ორჯერ ორმოცი დღე რომ იმარხულო, ბრძოლა მაინც არ გაივლის, ვიდრე არ დამდაბლდებიო!
ორჯერ ორმოცი დღე რომ იმარხულო, ბრძოლა მაინც არ გაივლის, ვიდრე არ დამდაბლდებიო!
მონაზონ ნიკონტის ჩანაწერებიდან
(გაგრძელება)
მთაწმინდის ნაპირზე, გრიგორიატის მისადგომთან გადმოსული გაბრიელი მონასტერში შევიდა. ეს იყო 1825 წელს. იღუმენს მისი არათუ მიღება, თვალით დანახვაც კი არ უნდოდა. გაბრიელმა მთელი თავისი მწუხარება სავანის მცირერიცხოვანი ძმობის წინაშე გაამჟღავნა. ძმებმა იღუმენს ახალგაზრდის მიღება სთხოვეს და ისიც დათანხმდა. გაბრიელი სამზარეულოში გაამწესეს. გრიგორიატში, გაბრიელის ცხოვრების დასაწყისში, როგორც თვითონვე ყვებოდა, წმინდა ნიკოლოზის სასტუმრო დღესასწაულზე, უამინდობის გამო ტრაპეზისთვის ზღვაში თევზის დაჭერა ვერ შეძლეს. უეცრად, დღესასწაულის წინა საღამოს, მონასტრის სიახლოვეს ზღვის ტალღებმა რამდენიმე დიდი თევზი გამოაგდო და ძმებმაც შეკრიბეს სასწაულებრივად ბოძებული ნობათი, რომელიც სრულიად საკმარისი იყო ტრაპეზისთვის.

კონსტანტინოპოლიდან გაბრიელის წამოსვლის მერე ბიძამისიც დაუბრუნდა ქრისტიანობას და მიიმალა. გლახაკის სამოსი გადაიცვა, მივიდა სმირნაში და იქ თავი შეაფარა ეკლესიას, სადაც დარაჯისა და მნათეს მოვალეობას ასრულებდა. რვა წლის მონანიე ცხოვრების მერე იგი მშვიდად გარდაიცვალა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს.

გაბრიელმა გრიგორიატში მცირე ხანს იცხოვრა. გაიგო, რომ კავსოკალივის სკიტში არის მისი თანამემამულე, დიდგამოცდილი ბერდიდი, მოძღვარი ნეოფიტე კარამანდისი, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის კელიაში იღვწოდა. და აი, მოიფიქრა, მისულიყო მასთან და მორჩილად მიღება ეთხოვა.

ბერდიდმა ნეოფიტემ ის მიიღო, რადგანაც იმ დროს ბერძენთა აჯანყების გამო მთელი მთაწმინდა თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი, მაშინ მონაზონთა დიდმა ნაწილმა მიატოვა ათონი და სკიტში ცოტა ვინმე ცხოვრობდა. მამა ნეოფიტე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ღირსი ნიფონტეს მღვიმეში და ახლაც სურდა, რომ არ დაერღვია პატრიარქისა და მამათა დადგენილებები, რომლებიც საძმოში ყმაწვილებისა და უწვერულთა მიღებას კრძალავდა, მაგრამ გაბრიელიც უნდა დაეცვა ბარბაროს თურქთაგან, მან ის ღირსი ნიფონტის მღვიმის გვერდით მდებარე მღვიმეში დაასახლა. აქ ის ყველასგან დაფარულად, დაახლოებით ოთხი წელი იღვწოდა.

როცა მშვიდობიანი დრო დადგა, ბერდიდმა მამა ნეოფიტემ კერასეაში წმინდა მოციქულთა სახელობის კელია იყიდა. იქ მათ სამი-ოთხი წელი იცხოვრეს. ამ დროს ბერდიდს ჰქონდა ხილვა და გადაწყვიტა თავისთვის და მოწაფეებისთვის მიეღო და დაედგინა "სრულყოფილი მარხვის ტიპიკონი" - არასოდეს და არანაირი მიზეზით არ მიეღოთ არც ყველი, არც კვერცხი, არც რძე, არც თევზი, არც ზეთი და არც ღვინო. მთელი სახსნილო საკვები, რაც კი ჰქონდათ, ბერდიდმა ლავრაში გაგზავნა. მერე კი ოთხას ლევად სხვა კელია იყიდა, წმინდა დიდმოწამე დიმიტრის სახელობისა. აქ მან გაბრიელი სქემაში შემოსა გიორგის სახელით. თუმცა კელიის ომოლოგიაში მამა გიორგი ბერდიდის მაგივრადაა ჩაწერილი, მაგრამ ვიდრე თვითონ ბერდიდი ცოცხალი იყო, იგი ითვლებოდა პატრონად და ხელმძღვანელად.

თავისი სამშობლოს კანონების მიხედვით მამა გიორგის ბერძნულად სწავლისა და ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა და მხოლოდ თურქული ენა იცოდა. თვითონ ბერდიდმა ნეოფიტემ ბერძნული უკვე ათონზე იწავლა. ამავე მიზეზით დიდი ხნის მანძილზე, თავისი მოძღვრის გარდა, სხვებთან საუბარი არ შეეძლო, რის გამოც იძულებული იყო, მუდმივად მდუმარებაში ყოფილიყო. რამდენიმე წლის მანძილზე მამა ნეოფიტემ მას ტაძარში შესვლა აუკრძალა, მხოლოდ კარიბჭეში შეეძლო დამდგარიყო და იქიდან ისმენდა ღვთისმსახურებას. კეთილკრძალული და გულუბრყვილო მამა გიორგი დარწმუნებული იყო, რომ ბერდიდი ანგელოზებთან ერთად მსახურებდა და ამიტომაც არ უშვებდა მას შიგნით. 18 წლის მანძილზე, ბერდიდის ბრძანებით, მამა გიორგი სასტიკი ზამთრის პერიოდის გარდა ყოველდღიურად ადიოდა ზამთრის მწვერვალზე და ანთებდა უფლის ფერისცვალების საყდარში ხატების წინ კანდელებს.

ერთხელ მამა გიორგი საშინელმა ხორციელმა ვნებამ შეიპყრო და დასაძლევად მარხვას შეუდგა - თორმეტი დღე-ღამე არც ჭამა და არც სვა, მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა, მამა გიორგიმ გადაწყვიტა, ორმოცი დღე ემარხულა და ესმა ხმა: ორჯერ ორმოცი დღე რომ იმარხულო, ბრძოლა მაინც არ გაივლის, ვიდრე არ დამდაბლდებიო! ამ დროს ის რაღაცით ეწინააღმდეგებოდა ბერდიდს. მამა გიორგი მაშინვე ბერდიდთან მივიდა, მუხლნი მოუყარა და უთხრა: "შემინდე, მამაო!" როცა მან ის აკურთხა და თავზე ხელი დაადო, ბრძოლამ გადაიარა.

ერთხელ ეშმაკისგან ცდუნებულმა ჰაჯი-გიორგიმ ბერდიდი მიატოვა, მაშინ ეშმაკებმა ფერება დაუწყეს და ანგელოზების სახით მის წინ თითქოს ზეცაში ადიოდნენ და გადმოდიოდნენ, თუმცა ჰაჯი-გიორგიმ მათ მოძრაობაში აჩქარება შეამჩნია. ისინი მას აიძულებდნენ, მათთვის თაყვანი ეცა და სულიწმიდის მადლის მიცემას პირდებოდნენ, მაგრამ როცა ჰაჯი-გიორგიმ საშველად თავისი ბერდიდის ლოცვას მოუხმო, ყველაფერი ეს გაქრა.

სხვა დროს, როცა მამა გიორგი ჯერ კიდევ ბერდიდთან ცხოვრობდა, გამოეცხადა ეშმაკი ჯორზე შემჯდარი ახალგაზრდა კაცის სახით და თავისთან მიიწვია. ჰპირდებოდა, რომ მისი ამხანაგები მას თავიანთ ბერდიდად გახდიდნენ და მათთან ერთად კარგად იცხოვრებდა. მაგრამ ჰაჯი-გიორგი მიხვდა ეშმაკის ხიბლს და იხილა, რომ ეშმაკი, ჯორთან ერთად, ზეცაში აიწია და გაქრა.

ერთხელაც მამა გიორგის მოწამეობის მხურვალე და დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა. სამოცი დღე ფეხზე მდგარი ევედრებოდა ღმერთს, მცირეოდენი შესვენებისთვის კვერთხს დაეყრდნობოდა. სამოცდღიანი ლოცვის მერე დიდებულ ბერდიდთან, ილარიონ ქართველთან წავიდა მოწამეობაზე ლოცვისა და რჩევის გამოსათხოვად. მამა ილარიონმა უთხრა, - მე ეკლესიისგან ჯერ არ მიმიღია ხელმწიფება, რომ ამგვარ საკითხებზე რჩევა გავცეო. მაგრამ, ჰაჯი-გიორგი აცრემლებული ევედრებოდა საქმის გადაწყვეტას: სათნო იყო თუ არა ღვთისთვის მისი განზრახვა. ბოლოს მამა ილარიონმა უთხრა: "თუ შენ პასუხის მიღება გინდა, მაშინ წადი ბერდიდთან, მამა ბენედიქტე ქართველთან. მიხვალ მის კელიასთან, ამა და ამ ადგილას, დაინახავ ჩამოშვებულ თოკის კვანძს, სამჯერ მოქაჩე და ბერდიდიც გამოვა, იფიქრებს, რომ მე მივედი. დაემხე მის ფერხთით, მოუყევი შენი საქმე, დარიგება სთხოვე და რასაც გეტყვის, აღასრულე, რამეთუ ესაა სწორედ ღვთისთვის სათნო და შენთვის სასარგებლო". ჰაჯი-გიორგიც ასე მოიქცა და როცა მამა ბენედიქტე გამოვიდა, მისგან კურთხევა აიღო, მერე თავისი მოწამეობის სურვილზე მოუთხრო, რისთვისაც სამოცი დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა. მამა ბენედიქტე მიხვდა, რომ ის მასთან მამა ილარიონმა გამოგზავნა და ვიდრე მამა გიორგის კითხვაზე უპასუხებდა, საკუთარ თავს ყვედრება დაუწყო: "აი, შენ ბენედიქტე, რამდენი წელია, რაც აქ ცხოვრობ, მაგრამ არა გაქვს ამგვარი ღვაწლი და ეს ახალბედა გჯობია. ასე როდის გიფხიზლია, რათა ლოცვაზე მასავით ამდენი ხანი მდგარიყავი? ანდა თუ გიმარხულია ისე, როგორც ეს ღვთის მონა მარხულობს?" ამის თქმისას იმდენად საკუთარ თავს კი არ საყვედურობდა, რამდენადაც ჰაჯი-გიორგის გულისხმაჰყოფდა, რათა ის ამ ღვაწლს არ მინდობოდა და არ ეოცნება, თითქოს დიდ რამეს აკეთებდა. ბერდიდი მიხვდა, რომ არც უზომო მარხვა და არც განგრძობილი ლოცვა სიკეთეს არ მოუტანდა, თუ ის თავმდაბლობასა და სიყვარულთან არ იქნებოდა შეერთებული.

ჰაჯი-გიორგიმ ეს სიტყვები თავის გაკიცხვად მიიღო და აცრემლებული სთხოვდა ბერდიდს, გადაეწყვიტა მისთვის, როგორ მოქცეულიყო, რამეთუ გამოცდილი მამის რჩევის გარეშე ვერ გაკადნიერდებოდა, ასეთ საქმეს შედგომოდა. მამა ბენედიქტემ უპასუხა: "თუკი გეტყვი, მაინც არ დამიჯერებ და სურვილის ასრულებას ეცდები. თუმცა შეგიძლია მოწამეობისთვის წახვიდე ერში, მაგრამ სრულყოფილ მოწამეობის გვირგვინს ვერ მიიღებ, ბევრის დათმენა კი მოგიწევს. ნამდვილი მოწამეობა შენთან შემდგომში მოვა, ათონზე შენს გარშემო შეკრებილ ახალგაზრდა ძმათაგან".

მამა ბენედიქტეს ნათქვამი შემდგომში ზედმიწევნით აცხადდა: ჰაჯი-გიორგი თურქულ ქალაქში გაემგზავრა, თავის წინააღმდეგ თურქების გასაღიზიანებლად, ბიჭების შეკრება და მათთვის ქრისტეს მოძღვრების სწავლება დაიწყო, აიძულებდა მათ ჯვრის გამოსახვას; მაშინვე მას თავს თურქები დაესხნენ. მაგრად სცემეს და ქალაქიდან გააგდეს. მრავალი წარუმატებელი ცდის მერე, რომ გაღიზიანებულ თურქებს მისთვის თავი მოეკვეთათ, იძულებული გახდა, ათონზე დაბრუნებულიყო ნაცემი და დასახიჩრებული. ასე აცხადდა პირველი სიტყვა მამა ბენედიქტესი, მრავალი წლის შემდეგ მეორეც აუცხადა - ბევრი რამის დათმენამ მოუწია ძმათაგან.

მამა პანტელეიმონის ჩანაწერებიდან: დაახლოებით 1870 წელს პანტელეიმონი რამდენჯერმე ეწვია ჰაჯი-გიორგის. იგი წერს: ბერდიდი ჰაჯი-გიორგი კერასიაში, წმინდა დიდმოწამე დიმიტრის დიდსა და ძველ კელიაში ცხოვრობს და ჰყავს ოცდაათამდე მოწაფე, ბერძნები და რუსები. მას იცნობენ მთელ ათონზე და ათონზე მყოფი მომლოცველები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ათონის მწვერვალზე ასულან, რადგან სწორედ მათი კელიიდან იწყება აღმართი. მწვერვალიდან უკან მობრუნებულნი მასთან ჩერდებიან ხოლმე, ამიტომაც ყველამ იცის მისი წმინდა აბრაამისეული უცხოთმოყვარება: ვინც არ უნდა მოვიდეს, უსასყიდლოდ უმასპინლდება და ამის გამო არა სწუხს და არა ნანობს. ბერდიდს ჰყავს ჯორებიც და ამდიდად ეხმარებით დიდად მხცოვან რუს კოლეგებს. ჰაჯიმ დიდი წისქვილი ააგო, რომელიც მას ძვირი დაუჯდა და ბევრი უსიამოვნების მიზეზი გახდა, მაგრამ ბევრი სიკეთე გაუკეთა ამით გარშემო მცხოვრებთ. მცირე საფუტკრე აქვთ და საკუთარი კაიაკი, რომლითაც ეზიდებიან სხვადასხვა ადგილებიდან თავიანთთვის და სხვებისთვისაც, დაბლა ნავმისადგომამდე. საკვების მარაგი არასოდეს აქვთ და ხშირად ვალებში არიან, მაგრამ უფალი თითქოს უხილველად აჯილდოებს მათ უცხოთმოყვარებისთვის. მისი მოწაფეები ნამდვილი ანგელოზები არიან. ბერდიდს ისინი ძალზე მკაცრად და სასტიკად მიჰყავს ცხონების გზაზე. ისინი უმეტესად ახალგაზრდები არიან და ის, მათ სასარგებლოდ და მათთან მისულ მოურიდებელ კაცთა თვალთაგან დასაფარად, უბრძანებდა, სახეზე ჭუჭყის წასმას და შავგვრემანებსა ჰგვანან. ლავრამ ამის შესახებ შეიტყო და უბრძანა, თავი დაენებინათ ამ უცნაური საქციელისთვის, თუნდაც ეს ბერდიდისგან კეთილი განზრახვით ყოფილიყო მოფიქრებული. კადნიერ კაცთა თვალის ასახვევად, არც ერთი არ ატარებს გრძელ თმას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი სქემაში არიან აღკვეცილნი. მოწაფეთა შორის არიან შესანიშნავი ადამიანები, მაგრამ მღვდელ-მონაზონი მინა - უბრალოდ წმინდად მცხოვრები ადამიანია. მას იგივე მორჩილება აქვს ბერდიდის მიმართ, როგორც ახალბედებს.

ყოველ საქმეზე და საღამოთი, როცა დასაძინებლად მიდიან, ყველანი მოძღვრისაგან იღებენ კურთხევას და მდუმარედ იფანტებიან კელიებში. თვითონ ჰაჯი-გიორგის ვინც არ იცნობს, ვერ გაარჩევს არა მხოლოდ თავისი მოწაფეებისგან, რომლებიც მუდმივად ჭუჭყიანები და ჩამოხეულნი არიან, არამედ ჩვეულებრივი მუშისგანაც კი: ისე უბრალოდ და მარტივად იქცევა. მათ კელიებს არასოდეს ხვეტენ, არც რწყილებსა და ტილებს იშორებენ, ამიტომაც ვინმე ძალზე დაქანცული თუ მოისურვებს მათ კელიებში დაძინებას.

ისინი საერთოდ არ იღებენ ზეთს, ღვინოს, თევზს, ყველსა და კვერცხს და ყველაზე მწირი საკვებით კმაყოფილდებიან; გასაოცრად დიდია მათი ღვაწლი. მე ძალზე მომეწონა ბერდიდის ერთ-ერთი კანონი: არა მარტო მაშინ, როცა ყველა ერთად მუშაობს, ანდა რამდენიმე კაცი, არამედ თუნდაც როცა ორი შრომობს, უქმმეტყველებისგან თავდასაღწევად, ერთი მათგანი აუცილებლად ხმამაღლა კითხულობს იესოს ლოცვას.

ბეჭდვა
1კ1