ყოველი ლიტურგიის აღსრულებისას ის ცრემლთა მდინარეებს ადინებდა
ყოველი ლიტურგიის აღსრულებისას ის ცრემლთა მდინარეებს ადინებდა
მამა ეფრემის მორჩილებაში. "როგორც იქნა, ვიპოვეთ ერთი უბრალო, კეთილი და უბოროტო ბერიკაცი, რომელმაც გვაკურთხა, გვემოღვაწა, როგორც კი შეგვეძლო, აღსარება კი იმ მოძღვართან გვეთქვა, რომელიც უფრო მოგვწონდა", - წერს მამა იოსები. ეს ბერიკაცი გახლდათ ცნობილი მამა ეფრემი - მეკასრე, რომლის კალივაც ღვთისმშობლის ხარების სახელზე იყო ნაკურთხი. ამ სათნო მამამ არ დააყოვნა და დიდი სქემა მაშინვე შემოსა მორჩილ ფრანცისკს - მას სახელად იოსები უწოდა.

ამ წმინდა მამის უმთავრესი ხელსაქმე კასრების გაკეთება გახლდათ. არასდროს არავის ეუბნებოდა უარს დახმარებაზე და ფულსაც არ ითხოვდა, რამდენსაც მისცემდნენ, ყაბულს იყო. ეს მამა დღედაღამ მუშაობდა, სულიერ მოღვაწეებს კი ნაკლებ დროს უთმობდა.

ერისკაცებიც დადიოდნენ მასთან. გააკეთებინებდნენ ათასდრაქმიან კასრს, 50-100 დრაქმას აძლევდნენ - ხომ საკმარისიაო. ისიც უდრტვინველად პასუხობდა - საკმარისია, გმადლობთო.

"მაშინვე მივხვდით, რაც ხდებოდა, - ჰყვებოდა მამა არსენი, - ერთხელ მამა იოსებმა მითხრა: - ეს საქმე არა მარტო ჩვენ გვირღვევს მყუდროებას, არამედ შეიძლება მამა ეფრემიც გადაიღალოს, ვინაიდან სათნო ხასიათის გამო უარს ვერავის ეუბნება. მამა არსენ, მოდი, ჯერ ვილოცოთ და მერე ვკითხოთ, თანახმა თუ იქნება ჩვენთან ერთად უფრო მყუდრო ადგილას განმარტოებაზეო. ასეც მოვიქეცით. ის სიხარულით დაგვთანხმდა და აგვაჩქარა კიდეც".

წმინდა ბასილის სკიტში. მამა არსენი განაგრძობს: წმინდა ბასილის სკიტში მყუდრო, ძნელად მისასვლელი ადგილი ვიპოვეთ.

ერთ დილით დავემშვიდობეთ ჩვენს ძვირფას საყდარს, მეზობლებს, შევსვით ჯორზე მოძღვარი, ავკიდეთ პირუტყვს აუცილებელი ნივთები და ავედით წმინდა ბასილის სკიტში.

მოგვეჩვენა, რომ ეს ციცაბო, ფლატოვანი კლდეები უნდა ყოფილიყო სამკვიდრებელი პირველი მოსაგრისა და მონაზონთა დასის ხელმძღვანელისა. ამ კურთხეულ ადგილას დავიწყეთ ჩვენი უდიდესი მოსაგრეობანი.

ამასობაში ჩვენი ბერიკაცი განთავისუფლდა ცხოვრებისეული საზრუნავისგან, გამოცოცხლდა და მთელი ძალა უმაღლეს სულიერ მოღვაწეობას და ღამისთევას დაუთმო... სიცოცხლის ბოლოს მამა ეფრემი მოუძლურდა, უკვე აღარ შეეძლო ელოცა.

იმ დროს წმინდა ბასილის სკიტში მოღვაწეობდა მონაზონი მათე, რომელიც შემდგომ სათავეში ჩაუდგა მათეისტთა სახელით ცნობილ მეძველსტილეთა ჯგუფს. მას ჩვევად ჰქონდა, სკიტის მამათა შეკრებისას გამოსულიყო ამბიონზე და მოსაგრეთათვის ექადაგა. ერთხელ, ქადაგებისას, თქვა: ძმანო, დღენი შემოკლდნენო. შინ დაბრუნებულმა მამა ეფრემმა გულწრფელად გვითხრა, - ეს მამა მათე მართლაც ყოჩაღია! დღეს მან ჩემთვის გაურკვეველი ამბავი ამიხსნა. ახლა იმიტომ ვერ ვასრულებ სკვნილზე ძველებურად ბევრ კანონს, რომ დღენი შემოკლდნენო.

მამა არსენს იმავე უბრალოებით უთქვამს: - არა, მამაო, შენ დაუძლურდი და გძინავსო. მამა ეფრემი კი იმეორებდა: - არა, მამა მათემ თქვა, ღამეები შემოკლდაო. უბრალოების ამგვარი იშვიათი ნიჭით განვიდა ამ წარმავალი ცხოვრებიდან. მან წინასწარ შეიტყო თავისი სიკვდილი და მორჩილებს მემკვიდრეობად წმინდა კურთხევა დაუტოვა.

ჟამი მოღვაწებისა. მოძღვრის სიკვდილისთანავე მამა არსენმა უთხრა მამა იოსებს: - ძმაო, შენ იცი, რომ არ შემიძლია თაოსნობა, ამიტომაც გთხოვ: შენ ითავე ყოველივეს გაძღოლა და გპირდები, სიკვდილამდე დაგემორჩილებიო.

ამ შემთხვევაშიც საქმით გამოჩნდა მამა არსენის უბრალოება, თუმცა იგი ასაკით ათი წლით უფროსი იყო მამა იოსებზე და ბევრად ადრე ნაკურთხი, ათონის კანონების მიხედვითაც კელიაში მცხოვრებ მამათაგან უფროსი იკავებს მოძღვრის ადგილს. მამა არსენი მართლაც არ შემცდარა, მამა იოსები მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო. ღვთისგან ბოძებულ ტალანტს კი არა მატო საკუთარი სიკეთისთვის, არამედ თავისი თანამოღვაწეებისთვისაც იყენებდა.

მათ, ვინც შემდეგ შემოუერთდა საძმოს, მამა იოსები თავის შვილებსა და მოწაფეებს ეძახდა, მამა არსენი კი მისთვის ყოველთვის ძმა და თანამოსაგრე იყო. საერთო შეკრებებზე კი მამა არსენი მამა იოსებს ისე ექცეოდა, როგორც თავის მოძღვარს.

მამა დანიელ ისიქასტი და მამა კირილე.
ისევ მამა არსენს მოვუსმინოთ: "ღირსი და ღმერთშემოსილი მამების ძებნისას წმინდა პეტრეს კელიაში ერთი იშვიათი მოსაგრე ვიპოვეთ - მამა დანიელ მღვდელი, ცრემლთა დენის ნიჭით დაჯილდოებული. ამ ნიჭიდან, როგორც ერთგვარი ფესვიდან, ამოიზარდნენ მისი განმამშვენებელი სხვა ნიჭებიც და უპირველესად, განსჯის უნარი, დაფარულმცოდნეობა და წინასწარმცოდნეობა. მისი დაფარულმცოდნეობა რომ გიჩვენოთ, მოგითხრობთ, თუ რა შეემთხვა ჩემს მორჩილს მამა კირილეს.

ახალი სკიტის ერთი კალივა ცხოველმყოფელი წყაროსადმი არის მიძღვნილი. იქ ცხოვრობდა ერთი ღვთისმოშიში ყმაწვილი, რომელსაც ერში ობოლი ძმა დაეტოვებინა და მასზე ღელავდა. მან გადაწყვიტა, გაეცნო მამა დანიელი და მისთვის რჩევა ეკითხა.

მამა დანიელიც არ იცნობდა მას, მაგრამ სანამ ყმაწვილი ხმას ამოიღებდა, სახელით მიმართა: - მამა კირილე, ნუ ჯავრობ ნიკოსის გამო. კარგად არის და შენთან წამოსასვლელად ემზადებაო. მართლაც, მალე ნიკოსი ძმასთან ჩამოვიდა. მაგრამ რადგანაც ვახსენეთ მამა კირილე, ორი სიტყვაც მასზე ვთქვათ, რადგან ის ამის ღირსია, მერე კი განვაგრძოთ თხრობა მამა დანიელზე.

ნიკოსი ძმასთან დარჩა, მონაზონი გახდა, მერე კი მღვდლად აკურთხეს, ყველასთვის ცნობილია, როგორც მამა ნეოფიტე. მაგრამ მათი მოძღვარი გარდაიცვალა და ორივე კაბოსანი დატოვა. როცა მოძღვართან (მამა იოსებთან) ერთად ჩვენი საძმო წმინდა ანას მცირე სკიტის მღვიმეებიდან ახალ სკიტში ჩამოვიდა, ეს ორი ღვიძლი ძმაც შემოგვიერთდა.

მოძღვრის სიკვდილის მერე თავიანთ გულისთქმებს მე მიმხელდნენ. გადავწყვიტე აღმეკვეცა და დიდი სქემა შევმოსე მამა კირილეს. ის კი, როგორც კელიის მოძღვარი, აღკვეცისას მამა ნეოფიტეს მიმრქმელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარეგნულად არ განსხვავდებოდნენ სხვა მამებისგან, ორივე დაფარული მუშაკი იყო სათნოებათა, უფრო მეტად კირილე, რომელიც სიკვდილის წინ ღირს იქმნა ჭვრეტისა და წინასწარცნობის უდიდესი ნიჭისა. ზოგიერთებს ის მათვე უღიარებელ ცოდვებს გამოუცხადებდა, გადაუწყვეტდა გაურკვეველ და ბევრისთვის გადაუჭრელ პრობლემებს.

მან ერთ-ერთი კელიის მოძღვარს უთხრა: - ქ-ს გარდა, ყველა შენს მონაზონს ყველაფერი წესრიგში აქვსო. მოძღვარმა უპასუხა: - მამა კირილე, ცდებით ჩვენს საძმოში ქ. არ არისო. არისო, - გადაჭრით თქვა მამა კირილემ.

მოძღვარი გაოცებული წავიდა. გავიდა საკმაო ხანი. მათი საძმოს ერთი ბერი, რომელიც გარეგნულად კარგი ჩანდა, ეშმაკმა დაარწმუნა, დაემალა გულისთქმები, იმ დონემდე, რომ მისი სოფელში გაგდება შეძლო. ეშმაკმა მას კაბა გახადა და აიძულა, გზაზე ეყვირა, - ქ. მქვიაო (ასე ერქვა ერში).

ყველაზე საოცარი ის არის, რომ მამა კირილემ რამდენიმე წლით ადრე განჭვრიტა ჩვენი პატარა მონაზვნური საძმოს მომავალი. ჩვენს კალივაზე თქვა, - აქედან ბევრი იღუმენი გამოვაო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დაუჯერებელი ჩანდა, ჩვენი მცირე კალივიდან ხუთი იღუმენი გამოვიდა (იღუმენთა რიცხვი, თუ ვათოპედისასაც მივათვლით, შვიდი გახდა, ერთი მათგანი ეპისკოპოსიც კი შეიქმნა - მამა იოსებ ვათოპედელი).

...ბერ მამა დანიელს ჩვევად ჰქონდა ყოველი ღამის ლოცვით გათენება, ზუსტად 12 საათზე წირვას იწყებდა. ლიტურგიაზე მას ეხმარებოდა და გალობდა მისი მორჩილი მამა ანტონი, რომელიც ყველაფერს თვითონ აკეთებდა. მამა დანიელის ამ ჩვევას ზოგი არასწორად იგებდა და მას მოხიბლულად თვლიდა. მაგრამ რახან ყოველი ლიტურგიის აღსრულებისას ის ცრემლთა მდინარეებს ადინებდა, ლიტურგიაც ორი-სამი საათი გრძელდებოდა.

ლიტურგიის დასრულებისთანავე ის თავის კელიაში განგრძობილი ლოცვისთვის იკეტებოდა და ახლა იქ ადენდა ცრემლებს. საბედნიეროდ, ჩვენთვის, მამა იოსებთან ერთად, გამონაკლისს უშვებდა და გვიღებდა. იცოდა, რომ საღმრთო ლიტურგიის დასრულებისას მის ბაგეთაგან წარმოთქმული მადლიანი სიტყვების მოსმენას ველოდით. პირველი სიტყვა, რომლის თქმაც უყვარდა, იყო: "წმინდა სინკლიტიკია ამბობს: "ლამპარი ანათებს, მაგრამ პატრუქს წვავს".

ის საუბრობდა, მაგრამ ძალზე ეშინოდა, რომ ამ საუბრისას არ დაეკარგა ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა. დრო რომ არ დაეკარგა, თვითონ "კითხულობდა" ჩვენს გულისთქმებს, მაშინვე იგებდა, რაც გვაწუხებდა, საჭირო რჩევებს გვაძლევდა და დამშვიდებულებს გვიშვებდა.

დღეში ერთხელ მხოლოდ მოხარშულ ლობიოს ჭამდა - ერთ ტომარა ლობიოს დიდი ლავრიდან უგზავნიდნენ. ამბობდა: - ღმერთმა რაც გამოგვიგზავნა, იმას მივირთმევთო.

მაგრამ მამა იოსებმა ვეღარ გაუძლო ამას, ვინაიდან მუდმივად ლობიოს ჭამა მეუდაბნოეებს არასასურველ მოქმედებებს უჩენს ორგანიზმში. ამიტომაც, მამა დანიელის უკითხავად, უარი თქვა ლავრის დახმარებაზე.

ამ დიდი მოსაგრისა და მამა კირილესაგან გადმოვიღეთ ღამისთევის ლოცვისა და ყოველდღიური კვების განრიგი.

მთელი წლის მანძილზე დღეში ერთხელ ვჭამდით; ხუთი დღე უზეთოდ ვიყავით, შაბათ-კვირას კი მწირ საკვებს ზეთის რამდენიმე წვეთს ვუმატებდით. ჩვენი ჩვეული საჭმელი ორცხობილა გახლდათ. ახალი პურიც გვქონდა, მაგრამ იშვიათად. მამა დანიელმა განგვისაზღვრა, რამდენი გვეჭამა. მან იმდენი ორცხობილა აიღო, რამდენიც ხელისგულზე დაეტია და გვითხრა, ამდენი ჭამეთო.

თუ რამე მინდვრის ბალახს ვიპოვიდით, ანდა ხელში რაც მოგვხვდებოდა, ვუმატებდით ამ ორცხობილებს. თუ შაბათ-კვირას თევზი ანდა მცირეოდენი ყველი გვექნებოდა, მასაც მივირთმევდით".

მამა იოსები ერთ-ერთ წერილში წერს: "ასეთი წესი გვქონდა, რომ დღეში ერთხელ მცირეოდენი გვეჭამა. აღდგომასა თუ ყველიერში მაინც დღეში ერთხელ ვტრაპეზობდით. მთელი წლის მანძილზე ღამისთევით ვლოცულობდით. ეს წესი მე და მამა არსენმა ერთი მღვიძარე და წმინდა ბერისგან, მამა დანიელისგან ავიღეთ".

ორცხობილა - მოსაგრეთა ჩვეული საკვები.
ერთხელ სულიერმა შვილებმა ჰკითხეს მამა არსენს, თუ თქვენი ერთადერთი საზრდელი ორცხობილა იყო, საიდან შოულობდითო.

"ჩვენს დროში მონასტრებში ტრაპეზობისას მორჩენილ პურებს ახმობდნენ და მოსაგრეებს ურიგებდნენ. კარგი იყო თუ ცუდი, ჩვენ მას ვიღებდით, ზოგჯერ ჭიანიც გვხვდებოდა ხოლმე.

ერთხელ ერთ მონასტერში წავედი ორცხობილასთვის. მომსახურე ძმამ ერთი დიდი ტომარა მომცა. ბევრია-მეთქი, - არა, წაიღეო.

მძიმედ დატვირთულმა, როგორც იქნა, მივაღწიე მწვერვალზე წმინდა ბასილის სკიტს. მე და მოძღვარმა ტომარას პირი მოვხსენით და რას ვხედავთ? სულ ჭიანია! მე, როგორც კაცმა, დრტვინვა დავიწყე, - მაგ დალოცვილებს ხომ შეიძლებოდა, ეს ჯორებისთვის მიეცათ? ამდენი ფუჭად იშრომეს-მეთქი.

მამა იოსებმა მითხრა, - რატომ ფუჭად. ეს ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა. უკეთესი რომ დაგვემსახურებინა, უკეთესს გამოგვიგზავნიდაო.

ჭია-მატლს რა ვუყოთ, მამაო-მეთქი. მცირე ხანს ჩაფიქრდა და მიპასუხა: - გამოსავალი ვიპოვე. შებინდებისას ვჭამოთ, როცა ჭიებს ვერ დავინახავთო. ასეც მოვიქეცით", - დაასრულა თხრობა მამა არსენმა. მამაო, - ჰკითხეს სულიერმა შვილებმა, - მერე თქვენს ჯანმრთელობას არ ავნოო? თავიდან გამიჭირდა, მაგრამ რა მექნა? შვილებო, დამიჯერეთ, მერე ღმერთმა მეტად გააგემრიელა და დაატკბოო.

ეს კი მამა არსენის სრული მორჩილების ნაყოფი გახლდათ.
ბეჭდვა
1კ1