აღსარება ნაშობია სინანულისა, ხოლო სინანული შედეგია ცოდვის უარყოფისა
აღსარება ნაშობია სინანულისა, ხოლო სინანული შედეგია ცოდვის უარყოფისა
მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის
VIII
ბაგენი მწყევარნი ვერ ეღირსებიან მადლსა ლოცვისასა , რამეთუ სადაცა არს წყევა, მუნცა გინებაა, ხოლო ორნივე ესე სდევნიან სულსა წმიდასა და აღაოხრებენ მოგებულსა ნაყოფსაც და თან ყოველი სიტყვა წყევისა, რისხვით მოიქცევიან მწყევართა ზედა.

***
ვითარცა ბნელი შედეგია ნათლის გაშორებისა, გინა მიფარვისა, აგრეთვე წყევლა-გინება განშორებაა ღვთის მადლისა, მიფარვაა ნათლისა, გამხეცებაა და ყოვლად დაცემულ ზნეობით ღირსების შემარცხვენელი თვისებაა.

***
ენის დაუცველად, წყევლა-გინებით და უშვერ სიტყვების მბორგველი მონაზონი სრულიად უვიცია თავის დანიშნულებისა. უზრდელი, თავის პატივის ამხდელი და მონაზონებრივის მაღალ სავალდებულო ზნეობის წინ ყურ-მოჭრილი მყეფავი ძაღლია. მას არა ესმის საშინელი ბრძანება მაცხოვრისა: "სიტყვითა შენითა დაისაჯოო".

ცუდ ენოვანი მონაზონი კრებულის მაშფოთარია და სული მშვიდობისა, გინა სული ქრისტესი მას ზედა არ განისვენებს. ენა მისი აღლესულ არს ორ-პირ მახვილად, და აღვირ-აშობილი დაუცადებელად რბის მიმოთქმად და მიმოთესვად კრებულში შფოთის გამომწვევ ბოროტ სიტყვებისა, რომლისათვის იტყვის მაცხოვარი: "ვაი, კაცისა მის, რომლისაგან საცთური მოვიდეს".

***
სული უკეთურებისა დამკვიდრებულ არს იმ მონაზონში, რომელიც მიმოცუნდრუკობს მაბეზღარ სიტყვების არა მკითხველ მეამბეთ-და უფრო დამატებით გაგონილისა თვით აფერადებს სიტყვებს უკეთურებით, რათა მსმენელნი აღძრას მრისხანებითა, რათა განადიდნეს ორ-მოპირდაპირეთა შორის სიძულვილი და განხეთქილება. ასეთი ეშმაკის ჭურ-მოენე მაბეზღარ მონაზონებისგან დიდი შფოთი, განხეთქილება, სიძულვილი და მტერობა დგება. "უმჯობეს არს მათდა დამოთუიკიდონ გულსა ზედა ლოდი წისქვილისა და შთავარდნენ ზღვაში, ვიდრე დაბრკოლება მრავალთა სულთა". ასე ყვედრის მაცხოვარი.

***
ყოველ ღონეს ხმარობენ ერთგული მოძღვრები ასეთების განსაკურნებლად, მაგრამ ვითარცა სამოსელი შეიმოსეს წყევლა-გინება და ენის მიმოტანა, ამისთვის მოისმენენ იგინი წინაშე ღვთისა მოძღვართაგან, მსგავსად ისაია წინასწარმეტყველისა: "ვკურნებდით მათ და არა ინებეს".

IX
"სული გულს მოდგინე არს, ხოლო ხორცნი უძლურ". ასე ახასიათებს მაცხოვარი ჩვენის სულისა და ხორცის ბუნებურ თვისებათ.

სული, როგორც ღვთაებურის თავისუფლების ხატი მიისწრაფის სათნოებისკენ, მაგრამ ხორცი, როგორც ნივთი დაღმართ მსრბოლი, კრულ-ყოფს სულსა დამძიმებითა, რათა შთააგდოს მოწყინების დილეგში.

***
მოწყინება ლოდია ქვე დამძირავი გულს-მოდგინებისა და კვამლია, გინა ნისლი სულის საბნელო. მოწყინება დედაა უსასობისა და კეთილ მისწრაფების დამხსნელი, მტერია წინ სლვისა და საღმრთო მოღვაწეობის ჩვეულებათა უარმყოფელია.

***
მოწყინება და გულს-მოდგინება ერთმანეთის მოპირდაპირე მტერია. რა საკვირველია, მოწყინებას უფრო აქვს გავლენა თვისთა თანა, რომელ არს ხორცი და ბუნებაც ეწევა მას. ხოლო სული, მარადის მაიძულებელი მძიმე ნივთის ამოძრავებისა, საჭიროებს დღე და ღამ გულს-მოდგინებას, რათა აიძულოს სიზარმაცის მოყვარული ხორცი ესე, რომლის მაიძულებელთათვის დიდებული ესე სიტყვა სთქვა უფალმან:

"სასუფეველი ღვთისა იიძულების და რომელთა აიძულონ, მათ მიიტაცონ იგი". სიტყვა მაცხოვრისა უტყუველ არს: "ცა და ქვეყანა წარხდეს, ხოლო სიტყვანი ჩემნი არა წარხდეს". მაშ გვიხაროდენ, ძმანო, და სიხარულით ვაიძულოთ თავნი ჩვენი, წინააღმდეგ მოწყინებისა, და გარეგან ღვაწლისა და შრომას გულ გრილად ნუ ვეპყრობით, ვისმინოთ პავლეს სიტყვაცა: "მდუღარე იყვენით სულითა". ამ სიტყვებით იგი გვაქეზებს მოწყინების და ნელ-თბილობის წინააღმდეგ და ხასიათს გვიფრთოვანებს, რათა არა მომდოვრებულნი სულითა, მივეცნეთ სამარადისო ძილს.

X
ზოგი-ერთ მოღვაწეთა შორის ერთ სამარცხვინო თვისებას ვხედავთ. რომელ არს მაჩვენებელობა. ეს მართლა სამარცხვინო მოქმედება ემართებათ ჭკუით სუსტ ადამიანებს; ამას იქმან მისთვის, რომ აქონ და ადიდონ, და არა უწყის საცოდავმა, რომ შეამჩნევენ თუ არა მაჩვენებლობით კაცთა წინაშე თავ-მოსაწონად მოქმედებას, ყველა ზიზღის თვალით აითვალწუნებს მის საქციელს.

***
ისმინე, გულთა მხილველის წინ მოღვაწეო ძმაო, რამეთუ მაჩვენებლობა ოცნების შექცევაა და თავის აჩრდილის თაყვანისცემაა, ბავშური სახლის შენებაა, რომელსაც ბავშვი თვითვე არღვევს წამსავე. უბადრუკი მონაზონიც შრომობს და ნაშრომს არღვევს.

***
ქარაფშუტა მონაზონო, რომელიც ხარ მაჩვენებლობის ჰაერით გატაცებული, არა გესმისა სიტყვა მაცხოვრისა: "ეკრძალენით ქველის საქმესა (მოღვაწეება საღმრთო) თქვენსა, რათა არა ჰყოთ წინაშე კაცთა, სახილველად მათდა, უკეთუ არა, სასყიდელი არა გაქვს. ხოლო რაჟამს იქმოდე კეთილ საქმესა, ნუ ქადაგობ (ნუ აღიარებ) წინაშე შენსა, ვითარცა იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა და უბანთა ზედა, რათა იდიდნენ კაცთაგან, ამინ გეტყვი თქვენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი" და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა იგი ორგულნი, რამეთუ უყვარან შესაკრებელთა შორის ლოცვა რათა უჩვენონ კაცთა. ამინ, გეტყვით თქვენ მიუღებიეს სასყიდელი მათი". გესმოდეს, საწყალო მონაზონო, სამაჩვენებლო შრომა შენი წყლის ნაყვაა მხოლოდ და მეტი არაფერი.

***
ერთ ასეთ მაჩვენებლობითი მოქმედებად უნდა ჩაითვალოს სკვნილის კაცთა სახილველად ხელით ტარება. სკვნილით ლოცვა თავის კელიაში ღირსი და პატივ-სადებია, როგორც პახუმის მიერ განწესებული და თან მარტო მგზავრობაშიაც ფარულად კეთილ არს მით ლოცვა. აგრეთვე უკეთუ მწიგნობარი, მეფსალმუნე არ შეგხვთება, მაშინ ეკლესიაშიც ცისკრად შეუძლიათ ლოცვა სკვნილით შეასრულონ, თითოეულმა, მიმორთმევით, რაოდენჯერ არს ჩაწევა განწესებისაებრ. გარეშე ამისა კაცთა წინაშე სკვნილის ტარება სახილველად მათდა და თითთა ქნევით ჩაწევა სკვნილისა, იგივე მაჩვენებლობაა, რასაც მაცხოვარი ამბობს: "უყვარან შესაკრებელთა შორის ლოცვა, რათა უჩვენონ კაცთა" - აჰა, მე ვლოცულობ. ზოგიერთის თითთა ქნევას და მსწრაფლ სკვნილების გადარბენას "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილის" თქმა კი არა, მარტო "უფალოს" თქმასაც ვერ მოასწრებ. ნეტა რის მაქნისია ასეთი სკვნილის თამაში კაცთა წინაშე, თუ არა თავის მოტყუება!..

XI
აღსარება ნაშობია სინანულისა, ხოლო სინანული შედეგია ცოდვის უარყოფისა. აღსარება არის მწუხარების გასაქარვებელი მოთხოვნილება, ე.ი. ადამიანს თუ რამე აწუხებს და უჭირს გულში, უსათუოდ მოუსვენარია იგი და გული მისი ეძიებს მის მოშორებას, აღმოგდებას და ამგვარად შეწუხებული პოვებს ვინმეს გულ-სანდოს და უზიარებს მას თვის ჭირ-ვარამს. ეს აუცილებელი მოთხოვნილებაა და ბუნებური კანონიცაა. ყოველ მორწმუნეს გულში ცოდვას აქვს დიდი გავლენა, რის გამო სინდისი სტანჯავს მას და ამის გასაქარვებლად მიმართავს იგი სულიერს მამას, რომლის წინაშე აღსარებით გრძნობს დიდ-აღსუბუქებას.

***
ვინც უნდა იყოს აღმსარებელი, ეპისკოპოზი, გინა მიტროპოლიტ-პატრიარქი, მოვალეა იგი დიდის სიმდაბლით დაიჩოქოს ხატისა და მოძღვრის წინაშე, თუნდაც უბრალო მღვდელი იყოს, და ხელ-დაკრეფილმა მოწიწებით აღიაროს ცოდვები, რადგან ცოდვა ხარისხს არ ეპატიება, არამედ სინანულს და რამეთუ დიდ-მოხარისხე უფრო დიდ-პასუხგებაშია. "რომელთა მიეცა დიდად, დიდადცა მოეხადოს". ამისთვის მოეთხოვება დიდ პირებს მეტი სინანული და თავის დამდაბლება მოძღვრის წინაშე, რომლისგან შენდობის წაკითხვაც დიდის რწმენით უნდა მიიღოს.

***
ზოგი-ერთი ადამიანი აღსარების თქმაშიც თავს იმართლებს და სხვის ბრალდებით ათავებს მისი უთმინოების სიგლახეს. ამას აღსარება არა ქვიან, არამედ იგივე ცდომა, იგივე უგულის-ხმობაა. აღმსარებელი ისე უნდა მოეპყრას თავს, როგორც მტერს, არა ადამისებრ სხვის მიზეზად მაჩვენებელი, არამედ ყოველსა შინა სცნოს თავი ბრალდების ქვეშე.

აღსარების თქმის დროს წელ გამართულად, ხელების გულზე დაკრებილად და ცოტა თავ-დახრით შვენის თქმა ცოდვებისა, არა მრავალ ბარგების მოყოლით ე.ი. მუსაიფობით, არამედ გარკვევით მხოლოდ ცოდვების თქმაა საჭირო, რომლის დროს უნდა გქონდეს ყურადღება არა მიმალვად სირცხვილის გამო, არც დახელოვნებით ბუნდოვანად რამე გადაკვრით უკეთუ ესრეთ ვიქმოდეთ, სასჯელი გაგვიორკეცდება და უკურნებელი გამოვალთ.

***
ოლარის ქვეშ აღსარება სხვა და სხვა მოძღვართან ცბიერობაა და ნაცვლად მადლის მიღებისა, ცოდვის მიმოპარვაა, მით რომ ხან ერთს უმალავ და ხან მეორეს. კანონი უარს ამბობს ბევრი მოძღვარის ყოლისათვის. რაც უნდა უსწავლელი იყოს მოძღვარი, სანამ ახლოს არს შენთან, ნუ გამოცვლი მას აღსარების მხრივ და ნურც მის მეტს დააყენებ, ხოლო სულიერ ხელ-მძღვანელობა თუ მას არ შეუძლია, მაშინ შეგიძლია კერძო საიმედო პირებსაც უოლაროდ რჩევისათვის მიმართო, რომელსაც გულ-სავსებით ენდობოდე და წამებდე მათში ცხოვრების გამოცდილებით სულიერ მსჯელობას. რამეთუ დიდი ხიდია მსოფლიო ცხოვრების ზღვაში უვნებელად განსასვლელად, გამოცდილ მამათა მიერ რჩევის მიღება: "კითხე მამათა შენთა და გაუწყონ შენ და მოხუცებულთა (ე.ი. გონებით მხცოვანთა) მიგითხრან შენ". მხოლოდ შენ უნდა აუცილებლად შეიწყნარო მისი რჩევა.


ბეჭდვა
1კ1