ცხელ-ცხელი ამბავი
ცხელ-ცხელი ამბავი
Daily Mail: "ღმერთთან ახლოს: გაიცანით 131 ფუტის სიმაღლის კლდეზე მცხოვრები ქართველი ბერი"

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი მთავარ გვერდს კაცხის სვეტსა და იქ მოღვაწე ქართველ ბერს უთმობს. სტატიის ავტორი სტივ ნოლანი წერს, რომ 59 წლის ბერი, მაქსიმე (ქავთარაძე) მონასტერში 20 წელია მოღვაწეობს. კაცხის სვეტიდან მამა მაქსიმე სახელდახელოდ გაკეთებული 40-მეტრიანი კიბით ჩამოდის, რასაც 20 წუთს ანდომებს. ბერი სვეტს კვირაში მხოლოდ ორჯერ ტოვებს, რათა მიმდევრებთან ერთად ილოცოს.

"დიდი ნებისყოფაა საჭირო იმისათვის, რათა ამქვეყნიური ცხოვრება მიატოვო, ბერად აღიკვეცო და ღმერთს დაუახლოვდე, განსაკუთრებით XXI საუკუნეში. ამ ერთმა კაცმა ღვთის ერთგულებაში ახალ სიმაღლეებს მიაღწია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით: გაიცანით მაქსიმე ქავთარაძე, ქართველი ბერი, რომელიც 20 წელია, 131 ფუტის (40 მ) სიმაღლის კლდეზე აშენებულ მონასტერში სრულ სიმარტოვეში ცხოვრობს, - გვიამბობს სტივ ნოლანი, - აქ ისეთი სიწყნარეა, ღმერთთან სიახლოვეს გრძნობ". მამა მაქსიმეს სტუმრები მხოლოდ სასულიერო პირები და ის ახალგაზრდა მამაკაცები არიან, რომლებიც მონასტერში სიმშვიდესა და ნუგეშს ეძებენ.

"ახალგაზრდობაში ვსვამდი, ყველაფერს ვყიდდი. მერე ციხეში აღმოვჩნდი. მივხვდი, ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. აქ, მთებში, მეგობრებთან ერთად მოვდიოდი და ამ ადგილს ვუყურებდი, ადგილს, სადაც მიწა ცას ერწყმის. ვიცოდით, რომ სვეტზე ოდესღაც ბერები ცხოვრობდნენ", - ყვება ბერი მაქსიმე.

ის 1993 წელს აღიკვეცა ბერად, კაცხის სვეტზე ავიდა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

ბერმა და სოფლის მცხოვრებლებმა ეკლესია აღადგინეს და საბერო კელია ააშენეს. მამა მაქსიმე მთელ დღეებს კითხვასა და ლოცვაში ატარებს.

"ვიცი, რომ აქ ადრეც ცხოვრობდნენ ბერები. უდიდეს პატივისცემით ვართ მათ მიმართ განმსჭვალული. იმედი მაქვს, ჩემს შემდეგაც გამოჩნდება ვინმე, ვინც აქაურობას მოუვლის", - ამბობს ბერი მაქსიმე.

კაცხის სვეტი საუკუნეების განმავლობაში განდეგილთა ნავსაყუდელი იყო, რომლებიც განდეგილობით ცდილობდნენ, ამქვეყნიურ ცდუნებათაგან თავის დაღწევას. ბერთა ამგვარი მოღვაწეობა XV საუკუნეში, საქართველოს ოსმალეთის მიერ დაპყრობის შემდეგ, თანდათან შეწყდა", - წერს ბრიტანული გამოცემა.

ბეჭდვა
1კ1