ათონის მთა
ათონის მთა
ათონზე თითქოს დრო გაჩერდა და ჰაერივით გაირინდა ზეციური დედოფლის გამოცხადებით...
ათონი თითქოს ცისა და მიწის შესაყარია, ორი სამყაროს მესაიდუმლე... აქ დროც ჰაერივით გაირინდა ზეციური დედოფლის გამოცხადებით... ღვთისმოყვარე სულთათვის იგი ცხონების ნავმისადგომია - ადგილი, რომელმაც უამრავი წმინდა კაცი შესძინა სამყაროს...

საბერძნეთის ნახევარკუნძულს სამხრეთით ეგეოსის ზღვა ესაზღვრება. ამ ლაჟვარდისფერ სივრცეში შეჭრილ მიწის მონაკვეთს (სიგრძით - 80, სიგანით კი - 8 კილომეტრს), რომელმაც თითქოს ღვთისმშობლის მწვანე ბაღი დაიტია, ავტონომიის სტატუსი და სუვერენიტეტის იმგვარი ატრიბუტიკა აქვს, როგორიც დროშა, გერბი, საკანონმდებლო ორგანო (წმინდა კინოტი) - მთავრობა და სავიზო მიმოსვლაა.

ვინ და როგორ მართავს ცხონების ამ ნავმისადგომს? მის კალთებზე 20 მონასტერი, უამრავი სკიტი, მერცხლის ბუდეებივით კლდეთა კედლებზე ამოზიდული სენაკი და კალივაა (დაყუდებულ მამათა ბინა), რომელთაგან ზოგი ბერძნულია, ზოგი - სერბული, რუმინული, რუსული, ქართული და ზოგიც - ბულგარული. ეს ბერთა ქვეყანაა, თეოკრატიული რესპუბლიკა, სადაც დედაკაცს, უკვე მეორე ათასწლეულია, ფეხი არ დაუდგამს. აქ, ტიპიკონით, მდედრობითი სქესის ცხოველების ყოლაც კი ეკრძალებათ ბერებს.

ურანოპოლისი (ცის ქალაქი) წმინდა მთის სულიერი სიმშვიდის მცველად აღმართულა. ეს არის მიჯნა საბერძნეთის რესპუბლიკასა და ათონს, ჩვენს სამყაროსა და ანგელოზებრივი ცხოვრების მოსურნე სულთა სამყოფელს შორის. აქაურები დღემდე ამოწმებენ, თუ როგორ უჭრის ქალებს წმინდა მთისკენ მიმავალ ბილიკებს უხილავი ძალა...

ისტორია
უფლისგან მკვდრეთით აღდგომილი ლაზარე, რომელიც კვიპროსზე მღვდელმთავრობდა, იმის მიზეზით, რომ ურიანი მოსაკლავად დასდევდნენ და იერუსალიმში ვერ ჩადიოდა, ძლიერ წუხდა, რომ ღვთისმშობლის ხილვას მოაკლდა.

ამის გამგონე წმინდა დედამ წერილით მოუწოდა - ხომალდი გამომიგზავნე და თავად ჩამოვალო. იგი წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან და უფლის სხვა მოწაფეებთან ერთად კვიპროსისკენ გამოემართა.

ხომალდი მშვიდობიანად მიცურავდა, მაგრამ კუნძულამდე მისულნი არ იყვნენ, ქარი რომ ამოიჭრა, ხომალდი ეგეოსის ზღვასთან გაიტაცა, არქიპელაგის კუნძულებს შორის გაატარა და ათონს მიადგა, რომელიც მაშინ მაკედონიას ეკუთვნოდა და წარმართული კერპებითა და ტაძრებით იყო სავსე. იქ, სადაც დღეს ათანასეს დიდი ლავრაა, ახალგაზრდა ქალწულნი ცხოვრობდნენ, რომლებსაც ქალღმერთ დიანას მსახურებად ზრდიდნენ.

როდესაც ღვთისმშობლის გემი ათონს მიადგა, მთის წვერზე მდგომი იუპიტერის ქანდაკება, სხვა წარმართულ კერპებთან ერთად, მყისვე დაიმსხვრა, ხოლო ხეები და შენობები ღვთის დედის წინაშე მდაბლად მოიდრიკნენ. კერპებში მბორგავი ბნელი სულები კი, ღვთის ძალით, საკუთარი ნების წინააღმდეგ აღრიალდნენ: "ჰოი, აპოლონის მოტრფიალენო, სწრაფად გაეშურეთ კლემენსოს ნავმისადგომთან და ღვთის წმინდა დედა მარიამს მიესალმეთო!"

გაოცებულნი მიეახლნენ წმინდა დედას იქაურები და მისი ქადაგებით მალევე მოიქცნენ. მათ ღვთისმშობელმა თანამგზავრთაგან ერთ-ერთი მოძღვრად დაუდგინა და ასე ილოცა: "დაე, ეს ადგილი იყოს ჩემი წილხვდომილი, რომელიც მომეცა ძისა და ღმრთისა ჩემისაგან. დაე, ღვთის მადლი იყოს ამ ადგილას და მასზე რწმენით დამკვიდრებულთა და ჩემი ძის მცნებათა აღმსრულებელთა ზედა".

მზე მარიამი დიდხანს ლოცავდა ათონს და მის მომავალ ბინადართ და შემდეგ კვიპროსს მიაშურა.

ნიშანდობლივია, რომ ლაზარეს (რომელიც საქართველოსთან ასოცირდება) სახილველად მიმავალი ღვთისმშობელი უფალმა იმ ადგილას მიიყვანა, სადაც შემდგომში ივერონი აიგო. დიდმა ათანასე ათონელმა ქართველთ საცხოვრისად ძველი და პატარა დანგრეული მონასტერი გადასცა მცირე ტაძრით, კელიებით და კოშკითურთ. მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელობისა იყო. ისიც ნიშანდობლივია, რომ 950 წელს ყოფილი კლემენსოს ნავმისადგომთან გაბრიელ ქართველმა ზღვიდან ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა. ერთი უძველესი ბერძნული ხელნაწერის თანახმად კი: "როდესაც კონსტანტინე დიდმა ათონის სიახლოვეს დედაქალაქის აღშენება მოიწადინა, იმ მხარის ეპისკოპოსს ღვთისმშობელმა გამოცხადებით აუწყა: "ეს მთა ჩემს წილხვდომილად ავირჩიეო". იმპერატორმა ბრძანა: "ამ მიწის გამო ღვთისმშობელს დავას ხომ არ დავუწყებ და თუ ინებებს და ამ მთაზე მონაზვნები დასახლდებიან, იქაურობის ყველა მკვიდრს გამოვიყვანო".

იმპერატორმა დედაქალაქად ბიზანტია აირჩია და მას კონსტანტინოპოლი უწოდა. წმინდა მთაზე კი სამი ტაძარი აღაშენა, აქედან ორი - იქ, სადაც ღვთისმშობელმა დაადგა ფეხი (ეს ტაძრები შემდეგ იულიანე განდგომილმა დააქცევინა).

მერვე საუკუნიდან, ანუ იმ დროიდან, როცა მთაწმინდაზე მონაზვნური ცხოვრება დაიწყო, ეს მიწა მართლმადიდებლობის შუქურად და იმ ადგილად ითვლება, სადაც ღვთისმოყვარე სულნი სრულქმნილებას აღწევენ. ათონი, რომელმაც სამყაროს წმინდა კაცნი მისცა, მხოლოდ სულიერებით კი არა, ზღვით, ტყეებით, მშვენიერი მონასტრებითა და სკიტებით, უძველესი ხელნაწერებით, კედლის მხატვრობითა და ხატებითაც არის გასაოცარი. "ჭეშმარიტად, მას, ვინც უყურებს წმინდა ტაძრების ამ გასაოცარ მშვენიერებას და ამ მკაცრ, ხმაშეწყობილ, სულისშემძვრელ და განგრძობილ ღვთისმსახურებას ისმენს (რომელსაც, ვფიქრობ, დედამიწაზე ასე ვრცლად არსად აღასრულებენ), სამოთხეში ჰგონია თავი და რაღა გავაგრძელო: ეს მადლმოსილი მიწა ცხონების ნავმისადგომია მართლმადიდებლებისა, ასე რომ, აქ მოსული სულიერი ხსნის მაძიებელი მას ოც წმინდა მონასტერში, სკიტებსა და კელიებში პოვებს, როგორც სასუფევლისკენ მიმავალ ოც საფეხურს..." - წერდა მეცხრამეტე საუკუნის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მდივანი და ათონის დოქიარის მონასტრის ყოფილი მკვიდრი ამავე სავანეზე. სხვა კი ამბობდა: "ათონი არა მხოლოდ ნათელი ცენტრია ქრისტიანული სამყაროსი, ცხოველი სულიერი კერაა კაცობრიობისა, ამდენი საუკუნის სიბნელისა და ბარბაროსობის ხანაში ჩაუქრობლად და ხელუხლებლად რომ ელვარებდა და ამიტომაც მუდამ მიიზიდავს ქრისტიანებს. იგი ისევე აღგვაფრთოვანებს, როგორც საკუთარ თავში მარადისობის დამტევი ყოველი ქმნილი".

***
პირველი ქრისტიანი მოწესენი აქ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნიდან ჩანან.

963 წელს ათონზე ათანასე დიდის დამკვიდრებით ახალი ხანა არა მხოლოდ აქ, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროშიც დაიწყო. მან ახალი ტიპის საზოგადოებრივ-სამონასტრო ცხოვრებას (კინოვიას) ჩაუყარა საფუძველი, რაც, ორგანიზაციული თვალსაზრისით, სრულებით განსხვავდებოდა მანამდე არსებული იდიორითმული მონასტრებისგან, სადაც ყოველი ბერი ინდივიდუალური ტიპიკონის თანახმად ცხოვრობდა. კინოვიის ტიპის სავანეში ყოველ თანამოძმეს საერთო საჭიროებისდა მიხედვით ეძლეოდა მორჩილება.

პირველ მონასტერს ამ მიწაზე სწორედ ათანასე დიდის სახელი ეწოდა. წმინდა ათანასე დედით ლაზი იყო. მონასტრის იმდროინდელი მფარველი იოანე ციმიხიც (ბიზანტიის სახელოვანი სარდალი), სავარაუდოდ, ქართული წარმომავლობის უნდა ყოფილიყო. ეგებ ამიტომაც 965 წელს ათონზე მისულმა ქართველმა მოღვაწემ იოანემ და მისმა ვაჟიშვილმა ექვთიმემ, თანმხლებ პირებთან ერთად, ძმური სიყვარული პოვეს ათანასეს ლავრაში და მალევე საკუთარი მონასტერი - ივერონი დააარსეს.

ხუთი უდიდესი ქართველი წმინდანი გაბრწყინდა ათონზე იმ დროს: იოანე და ექვთიმე, გაბრიელი, იოანე თორნიკეყოფილი და გიორგი მაშენებელი.

ივერთა სავანეს უწყვეტი სულიერი კავშირი ჰქონდა საქართველოსთან. მონასტრის კეთილისმყოფელთა შორის იხსენიებიან ბაგრატ მესამე და ბაგრატ მეოთხე, გიორგი მესამე, დავით აღმაშენებელი და თამარი, ერეკლე მეორე და კახთა მეფეები ლევანი და ალექსანდრე, იმერთა მეფე სოლომონი და კიდევ სხვანი, რომელთა სახელები ივერონის აღაპებში იხსენიება.

მე-15 საუკუნის დასალიერს სავანე ახალციხის ათაბაგმა ყვარყვარე ჯაყელ-ციხისჯვარელმა და მისმა ძემ ქაიხოსრომ განაახლეს. მათი წყალობითვე აშენდა მონასტრის დიდი ციხე-კოშკი და საავადმყოფო, ახლად აიგო გალავანი. ქაიხოსრო ათაბაგის ვაჟს, მზეჭაბუკს სამცხის ეპისკოპოსი ამბროსი დიდი შესაწირით წარუგზავნია წმინდა ადგილების მოსალოცად. ამ უკანასკნელს ივერიის ღვთისმშობლის ხატი ძვირფასი პერანგით შეუმოსავს და მონასტრისთვის 25,500 თუმანი ოქრო და ვერცხლი შეუწირავს. მეჩვიდმეტე საუკუნეში კი აშოთან მუხრან-ბატონს, წმინდა მოწამე ქეთევან დედოფლის მამას, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ახალი ტაძარი აღუშენებია.

KARIBCHE

დოქიარი

ივერონში დღეს ქართველთა კვალი თითქმის წაშლილია, ვეღარსად ნახავთ ქართულ წარწერას, მხოლოდ ძველ კარიბჭესთან შემორჩენილა ფრესკა ექვთიმე მთაწმინდელისა, რომელიც ათანასე დიდის გვერდით დგას.

მოწყალების გაცემა და სტუმრის დაპურება ივერონის ტრადიციაა. განსაკუთრებით ფრთხილობენ მას შემდეგ, რაც ერთხელ მონასტრის კარს ვინმე გლახაკი მისდგომია. მეკარეს მისთვის უარი უთქვამს, რადგან იმ დროს საძმოს თურმე ძალზე უჭირდა. დაღონებული გლახაკი უკან წამოსულა, მაგრამ გზად ღვთისმშობელი გამოსცხადებია, ხელში არაბულწარწერიანი ოქროს მონეტა ჩაუდია და უთქვამს: ჩემი სახელით მიბრუნდი მონასტერში და პური იყიდეო. ეს მონეტა ყველაზე დიდია ღვთისმშობლის ხატის სამკაულთ შორის... მთელი ძმობა შეყრილა პატიების სათხოვნელად და პარაკლისი აღუვლენიათ წმინდა დედისთვის.

***
მე-9 საუკუნეში, იმპერატორ ბასილი პირველის ბრძანებით, ათონი ბერთა სამკვიდროდ გარდაისახა და ერისკაცთ იქ ცხოვრება აეკრძალათ. მეათე საუკუნის ბოლოს, იმპერატორ ალექსი პირველი კომნენოსის ბრძანებით, ათონზე ასვლა ყველა ქალს აეკრძალა, ხოლო 1046 წელს იმპერატორმა კონსტანტინე მონომახმა ათონს ოფიციალურად უწოდა "წმინდა მთა".

KARIBCHE

ქსიროპოტამი

1821 წელს, ბერძენთა ჯანყისას, თურქებმა ათონი დაიკავეს. ბერთა უმეტესობამ იქაურობა დატოვა და დარჩენილნიც წასვლას აპირებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ წმინდა დედამ მიატოვა, მაგრამ ღვთისმშობელი მრავალ მეუდაბნოეს გამოეცხადა და ანუგეშა: "რისი შეგეშინდათ? ყოველივე ჩაივლის და აქაურობა კვლავ მონაზვნებით აივსება. და აი, გიტოვებთ ნიშანს: ვიდრე ივერიის მონასტერში იმყოფება ჩემი ხატი, ნურაფრის გეშინიათ, ხოლო როცა ივერთ მონასტრიდან გამოვალ, მაშინ ყველამ აიკიდეთ აბგები და საითაც გსურდეთ, იქით წადითო".

წმინდა ნილოს მორონმდინარის წინასწარმეტყველებით, ივერიის ღვთისმშობელი ათონს დატოვებს, წმინდა მთას მისი საფარველი გადაეხსნება. სანამ ღვთისმშობელი წასვლას დააპირებს, ივერონს მიწისძვრა შეარყევს, ხოლო ხოლო როდესაც ივერიის ღვთისმშობელი მთაწმინდას დატოვებს, "ყველა ტაძარი დაიხრება მხსნელის წაბრძანების გამო..." ზოგიერთი ათონელი ამოწმებს, რომ ეს ხატი უფლის მეორედ მოსვლის წინ თავის პირვანდელ სამყოფელში - ივერიაში წაბრძანდება, საქართველოს მეორე კვართი გადაეფარება და ანტიქრისტეს ხელთაგან იხსნის.

***
აქ ერთადერთი ქალაქია, უფრო ზუსტად, დედაქალაქი - წელიწადში ერთხელ კარიესი მთის 20 მონასტრის წარმოგზავნილთ კრებს და 2 წლით საკანონმდებლო ორგანოს - წმინდა კინოტს იწვევს, სადაც 2 წლით პროტს - შინაგან საქმეთა განმგებელს გამოარჩევს. სწორედ მასთან ფორმდება აღმასრულებელი ხელისუფლება - პროტატი.

სახელმწიფო კანომდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულთა განხილვა კი უკვე საბერძნეთის სასამართლოს პრეროგატივაა. ამ უკანასკნელს ათონზე გუბერნატორი წარმოადგენს, რომელსაც პოლიცია და ფოსტა ემორჩილება. ნახევარკუნძულს მცირე ნავმისადგომიც აქვს - ქალაქი დაფნი. მთაწმინდის მონასტრებიდან (მთავარი ტაძარი - ათანასე ათონელის დიდი ლავრა, ივერონი, ხილანდარი, ვათოპედი, ესთიგმენი, სტავრონიკიტა, დიონისე, კარაკალა, ყურთლუმუში, სვიმონპეტრა, კატუნაკი, ქსიროპოტამი, ფილოთეოსი, კონსტამონიტი, წმინდა პავლეს, პანტელეიმონის რუსული სავანე, დოქიარი, კარიესი) უძველესს - ათანასეს ლავრას, ივერონს, ვათოპედს და ხილანდარს გამორჩეული უფლებები აქვს და მათი არჩევანი გადამწყვეტია.

ყოველ მონასტერში ბრძანდება ყოვლადწმინდა ქალწულის სასწაულმოქმედი ხატები, რომელთაგან თითოეულს საოცარი ისტორია აქვს.

სწორედ მთაწმინდამ შემოინახა ისიქაზმი (მდუმარების ღვაწლი) - უძველესი ქრისტიანული ასკეტური პრაქტიკა. ისინი, ვისაც ერთხელ მაინც დაუდგამს ფეხი მის მიწაზე, ირწმუნებიან, რომ ფიზიკურად განიცდიდნენ ზეცასთან სიახლოვეს.

აქ მსუფევ საოცარ სისუფთავესა და წესრიგს ერთნაირი გულმოდგინებით იცავენ მონასტერთა საძმოებიც და განდეგილებიც. ათონის ნაპირთან დრო თითქოს ჩერდება... გასული საუკუნის 80-იან წლებამდე აქ არც ელექტროგაყვანილობა არსებობდა და არც ავტომობილები. თუმცა უკანასკნელ ხანს ბევრი რამ შეიცვალა.

ქრონოსის ათვლა მთაწმინდაზე უძველეს ბიზანტიურ წესს ეფუძნება. შუაღამედ დაისია მიჩნეული და სწორედ აქედან იწყებენ დღე-ღამის ათვლას. რადგან ყოველთვე მზე სხვადასხვა დროს ჩადის, აქაურებს საათის გადაწევა ყოველთვიურად უწევთ. ამასთან, დროის ათვლა სხვადასხვა მონასტერში განსხვავებულია, რადგან ზოგი ზღვის ნაპირასაა, ზოგი კი მთებში და მზის ჩასვლასაც სხვადასხვა დროს აფიქსირებენ.

ღვთისმსახურების შესრულების წესიც თითქმის შუა საუკუნეთა ბიზანტიის ქრისტიანული პერიოდის იდენტურია. ტაძრები მხოლოდ სანთლებითა და კანდელებით ნათდება და მსახურების დიდი ნაწილი სრულ სიბნელეში მიმდინარეობს. მაგალითისთვის, ექვსფსალმუნებასა და ზოგიერთ ლოცვას მამები ზეპირად წარმოთქვამენ. შუაღამიანი და ცისკარი გათენებამდე მთავრდება.

ღამე ათონზე ბერთა სიფხიზლის ჟამია... შუაღამიანსა და ცისკარს საღვთო ლიტურგია ებმის, სადაგი დღის ღვთისმსახურება დაახლოებით 5 საათს გრძელდება. აქაურები კვირაში 3-ჯერ ეზიარებიან, ამიტომ წირვისას მუდამ ბევრი მაზიარებელია. წირვის შემდგომ კი ბერები მორჩილებებს აღასრულებენ. ნაშუადღევს სასაუზმოდ იკრიბებიან, შემდეგ ისვენებენ. ათონზე, ცხელ ქვეყანათა მსგავსად, ძილის დრო ორ ნაწილად განიყოფება. ღამის მცირეხნიანი ძილის შემდგომ მეორედ დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში ისვენებენ, შემდგომ კი კვლავ მორჩილებებს აღასრულებენ.

მზის ჩასვლის მოახლოებისთანავე მწუხრი იწყება, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდება.

მწუხრს ვახშამი მოსდევს, შებინდებისას კი მონასტრის კარიბჭე იხურება და ბერები სენაკებს მიაშურებენ, რომ განმარტოებით აღასრულონ თავიანთი კანონი. განმარტოებითვე ასრულებენ დილის კანონს.

დღესასწაულებზე შუაღამიანი მთელი ღამე გრძელდება, ზოგჯერ ღვთისმსახურება 16 საათს გასტანს, უფრო ხშირად კი - 7-8 საათს.

ათონზე ბერები ძალზე ცოტა საკვებს იხმევენ, საზრდელი უბრალო და სამარხვოა. ოთხშაბათობით და პარასკეობით დღეში მხოლოდ ერთხელ ტრაპეზობენ, სტუმრებს კი ორჯერ აპურებენ.

ბერები საუზმეზე მურაბას, ჭვავის პურსა და ბალახეულ ჩაის მიირთმევენ, პურს კი კვირაში ან 10 დღეში ერთხელ აცხობენ. ახალი მანამ არ ცხვება, ვიდრე ძველი არ გათავდება.

მთაწმინდის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ულამაზესი სანახებია... აიროს - ოროს მწვერვალზე, ზღვის დონიდან 2033 მეტრზე, ფერისცვალების სახელობის პატარა ტაძარი დგას, რომელშიც წირვა წელიწადში ერთხელ - ფერისცვალების დღესასწაულზე აღესრულება.

ათონს უთვალავი საოცარი მოღვაწე ჰყავს, მის კლდოვან ქვაბულებს ბევრი განდეგილისთვის მიუცია თავშესაფარი. ბევრი მოღვაწე შემოსილიც კი არ არის, რადგან მრავალწლიანი მოღვაწეობით ტანსაცმელი გაუცვდა.

აქ 2000-ამდე ბერი იღვწის. ერთურთისგან გარეგნულად, წარმომავლობით, მოღვაწეობის სტილითა და პიროვნული თვისებებით განსხვავდებიან, მაგრამ ყოველ მათგანს არამიწიერი სიყვარულით მოსილი ხანდაზმული ბავშვის სახე აქვს...

უხილავი მოსაგრეები
მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა. თავის ორ მორჩილს დაუბარა, კუნძულ სამოსზე მივდივარო, მაგრამ მის კვალს ვეღარსად მიაგნეს.

1984 წელს კი ივერიის სკიტის კელიიდან გაქრა ბერი, სახელად სერგი, ფრიად ღვთივსათნო, მდუმარე და მოწყალე მოსაგრე. მისი კელიის კარი კარგა ხანს იყო ღია.

ვათოპედის მონასტრის კელიიდან გაქრა ბერი ნექტარიოსი, რომელიც ვეღარც ცოცხალი იპოვეს და ვეღარც მკვდარი. იგივე ბედი ეწია კიდევ ორ ბერს - ნიკოდიმოსს ქსენოფონტის სკიტიდან და მარტინიანეს - კაპსალიდან...

KARIBCHE


ზოგს მიაჩნია, რომ მოსაგრეთაგან ყველაზე ღირსეულნი იკარგებიან და ამ "გაქრობას" მთაწმინდის სხვა დიდ საიდუმლოს - ე.წ. უხილავ მოსაგრეებს უკავშირებენ.

როდესაც წმინდა მთაზე ვინმე იკარგება, იტყვიან ხოლმე, - უხილავმა მოსაგრეებმა წაიყვანესო.

ერთნი თვლიან, რომ ისინი ათონზე ოდესღაც მოღვაწე ძველი წმინდანები არიან, მეორენი კი უხილავ მამებად თანამედროვე ბერებს მიიჩნევენ, რომლებიც ათონის უშორეს მღვიმეებში მოღვაწეობენ, რომ განუწყვეტელი კავშირი ჰქონდეთ ღმერთთან...

ჟურნალ "წმინდა მთის ბიბლიოთეკის" ერთ-ერთი ნომერი იუწყებოდა, რომ უხილავი მოსაგრეები "შვიდნი იყვნენ და ათონის ქვაბულებში ცხოვრობდნენ. თუ რომელიმე გარდაიცვლებოდა, მაშინ რაღაც საიდუმლოთი მთიდან სხვა სათნო ბერი მოდიოდა და ისინი კვლავაც შვიდნი ხდებოდნენ..."

ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიხმობთ: 1835 წელს ათონზე რამდენიმე მონადირე უცნობ მოხუც ბერს წააწყდა. მცირე ხნით გაესაუბრნენ და ბერმა აუწყა, რომ მასთან ერთად გამოქვაბულში კიდევ ექვსი მხცოვანი მამა ცხოვრობდა.

როდესაც ამის შესახებ წმინდა ანას სკიტში შეიტყვეს, საგზალი აიღეს და მათ საძებნელად გამოემართნენ, მაგრამ ვერავის მიაგნეს...

ერთ თანამედროვე ლიბანელს თურმე ათონზე ასვლა სურდა, მაგრამ გზა დაებნა და ვიღაც უცნობ ბერს შეხვდა, რომელიც ლეღვით გაუმასპინძლდა. როდესაც ამის შესახებ წმინდა ანას სკიტის მკვიდრთ უთხრა, ისინი ბერის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს.

კვიპროსის კიკოსის მონასტრის ბერდიაკონი ეფრემი ათონზე ყოფნისას ბილიკზე უცნობ მოღვაწეს წააწყდა, რომელსაც ძველი კაბა ემოსა და წვერი ქამარში ჩაეტანებინა. გაესაუბრა, რამდენიმე კითხვაც დაუსვა. ერთმანეთს დაშორდნენ და როდესაც რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ეფრემი მობრუნდა, ვეღარავინ ნახა...

ერთ-ერთი ბერის ნათესავს კი სკიტისკენ მიმავალი გზა აებნა და ქვაბულს მიადგა, სადაც საგებელზე უცნობი ბერის სხეული ესვენა, მის მარჯვნივ და მარცხნივ კი თითო სანთელი დაენთოთ... შემდგომ ეს ადგილი ბერებმა დაძებნეს, მაგრამ ვერავინ იპოვეს.

ცნობილი მოღვაწე პაისი ათონელი ამოწმებდა, რომ ათონს ბევრი უცნობი ბერი ჰყავს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უხილავი მოღვაწენი მართლაც არსებობენ, - წერს ბერი ვლასი, - (ეს კი ნამდვილად ასე უნდა იყოს, რამეთუ ამას თვითმხილველნი ამოწმებენ), სრულიად სამყარო უნდა ხარობდეს, რამეთუ მათი ლოცვით ჩერდება ღვთის სამართლიანი რისხვა ადამიანთა მოდგმაზე".

მათი არსებობისა და ღვაწლის შესახებ მხოლოდ სახიერმა უფალმა უწყის, მაგრამ სანაცვლოდ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნეში მთაწმინდაზე მოღვაწეობდა ბერი, რომელიც ათონელთათვის თავისი სიწმინდით მართლაც "უხილავი მოსაგრე" იყო... იგი ყველას ჩვეულებრივი ბერი ეგონა, ის კი ლოცვით წმინდა მამებს თანაეხატა და სამყაროს უდიდეს მნათობად გაბრწყინდა... ეს ბერი წმინდა სილუან ათონელი გახლდათ.

***
ათონზე სიცოცხლე გრძელდება, ბერული ცხოვრების სტილი არ იცვლება, აქ სიკვდილიც კი მარადისობაში გადადგმული ერთი ნაბიჯია... მთაწმინდის მიწა სურნელოვანია, ჰაერი - უძრავი და ისე გამჭვირვალე, თითქოს ღვთისმშობლის გამოცხადებით გაირინდაო...
ბეჭდვა
1კ1