მდუმარება ის უხილავი უდაბნოა, რომელიც უხვად აპურებს ღვთის მაძიებელთ...
მდუმარება ის უხილავი უდაბნოა, რომელიც უხვად აპურებს ღვთის მაძიებელთ...
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი... ამის გარეშე კი ყოველი სული უნაყოფოა, ცხოვრება - ფუჭი, გადარჩენა კი - შეუძლებელი...

მდუმარება ის უხილავი უდაბნოა, რომელიც უხვად აპურებს ღვთის მაძიებელთ...

გვესაუბრება არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):

- მამა რაფაელ, რა არის მდუმარების საიდუმლო?

- სიკვდილის ხსოვნის მტერთაგანი მრავალსიტყვაობაა, - შენიღბული ამპარტავნების ერთ-ერთი სახე.

უფალი წმინდა წერილში ბრძანებს: - ,,ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა (მდუმარესა)" (ესაია, 66,2).

ჭეშმარიტად ასეა: - ღვთისათვის ესოდენ სათნო თავმდაბლობა და მოკრძალება მდუმარებასთანაა წილნაყარი.

მრავალსიტყვაობა - ლოთობის მსგავსი ვნებაა: - კაცს ისე იმონებს, რომ ეს უკანასკნელი საკუთარი ენის დანამატად იქცევა. ადამიანი, რომელმაც თავი მუშა ჭიანჭველად იქცია, საკუთარ თავს მარადისობისთვის მოსამზადებლად განკუთვნილი დრო წაართვა, გარეგნულზე გაფლანგა და სულიერად გაბანკროტდა.

ყბედი მხოლოდ თავისი კი არა, სხვისი დროის ქურდიცაა, გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის და ისღა დარჩენია, სხვებს ასწავლოს. სინამდვილეში კი ბევრი მხოლოდ იმიტომ მრავალსიტყვაობს, რომ მდუმარება ვერ ისწავლა.

წმინდა მამები ამტკიცებდნენ, რომ კაცმა, რომელმაც ღვთის უდიდესი მადლი, - სიტყვა, - გართობად აქცია, უძღებს შვილს მიაგავს, ამიტომ ყბედი ხალხისთვის საძულველია, ღვთისთვის კი - უცხო...

მრავალსიტყვაობა - სულიერ ძალთა უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი კაცის ლოცვა - უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი შეიქმნება... მრავლისმეტყველი - ღრმა აზროვნების უნარს კარგავს, საკუთარი აზრის შეჩერება არ შეუძლია და ძირეულ საკითხებზე ყურადღების კონცენტრაციის უნარს კარგავს.

იგი იმ ღორმუცელას ემსგავსება, რომელიც საკვებს დაუღეჭავად ყლაპავს და ზანზალაკივით ჟღარუნობს, რადგან შინაგანად ცარიელია... ან სახედრის ტყავგადაკრულ დოლს მიაგავს, რომლის ბრახაბრუხიც ყველაფერს აყრუებს...

ჭეშმარიტებაა, რომ ,,სიტყვები განაბნევენ, მდუმარება კი - კრებს"...

მრავალსიტყვაობის ნაყოფი - სულის სიცარიელე და მადლის დაკარგვაა... ყოვლისმხედველი ღმერთი თითქოს ,,ვერ ხედავს" მრავლისმეტყველს, რადგან ამ უკანასკნელსაც არ ძალუძს თავის გულში უფლის ხილვა და არც მასთან ურთიერთობა შეუძლია, რამდენადაც ეს გონების მოკრებას საჭიროებს...

მეთევზეს თევზი წყლიდან მაშინ ამოჰყავს, როდესაც ანკესს წამოეგება. ყბედი კი, როგორც ნადავლი, ეშმაკს ენით უჭირავს...

სიკვდილი - საიდუმლოა, საიდუმლოსთან შეხება კი - ოდენ მდუმარებაშია შესაძლებელი.

შეიძლება, მავანი სასაფლაოსთან ცხოვრობდეს, ყოველდღიურად ხედავდეს, თუ როგორ მიასვენებენ მისი ფანჯრების წინ კუბოს, მაგრამ მაინც არ აგონდებოდეს, რომ მასაც ეწვევა სიკვდილი.

სიკვდილის ხსოვნა იმას მოითხოვს, რაც ყბედმა დაკარგა, - ჭვრეტის უნარს, საკუთარ გულზე მის აღბეჭდვას.

სიკვდილის ხსოვნა - მადლიანი ნიჭია, მრავლისმეტყველს კი წარმოთქმულ სიტყვათა ხმაურში საკუთარ სულში ამ მადლიანი, ჩუმი ხმის გაგონება აღარ ძალუძს...

ასეთ ადამიანთან სიკვდილი ისევე მოულოდნელად მიდის, როგორც მრავალი საზრუნავით შეპყრობილთან... ასეთებს ხომ იმდენად იპყრობს სხვისი საზრუნავი, რომ საკუთარი არსებობა ავიწყდებათ...

მაგრამ თუ ამაო საზრუნავში ჩაფლული კაცი წუთისოფლიდან ცარიელი მიდის, ყბედი სრულიადაც არ მიდის ასე, - ზურგზე სხვათა ცოდვების ტომარა ჰკიდია, რომელნიც მის ცოდვებად იქცნენ...

ასეთნი, ჩვეულებისამებრ, თვით სიკვდილთანაც კი ცდილობენ გაბაასებას, მაგრამ პასუხს კი ვერ იღებენ...


ბეჭდვა
1კ1