ყველაფერი კარგია, რაც ღმერთმა მოგვცა
ყველაფერი კარგია, რაც ღმერთმა მოგვცა
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 11
ტრაპეზი
გაგრძელება

ყოველ გაზაფხულზე მუხლუხოები გამოჩნდებოდნენ ხოლმე ჩვენთან. ძალიან მეზიზღებოდა. იმდენი იყო, მოედებოდნენ ხესა და ბუჩქებს და თვალის დახამხამებაში შიშველ ტოტებს ტოვებდნენ, აუშნოებდნენ. ვნატრობდი, ნეტავ, როდის ამოიყრის კვირტებს, კვლავ როდის ამწვანდება აქაურობა-მეთქი.

მუხლუხოები უფრო მეტად ბერდიდისა და ჩემი კელიის გარშემო ფუთფუთებდნენ. როცა მათ ვხედავდი მთელი შიგნეული ამომიტრიალდებოდა ხოლმე და გული მერეოდა.

როცა საჭმელს ვამზადებდი, მუხლუხოები დახოხავდნენ და კერძში ცვიოდნენ - სამზარეულო არ გვქონდა და საჭმელს გარეთ, ქვებზე ვამზადებდით. ბერდიდმა თქვა:

- ხედავ, როგორები არიან ეს პატარა ცხოველები, განა ცუდები! ესენიც ცოცხალი არსებები არიან. რა არის აქ საშიში? ხორციანი საჭმელი გვექნება. ჩათვალე, რომ ლოკოკინების სუპი მოამზადე.

მე კი ვლოცულობდი, - შევცოდე, შემინდე, ღვთისმშობელო-მეთქი. აქედან გადასახლება თუ მოგვიწევს, ალბათ მუხლუხოებისა და ქარის გამო - მე ამ ორი რამის მეშინოდა. ერთხელ სუფრასთან ვისხედით და ერთმა ძმამ მითხრა:

- ნახე, თვალს როგორ ახარებენ?

- რადგან ბერდიდმა გვაკურთხა, ყველაფერი კარგადაა, - ვუპასუხე. ბერდიდი ყოველთვის ყურადღებით იყო. მან ძმას უთხრა:

- ჭამე და ნუ ყბედობ. ჩვენ ხორციან მაკარონს მივირთმევთ.

ძმამ განაგრძო:

- ეფრემ, ნახე, როგორი თავები აქვთ!

- მამაო, თუ შენ ამას კიდევ იტყვი, მაშინ აიღე ბარგი და აქედან წადი!

ის ადგილზე გაქვავდა.

- ეფრემ, მშვიდად ჭამე, ყველაფერი წესრიგშია.

მე ვხედავდი მუხლუხოებს, მაგრამ მაინც ვჭამდი. ძმას კი შემდგომში ვუთხარი: - ბერდიდთან ასე საუბრობენ-მეთქი.

მამა იოსები გვასწავლიდა, რომ თუ მოთმინებით გავუძლებდით გაჭირვებას, ღვთის კურთხევა მოვიდოდა.

ერთხელ მამა არსენმა თქვა, - ეს თევზი ბალახივითააო.

ბერდიდმა უპასუხა: - ყველაფერი კარგია, რაც ღმერთმა მოგვცა. შენი დრტვინვის გამო სამაგიერო მოგვეზღვება.

მართლაც, შიმშილობა ჩამოვარდა.

თავი XII. მარხვა
ეს საუბარი ყველიერის კვირაში მოხდა. დიდმარხვისთვის პირველად ვამზადებდი საჭმელს. ბერდიდმა მითხრა:

- მოდი აქ, დოყლაპიავ! იცი, რომ დიდმარხვა იწყება?

- დიახ, მამაო, ვიცი, ხვალიდან იწყება.

- თუ იცი, რას ნიშნავს წმინდა დიდმარხვა აქ მთაწმინდაზე?

- არა, მამაო, მაგრამ ყველაფერს შევასრულებ.

- გაუძლებ?

თუმცა ფეხებს ძლივს დავათრევდი, მაგრამ ვუპასუხე:

- თქვენი ლოცვებით შევძლებ. როცა ერში ვცხოვრობდი, დედაჩემთან ერთად ვმარხულობდი.

მისი მაგალითი ყოველთვის მეხმარებოდა მარხვაში, მღვიძარებაში, ცრემლებსა და ტირილში. ეს მართალი ქალი კვირაში სამ დღეს უზეთოდ მარხულობდა და საჭმელს მხოლოდ მეცხრე ჟამის შემდეგ იღებდა. საღამოობით, საათობით, მუხლებზე დამხობილი, ანთებული კანდელის წინაშე, სიბნელეში ლოცულოდა, ტიროდა, ქვითინებდა, თანაც ერში ცხოვრობდა ქმარ-შვილთან ერთად.

- თავი დაანებე შენს სოფელს, საცოდავო! აქ რას აკეთებ? აქ ისე ვერ მოიქცევი, როგორც სოფელში იქცეოდი და ისე ვერ იმარხულებ, როგორც კოლოსში მარხულობდი.

- რაც არ უნდა იყოს, მე ეს არ მაშინებს.

- აქ საჭმელი არ მომზადდება, არ იქნება პური, აქ მხოლოდ ორცხობილებია, ისიც შაბათ-კვირას და ცოტა. აქ მხოლოდ ფქვილის სალაფავია, მეტი არაფერი.

- დაე, მარტო ფქვილის საფლავი იყოს!

- თანაც ორმაგი კანონის, ორმაგი მოვალეობის, უფრო განგრძობილი ღამისთევის ლოცვის შესრულება მოგიწევს. პირველი სამი დღე საერთოდ არაფერს ვჭამთ. შემდეგ კი საჭმელად 25 დრამი (1 დრამი = 3,2 გ) ფქვილი გექნება წყალში გახსნილი, უშაქროდ, მარილით შენელებული. ჩვენ საჭმელს დღეში ერთხელ ვჭამთ.

- მე არ მეშინია.

- კარგი, ვნახოთ, თუ ეს მხოლოდ სიტყვები არ იქნება.

აი, ასე დავიწყეთ. საჭმელი არაფერი იყო - გამზადებულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. დღისით კი მძიმე სამუშაო გვქონდა. ყველაფერ ამას უდავოდ ჩვენთვის სულიერი სიკეთე მოჰქონდა. მე ისეთი ვიყავი, თითი რომ დაგეკარებინათ, წავიქცეოდი. სული რომ შეგებერა - ყირამალა გავფრინდებოდი, მაგრამ მაგალითს ბერდიდისგან ვიღებდი და გაუჭირვებლად ვმარხულობდი.

ღვთის წყალობით, ჩვენთან კლდეებზე ქვებს შორის რაღაც მცენარე გაიზარდა, ძალზე მადისაღმძვრელი შესახედაობისა. ბერდიდმა მიბრძანა:

- დაკრიფე ეგ ბალახი, რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა.

ბალახი მწარე იყო, ამიტომ მოხარშა და ფქვილში ამოავლო: - ამას მთელი კვირის მანძილზე შეჭამო.

პირველ დღეს საჭმელი ახალი იყო. მეორე დღეს ჩვენ ის ალუმინის ქვაბურაში ჩავდეთ და სარდაფში შევინახეთ. მესამე დღეს, როცა შევათბეთ, ქაფი მოიგდო, ბალახი ამჟავდა, რადგან ცხელოდა. ბერდიდმა მითხრა:

- ქაფდება - გადაქაფდება, შენ მას შეჭამ!

შევჭამე.

ყოველდღე პირველშეწირულის ლიტურგიას ვმსახურებდით. ორ ტარიგს შაბათს ვამზადებდით და სამს - კვირადღეს. ხუთ პირველშეწირულის წირვას ვიხდიდით, რათა ყოველდღიურად ვზიარებოდით.

ღამ-ღამობით ღამისთევის ლოცვას ვატარებდით, სკვნილს ვმარცვლავდით, ეზოში გამოვდიოდით, რადგანაც თბილი ღამეები იყო. მე ჩემს კალივასთან, სხვები - თავისასთან, დიდი სამასმარცვლიანი სკვნილებით.

ბერდიდმა დაინახა, თუ რაოდენ ახალგაზრდა ვიყავი და გაიფიქრა: "ეს მშიერი უნდა იყოს", მომიხმო და მითხრა:

- პატარავ! ხედავ, ზეგ მართლმადიდებლობის ზეიმი გვაქვს. ჩვენ რამდენიმე ზეთისხილი შევჭამოთ. ასე რომ, ეს იცოდე და ზეიმისთვის მოემზადე. შემდეგ მესამე კვირა ჯვრის თაყვანისცემის კვირაა. მაშინ ცოტაოდენ ზეთს მივიღებთ. შემდეგ დადგება ლაზარეს შაბათი. პირველი აღდგომა (ლაზარეს შაბათს ბერძნები ასევე პირველ აღდგომას ვუწოდებთ, წმინდა მართალი ლაზარეს აღდგომის გამო). შემდეგ უკვე დიდი ხუთშაბათი მოვა, როცა კვერცხებს შევღებავთ. ამას მოყვება დიდი შაბათი, როცა ჩვენ კვლავ ვეზიარებით. შემდეგ კი აღდგომას - ერთმანეთს კვერცხებს ჩავუჭახუნებთ".

ბერდიდმა ეს ყველაფერი გუნების ასამაღლებლად მითხრა. ალბათ ფიქრობდა, - გავამხნევებ, რომ დიდმარხვა მალე გავაო, მაგრამ მე არ ვფიქრობდი ამაზე, არ მაღელვებდა. ყველაფერს ისე ვიღებდი, როგორც ამას ბერდიდი მეტყოდა.


ბეჭდვა
1კ1