"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
 "იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
შეურყევლის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები
იესო ქრისტე - ცოცხალი ჭეშმარიტებაა: "მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი" (იოან. 14:6). ყველასაგან და ყველაფრისგან შეუზღუდავია დაუსაბამო ცხოვრება, ის არაფრით არის განპირობებული; მარადიულია მამასთან ერთად, მამისგან განუშორებელი და განუყოფელია. მისი სიყვარული და მისი ნათელი - მე ჩემი ცხოვრების ადრეულ წლებში შევიგრძენი. თუმცაღა უმყოფლობის უფსკრულში ჩაფლვას ვერც ამ მადლმა გადამარჩინა. მოწიფულობის ჟამს უმეცარი სიამაყით აღვსილმა უდიდესი ცოდვა ჩავიდინე: წარმოსახვითი ზეპიროვნული აბსოლუტით გატაცებულმა ჭეშმარიტება "მივატოვე". უარი ვთქვი ჩემი ბავშვობის ღმერთისადმი ლოცვაზე და მედიტირების პროცესი აბსოლუტურ ყოფიერების ძიებას მივაპყარი. მეჩვენებოდა, რომ სხვადასხვა ხილულ და უხილავ, გრძნობად და მოაზრებულ ფორმებთან დაკავშირებული შედარებებით ვიყავი გატაცებული. იმისათვის, რათა ყოველივე წარმავალით გატაცებას იქამდე მივეყვანე, სადაც ვიღაცის ან რაღაცის მიერ ცვლადსა და მერყევს ტრანსცენდირების ზღვარი აქვს დადებული, სრული არცოდნის ბნელეთისაკენ შეუპოვრად მივექანებოდი. იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეულ "მყუდროებაში" ვექცეოდი და ამ მდგომარეობით არაგრძნობად-ხორციელ სიტკბოებას განვიცდიდი. გამოუთქმელ, სრულად ტრანსცენდირებულ მყოფობა-არმყოფობაში ჩემს გონებას ნათლის სახით ვხედავდი. მარადიულობას მხოლოდ ამ ქვეყანიერებაში ვეძებდი. პარალელურად მთელი მონდომებით ვცდილობდი თითქმის ყოველგვარი ბუნებრივი მოვლენის სილამაზე ჩემს მხატვრობაში ამესახა. მაშინ ჩემი ცხოვრების ის პერიოდი ვიღაცას შეიძლებოდა სრული შთაგონების პროცესად მოჩვენებოდა, მაგრამ მე ამ დროს ვერანაირ სიყვარულს ვერ ვგრძნობდი: შემდეგ მივხვდი, რომ იმ დროს მე თავისებურად სრული "განსვენებული" ვიყავი და მეტაფიზიკური თვალსაზრისით ეს მდგომარეობა ნამდვილი თვითმკვლელობა იყო.

ამ სიყალბიდან თვითონ ვერასოდეს გამოვიდოდი, მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლო მომენტში, როდესაც ბრძოლის უნარი აღარ გამაჩნდა, უფალმა ხელი გამომიწოდა და გამომიხსნა. მაშინ ღმერთმა ჩემდამი საოცარი გულმოწყალება გამოიჩინა. მოხდა ისე, რომ ჩემს გულს, რომელსაც ძალიან დიდხანს უგულებელვყოფდი, უფალი ეწვია! ვერ ვხედავ გზას და ძალას, რომელიც საშუალებას მომცემს, გადმოგცეთ ის სულიერი პროცესები, რომლებიც მაშინ ჩემში განვითარდა. იმ დროს სრულიად მოულოდნელად და ნათლად დავინახე, რომ ჩემი ხელოვნურად ჩაფლვა განყენებულად გონიერ სფეროში, ყოველივეს საწყისის ნამდვილი პირველსაწყისის შემეცნებამდე ვერ მიმიყვანდა. ყველაფერი შედარებითით ჩემი ასკეტიკური გატაცება საშუალებას არ მაძლევდა, რეალურად დავახლოებოდი ძიების მიზანს და ჩემი მისტიკური პრაქტიკა უარყოფითი ხასიათისა გახლდათ. მე თურმე არა "წმინდა მყოფობას", არამედ მთელი ჩემი არსის სიკვდილისკენ, ჩემი პერსონალური საწყისის განადგურებისაკენ მივისწრაფოდი.

მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (ლუკ. 10:27) ­- სრულიად მოულოდნელად, ჩემი გონების წინაშე სახარებისეულ კონტექსტში აღიმართა: ვიგრძენი, რომ ღმერთთან შერწყმა მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი. მაშ რაღამ დამაშორა მე სახარებას: მე "მაშინ", იმ უცნაურ წუთს მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე სიტყვა "გიყვარდეს" უღირს ფსიქოლოგიზმად მომეჩვენა, "ახლა" ჩემს გულსა და გონებაში იგივე სიტყვა ჭეშმარიტების შემეცნებისკენ მიპყრობილი ნათელი გახდა: რეალური ერთობა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განხორციელდეს. სიყვარულის სახარებისეული გაგება უფრო ღრმა და შორს მიმავალია, ვიდრე ჩვენი ფსიქიკური ან ხორციელი სიყვარული. ჩემს გონებაში ჩემი ბავშვობის ღმერთი ასე დაბრუნდა ნათელის სახით.

ქრისტიანული ცხოვრება ორ: ღვთაებრივ - მარად ერთიან, და ადამიანურ - მერყევ ნებათა შესაყარზე ერთიანდება. ღმერთი ადამიანს მრავალგვარად, სხვადასხვა გზით წარმოუდგება. ის მოთმინებით გველის, ადამიანის ნების წინააღმდეგ არასოდეს ძალადობს. თუ მის მოახლოებას სიყვარულით ვხვდებით, ჩვენს პიროვნულ სულს, ის კვლავაც მშვიდად და თავმდაბლად ეწვევა. როგორც ქრისტიანული რწმენის ისტორია გვიჩვენებს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ უფალი ადამიანს დიდი ნათლის სახით წარუდგეს. როდესაც ადამიანის პიროვნული სული ქრისტეს სიყვარულს ნათელი სახით დაინახავს, ის ნათლისკენ, ანუ მისკენ მიილტვის; ამ დიდ სურვილზე მას არ შეუძლია და არც სურს უარი განაცხადოს. მაგრამ უფალი "ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს", ციდვიანობის გამო მასთან მიახლოება ყოველთვის მტკივნეულია. თუმცა, ჩვენი დაცემული ბუნებისათვის ტკივილთან განშორება ბუნებრივია; და ამიტომ მუდამ ვმერყეობთ - არ ვიცით, გავყვეთ უფალს თუ არა. მეორე მხრივ, საშინელებაა მისი ნათლის მიღმა დარჩენა. ასევე დადგა საჩოთირო არჩევანის წინაშე ჩემი სულიც: არ ვიცოდი, დავრჩენილიყავი სიყალბეში, შევრეოდი ამასოფლის სინამდვილეს და ჩემთვის ხრწნადობის საბოლოო განაჩენი გამომეტანა, თუ მიმეღო ის საშინელი მოწვევა, რასაც ქრისტე მთავაზობდა. როდესაც მეორე ავირჩიე, მაშინ მოხდა ჩემი აღდგომა, და იმ ცხოვრებაში გზაზე გადავედი, რასაც ცოცხალ ღმერთში ცხოვრებისაკენ მომავალი გზა ჰქვია.

უფალმა იცის, რა დიდი იყო ჩემი შიში, როდესაც ამ აღსარებას ვწერდი. ჩემი ცხოვრების ბოლოს შემიძლია ვთქვა, რომ 33-ე ფსალმუნის სიტყვები: "მან გლახაკმან ხმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იხსნნეს იგინი. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას. გეშინოდენ უფლისა, ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა" (ფსალმ. 33:7-10). ძნელია და არც სასიხარულოა დაინახო საკუთარი "სიგლახაკე" და შეიგრძნო შენი სიბრმავე. უდიდეს ტკივილამდე ისმინო სიკვდილის განაჩენი იმის გამო, რომ ის ხარ, რაც ხარ. თუმცა ჩემი შემოქმედის თვალში ნეტარი სწორედ იმის გამო ვარ, რომ შევძელი ჩემი არარაობა დამენახა (მათ. 5:3). დიდია მადლი, რადგან ეს სულიერი ხილვა "ცათა სასუფევლის" ჩვენთვის გახსნას უკავშირდება. იმისათვის, რომ ჩემი პიროვნება უფალს შევადარო, მე ქრისტე, "როგორიც არის", ისეთი უნდა ვიხილო, რადგან სწორედ ამ შედარებამ უნდა დამანახოს ჩემი "არა-რაობა". დიდი იყო და ახლაც დიდია ჩემი ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ, თუ ჩემ წინაშე არ არის მისი წმინდა ხატი, მე არ შემიძლია საკუთარი თავი მესმოდეს. მეორე მხრივ, ჩემში სწორედ ამ საშინელი შეგრძნებიდან აღმოცენდა ჩემი უკიდურესად სასოწარკვეთილი ლოცვა. მე ამ ლოცვამ ზღვა ცრემლი მომცა. მაშინ ჩემი გაჯანსაღების ვერანაირ გზას ვერ ვხედავდი; მიმაჩნდა, რომ ისეთი სახიჩრობა, რაც მე ვიყავი, არ შეიძლება ღვთის გვერდით იყოს.

და სწორედ ეს გადარეული ლოცვა, რომელიც მთელ ჩემს არსს ზარავდა, მაღალ ღმერთს იზიდავდა, და ჩემი არარაობის სიბნელე სწორედ მისი ნათლით განათდა. ღრმა მდუმარებაში მომეცა მისი მაღალი სიკეთის, მისი მაღალი სიბრძნისა და მაღალი სიწმინდის ჭვრეტის საშუალება.

ჩემი უიმედობის ჯოჯოხეთი ზეციურმა თავის დაღწევამ გააქარწყლა. ჩემში ახალი ძალები, სხვა თვალსაზრისი, სხვაგვარად მიყურადება დამკვიდრდა. აღმქმელობით შესაძლებლობებს ენით აღუწერელი ბრწყინვალების ხილვის უნარი შეემატა. მაგრამ ეს შესაძლებლობები ჯერ "ჩემი" მაინც არ იყო: ეჭვები და რყევები ჩემს მყოფობაში არ იყო დასრულებული - მეკარგებოდა ზეყოფიერი ციალი და ისევ ჩემს სიგლახაკეს ვუბრუნდებოდი. მიუხედავად ამისა, უკვე ნათლად მქონდა გაცნობიერებული, რომ მარადიული რეალობაა ქრისტეს წმინდა ზეციური სასუფეველი და ეს რეალობა მხოლოდ ლოცვის ხანგრძლივი ღვაწლით მოიპოვება, არ მავიწყდებოდა, რომ: "დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაით ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათ. 11:12).

ლოცვა-კურთხევას უნდა ვწირავდეთ უფალს, როდესაც ის, ერთი მხრივ, როგორც ცხადი და სამუდამო მოხმობა, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ენით აღუწერელი ღვთაებრივი ნათელი, გამოგვეცხადება. წმინდა წერილი მარადიული სატანჯველის შესახებაც საუბრობს, თუმცა რა იგულისხმება ამ სიტყვებში, ჯერ არ ვიცით, არც ის ვიცით, რა სახისაა ამ ქვეყნიდან ჩვენი გასვლის შემდეგ მოსალოდნელი სატანჯველები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა წერილი კვლავაც შემდეგნაირად გვაფრთხილებს: "ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი" (მათ. 8:12). მეც ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ მარადიულ სატანჯველში ისეთი ჯოჯოხეთი კი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბნელი და ბილწი არსებები, ცოდვილებს სადღაც ჯურღმულში ცოცხლად შეწვავენ, ეს ადამიანის ცოდვიანობის თანმდევი წარმოდგენაა, არამედ უფალი კვლავაც გვაფრთხილებს, რომ თუ ღირსნი არ ვიქნებით, ვერ შევალთ სიყვარულის ღმერთის წმინდა სასუფეველში. ამაზე ცუდი რა უნდა იყოს?

შემდეგ: "შეურყევლის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები"
(გაგრძელება)



ბეჭდვა
1კ1