"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)
წინასიტყვაობა. სიკვდილის ცოდნის მადლი
გაგრძელება
ცხოვრების იმ რთულ, მაგრამ დაუვიწყარ პერიოდში ჩემი შემოქმედის მიმართ მგმობელი ფიქრების გამო მრავალგზის გამოვიცადე. მე არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ ღმერთს ვუპირისპირდებოდი. მე მაშინ უფალი მტრულად განწყობილ მბრძანებლად წარმომედგინა: "ვინ იყო ის, ვინც მტრული ძალებით, არაფრისაგან მე გამომიხმო?" (პუშკინი). ადამიანები ერთი ბუნებრივი ძირიდან არიან ამოზრდილნი და ამიტომ ჩემს პირად განცდებს ზოგადსაკაცობრიოდ მივიჩნევდი. ჩემი მოკლე ჭკუა იმ უადგილო საჩუქრის გამო, რასაც ამქვეყნიური ცხოვრება ჰქვია, ყველა "შეურაცხყოფილის" ნაცვლად იყო "ამბოხებული". რადგან დაწერილია: "მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე" (დაბ. 3:17), მე გული მწყდებოდა, რომ ისეთი მახვილი არ გამაჩნდა, რომელიც საშუალებას მომცემდა, ეს "დაწყევლილი მიწა" შუაზე გამეპო და ამ საშინელი აბსურდისათვის ზღვარი ერთხელ და სამუდამოდ დამედო... თავში სხვა მრავალი იდიოტური აზრიც მიტრიალებდა, მაგრამ ყველაზე უკიდურესი და მძიმე, მგონი, ეს აზრები იყო. საბედნიეროდ, ამგვარი მწარე განცდები ჩემს გულში უფრო ღრმად არასდროს შემოჭრილან: ჩემი გული უბრალოდ დაკავებული იყო. სადღაც სულში კი ყოველთვის ისეთი იმედი სუფევდა, რომელიც ყოველთვის ყოველგვარ სასოწარკვეთილ პარადოქსიზმზე შორს მიდიოდა. მუდმივად იდგა საკითხი: საიდან სუფევს ჩემში სიკეთის არსებობის იდეა? თუ არა სიკეთეში ყოვლისშემძლე, სხვა ვინ შეიძლება იყოს ამის მიზეზი? და ამიტომ ჩემი შინაგანი ყური ყოველთვის რეალურზე და ამავდროულად შეუცნობელზე იყო კონცენტრირებული.

ვერასოდეს შევძლებ სიტყვით გამოვხატო იმ დღეების თავისებური სავსება და სიუხვე, როდესაც უფალმა, ჩემი პროტესტების მიუხედავად, თავისი ძლიერი მკლავით და თითქოს მრისხანებითაც, ამიტაცა და მის მიერ შექმნილი სამყაროს უსასრულობაში დამნთქა. რაც არ უნდა ითქვას, ეს ყველაფერი მაინც სიმკაცრეს ჰგავდა, მაგრამ ამ გზით ჩემთვის სხვაგვარი ყოფის ჰორიზონტებმა გამოანათა. მათთან შეუგუებლობის გამო ჩემ განცდებთან დაკავშირებული პერიპეტიები მძიმე ხასიათს ატარებდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო "აგონიაში გასეირნება".

გერმანიასთან ომი რუსეთისათვის სამწუხარო დასასრულისკენ ვითარდებოდა. ამ პერიოდში უკვე ახალი, ბევრი თვალსაზრისით საერთაშორისოზე უფრო მძიმე, სამოქალაქო ომი დაიწყო. ადამიანის ყოფიერების ტრაგიზმი ჩემს პიროვნულ სულში შეიზარდა და სადაც არ უნდა ვყოფილიყავი სიკვდილზე ფიქრი არ მტოვებდა. გახლეჩას უცნაურად შევიგრძნობდი: ჩემი სული ისეთ შეუცნობელ სფეროში იყო მიქცეული, რომლის სიტყვებით გამოხატვა ყოვლად შეუძლებელია, ხოლო ჩემი ცნობიერება და სამშვინველი თავისი ყოველდღიურობით იმგვარ ყოფაში იყო, როგორითაც ყოველი ადამიანია დაკავებული.

მე ვაჩქარებდი ჩემს ყოფნას: ყოველ საათს ვუფრთხილდებოდი, ვცდილობდი არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ ყველაფერში მაქსიმუმი შემეცნო; ჩემს ვრცელ და მშვიდ ატელიეში ბევრს ვმუშაობდი როგორც ფერმწერი. რამდენიმეჯერ ვიმოგზაურე რუსეთსა და ევროპაში; თვეობით ვცხოვრობდი იტალიასა და გერმანიაში, ბოლოს საფრანგეთში დავსახლდი. ვხვდებოდი ბევრს, ძირითადად ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მაგრამ არასდროს არავისთვის იმ "პარალელური" ცხოვრების გამო, რაც ჩემს სულში ხორციელდებოდა, სიტყვა არ მითქვამს: ასეთი გახსნილობისკენ შინაგანად არაფერი მიბიძგებდა. ის, რაც ხდებოდა, ჩემზე უფრო მაღალ საწყისთან იყო დაკავშირებული და პროცესები ნების მიღმა, ანუ ჩემი ინიციატივის გარეშე ვითარდებოდა: მე არ მესმოდა ეს ყველაფერი, იმას კი ვგრძნობდი, რომ სიწმინდესთან მქონდა შეხება.

მე მიპყრობდა ხილული სამყაროს ბრწყინვალება და მისივე აღქმის უცნაურობა. ის, რაც სათუთი გრძნობების შეცნობის საშუალებას მიქმნიდა, ჩემი შემოქმედებითობა იყო, აქ მე უჩინოს და დროის მიღმიერს ვესწრაფოდი. ბოლოს დადგა წუთები, როდესაც ჩემში მხატვრის გატაცებებმა სიკვდილის გაძლიერებულ შეგრძნებებში ჩაძირვა დაიწყო. ბრძოლა არც ხანმოკლე და არც მსუბუქი არ აღმოჩნდა. ორმხრივი ბრძოლის ველს თავად მე წარმოვადგენდი: სიკვდილის ცოდნის მადლი დედამიწისკენ არ მექაჩებოდა, ზემოთ, მაღალი სფეროებისკენ მიხმობდა, ხოლო შემოქმედებით პროცესს თითქოს რაღაც უცნაურად ტრანსცენდირებულ მიწიერებასთან და ამავე დროს ამაღლებულსა და უსასრულოსთან სურდა შეხება. ყველა მცდელობა ამაო იყო: აშკარად ჩანდა უთანასწორობა და ჩიხური მდგომარეობა. ბოლოს მაინც ლოცვამ გაიმარჯვა. საკუთარი პიროვნება დროებითობაში მოქცეულ ფორმასა და მარადისობის სივრცეს შორის მყოფად შევიგრძენი. ეს მარადისობა ჩემსკენ თავისი "უარმყოფელი" სახით იყო მობრუნებული: ყველაფერი სიკვდილით იყო შეფუთული.

აქ შეუძლებელია ყველა იმ ფორმაზე საუბარი, რაც განჭვრეტილი ყოველგვარი სიცოცხლის გაქრობის სახით ჩემსავე სულში იბეჭდებოდა. აშკარად მახსოვს იმ დღეებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი შეგრძნება: "ვუზივარ მაგიდას, ვკითხულობ; თავი ხელებში მაქვს ჩარგული, მოულოდნელად ჩემს ხელებში თავის ქალას ვგრძნობ და მე ამ ქალას გარედან გონების თვალით ვათვალიერებ. ფიზიკურად მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა და საკმაოდ ჯანსაღი ვიყავი. არ მესმოდა ჩემში მიმდინარე მოვლენების შინაარსი და ამიტომ განცდებიდან, რომლებიც ჩემი მშვიდი შემოქმედებითი პროცესისათვის, ჩემი აზრით, მავნებელი იყო, თავის დახსნას ვლამობდი. მე მშვიდად ვეუბნებოდი საკუთარ არსებას: "დაწყნარდი, შენს წინაშე მთელი ცხოვრებაა; დაახლოებით ორმოცი, შესაძლებელია, ორმოცდაათი წელიც... მერე?" ჩემდაუნებურად პასუხიც არ აყოვნებდა: "ათასი წელიც რომ იყოს... რა მერე?" ჩემს ცნობიერებაში ეს ათასი წელიც სწრაფად, ჩემი თვალსაზრისის ჩამოყალიბებამდე ქრებოდა.

ყველაფერი ხრწნადი ჩემთვის უფასურდებოდა. როდესაც ადამიანებს ვაკვირდებოდი, უწინარეს ყოვლისა, მათზე სიკვდილის ძალას და მათში მოკვდავობის ნიშანს ვხედავდი. მე განვიცდიდი და გული თანაგრძნობით მევსებოდა. "მოკვდავებზე" არც ძალაუფლებას ვესწრაფოდი და არც სიყვარულს ველოდი "მოკვდავებისგან". მძულდა მატერიალური ფასეულობები და პატივს არც ინტელექტუალურს მივაგებდი, ჩემში აღძრულ კითხვებს ვერც ერთი და ვერც მეორე ვერანაირად ვერ პასუხობდა. ამ დროს ჩემთვის ბედნიერი ცხოვრებით უზრუნველყოფილი საუკუნეები რომ შემოეთავაზებინათ, უარს ვიტყოდი. ჩემი სული მარადისობის ძიებით იყო დაკავებული. მარადისობა... როგორც შემდეგ გაირკვა, მარადისობა ჩემს წინაშე იყო და ჩემი გარდაქმნის პროცესს ახორციელებდა. მე ბრმა და უგუნური ვიყავი. მარადისობა სულის კარზე მიკაკუნებდა, ხოლო შიშით შეპყრობილი ჩემივე სული საკუთარ თავში იყო ჩამძვრალი. ეს უცნაური მდგომარეობა იოანეს გამოცხადებიდან მაცხოვრის ერთ მოწოდებას მახსენებს. უფალი ბრძანებს: "გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან" (გამოცხ. 3:18-20).

მე ღრმა განცდებში ვიყავი ჩაფლული. გამოსავალს ლოცვის გარდა ვერაფერში ვხედავდი. ლოცვა ამ დროს ჩემში თავისთავად გამოვლინდა; ეს იყო ლოცვა შეუცნობლის, უფრო სწორად, ჩემს მიერ დავიწყებულის მიმართ. მგზნებარე, ბუნებრივმა ლოცვამ მე თავის წიაღში გამიტაცა და მრავალი წლის მანძილზე არც სიზმარში და არც ცხადში არ მივუტოვებივარ. ხანგრძლივი იყო ჩემი თვითგვემაც. მე დავცარიელდი, დაიშრიტა ჩემი ძალები. ამ დროს ძალიან მოულოდნელად ჩემს წინ არსებული სქელი ტყვიის კედელი წვრილმა ნემსმა გააპო და წვრილ ღრიჭოში უფლის შუქმა შემოანათა.

ხშირ შემთხვევაში ავადმყოფმა არ იცის, რა დაავადებითაა შეპყრობილი, ექიმს თავისი სუბიექტური შეგრძნებების შესახებ უყვება და მისგან ობიექტურ დიაგნოზს ელის. მეც სწორედ ასე, ჩემი "სუბიექტური" განცდების შედეგად დაგროვებული გამოცდილების ისტორიას მოგითხრობთ.

სიკვდილის ცოდნა ჩვენი სულის გამორჩეული მდგომარეობაა და ის არაფრით არ ჰგავს არცერთ სხვა ცოდნას იმის შესახებ, რომ რომელიმე დღეს ჩვენ უნდა მოვკვდეთ. სიკვდილის ცოდნის საოცარი ძალა ჩვენს სულს მიწიერების მორჩილებისგან ათავისუფლებს. ამ დიდი მადლის შესახებ წმინდა მამათა სწავლებაში ამოვიკითხე. ეს არის ზეცით მოსული ძალა და ის ვნებებზე მაღლა გვაყენებს, გვათავისუფლებს წუთიერი შეგრძნებების და გატაცებების ტყვეობიდან. სიკვდილის ცოდნა, თუნდაც ნეგატიური ფორმით, მაგრამ მაინც ბუნებრივ წმინდა ცხოვრებასთან გვაზიარებს. ეს ცოდნა მარადისობასთან გვაერთიანებს.

სიკვდილის ცოდნით ჩვენ ვღებულობთ უვნებო ყოფის გამოცდილებას. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ღმერთის სრულფასოვანი სიყვარული; ღმერთის სიყვარულს ნამდვილი უარყოფითი, ანუ სიყვარულის საპირისპირო მხარე არ გააჩნია. ღმერთის სიყვარული აღკვეთს ვნებების ძალას, რის შედეგადაც მთლიანად იცვლება ჩვენი ცხოვრების ძირითადი თავისებურებები და ნივთთა ბუნება. სიკვდილის ცოდნა, ამ ცოდნის განცდა, სამყაროს დასრულების მტკიცებულებაა. ადამიანი ღვთის ხატია და უსასრულოა, მას საკუთარ არსში ღმერთიც შეუძლია დაიტიოს და მთელი ღვთის ქმნილი უსასრულობაც. სწორედ ეს არის ჩვენში ღვთის მიერ ბოძებული იპოსტასური პრინციპის კონკრეტიზაციის დასაწყისი. ეს ცოდნა ჩვენს სულს ქრისტიანობის უფრო რეალური აღქმისათვის და იმ ღვთისმეტყველებისათვის ამზადებს, რის საფუძველშიც სხვაგვარი ყოფიერების გამოცდილება გამოვლინდება.

როდესაც სიკვდილის ცოდნის ძალით მთელმა ჩემმა არსებამ მარადიულ სივრცეში გადაინაცვლა, მაშინ, ჩემს ბავშურ ძიებებს, ანუ ხელოვნებით გატაცებას, რასაც მე უბრალოდ ვემონებოდი, ბუნებრივი წერტილი დაესვა. სავალალო და ვიწროა ჩვენი რწმენის თვალსაწიერი: როდესაც გვემული გონი დროის მიღმიერ ინტესივობაში გაირინდება, მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრების სახის - ჩვენი სხეულის დაღარულობა, ყველა დონეზე, სწორედ მაშინ გამოვლინდება. ამ ყოფითობის ჭვრეტის სანაცვლოდ, გულის სიღრმეში უკვე მზად გვაქვს უჩვენოდ ქმნილი აზრები; ამ აზრებში ღმერთთან შემდგომი მიახლოების წინაპირობაა დაუნჯებული. ეს უდიდესი მადლი ჩვეულებრივი სიტყვებით არ გამოითქმის. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მისი აღქმისთვის საჭირო ნიჭის ასიმილირება ყოველმხრივი ქანცგამოლეულობის შემდეგ ხდება. მხოლოდ ამის შემდეგ სავსებით მოულოდნელად გამოჩნდება ყველა ჭრილობის განმკურნებელი - უქმნელი შუქი. ამ ნათლით განათებულ "ვიწრო" ბილიკზე განვლილი გზა ადამიანს დამაშვრალ ქრისტეს მიამსგავსებს, რის შემდეგაც მას ებოძება ღმერთის ძეობა.

იმის შესაბამისად, რამდენადაც აბსოლუტური ყოფიერება განგვიცხადდება, სულ უფრო მეტად აღვიქვამთ ჩვენს არარაობას და უწმინდურებას. ეს შეგრძნება მძიმე გადასატანია. თუმცა ვწუხვარ, რომ ღრმა სიბერეში ნეტარების შეგრძნება ჩემში შენელდა. უფალმა მომმადლა მისი წყალობის ნაკადთა გარემოცვაში მეცხოვრა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა: მიუხედავად ამისა მან საბოლოოდ ბნელში მაინც არ მიმატოვა. ღმერთში ყველაფერი განსაკუთრებულადაა: უფალმა ნეტარი სილუანეს ფეხთით დამაყენა, და ამ მიყვანებამ მე აშკარად დამანახა, რომ მთელი ჩემი განვლილი გზა და ამ გზაზე ნაფიქრალი მისი სწავლების მისაღებად საჭირო სამზადისი იყო.

ნეტარი იყოს სახელი უფლისა უკუნითი უკუნისამდე.

გადადით სარჩევზე
ბეჭდვა
1კ1