"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
 "იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა
ათონზე მისვლისთანავე ერთ მეუდაბნოეს ვთხოვე, ლოცვის შესახებ ესაუბრა. მან ჩემი თხოვნა დიდ ლოცვით დაინტერესებად მიიჩნია: - ჩვენ მხოლოდ იმის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც ჩვენი სიმაღლის ფარგლებშია, ხოლო საუბარი ისეთ საკითხებზე, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ფუჭსიტყვაობა იქნებოდაო. უხერხულობა ვიგრძენი, მაგრამ მაინც გავბედე: - მე კი მართლაც უფრო სრულყოფილის, ანუ იმის შესახებ მინდა ვიცოდე, რასაც თვითონ ვერ ვწვდები. მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ჩემი თავი მეტის ღირსი მგონია, არამედ იმიტომ, რომ აუცილებლად მიმაჩნია გზის მანათობელ ვარსკვლავს ვხედავდე, რათა შემეძლოს, ჩემი გზის სისწორეს ვამოწმებდე. ძველად მეზღვაურები შორეულ ვარსკვლავს ირჩევდნენ სანიშნედ; მე კი სულისთვის მინდა მქონდეს, თუნდაც ძალიან მაღალი, მაგრამ მაინც ჭეშმარიტი საზომი, რათა იმ მცირედით არ დავკმაყოფილდე, რაც აქამდე მაქვს შეცნობილი-მეთქი. წმინდა მამა დამეთანხმა - არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ საჭიროც არის, ადამიანი ასე ფიქრობდესო.

მე მუდამ მტანჯავდა სურვილი, გამეგო:

რისთვის გავჩნდი ამ სამყაროში, საით მივდივართ ადამიანები, ბოლოს და ბოლოს, სად მთავრდება ჩვენი გზა?.. ყოველივე ამის პასუხის უცოდინარობა საშინელება და დაუსრულებელი ტანჯვაა. ძიების საგანი - დიდია. მაგრამ იმის გაფიქრებაც, რომ ძიების საგანი სრულიად მიუწვდომელია, ყოველგვარ შთაგონებას მაკარგვინებდა და სასოს წარმიკვეთდა: ვფიქრობდი, - ეგებ ჯობდა, საერთოდ არ დავბადებულიყავი-მეთქი. გარეგნულად მშვიდად გამოვიყურებოდი, მაგრამ შინაგანი შფოთი არ მასვენებდა. არაქრისტიანულ ძიებებსაც კი ვერ გავექეცი, მაგრამ ის გამოცდილება სრული უკუნი იყო. როდესაც ექსპერიმენტები მივატოვე და მოვბრუნდი, ქრისტე შემეგება - უფალმა მითხრა: "ნუ გეშინია, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოან. 16:33). და კიდევ: "სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათ. 11:12). მაცხოვრის ამ სიტყვებმა ჩემს გულში ულევი შთაგონების ძალა დაამკვიდრა. სიძნელეების ძალიან არ მეშინოდა და იმ სიგიჟის შინაარს ვგრძნობდი, რომლის მიხედვითაც უნდა მემოქმედა და სოფელი მეძლია. ვიგრძენი, რომ "ის არის გზა", გადავწყვიტე, ქრისტეს გამარჯვება ჩემად მექცია. ყოველი ჩვენგანი ამისთვის უნდა იყოს მოწოდებული, და შესაძლოა, გარკვეულ მომენტში ჩვენ წინაშე დადგეს ამოცანა - სოფელს ერთპიროვნულადაც კი დავუპირისპირდეთ. განა არ მიატოვა ქრისტე ყველამ (იოან. 16:32), თვით მამამაც კი? (მათ. 27:46).

მალე ქრისტეს სწავლების უჩვეულობაც განმიცხადდა. ერთი მხრივ, ჩემს არარაობას ტკივილამდე განვიცდიდი; მეორე მხრივ, მე - ეს არარაობა, დაუსაბამოსკენ მივისწრაფოდი. ვგრძნობდი, რომ უფლისადმი ლოცვას მტკიცედ ეპყრა ჩემი ღვთისმაძიებელი - აბსოლუტს მიპყრობილი სული, ოღონდ არა ფილოსოფიურად და განყენებულად, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ სული, რომელიც ახლა უკვე ცოცხალი და პიროვნული იყო. მე უკვე არა მხოლოდ ცნობად ვიღებდი, არამედ გასაგები ხდებოდა, რომ უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემდეგ "ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯუენით მამისა", მე ვაცნობიერებდი, რომ ქრისტეშია სრული შესაქმე და რომ ჩვენი გზა იესოა.

ნათქვამია: "გეწოდოს სახელი შენი ღმრთისა მიერ უკუნისადმე, მშვიდობა სიმართლისა და დიდებაი ღმრთისმსახურებისა. აღდეგ, იერუსალემ, და დადეგ მაღალსა ზედა" (ბარ. 4:4-5). ჩვენ კი, ქრისტიანები, ღვთის მიერ მრავალგზის მეტად ვართ კურთხეულნი, ვიდრე ყველა წინასწარმეტყველი და მართალი, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდა დედამიწაზე. როდესაც ამ ჭეშმარიტებას ჩავწვდებით, მადლიერად შევღაღადებთ: "ნეტარ ვართ ჩვენ, ქრისტიანთა კურთხეულო მოდგმავ, ახალო ისრაელო, რადგან ღმერთმა თავად ინება ჩვენთან შეერთება იმდენად, რომ ის და "ჩუენ ერთ ვართ" (შეად. იოან. 17:21-23).

ზუსტად ამას ამოწმებს თავად უფალი, როდესაც ბრძანებს: "ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მრავალთა წინასწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა" (მათ. 13:16-17). მოციქული პეტრე წერდა: "რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თვისთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათვის გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად" (1 პეტ. 1:12). ხოლო პავლე მოციქული ამტკიცებდა, რომ მოციქულებს ქრისტეს საიდუმლოებათა შეცნობის ნიჭი სულიწმიდათი მიეცათ - "რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა სულითა წმიდითა" (ეფ. 3:5); იმისათვის, რათა მომხდარიყო ყოველი ხალხის "ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი" (ეფ. 3:8). ისევე, როგორც მოციქული პეტრე, მოციქული პავლეც მიუთითებს ამ საიდუმლოს ისეთ უსაზღვრო სიღრმეებზე, რომელიც ზეციურ უხორცო გონთათვის: უფლებათა და ძალთათვისაც კი, მხოლოდ ეკლესიის მეშვეობით არის მისაწვდომი: რადგან ჩვენი რწმენით გვაქვს, რწმუნება და საიმედო წვდომა ჩვენ უფალ იესო ქრისტეში (შეად. ებრ. 12:22-24): "ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი, რამეთუ ღმერთმან ჩუენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა, რაითა არა თვინიერ ჩუენსა სრულ იქმნენ" (ებრ. 11:39-40).

ჩვენი ლტოლვა უმაღლესი სიკეთისაკენ, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენთვის გზა ჩვენი ცოდვების ქვესკნელში ჩაძირვიდან იწყება. მონანიე მოციქულმა პავლემ ქრისტეს შესახებ თქვა: "ხოლო "აღსლვაი იგი" რაი-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთახდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათაი რომელი გარდამოხდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაითა აღავსნეს ყოველნი" (ეფ. 4:9-10). დაცემის შემდეგ ჩვენი გზაც სწორედ ასეთია.

ჩვენს ცნობიერებაში ჯოჯოხეთამდე ვეშვებით, რადგან იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ წინაშე მარადიული ადამიანის ხატი წარმოდგება, ჩვენივე დაცემულობის განცდა ჩვენთვის უფრო მეტად მწვავდება და ამ დროს, დიდი მჭმუნვარება გვეუფლება. სულიერი განცდები, რომლებზეც დრო არ მოქმედებს, ყოველგვარ ფიზიკურ სნეულებაზე მძიმეა. ასეთ განცდებში ზეციური დახმარება მხოლოდ უკიდურესად დაძაბული ლოცვით მოიღვაწება. ღმერთს ჩამოშორებული ვნებას დამონებულები სამშვინველის შიგნიდან უფალს უნდა ვევედრებოდეთ: "მოდი და დამიხსენი სიკვდილის ტყვეობიდან... მოდი და ჩემგან ყოველგვარი ბოროტება გააგარევე... მოდი და თავად შენ დაამკვიდრე ჩემში შენთვის სასურველი: რადგან მე რაიმე სიკეთის ქმნად უძლური ვარ: მე ტყვე ვარ საძაგელი ჯურღმულისა".

ბოროტებასაც და სიბნელესაც სხვაგვარად ამპარტავნება ჰქვია. უფალმა თავისი ქადაგება იქ - იმ მიწაზე დაიწყო, სადაც სინანულის მოწოდება ისმოდა. ბერძნული სიტყვა - - ჩვენი ცხოვრების-ადმი გონივრულ მიდგომაში რადიკალური ცვლილების შეტანას გულისხმობს, ეს არის ძველი მსოფლმხედველობიდან იკონოგრაფიული პერსპექტივით - "უკუქცევით" (სადაც ზოგიერთი წინა პლანზე გამოხატული სახეები ან საგნები, მათ უკან მყოფზე გაცილებით მცირე ზომისაა; რადგან ხატზე მთავარი ყოველთვის დიდად არის გამოსახული (რ. ჩ.)): მორჩილებასა და თვინიერებაში უფალს მიახლება; რადგან უკუნ სიბნელემდე სწორედ ამპარტავნებამ და სიამაყემ მიგვიყვანა. ასე იწყება ჩვენი სინანული, რომელსაც მიწიერ ცხოვრებაში არა აქვს ბოლო: დასასრული ზეცად ამაღლებულ ქრისტე-ღმერთს მიმსგავსება და სრულყოფილ მორჩილებაში - ჩვენი განღმრთობის აღსრულებაა.

როდესაც ღმერთი გვიხმობს, მაშინ მწარედ მონანული ლოცვა ყოვლისმშთანთქმელი ხდება. გონსა და გულში ღვთის წმიდათა წმიდას მიკვლევის წყურვილის გარდა აღარაფერი რჩება. და მოულოდნელად სასწაული ხდება: მოდის ის, რაზეც არ გიფიქრია, რაც არ გსმენია, რაც შენს გულშიც კი არასოდეს აღძრულა: ჩვენი ბნელეთის სიღრმე უქმნელი მზის სხივით ნათდება, როგორც დაწერილია: "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1 კორ. 2:9). ასეთი მზის ნათელის შესახებ შეიძლება კი რაიმე ითქვას? ის, უქმნელი ნათელი, გულს აცხრობს და აამებს; ახლის ჭვრეტით გონს განასწავლებს და აქამდე მომაკვდავი გული უხრწნელ ცხოვრებას ეზიარება.

ღვთის სიყვარულს სული დაჟინებით მიელტვის. ჩვენი ფსიქოლოგიური არსი, ამგვარ ლოცვას ეზიარება, მაგრამ მასთან მხოლოდ დრომდე - მისი შესაძლებლობების ამოწურვამდე შეიძლება იმყოფებოდეს. როდესაც მლოცველის წადილი ღმერთამდე აღწევს, გულს ცეცხლი ედება, ლოცვას ყველაფერი უცხო ჩამოშორდება და მიზანსწრაფულად ღმერთისაკენ მიემართება. ამ დროს მლოცველმა შეიძლება საკუთარი სხეულისა და მთელი გარემოს შეგრძნება დაკარგოს. არ შემიძლია, ზუსტად ავხსნა ეს როგორ ხდება, მაგრამ ვიცი, რომ ამ ზღვარს იქით გადასვლა ყველამ ვერ შეძლო. ბევრი მისულა აქამდე, მაგრამ შიშს მოუცავს და უკან დაუხევია. სხვებს, ლოცვით გატაცებულთ, ვერაფერი შეუგრძნიათ და მიწიერებას მოწყვეტილნი თვითშეუცვნელად ყოფიერების სხვა სფეროში ყოფილან "ატაცებულნი". ღვთის ხელი ამას ისეთი მოკრძალებით აკეთებს, რომ იმის მსგავსად, როგორც ადამიანი ჩაძინებას ვერ შეიგრძნობს, ისევე ვერ გრძნობს ამ ატაცებას. მხოლოდ ჩვეულ ყოფაში დაბრუნების შემდეგ ხვდება, რომ მისი სული გასცდა ჩვეულ მდგომარეობას და ღმერთს შეუერთდა. ამ მოვლენის შემდეგ ყველაფერი მიწიერი მყიფე და ძალიან დროებითია. პიროვნული სული კი თავისი არსებობის მიზანს ღმერთთან, ღმერთში და მარადიულობაში ღმერთთან ერთად ყოფნაში ხედავს.

ბეჭდვა
1კ1