სულიერებით განათებული
სულიერებით განათებული
მისი ბაგიდან მხოლოდ სანუგეშოს გაიგონებდით
უფალი გამოირჩევს ხოლმე სათნო და კეთილ ადამიანებს. ასეთი რჩეულთაგანი იყო მონაზონი ბარბალე (ერობაში ჟუჟუნა), სიკეთით, კაცთმოყვარეობით სავსე და საოცარი სულიერებით განათებული. მისი გამოჩენა, მისი მშვიდი, ოდნავ ტკივილიანი ღიმილი და სიყვარულით ნათქვამი - ღმერთმა დაგლოცოთ - სიხარულით აღავსებდა ყველას. მისი ბაგიდან მხოლოდ სანუგეშოს გაიგონებდი. ყველა და ყველაფერი უყვარდა, კაბის ქობაზე მიკრულ ძურწასაც ფრთხილად, დაუზიანებლად მოიშორებდა და ღიმილით ეტყოდა, - გამომირჩიე, შე დალოცვილოო? ბილიკზე გადაღობებულ ბარდებს ისე გადასწევდა, თითქოს ეშინოდა, არაფერი ვატკინოო. მის სარკმელს არ შორდებოდნენ ბეღურები ზამთარ-ზაფხულ - საკენკს ყოველთვის ახვედრებდა ფრთოსნებს. უკანასკნელ ლუკმას გაიღებდა, უკანასკნელ გროშს არ დაიშურებდა თავად არც ისე დალხინებული, მაგრამ სხვისი სიხარულით ბედნიერი.

ძალიან უყვარდა ბავშვები. მცხეთის, ნატახტრის, წილკნის ეკლესიათა მოსალოცად მიჰყავდა პატარები, ლოცვებს ასწავლიდა, ხატებს ჩუქნიდა. ავადმყოფი ბავშვები მის ნახვას ითხოვდნენ, მისი ალერსი სწყუროდათ. ის უგრილებდათ მხურვალე შუბლს...

უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი - მამის ომში დაღუპვის ცნობა რომ მიიღო ოჯახმა, 5 წლისა იყო, უფროსი და - 10-ის, ხოლო უმცროსი, მაყვალა, - ორისაც არა...

დედა წვრილშვილიან ქვრივს მისთხოვდა, უფროსი და მამიდამ იშვილა, უმცროსები საბავშვო სახლში მიიყვანეს... მალე მთიული გოგონა სამეგრელოში მოხვდა მარტოხელა მოხუცის დამლაპარაკებლად. მაყვალას ასავალ-დასავალი გაქრა...

დამლაპარაკებელი კი არა, ოჯახის მარჩენალი შეიქნა პატარა გოგო, სკოლაში ანბანის სწავლა მოასწრო და მერე სადილ-ვახშამს და ბაღ-ბოსტანს შეეჭიდა...

KARIBCHEობლის გულს მოხუცის სითბო მალამოდ ეცხებოდა. მან ასწავლა ლოცვა და ღვთის სიყვარული...

მერე იმერეთის სოფელში მოხვდა, იქიდან - დედაქალაქში.

მიუსაფარი და მარტოსული დედაეკლესიამ შეიფარა.

წილკნის ეპისკოპოსმა და მაშინ სასულიერო აკადემიის რექტორმა, მეუფე ზოსიმემ უმალ შეამჩნია კეთილმორწმუნე. საქმე გაუჩინა - სასწავლებლის დასუფთავება დაავალა.

"ეს უბრალო, არაფრით გამორჩეული პატარა ქალი საკვირველად ერთგული იყო, - წერს მეუფე ზოსიმე თავის წიგნში "დიდება ღმერთს ყველაფრისათვის", - საქმის მოთავების შემდეგაც არ მიდიოდა სასწავლებლიდან, ვიდრე იქ ვეგულებოდი. ცდილობდა, ახლოს ყოფილიყო, რომ ჩემთვის შრომა-გარჯა ცოტათი შეემსუბუქებინა, ხოლო უსიამოვნებების ჟამს ხიფათი აერიდებინა. მალე მივხვდი, ღვთისმშობლისგან იყო გამოგზავნილი და უნდა მოვფრთხილებოდი... როცა მონაზვნობის სურვილი შევამჩნიე, აღვკვეცე და სახელად ბარბალე ვუწოდე..."

ბოლო ხანს სენმა დარია ხელი, საოცრად გამჭვირვალე გახდაო, - ამბობდა მეუფე ზოსიმე.

განვიდა ამ ქვეყნით სიყვარულით გარემოსილი.

უფალმა კეთილად მიაგოს მის სულს ღვაწლისთვის...

სალომე ქოიავა
ბეჭდვა
1კ1