის მორჩილებისთვის. ბევრიც მხოლოდ იმიტომ მიდიოდა სტავრონიკიტაში, რომ მამა პაისისთან ახლოს ეცხოვრა და რჩევა ეკითხა. მონასტერში სწრაფად გაიზარდა ძმების რიცხვი და სრულყოფილი კინოვია ჩამოყალიბდა. მამა პაისი კი თავისი ასკეტერიონიდან სავანის მონაზვნურ ცხოვრებაზე ზრუნავდა და უჩუმრად ცდილობდა მისი სვლა წარემართა წმინდა მამებისეული კალაპოტით.

გაგრძელება იქნება →
ბეჭდვა
1კ1