მე ხომ ბერი ვარ, ამ სოფელში რაღა დამრჩენიაო?!
მე ხომ ბერი ვარ, ამ სოფელში რაღა დამრჩენიაო?!
ადვილად არ უნდა მივიღოთ ხილვა, თუნდაც ის ღვთისგან იყოს
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##22-24
სტომიონის მონასტერი. კაცი ბჭობს და ღმერთი განაგებს მის ცხოვრებას. ბერი პაისი მეუდაბნოე ცხოვრებისთვის ემზადებოდა, მაგრამ, საღმრთო გამოცხადებით, კონიცის ეპარქიაში გაემგზავრა სტომიონის დამწვარი მონასტრის აღსადგენად. მან ჯარისკაცობაში ღვთისმშობელს აღუთქვა, თუ ომში დაიფარავდა, სამი წელი მისი დამწვარი მონასტრის აღსადგენად იშრომებდა. პაისი ფიქრობდა, რახან ბერად აღვიკვეცე, აღთქმის შესრულება აუცილებელი არ არისო, მაგრამ ღვთისმშობელმა არ დაივიწყა იგი. და აი, 1958 წლის აგვისტოში ბერი პაისი სტომიონის მყუდრო მონასტერში აღმოჩნდა. მეზობელ ღარიბ მოსახლეობას რა შეწევნა შეეძლო, მაგრამ ღვთისმშობელმა მრავალი ადამიანი აღძრა - ზოგი ფულით, ზოგი მასალით, ზოგიც შრომით შეეწეოდა პაისის. ნელ-ნელა მონასტერი ფეხზე დადგა. პირველი ოთახები რომ ააშენეს, მამა პაისიმ პატარა ფარდული მოიწყო, რომელშიც ერთი კაცი დამჯდარი თუ მოთავსდებოდა. მამაო, აქ ხომ თაგვები შეგჭამენო, - ეუბნებოდნენ. ის კი პასუხობდა, - მონასტერში სტუმარს დასარჩენი ოთახი არ უნდაო.

მამა პაისის წმინდა ნაწილები სანაწილე ქამრით ჰქონდა მიკრული, დადიოდა კონიცის გარშემო სოფლებში და აკურთხებდა იქაურობას. ერთხელ, როცა მონასტერში ბრუნდებოდა, ერთ სახიფათო ადგილას ქამარი გაუწყდა და სანაწილე ხრამში ჩავარდა. პაისიც უყოყმანოდ გადაჰყვა სანაწილეს. საბოლოოდ, სანაწილეც გადარჩა და მამა პაისისაც არაფერი მოსვლია. ხრამი ისეთი ციცაბო იყო, რომ მამა პაისი ზემოთ ვეღარ ამოვიდა და დიდხანს მიუყვებოდა ზღვის ნაპირს.

სტომიონში მისვლისთანავე გადაწყვიტა ღირსი არსენ კაპადოკიელის წმინდა ნაწილების მოპოვება (წმინდა არსენის ცხოვრებას უკვე იცნობს "კარიბჭის" მკითხველი). მამა არსენი ოცდაათი წელი კუნძულ კერკირას (კორფუ) სასაფლაოზე განისვენებდა. მამა პაისი წუხდა, წმინდა არსენი გაუხრწნელი რომ დამხვდეს, ვინღა გამომატანსო. საფლავის გახსნის წინა ღამე მეგობრის სახლში ლოცვაში გაათენა. დილით კოკისპირული წვიმა წამოვიდა. "ნუ გეშინია, - უთხრა მეგობარს, - იქ მისვლამდე წვიმა გადაიღებს". მართლაც ასე მოხდა, მაშინ განახლდა, როცა წმინდა ნაწილები მოიპოვეს და უკან გამობრუნდნენ. მამა პაისიმ წმინდა არსენის ნაწილნი ღვინოსა და წყალში განბანა და თეთრ ქსოვილში გაახვია. სასაფლაოდან სასტუმროში წავიდა. მეორე დღეს მამა პაისის სახე მეგობარს შეცვლილი მოეჩვენა - მადლით იყო გაბრწყინებული. "წუხელ, როცა ჩემოდანს ავხადე წმინდა ნაწილების სამთხვევად, რაღაც შავმა და ძლიერმა ძალამ ხელები მომხვია და მოგუდვა დამიპირა. ამის თქმაღა მოვასწარი: "წმინდაო არსენ, შემეწიე". უეცრად სხვა უხილავმა ძალამ მომაშორა ეს ხელები, განზე გადააგდო და გამათავისუფლა", - უთხრა მეგობარს. გახარებული დაბრუნდა ბერი პაისი კონიცაში და წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანა. ის ღამე კონიცაში ეკატერინე პატერას სახლში გაათენა. წმინდა ნაწილები სახატეზე დააბრძანეს. იმ ადგილისკენ, სადაც წმინდა ნაწილები იყო დასვენებული, შუაღამისას ეკატერინემ სინათლე იხილა, თითქოს გაიელვაო. მამა პაისიმ აუხსნა, - ნათელი წმინდა ნაწილებიდან მოდისო.

სტომიონს მამა პაისი "ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღს" ეძახდა. ის მართლაც ულამაზესი ადგილია, მაგრამ იქ ცხოვრება ჭირდა. მონასტერს გამწევი საქონელი არ ჰყავდა. ამიტომ მამა პაისის კონიციდან ყველაფრის ზურგით ამოტანა უწევდა. მონასტერში კარგი ბოსტანი ჰქონდა, მაგრამ თვითონ მაინც ორცხობილასა და წყალს იხმევდა. ბევრს მუშაობდა და ცოტა ეძინა. ცდილობდა, ყველას დახმარებოდა, არავის არასოდეს უარს არ ეტყოდა. მთელი ღამე ლოცვად იდგა. ბერული კანონის ლოცვა არასოდეს მიუტოვებია. როცა მონასტერში უამრავი მნახველი მოდიოდა, მამა პაისი რომელიმე ნაცნობს დატოვებდა ეკლესიის მეთვალყურედ, თვითონ კი საბერო კანონის შესასრულებლად მიდიოდა.

მონასტრის შენების პარალელურად, გაჭირვებულებს ეხმარებოდა - უგროვებდა ტანსაცმელს, საჭმელს, ფულს, წამლებს. განსაკუთრებით ზრუნავდა უნათესავო, უპატრონო მოხუცებზე. პოლიციის ნებართვის მერე კონიცის კვარტალში შესაწირავისთვის ყუთები დადგა. საგანგებო მზრუნველთა საბჭოც შექმნა, რომელიც ამ შემონაწირს გაჭირვებულებს ურიგებდა. მამა პაისი ასევე ზრუნავდა ღარიბ და ობოლ ბავშვებზე, რომ სწავლა გაეგრძელებინათ. ზოგიერთმა მათგანმა უმაღლესი განათლებაც მიიღო და ახლა მადლიერებით იხსენებს მამა პაისის. მონასტრის კუთვნილ მიწებს ღარიბ ოჯახებს იჯარით აძლევდა, საიჯარო ფასს არ ართმევდა, მხოლოდ მოსავლის ნაწილი უნდა მიეტანათ მონასტრისთვის, იმდენი, რამდენსაც თვითონ ისურვებდნენ. მოუსავლიან წელიწადს მათგან არაფერს ითხოვდა.

უაღრესად მოწყალე იყო, ტანსაცმელს, რასაც ჩუქნიდნენ, პირველსავე შემხვედრს აძლევდა. ერთ მღვიმეში ყველასგან მიტოვებული ბერიკაცი ცხოვრობდა. მამა პაისის ყოველ კვირას მასთან პროდუქტები მიჰქონდა, მოხუცს თავისი ხელით ბანდა. ასევე არჩენდა ერთ ღარიბ დედაბერსაც.

მამა პაისი უფრო მეტად ხალხის უკვდავი სულების გადარჩენისთვის ზრუნავდა. ჰყვებოდა: "ერთხელ ჩემს ნაცნობს თანაკლასელზე ვკითხე. მითხრა, ცუდ გზას დაადგაო. დავიწყე ლოცვა, რომ ღმერთს მისთვის გონება განენათლებინა, მონასტერში მოსულიყო და გავსაუბრებოდი. მართლაც მოვიდა ორ-სამ დედაკაცთან ერთად. ვესაუბრე სინანულზე, წმინდა წერილისა და მამათა ნაწერების მიხედვით. ის მერეც მოდიოდა ჩემთან ბავშვთან ერთად და მონასტრისთვის სანთელი და ზეთი მოჰქონდა. ვიღაცამ მითხრა: - გატყუებთ, თავს აქ მორწმუნედ გაჩვენებთ, ქალაქში კი პოლიციელს ჰყვარობსო. შემდეგ მოსვლაზე ქალი მკაცრად დატუქსა. ის ატირებული წავიდა. "მალევე მთელი სხეულით ძლიერი ხორციელი განხურვება ვიგრძენი, დავიწყე ლოცვა, მაგრამ არ მიშველა. ფეხი დავისერე, იმედი მქონდა, ხორციელი ტკივილი ხორციელ ვნებებს ოდნავ შემისუსტებდა. ამაოდ. მაშინ ტყეში წავედი, - მირჩევნია, დათვებმა შემჭამონ, ვიდრე ვნებამ-მეთქი. გზაში ძალა გამომელია და ბილიკთან მივწექი. რატომ დამატყდა თავს ეს ვნება, რა იყო ამის მიზეზი? - ვფიქრობდი და უეცად გამახსენდა ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვლანძღე - ღმერთო ჩემო, მას თუ ასეთი ხორციელი ბრძოლა აქვს, საცოდავი როგორ დაითმენს-მეთქი. აი, რა იყო მიზეზი ჩემი ბრძოლისა, შევინანე და ღმერთს პატიება ვთხოვე. თითქოს ბანაობის მერე ცივი წყლიდან ამოვედი, ხორიელი განხურვება გაქრა". მამა პაისი ამბობდა: - როცა ხორციელი სურვილი გვაწუხებს, ყოველთვის ხორცი არ არის დამნაშავე. ხორციელი ბრძოლა შეიძლება წარმოიშვეს ასევე განკითხვისა და სიამაყის გულისთქმიდან. უნდა გამოვიძიოთ ჩვენზე მოწეული ბრძოლის მიზეზი და შესაბამისად მოვიქცეთ. საქმეში გაურკვევლად მის წინააღმდეგ მაშინვე მარხვით, მღვიძარებით არ უნდა ვიმოქმედოთო.

მამა პაისი ზრუნავდა კონიცაში მცხოვრებ მუსლიმანებზეც. მათ სიყვარულს აჩვენებდა, ყოველ პარასკევს ერთ-ერთ სახლში კრებდა და ყველანაირად ეხმარებოდა. იმედი ჰქონდა, რომ სიყვარულით და სწორი დამოკიდებულებით მათ ქრისტიანებად მოაქცევდა. ასეც მოხდა, რამდენიმე მათგანი მოგვიანებით მოინათლა კიდეც.

ხშირად ღვთის სულს იქითკენ წაუყვანია, სადაც საქმეს სჭირდებოდა. ერთხელ ქალაქ იანინაში წასვლის სურვილი მოეძალა. დადიოდა ქალაქის ქუჩებში. ერთ სახლში შესვლა მოუნდა. კარზე დააკაკუნა. ძაძებიანმა ქალმა გაუღო: ბერის დანახვაზე მუხლებზე დაემხო და თხუთმეტი წუთი იმეორებდა, - იესო ჩემო, მადლობაო. შევიდნენ სახლში, დიდხანს ისაუბრეს, ილოცეს. ეს ქალი მდიდარი ქვრივი გახლდათ, ფარული მონაზონი. ღმერთს დაჟინებით ევედრებოდა, ვინმე ბერი გამომიგზავნე, რომელიც მონაზვნურ ცხოვრებას მასწავლისო. შემდგომში ქალმა ქონება სამოწყალოდ გასცა და თვითონ დედათა მონასტერში წავიდა.

მამა პაისი ერთ საგულისხმო ამბავსაც ჰყვებოდა: "ერთხელ, მონასტრის აღდგენისას, სამშენებლო მასალისთვის უნდა წავსულიყავი. ორი საათის სავალი გზა იყო. ერთ სახიფათო ადგილას, რომელსაც გოლგოთას ვეძახდი, ნაცნობს შევხვდი, ხით დატვირთული სამი ჯორი მოჰყავდა. ერთ მათგანს კურტანი გვერდზე მოქცეოდა და საცაა, უფსკრულში გადაიჩეხებოდა. ვიფიქრე, თუ მას დავეხმარები, დრო დამეკარგება-მეთქი, მაგრამ სინდისმა ამის ნება არ მომცა. გავუსწორე ტვირთი. "ღმერთმა გამომიზგავნა შენი თავი, მამაო", - მითხრა ნაცნობმა. საქმეს დაახლოებით ოც წუთში მოვრჩით, გზა გავაგრძელე და რას ვხედავ, 300 მეტრის სიგრძეზე გზა მეწყერს ჩაეტანა, სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდაო, მითხრეს. მე რომ ამ კაცს არ დავხმარებოდი, ალბათ ვეღარ გადავრჩებოდი. ეს ყველაფერი კი ღვთის განგებულებით მოხდა".

ორი ღვთისმოშიში დედაკაცი მამა პაისის ბოსტნის მოვლაში ეხმარებოდა. შემოაღამდათ და მონასტრის სასტუმროში დარჩნენ. ღამით მონასტრის სარეკელაზე კაკუნი მოესმათ. გამოვიდნენ ოთახიდან, მამა პაისიც გამოვიდა თავისი სენაკიდან და ქალებს მიმართა, - დალოცვილებო, ხომ გთხოვეთ, ღამით არ დააკაკუნოთ სარეკელაზე-მეთქი. ქალებმა გაიკვირვეს - არც შევხებივართო. უეცრად ტაძარში უცხო ქალბატონი შევიდა და უხილავი შეიქნა. პროფილით იცნეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. სარეკელას რაკუნი კი მის მობრძანებას აუწყებდა. მამა პაისი თუ აქამდე ხმამაღლა საუბრობდა, - ახლა სახე ეცვალა და კეთილმოკრძალებული გაუხდა, ქალებს ხელით ანიშნა, წასულიყვნენ და თვითონაც შევიდა თავის კელიაში. შუაღამისას დედაკაცები ტაძარში იხმო და ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს. "ღმერთმა ღირს გყოთ, ღვთისმშობელი გენახათ. ოღონდ ამის შესახებ ნურავის მოუყვებითო", - გააფრთხილა ისინი.

ერთხელ ღამით მამა პაისის მონასტის ეზოდან ათასნაირი საკრავის ხმა შემოესმა. სარკმლიდან ვერაფერი დაინახა. დაჯდომა და ლოცვის გაგრძელება ვერ მოასწრო, რომ კელიის სახურავი გაქრა და ოთახი კაშკაშა ნათელით აივსო. სინათლის სვეტი ზეცას სწვდებოდა. ამ სვეტის თავზე ქერათმიანი ჭაბუკი დაინახა, რომელიც ქრისტეს ჰგავდა. თავზე უბრწყინავდა წარწერა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა". ბერი წამოდგა - უკეთესად შეთვალიერება მოისურვა. უეცრად ჩაესმა: "შენ ქრისტეს ხილვის ღირსი შეიქმენ!" და იმავე წუთს გაუელვა: - ვინა ვარ, რომ ასეთმა უღირსმა ქრისტე ვიხილეო. იმავე წამს სინათლეც გაქრა და ცრუ ქრისტეც. ეშმაკმა ბერის მოტყუება რომ ვერ შეძლო, ფეხები ისე დაუკაწრა, რომ სისხლი ადინა. ამიტომაც მამა პაისი გვაფრთხილებდა: - ადვილად არ უნდა მივიღოთ ხილვა, თუნდაც ის ღვთისგან იყოს. ღმერთს ხომ, ასე ვთქვათ, უხარია, როცა ხილვას არ ვიღებთ და ამით ვამჟღავნებთ ჩვენს სიმდაბლეს და სულიერ სიფრთხილეს, რომელსაც ის ჩვენგან ითხოვს. უფალმა იცის, რა გზით გვანახოს ის, რაც სურს, როგორ გვასწავლოს რაიმე, არა ხილვით, არამედ სხვანაირად.

აღსანიშნავია მამა პაისის სიყვარული ცხოველების მიმართ. მონასტერს ერთი ირემი შეეჩვია, რომელიც მისი ხელიდან ჭამდა პურს. მამა პაისიმ მას შუბლზე ჯვარი გამოსახა და მონადირეებს სთხოვა, მისთვის არ ესროლათ. მაგრამ ვიღაცას მაინც მოუკლავს და კარგიც არაფერი დამართნია.

სტომიონის ტყეებში დათვები ბინადრობენ. ერთხელ მამა პაისი ბილიკს მისდევდა, თან დატვირთული ვირი მიჰყავდა. დათვი შეეფეთა. მხეცი გვერდზე გადგა და ბერს გზა დაუთმო. ბერმა დათვს ანიშნა, პირველს გაევლო. "მან თათით სახელოზე მომქაჩა - პირველი შენ წადიო", - ამბობდა მამა პაისი. დათვს კი უთხრა: "ხვალ აქ არ გამოხვიდე, სტუმრებს ველოდები. თუ არ დამიჯერებ, ყურით წაგიყვან და ბოსელში დაგაბამო". მამა პაისის ერთი დათვიც ჰყავდა შეჩვეული, რომელსაც კვებავდა. ბერი აფრთხილებდა, რომ მნახველები უნდა ჰყოლოდა და ისიც მონასტერს არ ეკარებოდა.

მამა პაისიმ მონასტერი აღადგინა, კონიცა სექტანტებს დაატოვებინა, ბევრს დაეხმარა, მაგრამ სინდისი აწუხებდა: "მე ხომ ბერი ვარ, ამ სოფელში რაღა დამრჩენიაო?!" ღვთისმშობელს დაუწყო ვედრება და გზის ჩვენება, ღვთისმშობელმა კი სინას მთისკენ გააგზავნა. მამა პაისი იქ ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, აწ სინას მთის მთავარეპისკოპოსის, დამიანეს დახმარებით მოხვდა. 1962 წლის 30 სექტემბერს ყველასგან უჩუმრად დატოვა სტომიონის მონასტერი, საბერძნეთი და გაემგზავრა...

გაგრძელება იქნება→
ბეჭდვა
1კ1