ბერს აწყენინე? - ქრისტეს აწყენინე
ბერს აწყენინე? - ქრისტეს აწყენინე
მადლმოსილი ბერი ეფრემ კატუნაკელი გვასწავლის, - ნურაფერს იქმთ ბერის კურთხევის გარეშეო და ამის შესახებ ვრცელ განმარტებას გვაძლევს. "ბერის კურთხევის გარეშე ნაბიჯიც არ გადადგათ. მისგან დაულოცავად ნურსად წახვალთ, რათა ღმერთი თქვენთან იყოს. კურთხევის აღების შემდეგ კი ნურაფრის შეგეშინდება.Mმეტანია გაუკეთე, ემთხვიე ხელზე და თუ გინდა, კოსმონავტივით მთვარეზე გაფრინდი, რადგან ლოცვა გიფარავს, მორჩილება გიფარავს. მამებო, ჩემი მორჩილების ორმოცი წლის განმავლობაში ვხედავდი საფარველს, რომელსაც, რაც ბერი გავხდი, ვეღარ ვხედავ. ყველგან სულითა და გულისსიტყვებით მშვიდი მივდიოდი, რადგან მორჩილებაში ვიყავი.

წმინდა გრიგოლის მონასტრის იღუმენს, მამა გიორგის, ჰყავდა ბერი, სახელად დიონისე. ერთხელ ეს ბერი კარეასში ესწრებოდა კრებას, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართებოდა. მან, როგორც უნივერსიტეტის პედაგოგმა, სიტყვა წარმოთქვა, შემდეგ კი მოლიბდოკლისიაში გამგზავრება მოისურვა და ამისთვის კურთხევა აიღო თავისი მოძღვრისგან, რომელსაც ტელეფონით ესაუბრა:

- მამაო, მაკურთხებთ მოლიბდოკლისიაში გასამგზავრებლად?

- დიახ, შვილო ჩემო, გაემგზავრე.

ეს თავად მამა დიონისემ მიამბო, როდესაც დაფნადან კარულაში "მოტორით" მივდიოდით.

აბა, მითხარით, თქვენ ასე იქცევით, თუ კურთხევის გარეშე მიდიხართ, სადაც მოისურვებთ?

- მამაო, მე კარეასში წავალ. მაკურთხებთ, რომ შევიარო ამა და ამ ოჯახში? - იღებთ ასეთ ნებართვას? დაუფიქრდით საკუთარ თავს. ამას ჰქვია ზედმიწევნითი მონაზვნური სიზუსტე.

***
"ცხოვრებაში მქონია უამრავი თვალსაჩინო მაგალითი, მინახავს მორჩილები, რომელთაც დაუნდობლად ებრძოდნენ დემონები, მაგრამ როგორც კი იტყოდნენ: "ნუ ეცდები, მე მყავს ბერი და მთლიანად მასზე ვარ დამოკიდებული", დემონები მყისვე ქრებოდნენ და ვნებებიც ცხრებოდა.

კატუნაკში ერთი კეთილი მორჩილი ცხოვრობდა. იგი მძიმედ დასნეულდა. სიკვდილის პირას იყო მისული, როდესაც მის კელიაში დემონები გამოჩნდნენ; ზოგიერთი შეცდომის გამო დაუწყეს ყვედრება და დაემუქრნენ, შენს სულს წარვიტაცებთო, დილით მორჩილმა აღსარება უთხრა ბერს, რომელმაც ურჩია: - თუ ისევ მოვლენ, ნუ შეგეშინდება, უთხარი, რომ ბერი გყავს.

მართლაც, მეორე ღამეს დემონებმა როგორც კი გაიგონეს მორჩილის ნათქვამი, ბერი მყავსო, მაშინვე გაუჩინარდნენ.

ბერი მორჩილისთვის ხილული ღმერთია. ბერის სიტყვა იგივე ღვთის სიტყვაა. დაე, ბერი იყოს შენთვის ხატი ღვთისა. შენს ბერს, როგორც თავად ქრისტეს, ისე უყურე. ნუ აწყენინებ მას. ბერს აწყენინე? - ქრისტეს აწყენინე.

მორჩილი სუფთა ფურცელია, ეშმაკი მას ვერაფრით ამხელს. კარგ მორჩილს საცდურიც არა აქვს, რადგან ამას თავის თავზე ბერი იღებს. არც მსოფლიო ღირს იმად და არც მთელი მთაწმინდა, რა ფასიც აქვს ბერს მორჩილისათვის".

გვესაუბრება ბობოყვათის წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაიას) სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათურაშვილი):

- მონაზვნობა ეს არის უდიდესი საღვთო საიდუმლო. "უკეთუ გნებავს, რაითა სრული იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე" (მათე, 19,21).

ადამიანი თავისი ნებით წყვეტს, ერში უნდა, თუ მონასტერში. უპირველესად, მოძღვარი უნდა იპოვოს, რომელსაც ბოლომდე ენდობა და აღსარებაში არაფერს უმალავს და როცა გაანდობს მონაზვნობის სურვილს, მხოლოდ მოძღვრის სიტყვით გაიგებს ღვთის ნებას და ამ კურთხევას უნდა დაემორჩილოს. ადამიანისთვის ბაგენი ღვთისა არის მოძღვარი, მხოლოდ მისგან იღებს ღვთის ნებას. არც ძალით არ უნდა გამოითხოვოთ კურთხევა, თვითნებობა დამღუპველია.

მონაზვნობის მსურველთ მორჩილება, სიყვარული და სიმდაბლე თუ არ გააჩნიათ, ძალიან გაუჭირდებათ. შორიდან ადვილად ეჩვენებათ ყველაფერი, ხშირად სხვისგან ითხოვენ წმინდა ცხოვრებას და მონასტერში სტუმრობიდან, გამოცდის პირველ ეტაპზევე ხვდებიან, რომ ეს ძალიან ძნელი გზაა. საკუთარი ნების უარყოფა და მორჩილება ურთულესად ეჩვენებათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორჩილი მიდიოდეს საკუთარი სურვილებისა და ნების მოკვდინების საფუძველზე. მოციქული პავლე ამბობს, "დაემორჩილე წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მას". წმინდა იოანე ოქროპირმა თქვა: "შეუძლებელია ცათა სასუფეველში შევიდეს ვინმე, თუ ჯერ თავი არ უარყო, სრულიად არ დაუტევა თავისი ნება და ყოველგვარი დრტვინვის გარეშე, თუ უყოყმანოდ არ ასრულებს თავისი მოძღვრის ბრძანებას, როცა კაცი, რაც არ სურს, იმას აკეთებს მოძღვრის სიტყვისამებრ, ეს ჯვარცმად შეერაცხება და აღდგომისა და სამარადისო ცხოვრების შვილი იქნება, რადგან ნეტარია კაცი, ვინც სწავლების განსაცდელს ითმენს. Gგამოცდილი იქნება იგი, რადგან ღმერთი დამკვიდრდება მასში და სავანე იქნება მასთან, როგორც თავადვე ამბობს.

ძნელია, ვინმეს რჩევა მისცე, წინამძღვრობაც ძალიან ძნელია, ყველას თავისი ხასიათი აქვს, შენ უნდა შეუწყო ხელი, შენი ცხოვრება უნდა იყოს მაგალითი მათთვის, არ უნდა გამოარჩიო, ყველას რაღაცის ნიჭი აქვს, წინამძღვარი უნდა მიეხმაროს ამ ნიჭის გაღვივებაში. ამ ყველაფერში მოძღვარი გვეხმარება, რადგან მან უკეთ იცის თითოეულის სულის მდგომარეობა. მე როცა გამიჭირდა, მეუფე დიმიტრიმ მასწავლა, "რა ბოროტიც შენთვის არ გინდოდეს, სხვას ნუ უზამ და სცხონდებიო", - ეს სიტყვები ძალიან მეხმარება.

ერთადერთი შემიძლია ვინმეს ვურჩიო - არასოდეს განიკითხონ. წმინდა მამები არასოდეს უყურებდნენ სხვის ცოდვას, ასე ფიქრობენ, - დღეს ამან სცოდა, ხვალ კი მე შევცოდავო. სიყვარული უნდა გვქონდეს "აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს" (რომ 13;10). ყოველთა მეუფემაც მოწაფეებისათვის დამახასიათებელ ნიშნად და უტყუარ განმასხვავებელ თვისებად სიყვარული შემოგვთავაზა. "ამით გულისხმა-ჰყოფენ ყოველნი, ვითარმედ ჩემნი ხართ მოწაფენი უკეთუ გაქუნდეს ურთიერთას სიყვარული". ადამიანი თუ მცნებების დაცვით იცხოვრებს, ღვთის ნებას მიჰყვება და გული სიყვარულით აევსება.

"არ განიკითხო და არ განიკითხები". თითოეულს მოყვასის ის საქციელი ეჩვენება მნიშვნელოვნად, რომელიც მას თავად ამხელს რაიმეში, ისე არაფერი დაგვამშვიდებს, როგორც დუმილი, ლოცვა და სიყვარული.

ღირსი სერაფიმე საროველი გვასწავლის: "მოიხვეჭე სიმდამბლე, მორჩილება, დაქვემდებარება და გადარჩები".

ვისაც ჭეშმარიტად უნდა ქრისტეს მოწაფე იყოს, მას არანაირი ხელმწიფება არა აქვს თავის თავზე იმისთვის, რომ გააკეთოს რამე თვითნებურად. რაც საკუთარი ზრახვებით კეთდება, ის არ არის ღვთისთვის სათნო, თუნდაც კეთილად გვეჩვენებოდეს, თუ ვინმემ უკეთესად იცის თავისთვის სასარგებლო, ვიდრე მისმა მოძღვარმა, მაშინ რა საჭიროა იწოდებოდეს მის მოწაფედ. სიმდაბლე და მორჩილება სათნოების დამნერგველია.

ნება ღვთისა და ნება კაცისა. ღმერთმა ქნას, ყველას ეპოვოს მოძღვარი, რომლისგანაც გაიგებს ღვთის სიტყვას და ამ სიტყვას ბოლომდე დაიმარხავს. მოძღვრის ლოცვა-კურთხევას ყველგან შეუძლია გაცხონოთ. როდესაც ჩვენს აზრებსა და განზრახვებს არ ვამხელთ და არ ვეძებთ გამოცდილ მოღვაწეთა რჩევებს, ამით საკუთარ ნებასა და თვითგამართლებას მივყვებით, ანუ იმას, რასაც თვითონვე მივიჩნევთ სამართლიანად. ასეთ დროს თითქოსდა, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს ვუგებთ მახეებს, ჩვენდა გაუთვითცნობიერებლად თავს ვიღუპავთ, რამეთუ, როგორ შეგვიძლია გავაცნობიეროთ ღვთის ნება ან სრულიად მივეცეთ მას, თუკი საკუთარი თავის გვჯერა და საკუთარ ნებას მივსდევთ? ამიტომაც ამბობს ამბა პიმენი, რომ "საკუთარი ნება არის სპილენძის კედელი ადამიანსა და ღმერთს შორის".

უბედურია და დაღუპვასთან ახლოსაა ის, ვისაც ღვთისკენ მავალ გზაზე არ ჰყავს წინამძღვარი. მით უმეტეს, თუ ახალმოქცეულია. განსაკუთრებით სიფრთხილე მართებთ მონაზვნობის მოსურნეთ და ამას მოძღვრის კურთხევით კი არა, თავისი ნებით წყვეტენ. ხშირად მსმენია, ხილვები ჰქონიათ, სიზმარი უნახავთ... რაც იმით დამთავრებულა, რომ ხიბლიდან და ამპარტავნებიდან ვერ გამოსულან, რადგან რჩევასაც ვერ იღებენ. დაემორჩილეთ მოძღვრებს, არასოდეს გამოიძიოთ სხვა მოძღვრებთან თქვენი მოძღვრის პასუხის სისწორე. თუ ადამიანს ღვთის ნების აღსრულება სურს, უნდა უარყოს საკუთარი ნება. ღვთის ნება მხოლოდ სიყვარულშია, ამიტომ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში ღვთის ნების აღსასრულებლად. მოციქული პავლე გვასწავლის, "ურთიერთას სიყვარული იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი".

ბეჭდვა
1კ1