"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
მორწმუნე, რომელიც იესო ქრისტეს ჭეშმარიტ შემომქმედად და კაცთა მოდგმის ცოდვის ტყვეობიდან გამომხსნელ ღმერთად შეიგრძნობს, სინანულში ჯოჯოხეთსაც დაინახავს
და სხეულებრივად აღსრულების ჟამს აღდგომასაც იხილავს. აღსარება გონებრივი, ანუ სამყაროში მიმდინარე მოვლენებისადმი და ყველაფრისადმი რაც ჩვენთან არის დაკავშირებული, მხოლოდ ჩვენი ინტელექტუალური დამოკიდებულების შეცვლის პროცესი არ არის. ეს არის ცვლილება, ამ ცვლილებას თან სდევს ღმერთისა და მისი სიწმინდის წინაშე საკუთარი ცოდვიანობისა და ღმერთის სიწმინდისაგან დაშორებით გამოწვეული ტკივილი და გულითადი სინანული. არ არსებობს უფრო დიდი მწუხარება, ვიდრე ამგვარი შეგრძნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ პიროვნებას ყველაზე და ყველაფერზე უარეს არსებად მიიჩნევს. ყოველგვარი მიწიერი განცდა დროებითია, მაგრამ დროებითი არ არის ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან. როდესაც მარადიული სულიერების სივრცეში აღმოვჩნდებით, საკუთარი ცოდვიანობის სიძულვილი გაგვიძლიერდება და ჩვენში წარმოქმნილი ვედრების გრძნობა თავდავიწყებულ ლოცვაში გადაიზრდება.

ღვთაებრივი რეალობების ჭვრეტა მხოლოდ იმდენად არის შესაძლებელი, რამდენადაც კონკრეტული ადამიანის პიროვნული სული ღმერთთან იქნება მიახლოებული და მოცემულ მომენტში მისი მდგომარეობა რამდენად იქნება ღვთაებრივი პიროვნების ჭვრეტის შესაბამისი. მართლაც: როგორ უნდა შეძლოს საკუთარ სამშვინველში ამპარტავნების ბრჭყალებით შებოჭილმა პიროვნებამ თვინიერი სულის დატევა? ანდა, შესაძლებელია თუნდაც "ერთი მცირეთა ამათგანი", რომელსაც, როგორც მამის სახეს "ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ" (მთ. 18:10) გეჯავრებოდეს და ღვთაებრივ სიყვარულს ქადაგებდე? ამრიგად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი ღმერთის უკვდავი დიდებისა და მიუაჩრდილებელი ღვთაებრივი ნათლის ხილვას, თუ მას ეს ნიჭი სულიწმიდის მადლით მიეცემა.

ღმერთთან ყოველი ჭეშმარიტი შეხვედრა უფლის მიერ ადამიანისთვის გაღებული ის მადლია, რომელიც ჩვენ ღვთაებრივი ცხოვრების: სიმდაბლისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მადლმოსილების მოზიარედ გვაქცევს. ჩვენში უქმნელი ძალის დამკვიდრებით დაუსაბამო ცხოვრების მონაწილენი ვხდებით. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც ადამიანი (არა თავისი არსით, არამედ ღვთაებრივი მადლით) დაუსაბამობას ეზიარება.

ამქვეყნიურობის ფარგლებში მოქცეული გონებითაც უნდა ვცდილობდეთ ჩვენს აზროვნებაში, განცდასა და ვედრებაში ქრისტეს მივემსგავსოთ, რადგან დაწერილია: "იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს" (ფილ. 2:5), "რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო" (ებრ. 5:7).

იქნებ საჭიროა ისიც ითქვას, რომ ისეთი გარე დამკვირვებლისთვის, ვინც ქრისტიანულ ცხოვრების არსს არ მიახლოებია, წვდომით მოპოვებულ უქმნელ ნათელში მნიშვნელოვანი არაფერია. ძონძებში გამოწყობილი მორწმუნე უფრო უდაბნოში მცხოვრები ასკეტია, რომელიც თავისი ფიზიკური გარეგნობით, ამაქვეყნის ძლიერთათვის უბადრუკი, სრულიად დაუცველი არსებაა, მაგრამ შინაგანად ის ჭეშმარიტი ბუმბერაზია, მისი სამეფო ზეცათაგანია და არ არის ამის სოფლისაგანი.

დასაწყისში სინანულისათვის სიმწარის შეგრძნებაა თანმდევი, მაგრამ ძალიან მალე მორწმუნე დაინახავს, რომ ის ცხოვრების ახალი ენერგიით აღივსება და ეს ძალა მის გონებაზე სასწაულებრივ გავლენას მოახდენს. თავად მონანიე მდგომარეობა ღმერთთან სიყვარულში მიახლოების პროცესად წარმოგვიდგება. პოროვნული სულის წინაშე სულ უფრო ნათლად ვლინდება პირველქმნილი ადამიანის ენით აღუწერელი სრულყოფილება. როდესაც ამ ბრწყინვალებას შევცქერით, დაახლოებით გასაგები ხდება ცოდვიანობის გამო, როგორ დაეცა და განადგურდა სამყაროს შემომქმედის ჩვენთვის არსებული იდეა. უფლისა და მამისგან მომავალმა ნათელმა "გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე" (2 კორ. 4:6). თავად იესომ ამის შესახებ ბრძანა: "ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა" (იოან. 6:44). სინანულის მადლით, ჩვენში არსებულ ძე ღმერთის ხატს ჩვენვე მოვიკვლევთ. ო, რა მტკივნეულია ეს პროცესი. სასტიკმა მახვილმა ჩვენს გულში თავისი გავარვარებული წვერით უნდა გაიაროს. და როგორ უნდა ვთქვა იმ თავზარის შესახებ, რომელიც ამ დროს დაატყდება ადამიანს? და როგორ უნდა აღვწერო ის აქტი, რომლის დროსაც ღმერთი ჩვენს კვალად გებას განახორციელებს? მამასთან ძისა და ლოგოსის ერთარსობა ჩვენში ყველაფრით მასთან მიმსგავსების დიდ სურვილს იწვევს და ჩვენ კვლავ პარადოქსულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით: ვიტანჯებით, მაგრამ იმის გამო, რაც აქამდე ჩვენთვის უცხო იყო. ჩვენთვის ეს ტანჯვა შთამაგონებელია და არა მომაკვდინებელი. ამ ტანჯვას თან უქმნელი ძალა ახლავს. ჩვენ ვიძირებით ღვთაებრივ მიუწვდომლობაში, ჩვენ განცვიფრებულები ვართ იმით, რაც ჩვენში ხდება. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მოვლენა რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენზე მეტია. ცნობიერებაში ჩვენ ვიბუზებით, ვიკუმშებით, უკიდურესად ვცოტავდებით და ამ დროს სახარებისეული უძღები შვილის მომლოდინე მამის მსგავსად (ლკ. 15:20), უფალი მოდის და გვეკონება. შიშისა და ძრწოლისგან ვთავისუფლდებით და ჩვენში თავის ადგილს "ღმერთით გაოცება" იკავებს. ის გვმოსავს უძვირფასესი შესამოსელით; მრავალგვარი მაღალი ნიჭით გვამშვენებს. ამ ნიჭთაგან ყოვლისმომცველი და ყოვლად უბადლო სიყვარულია. ასე გარდაიქმნება ჩვენი პირველი აღმსარებლობითი ტკივილი სიხარულად და სიტკბოებად; სიყვარული ახლა უკვე ახალი სახით ვლინდება, ეს არის ღვთაებრივი ნათლის მიღმა დარჩენილი ყოველი არსის მიმართ აღძრული თანაგრძნობა.

დიდია აღტაცება კიდევ იმის გამო, რომ ჩვენს მიმართ არსებული ღვთის ნების შემეცნებას ვიწყებთ; ღვთაებრივ შემოქმედებით პროცესს პიროვნულად ვეზიარებით; როდესაც საქმე დაცემიდან ჩვენს წამოდგომას შეეხება, უფალთან ერთად ვმოქმედებთ და აი, ღმერთი თავისი საქმის "თანამონაწილეებად" გვაქცევს. ამგვარია სინანულში ჩვენი პიროვნული სულის აღორძინების გზა.

უფალმა თავის მიწიერ ცხოვრებაში, განხორციელებული მძიმე ცრემლისღვრით მოიპოვა ადამიანური უკვდავება, მისი რიდი და გოდება ის საფუძველი გახდა, რის გამოც იქნა შესმენილი; მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ძეა, მაინც მძიმე ტანჯვა-წამებით, ტკივილითა და სრული მორჩილებით დაამტკიცა თავისი და ღვთის ყოველი ერთგული ადამიანის მორჩილება და ამგვარად განახორციელა მათი სამარადჟამო გამოხსნა... ამის შესახებ ჩვენ ბევრი საუბარი გვმართებს, მაგრამ ძნელია ქრისტიანული ცხოვრების სიღრმეები გასაგებად აუხსნა მოყვასს, თუ მას ამ საკვირველ სფეროსთან ურთიერთობის გამოცდილება არ გააჩნია (შეად. ებრ. 5:7-11).

"ვისაც ყური აქვს", იესო ქრისტე "ყველა მისი გამგონისათვის" ერთადერთ გზად გადაიქცა და ყოველ მორწმუნეს შეუძლია ლოცვაში ქრისტეს მაგალითით ისარგებლოს. რა შემიძლია ვთქვა მე, კაცთა შორის ყველაზე მცირემ? ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე "მე ვლოცულობდი ტირილით". ქრისტეს მცნებებით ჩემს შეცოდებებს განვიხილავდი და ასეთ ლოცვამდე მივდიოდი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მტანჯველ სიმწარეს აღუწერელ უფსკრულში გადავყოლივარ... შემდეგ ეს ჭირი უკან იხევდა და მაშინ ვივსებოდი ნათლითმოსილი სიყვარულით. ვფიქრობდი, რომ ეს სიყვარული სამუდამოა; მეჩვენებოდა, რომ ვიწექი გადასასვლელში "თვით ფარდის მიღმაც" (ებრ. 6:19), საიდანაც ჩემ მიერ მიტოვებულ მიწაზე დაბრუნებაც კი აღარ მინდოდა. უფალს არ სურდა ჩემი წაყვანა.

მრავალჯერ გამხსენებია მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც ცეცხლმოკიდებული მაყვლოვანის ხილვის შემდეგ ეგვიპტეში გაიგზავნა და შემდეგ მთელი ორმოცი წლის მანძილზე სხვადასხვა სახის ვნებებით იმათგან იტანჯებოდა, ვინც უნდა გადაერჩინა; უნდა გამოეხსნა ისინი, ვისაც თავად არ ჰქონდა ამის სურვილი. როდესაც ამას ვამბობ, ცხადია, მე არც წინასწარმეტყველებს, არც მოციქულებს და არც დიდ მამებს არ ვედრები, მე მხოლოდ ანალოგიის ისეთ მცირე ელემენტს ვხედავ, რომლის გარეშეც გზის გაგრძელებაც შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთმა თავისი სიმდაბლის გამო არ მიმატოვა, უფრო მეტიც, ის საშუალებას მაძლევდა მის უქმნელ ნათელს დავკვირვებოდი. ჩემს ცხოვრებად ქრისტე გადაიქცა; მე იესო მთელი გულით შემიყვარდა და მასთან ვერანაირი პარალელის გავლება ვერ წარმომიდგენია: ერთადერთი უფალი და ღმერთი ჩემთვის ის არის. თითქმის დაუოკებლად მტკივა გული და უამრავი ჩემი შებრკოლების გამო მუდმივად ვშიშობ, მისი გულმოწყალება არ დავკარგო. მასთან ბევრი დავის, ჩემი ჯვრის მრავალჯერ მიტოვების მცდელობის მიუხედავად, მე მაინც მას, ქრისტეს ჯვარს ვეამბორები და ავად თუ კარგად, მაინც ვატარებ ჩემს ჯვარს (შეად.: "მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე" (მათ. 16:24).

და ახლაც ვადიდებ ჩემს უფალს, რომელმაც მომმადლა მე მწარე სინანული და აღსარებაში აღორძინება.

გაგრძელება იქნება

ბეჭდვა
1კ1