ღარიბნო, აიღეთ, რამდენიც გინდათ, სანამ არ დაილევა
ღარიბნო, აიღეთ, რამდენიც გინდათ, სანამ არ დაილევა
შრომა და ჭირი, ტანჯვა და მწუხარება მისთვის ნეტარება იყო და მადლობითა და სიხარულით ეგებებოდა მათ
მამა ონისიფორე ფაჩულიას ცხოვრება აღუწერია და წიგნაკად 1905 წელს გამოუცია წმინდა ალექსი შუშანიას. ის დიდი სიყვარულით მოგვითხრობს თანამედროვე ქართველ მოღვაწეზე. ამ ასი წლის წინანდელ ამბებს ახლაც ასდის ის ერთგვარი კეთულსურნელება, რასაც გრძნობს ღვთისმოშიში ქრისტიანი ღვთისშვილებთან მიახლებისას.

მამა ონისიფორე (ერობაში უთუთი) ფაჩულია დაიბადა დაახლოებით 1830 წელს სოფელ ქვალონში. მამა ადრე გარდაეცვალა, დედისა და სამ და-ძმაზე ზრუნვა მთლიანად უთუთის დააწვა კისერზე. მანაც, დაუღალავი შრომით, დაობლებული ოჯახი ფეხზე დააყენა. ცხოვრების მოტრფიალე უთუთი შრომასა და ლხინში ატარებდა დროს. იშვიათად გავიდოდა დღესასწაული, მათ ოჯახში ნადიმი რომ არ გამართულიყო. ასე ცხოვრობდა ორმოც წლამდე, უქორწინებლად და ქალწულების დამარხვით. მეორმოცე წელს მოევლინა ზეგარდმო მადლი და გაუჩნდა აზრი ახალი და უცხო ცხოვრების მიღებისა - ბერობის ჯვრის ტვირთვა მოუნდა. თუმცა კი ბევრს ეცადა სოფელი, განერიდებინა მისთვის ეს ტკბილი ჯვარი, მაგრამ ბოლოს მაინც სძლია მის თვალთმაქცობას. ეს კი ამგვარად მოხდა: ქრისტეშობის მარხვა დაიწყო. უთუთის სულიც თითქოს ბეთლემის გამოქვაბულად განემზადებოდა, სადაც ქრისტე ღმერთი უნდა შობილიყო. ქრისტეშობას მოიწვია ახლობლები და მათთან ერთად ლხინი გადაიხადა. ახალ წელსაც ასე მოიქცა. ქეიფობდა, თამაშობდა, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული ქცევა იყო უთუთისა, სხვათა უხილავად წარმავალ სოფელს ეთხოვებოდა და ახალი ცხოვრებისკენ მიისწრაფოდა. მოიწია ნათლისღებაც. ყველა მისგან ლხინს ელოდა, უთუთის კი ამისთვის გული აღარ უცემდა. ნათლისღების დღესასწაულზე შინაურები ეკლესიაში გაუშვა, თვითონ კი, მარტო რომ დარჩა, გაიხადა საერო სამოსი, ძონძით შეიმოსა, სარტყლად ღომის ჩალა შემოირტყა და ფეხშიშველმა გასწია ეკლესიისკენ. შევიდა, დადგა მაცხოვრის ხატის წინ და ლოცვა დაიწყო. დასრულდა წირვა, უთუთიც მიუბრუნდა საზოგადოებას და სამუდამოდ გამოეთხოვა. ვის არ მოჰგვრიდა მწუხარებას მადლით შეზავებული მისი სიტყვები, მსმენელნი გლოვობდნენ საყვარელი ადამიანის ამ სოფლისთვის სიკვდილს.

უთუთიმ ერთი წელი მყუდროებით გაატარა ფიცხელ მოღვაწეობაში. შეისწავლა ჟამნი და დავითნი. მერე უდაბნოში მარტომყოფობა განიზრახა. გამოირჩია ჭალადიდის ტყე. შემოზღუდა მცირე რამ ნაკვეთი და შიგ ქოხი ჩადგა. კარიბჭესთან აღმართა ოთხ სვეტზე დაშენებული საჯვარე, მოაწყო ხატებით და ყოველდღე ილოცვიდა. როგორც ბრძანებს წმინდა ალექსი: მთელი მისი ცხოვრება მოტყინარე ცეცხლი იყო ქრისტეს სიყვარულისა; შრომა და ჭირი, ტანჯვა და მწუხარება ცხოვრების გზაზე მისთვის ნეტარება იყო და მადლობითა და სიხარულით ეგებებოდა მათ. მზად იყო, თვით სიცოცხლეც შეეწირა საყვარელი ქრისტესთვის.

ლოცვის გარდა, უქმად რომ არ ყოფილიყო, ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა. მოწყალე ბერს ძალზე შეჰყვარებოდა მოყვასი და თავს არ ზოგავდა მათი სულიერი აღშენებისთვის. ხანდახან, ვინმე გაჭირვებულს რომ დაეხმარებოდა, ორი კაცის საქმეს აკეთებდა. წელიწადში ოთხას ფუთ სიმინდს მოიწევდა. ჭრიდა დიდ ხეებს, ზოგს ფიცრად თლიდა, ზოგს ყავრად ხდიდა, ზოგს მესრებად აპობდა და შეშად აწყობდა. საოცარი სანახავი იყო მაშინ, ფეხშიშველს დაბებკილი ტომარა ძლივს უფარავდა სხეულს. ხის მასალას ყიდდა და ფულს გაჭირვებულთ ურიგებდა. მრავალი სახლი ააგო და უსახლკარო გლახაკებს გადასცა. დარში თუ გარეთ შრომობდა, ავდარში აკეთებდა საწიგნეებს, ანალოღიებს, პატარა სკამებს, თლიდა კოვზებს და უსასყიდლოდ არიგებდა. ამდენ სიმინდს მოიწევდა და არავის უნახავს, ხარ-სახნისი ეხმაროს, მისი ხარ-სახნისი მისი მკლავი და თოხი იყო. სასიმინდე ავსებული ჰქონდა და კარი - ღია. ხალხისთვის ნათქვამი ჰქონდა: - ღარიბნო, აიღეთ, რამდენიც გინდათ, სანამ არ დაილევაო. მიჰქონდათ ოჯახის გამოსაკვებად. ზოგიც ბოროტად იყენებდა მის გულკეთილობას. ერთხელ სამი კაცი შეპარულა სასიმინდეში. მამა ონისიფორე შორიდან უყურებდა თურმე მათ. ქურდებს მოუკიდიათ ტომრები და წასულან. ერთ მათგანს, მოხუცებულს, გაუჭირდა თურმე ზიდვა, ძლივს მიუღწევია გალავნამდე. მამა ონისიფორე მიპარვია მოხუცს, ტომრისთვის ხელი წაუკრავს და აღუმსუბუქებია. როცა ეზოს გარეთ გადაუტანია ტომარა, საწყალს უთქვამს: - ახლა კი გავაძღე ცოლ-შვილიო.

მამა ონისიფორეს საჯვარესთან მუშებს ხშირად უწევდათ გავლა. ღირსი მამა გამოაცხობდა მარილიან მჭადს და მათ უტოვებდა. იქვე ჭაც კი ამოთხარა მუშებისათვის. მოწყალებას არ იღებდა. საზრდელად ჰქონდა გაუცრელი მჭადი და ნახევრად უმი, მარილწაყრილი ლობიო (სადა სცალოდა მის მოსახარშად!). უფრო ხშირად მიწაზე დაგებულ ჭილოფზე წვებოდა, სასთუმლად კი ჯირკი ედო. პატარა წისქვილი ჰქონდა გამართული და თავისი ხელით ფქვავდა სიმინდს. ბერობის დასაწყისში წმინდა ალექსის ერთი წელი გაუტარებია მამა ონისიფორესთან. "ამგვარ მკაცრ მოღვაწესთან, - ამბობს იგი, - როგორც კამეჩთან მოზვერი, ეგრე ვჩანდი და გული მწყდებოდა, რომ მისებრ თავის გაწირვა არ შემეძლო, თუმცა მსურდა".

KARIBCHEმამა ონისიფორემ იცოდა საღმრთო წერილის კითხვა, მაგრამ არავის უნახავს ის ხმამაღლა მლოცველი. როცა მისი კურთხევით ბერი ალექსი ჟამნს ლოცულობდა, თვითონ მდუმარედ დავითნს წაიკითხავდა. წმინდა ალექსი შემსწრე იყო მისი მარხვა-ლოცვა-მეტანიებისა. საგარეოდ კი სხვაგვარად იქცეოდა, საზოგადოებაში თითქმის სალოსობდა. ვინც არ იცნობდა, უგუნურად და სულელად მიაჩნდათ. კელიიდან გამოსულს, სადაც შეხვდებოდა სუფრასთან ჯდომა, მაძღრივ მიიღებდა საზრდელს, სვამდა ღვინოს, იცინოდა, გარეგნულად მხიარულობდა, მაგრამ "შინაგან გულის მოძრაობა მისი მაღალსულიერებისა ვერ იფარავდა თავს და ხანდახან ძლივს იკავებდა ცრემლებს", დაიწყებდა აქეთ-იქით ყურებას გრძნობის კაცთაგან დასაფარად. მამა ონისიფორეს არაფერი ჩაუცვამს ძაძისა და მაზარის მეტი. სურათიც არ ჰქონდა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მის ახლობლებს ამოუყვანიათ ფოტოგრაფი. ორი ფოტო გადაუღია: ერთი - უდაბნოს ტანისამოსით და მეორე - დიდი სქემით შემოსილი.

მამა ონისიფორე იყო პირუთვნელი, მამხილებელი. ერთხელ სამეგრელოს მთავარს, გრიგოლ დადიანს, მორჩილების ჟამს უბრძანებია მღვდელმონაზონ ალექსი ჭანტურიასთვის, ბერი ონისიფორე მომიყვანეო. ქრისტეს სახელით დაფიცების შემდეგღა გაჰყვა მას ღირსი მამა. მოახსენეს გრიგოლს - ონისიფორე მოვიდაო. შევიდა მასთან დაბებკილძაძიანი ბერი, თავზე ჯვალოს ქუდი ეხურა. გრიგოლმა დაჯდომა სთხოვა. მან კი - რა გინდა, რად მიხმეო და დაიწყო დიდებული ოთახების თვალიერება. მერე მთავარს მიმართა: - კარგი ღვინო არ გაქვს, დამალევინეო. შესვა ღვინო, შეჭამა ცოტაოდენი პურიც, მერე სწრაფად წამოდგა და მასპინძელს უთხრა: "ეცადე, საბრალოვ, ეცადე, რათა ზეცას არ დაიკარგოს შენი მთავრობაო" და გარეთ გამოვიდა. მიუხედავად დიდი ხვეწნისა, აღარ შებრუნებულა. გრიგოლს მისთვის ფულის ჩუქება სურდა, მაგრამ არ მიუღია. საღმრთო მსჯელობაში მამა ონისიფორეს ერთობ მაღალი გულისხმისყოფა ჰქონდა, სულიერი სიხარულის საზომამდე მიღწეული ბერის გონება ღვთივმეცნიერებით იყო განათლებული.

ღირს მამას შინაგანი განსაცდელი ჰქონდა კაცთა მტრისგან მოვლინებული - ხორცთა აბორგება ანუ ვნება სიძვისა. მაგრამ მიუხედავად შინაგანი სასტიკი ბრძოლისა, მხნედ და მშვიდად გამოიყურებოდა. ყოვლადსახიერმა ღმერთმაც დააჯილდოვა თავგანწირულად მოღვაწე ბერი და ტყეში მარტომყოფობით ცხოვრების 30 წლის შემდეგ "აღიყვანა იგი საზომსა დიდსა უვნებელობისასა." 1900 წელს, ყველიერის შვიდეულში, მივიდა წმინდა ალექსისთან და როგორც მოძღვრისაგან, აიღო კურთხევა - დიდმარხვაში მხოლოდ მცირეოდენი მჭადი ეჭამა, ისიც - დღეში ერთხელ. დიდმარხვის დასასრულს, წმინდა აღდგომის დღესასწაულზე, ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს, შემდეგ კი მოძღვარს გაუმჟღავნა თავისი სულიერი მდგომარეობა: "მამაო ალექსი! კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან ესრეთ შემიბრალა და სიგლახაკე ჩემი აღამაღლა, რამეთუ გეტყვი ჭეშმარიტს - ამაღლდა გრძნობანი ჩემნი სრულიად სოფლისაგან და ვგონებ, სამოთხეში ვარ, არც ვიცი, ჩვეულებრივი ხორცნი მასხია თუ არა. რამეთუ მცირე წვლილიც არ ბუდობს ჩემს არსებაში მოძრაობანი ბნელისანი. სრულიად შეიცვალა ჩემი მდგომარეობა. ახლა გული, გონება და სული გამოუთქმელ ნეტარებაშია". შემდეგ უთხრა, - დღეიდან მესამე აღდგომის ამაღლებამდე ვიცოცხლებო. თურმე ერთხელ უხილავს, ღრუბელსა ზედა მჯდომარე მაცხოვარი ჯვარს რომ სახავდა და ეტყოდა: "მოვედით ჩემდა, კურთხეულნო მამისა ჩემისანოო". ევედრებოდა თურმე უფალს - ნეტავ როდის განვალ ხორცისაგან და სად დავემკვიდრებიო. პასუხიც მიუღია - "წმინდა მამების პირველ სამყოფელში ხარ და მესამე აღდგომის ამაღლებამდე დარჩები სოფლად". სხვა ხილვითაც ანუგეშა უფალმა მამა ონისიფორე - კელიაში შეუძლოდ მწოლიარეს უხილავს წმინდა ხატის ზემოთ ნათელი, სამი დღე და ღამე რომ ბრწყინავდა გამოუთქმელი ელვარებით. მამა ონისიფორეც უცქერდა მას აღტაცებული.

მოიწია მესამე აღდგომის ჟამი. მეუდაბნოე ბერი ავად გახდა. იღუმენია ათანასეა სალაყაიას თხოვნით, ურმით ჩამოიყვანეს თეკლათის მონასტერში, მონასტრის დები და წინამძღვარიც სიხარულით ემსახურებოდნენ ღირს მამას.

ამაღლების მესამე დღეს განისვენა ყოვლად განწმენდილმა დიდი სქემით შემოსილმა მამა ონისიფორემ. ამ დროს გვამი მისი "შესანიშნავად გაბრწყინდა". ოთხი დღე მაისის სიცხეში ესვენა და იქ ყოვლადვე სურნელება ტკბილი და საამო ეყნოსებოდათ. დაასაფლავეს ყოვლადნეტარი მამა ონისიფორე 1903 წლის მაისის 24-ს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი სუფევასა შინა ღვთისასა. ამინ!

მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბატონებს -
პაატა ქურდოვანიძეს და ლუარსაბ ტოგონიძეს
ბეჭდვა
1კ1