"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

 

ჩვენი უფალი "ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა" (1 ტიმ. 6:16). ის უცვალებელად ჩვენგან დაფარულ ღრმა იდუმალებაშია დავანებული. ეს იმ შემთხვევაშიც ასეა, როდესაც ჩვენ მის სიახლოვეს ან მისით სისავსეს შევიგრძნობთ. მაგრამ ღვთის მსგავსებად ქმნილი ადამიანიც იდუმალებითაა მოსილი. შესაბამისად და რადგან უფალმა ბრძანა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (მათ. 28:34), არ უნდა ცხრებოდეს სწრაფვა და წადილი, ამ მოწოდების ღრმად შესწავლისა.

 

ღმერთი ყოველ საწყისთა საწყისია და აბსოლუტური მყოფობაა. ადამის შთამომავლობას უფალი გამოეცხადა, როგორც "მე ვარ", ანუ როგორც პირი, როგორც იპოსტასი, - როგორც პერსონა: "და ჰრქუა მოსე ღმერთსა: აჰა ესერა, მე მივიდე ძეთა ისრაჱლისათა და ვჰრქუა მათ: ღმერთმან მამათა თქუენთამან მომავლინა მე თქუენდა და მკითხვიდენ, თუ რაჲ არს სახელი მისი, რაჲ ვჰრქუა მათ? და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ, და ესრე არქუ ძეთა ისრაჱლისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა" (გამ. 3:14-15). ახლა კი ჩვენ ღმერთს ერთასი ძის სახით ვეცნობით: დაწერილია: "ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა" (იოან. 1:18). და რადგან უფალი ბრძანებს: "ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ" (იოან. 14:26), ახლა უკვე სულიწმიდას დახმარებით ვუახლოვდებით უფალს. აი სწორედ ამ ცოცხალმა ცოდნამ და ღმერთთან სიახლოვემ გაგვათავისუფლა ყოველგვარი ინტელექტუალური აღმაფრენების აბსურდისგან, ეგრეთ წოდებული სუფთა ყოფისაგან, რომელსაც ტრანსცენდირებულ სივრცეში, ანუ უმყოფობაში გადაყავს ყოველი მიმნდობი არსი.

 

დაუსაბამო - განკაცებულმა ლოგოსმა, თავისი მისია, მამასა და სულიწმიდასთან ერთად, ცოდვილთა მოწოდებით დაიწყო: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მათ. 4:17). მან მოგვცა ცოდნა, როგორც მამის, ისე სულიწმიდის შესახებ. მათ - ამ ორმა დაამოწმეს ქრისტეს შესახებ. და ძემ მამისკენ მიმავალი შეუმცდარი გზა დაგვანახა.
ჩემი ცხოვრების მიწურულს სურვილი მაქვს, მისგან ბოძებულ იმ დიდ სიკეთეს, რასაც სინანულის მადლს ვუწოდებთ, ჰიმნი მივუძღვნა... ამისთვის კი მეფსალმუნის შთაგონებით აღვსილი სიტყვები მინდა მოვიშველიო.
ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი. შენ, წმინდა ხარ და მიუჩრდილებელ ნათელში ცხოვრობ. შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი;
ღაღად-ყვეს შენდა მიმართ და წყალობითა შენითა იჴსნენ იგინი,
ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც,
საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა;
შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ;

და შენ დედისმუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი შენ.

 

ნუ განმეშორები ჩემგან, მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის:
"მოშიშნი უფლისანი აქებდით მას, რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა.

მან არცა გარემიაქცია პირი ჩემგან, მის მიმართ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა" (შეად. ფსალმ. 21)

 

"გინა თუ ჴორცითა, არა ვიცი, გინა თუ თჳნიერ ჴორცთასა, არა ვიცი" (2 კორ. 12:2), მაგრამ სწორედ ასე ხდება, როდესაც ადამიანი სრული გულრწფელობით ცდილობს მონანიებას. აღმსარებლის შემუსვრილი სული მთელი არსის უშრეტი წყურვილით, თავგანწირული მიილტვის მხსნელი ღმერთისკენ. თავად ცოდვილმა არაფერი იცის იმის შესახებ როდის და როგორ დაიწყო მასში გარდაქმნა. მაგრამ იმას გრძნობს, რომ წაუყრუა ყოფით სამყაროს და სხეულიც კი აღარ ახსენდება. ამასთან, მასში აშკარად იკვეთება პირი-პერსონა და შეიძლება ითქვას, რომ ასე ცხადად თავისი თავი არასოდეს არ შეუგრძვნია. ცხოვრობს ისე, თითქოს სულია მხოლოდ, უსხეულოა და ამ შემთხვევებში ეს ადამიანი ზეციდან იღებს კურთხევას შეიცნოს სხვა ცხოვრება - ურღვევი ყოფა.

 

ისე მოხდა, რომ: ჩემმა სულმა საკუთარი მე გარკვეულ უსაზღვრობაში აღმოაჩინა, ეს უსაზღვრობა უცნაურად გამჭვირვალეა, მაგრამ შუქით არ არის განათებული. არ შემიძლია გამოვხატო ამ უზღვარო სფეროს შეგრძნება. ის კი უნდა ვთქვა, რომ ჩემი სული სრულად იყო ლოცვით მოცული: ღმერთის გარდა არაფერი ვიცოდი, ვერაფერს ვხედავდი. დიდი მოციქული პავლე კორინთელების მიმართ ეპისტოლეში წერდა, რომ ის "მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად" (2 კორ. 12:4). რა ჰქონდა მოციქულს მხედველობაში, როდესაც უმაღლეს შეგრძნებებზე, როგორც "გამოუთქმელ სიტყვებზე" საუბრობდა? იყო კი ის ხმები, ჩვენეული ადამიანური სიტყვები, თუ ეს იმ სულიერი სამყაროს გამოვლინება იყო რომელშიც მოციქული იქნა "მიტაცებული"? მონათხრობში მან სრულად არ გახსნა თქმული ამბავი.

 

ჩემში ჩნდება გაბედული აზრი: პავლეს მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვდა, რომ ის "სდევნიდა ეკლესიათა ღრმთისათა" (1 კორ. 15:9); რომ ის იყო მორწმუნეების მჩაგვრელი და მგმობელი. პავლე სწორედ უკიდურესად დაძაბულ სინანულში იყო როდესაც ის ღმერთმა "აღიტაცა... ვიდრე მესამედ ცადმდე" (2 კორ. 12:2). უნდა ვთქვა, რომ ქრისტესგან განდგომას თავად მეც, როგორც მისი სიყვარულის საპირისპირო, აუტანელ და უსინდისო დანაშაულს, ისე განვიცდიდი. ქრისტეს ჩემდამი სიყვარული მე ადრეულ ბავშვობაში შევიგრძენი, მაშინ უფალი საკუთარ ცხოვრებას მიძღვნიდა, ხოლო მე მხოლოდ ჩემი უგუნურების დათრგუნვის ხარჯზე შევდიოდი ლოცვაში და ქმნილ სამყაროს უკეთურებიდან, ლოცვას ძალით გამოვყავდი. როდესაც ჩვენი შინაგანი სიბნელის ცოდვის - ინფერნალური (ჯოჯოხეთური) არსის ხედვას ნათლად ვაწყდებით, მაშინ ჩემში მართლაც იწყებოდა მადლის შეგრძნება: ის შეიძლება უქმნელი ნათლის გაბრწყინებაში, ღვთის სიტყვის ახლებურად შეცნობაში, გამოცხადებაში ან სხვა მსგავსი არამიწიერ სიკეთეში გამოვლენილიყო.

 

მამები გვასწავლიან, რომ საკუთარი ცოდვის შეგრძნება - ანგელოზების ხილვაზე უფრო დიდი ღვთივბოძებული მადლია. მე დიდი ხნის მანძილზე, სულიერი სიბრმავე მჭირდა: ვშორდებოდი ჩემი ბავშვობის ღმერთს და ამაში ცოდვას ვერ ვხედავდი. "რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა" (1 ტიმ. 1:13). მეგონა სახარებაზე უფრო ღრმა სივრცეებს ვიკვლევდი; თუმცა ამ უკანასკნელისგან განდგომის პროცესში სიძულვილს ვერ ვგრძნობდი, უბრალოდ მივიჩნევდი, რომ ის ვერ მაძლევდა უმაღლეს ცოდნას. სინამდვილეში ცოდვის არსის შეცნობა მხოლოდ ქრისტე-უფალის რწმენის და ჩვენზე უქმნელი ნათელის მოქმედების შემთხვევაშია შესაძლებელი "უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა" (შეად. იოან. 8:24).

 

ადამიანს თუ არადეტერმინირებულ პერსონად, როგორც თავისუფალ სულად მომქმედ თვითგამორკვევის უნარის მქონე არსებად წარმოვიდგენთ, დავინახავთ, რომ ის შეიძლება ხედავდეს ერთგვარ აბსოლუტს, უცილობელ "ღვთაებრიობას", და მისთვის უკვე აღარ იარსებებს სხვაგვარი ღმერთის საჭიროება. მან შეიძლება ერთარსი საწყისი საკუთარი პიროვნების ნათესავადაც მიიჩნიოს; შეუძლია თვითგანღმერთება, ანუ საკუთარი პირველსაწყისის ყოფიერებაში დაბრუნება მოინდომოს. ერთხანს ინდური მისტიკური ლიტერატურისა და იმ ადამიანების გავლენის ქვეშ მოვექეცი, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან იყვნენ, სადაც ასეთი მისტიკის კულტივირება საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს და ამიტომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდობაში მე ასეთ გაუგებრობაში ვცხოვრობდი. ასეთი აბერაციიდან გამოსვლა - ადვილი საქმე ნამდვილად არ არის: შენს წინაშე შეიძლება მუდმივად ჩნდებოდეს საკითხი, რომელიც მიგანიშნებს, რომ ჯერ კიდევ სრულად არ გესმი რას ნიშნავს კოსმიური მყოფობა. იმისათვის, რათა სრულყოფილებისაკენ მიმავალმა უფრო მეტი გაიგო - უწინარესად შენში პერსონალურობის პრინციპი, როგორც ყოფიერების დროებითი ფორმა უნდა დაინახო და გადაილახო, რადგან ეს მისტიკური მდგომარეობა მიგანიშნებს, რომ ყველა ზღვარი, რომელიც ადამიანს ექმნება ჩვენი პერსონალურობის გამო ჩნდება. ერთი სიტყვით, იმისათვის რათა არანაირ ოკეანეში ზეპერსონალური აბსოლუტის სუფთა ყოფის გზას შეერწყა, ნებით უნდა მოსპო ან დაანგრიო შენი ადამიანური პიროვნულობა.

 

მე ვერ შევძელი გავქცევოდი კითხვას: თუ ჩემი პერსონა უნდა განადგურდეს, მაშინ ვინ არის შემმეცნებელი? ვინ თვითმკვიდრდება? და კიდევ ერთი კითხვა: თუ მე უსაწყისობის (რომელშიც ამ ლოგიკით უნდა დავბრუნდე (რ. ჩ.)) პრინციპიდან გამოვედი, მაშინ როგორ შეიძლებოდა ჩემს მყოფობაში ასეთი დეგრადაცია მომხდარიყო? იმისათვის, რათა სხეულისგან გავთავისუფლდე და ჩემს საწყის მდგომარეობას დავუბრუნდე, ვიყო ის, რაც აბსტრაქტულ გონებრივ ხილვებში ყოველთვის ვიყავი და რაც ახლაც ვარ, რატომ მიხდება ამ ჩემი სხეულის, რომელშიც ახლა ვიმყოფები, ანუ უცხო სხეულის ჩამოცილებისათვის, ასეთი დიდი ძალისხმევა?

 

მედიტაციები მიწიერი ყოფიერებისათვის დამახასიათებელი ყოველდღიური საზრუნავებისგან და დაბნეულობისგან მათავისუფლებდა. მედიტაცია მჩუქნიდა ინტელექტუალური ტკბობის წუთებს, - გავყავდი წარმოსახვით სულიერ სივრცეებში, - მიქმნიდა ისეთი შეგრძნებებს, რაც ჩემ გარშემო მყოფ საზოგადოებაზე უფრო მაღლა მდგომად მაგრძნობინებდა თავს. ფილოსოფიურად აბსოლუტური საწყისი პერსონად შემეძლო მომეაზრებინა. ნაწილობრივად ამის მიზეზი ის ზოგადად არასწორი შეხედულებები იყო რითიც მაშინდელი საზოგადოებრივი წრეები იყვნენ გატაცებულნი. ეს იყო პერსონისა და ინდივიდის გაგებების ერთმანეთან აღრევა და მათი გაიგივება, და ეს მაშინ, როდესაც ფილოსოფიურად ისინი დიამეტრალურად ურთიერთსაპირისპირო შინაარსის მატარებელი სიტყვებია. ბავშვობაში იმ მერადიული ზეციერი მამა ღმერთის მიმართ ლოცვას მიმაჩვიეს, ვისთანაც ჩემი წინაპრები იმყოფებიან. მაშინ ჩემ ბავშვურ რწმენაში (შეადარ. "და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათ. 18:3) და (ლუკ. 18:17)), პერსონა და მარადიულობა ადვილად შერწყმად გაგებებად წარმომიდგებოდა. ჩემ მიერ ბავშვურ ასაკში შეთვისებულმა ასეთმა ქრისტიანულმა პერსონალიზმმა, რაღაც კონკრეტულ მომენტში, ჩემ ცნობიერებაში ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი კითხვა გააჩინა, მე დავინტერესდი: შესაძლებელია თუ არა პერსონალური იყოს აბსოლუტური ყოფიერება? ჩემმა გულრწფელმა "აღმოსავლურმა" გამოცდილებამ - გულის მოღმიერი წმინდა ინტელექტუალური ფორმით, გონებრივი გატაცებების შედეგად აღძრულ ასკეზაში დაიწყო გამოვლინება. თანდათანობით მე ვრწმუნდებოდი, რომ სწორი არ იყო ის გზა რომელსაც მე ვადექი და ამ გზით, ღმერთს, მიახლოვების ნაცვლად ვცილდებოდი.

 

ეს იყო მეტად დაძაბული პერიოდი: ჩემი გონება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც უკუნ ღამეში ტალღების ტყვეობაში მოქცეული პატარა ნავი. ჩემს გარეთ არსებული ტალღა გონებას ხან რაღაც სიმაღლეზე აიტაცებდა, ხანაც რისხვით უკუნეთში დაანარცხებდა. მაგრამ მან, ვინც მე იმის გამო მივატოვე, რომ "არ მესაჭიროებოდა", ბოლომდე ზურგი არ შემაქცია და მუდმივად ეძებდა შემთხვევას, რათა ჩემთვის ხელი გამოეწოდებინა: მოულოდნელად ჩემში სინას მთის გამოცხადების სიტყვები განსახდა: "მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ" (გამ. 3:14), მე ვარ მყოფობა, ღმერთი, მეუფე ყოველგვარი პერსონალური ვარსკვლავეთისა - მე ვარ.

 

ამ სახელით ჩემთვის გაიხსნა უსასრულობა, მიუწვდენელი სივრცეები. ეს არ იყო აბსტრაქტული აზროვნება, აქ ჩემთვის ის მყოფი პიროვნული ღმერთი გამოაშკარავდა, რომელშიც თურმე მე მთელი ჩემი არსით ვცხოვრობდი. მთელმა ჩემმა სულიერმა ცხოვრებამ ერთბაშად ფერი იცვალა და გარდაისახა - ჩემმა სულმა ჯერ კიდევ ბუნდოვნად, მაგრამ მაინც უკვე შეიტყო რა უნდა მოეძია: პოლარული ვარსკვლავის ნათელი ჩემი თვალის ჩინამდე აღწევდა და ჩემი გონებისათვის ის მისაწვდომი ხდებოდა. აშკარა იყო, რომ ეს უფალი საშინლად შორსაა, მაგრამ ჩვენი სულისათვის ის მაინც მისაწვდომი აღმოჩნდა. იგრძნო საკუთარი პიროვნება ღმერთად ამ ერთადერთის გარეთ, სრული სისულელეა, ყოველგვარ სხვა სისულელეზე უფრო დიდი სისულელე. და როდესაც მე ამას მივხვდი მთელი ჩემი არსება გლოვამ მოიცვა. ეს იყო ცხარე გოდება, რადგან მე ჩემი დაცემულობა აშკარად დავინახე: ამ დროს უფალმა მე სასოწარკვეთის მადლი მომანიჭა.

 

და როდესაც ჩემს ცოდვილ პიროვნებას მდუღარე ცრემლით დავტიროდი, ამ აგონიურ პროცესში, უფალი თავის ნათელში გამომეცხადა. ასე დაუდო მან სათავე ჩემს ახალ ცხოვრებას, სინანულის ცრემლებში ასე დავიბადე მე მეორედ. ყოველგვარი ხიბლი დაეკარგა ყველაფერს, რაც მიწიერ ცხოვრებაში, ამ მომენტამდე, ჩემთვის მიმზიდველი იყო და ასეთ მდგომარეობაში, როდესაც აღარაფერი მეფიქრებოდა, მთელი ჩემი არსება ლოცვაში ჩაიკარგა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველგვარი ვნებებისგან, რასაც მე მგზნებარედ ვეძლეოდი გავთავისუფლდი, ან ეს პრიცესი ადვილი და ხანმოკლე იყო. ჩემთვის გამორჩეულად ძნელი იყო ფერწერულ სამუშაობზე უარის თქმა.

გადადით სარჩევზე

ბეჭდვა
1კ1