სულთმოფენობის დღესასწაული გარდამავალია, რაც სიმბოლურიცაა, რადგან ადამიანის განღმრთობას არა აქვს განსაზღვრული დღე და საათი, იგი მუდმივი პროცესია
სულთმოფენობის დღესასწაული გარდამავალია, რაც სიმბოლურიცაა, რადგან ადამიანის განღმრთობას არა აქვს განსაზღვრული დღე და საათი, იგი მუდმივი პროცესია

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების მნიშვნელობა რომ გავიგოთ, ამისთვის აუცილებელია, ვიცოდეთ, რა არის მდაბალი და რა არის მაღალი. როდესაც იოანე ნათლისმცემელი ამბობს უფალზე, მისი ფეხსაცმლის ხელში აღების ღირსიც არა ვარო, ამით გამოხატავს, თუ რაოდენ დაბალი იყო მისი, ანუ, საერთოდ, კაცობრივი ბუნება, იმის წინაშე, ვინც მოდიოდა. აქედან გამომდინარე თუ ვიტყვით, თავმდაბლობა არის არა უბრალოდ თავის დამდაბლება, არამედ საკუთარი სიმცირის დანახვა. იოანე კი არ თავმდაბლობს, არამედ იმ ჭეშმარიტებას ამბობს, რაც სინამდვილეშია. როცა ღვთისმშობელი ამბობს: “მოხედა სიმდაბლესა ჩემსაო", ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა მოხედა ადამიანის მდაბალ ბუნებას, და ადამიანურში კი - ქალურ ბუნებას, რომელიც ევას შეცდომის შემდეგ კაცთა თვალში ძალიან დამცირებული იყო.

 


ნამდვილად დიდია ის ადამიანი, რომელიც ხედავს ღვთის სიდიადეს და საკუთარი ბუნების სწორ დანიშნულებას, რომ ის არის ჭურჭელი, რომელშიც უნდა დამკვიდრდეს დიდებული ღმერთი, რის შედეგადაც ადამიანი ხდება განღმრთობილი. ნათქვამია, ვინც დამდაბლდება, იგი ამაღლდებაო, როგორც ეს იოანე ნათლისმცემლის შემთხვევაში მოხდა, რომლის შესახებაც იოანე ოქროპირი ამბობს: ის ხელები, რომელზეც იოანემ თქვა, მაცხოვრის ფეხსაცმლის შეხების ღირსი არ არისო, ქრისტემ თავზე დაიდოო.

 


უფალზე ნათქვამია: მოსდრიკა ცა და გარდამოხდა ქვეყნად, რაც იმას ნიშნავს, რომ გადმოღუნა ცა, როგორც ხის ტოტი და მისი ნაყოფი აგემა კაცობრიობას. ზეციერი ნაყოფი კი სხვა არაფერია, თუ არა ღმერთობა, ამიტომაც ამბობენ, ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი განაღმრთოს. ღვთის განკაცების დღე არის შობა უფლისა, რომელსაც ოცდახუთ დეკემბერს ვდღესასწაულობთ, ხოლო ადამიანის ღმერთად დაბადების, ანუ განღმრთობის, დღე არის სულთმოფენობა, როდესაც მაცხოვრის მიერ განწმენდილ მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმიდა ღმერთი, რომლის სამკვიდროდაც არის შექმნილი ადამიანი.

 


ადამიანის ღმერთთან შეერთების შედეგად ადამიანში ხდება ხილულის, უხილავის და დაუსაბამოს თავშეყრა, ანუ ადამიანში ერთიანდება ყოველივე, რაც კი არსებობს - ქმნილი თუ უქმნელი: ხილულიდან - ხორცი, უხილავიდან - სული, რომელშიც იმკვიდრებს დაუსაბამო ღმერთი - სულიწმიდა. ადამიანი ამით ხდება დასაბამიერისა და დაუსაბამოს ცენტრი. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რაც ღმერთია სულისთვის, ის უნდა იყოს სული ხორცისთვის, რადგან სული ღმერთით ცოცხლობს, ხორცი კი - სულით. სული არის შუამავალი ღმერთსა და ხორცს შორის, რადგან ხორცი სულის გარეშე ღმერთთან ვერ ცოცხლობს. ადამიანის სული აკავშირებს თავის ხორცს, ანუ მატერიალურ სამყაროს ღმერთთან.


სულთმოფენობის დღესასწაული გარდამავალია, რაც სიმბოლურიცაა, რადგან ადამიანის განღმრთობას არა აქვს განსაზღვრული დღე და საათი, იგი მუდმივი პროცესია. ასევე სიმდაბლე არის გათავისუფლება იმ არასწორი წარმოდგენებისგან, რომელიც ადამს ეშმაკმა მოტყუებით ჩაუნერგა, როცა უთხრა, ჭამეთ იმ ხის ნაყოფი, რომელიც ღმერთმა აგიკრძალათ, და ღმერთები გახდებითო. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, “როცა უფრო მეტი მოგინდება, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სიმცირე დაინახე".

 

ადამმა იგრძნო, რომ მას სჭირდებოდა განღმრთობა, და ეშმაკმაც ის შესთავაზა, რის ნაკლოვანებასაც გრძნობდა ადამი საკუთარ თავში. თუ ადამმა სამოთხეში იგრძნო თავისი სიმცირე, ჩვენ რაოდენ უფრო უნდა ვგრძნობდეთ ამას. ყველანი უნდა ვხედავდეთ ჩვენი ბუნების სიმდაბლეს, ანუ სიმცირეს, მაგრამ ისიც სწორად უნდა დავინახოთ, თუ რითი აღვავსებთ მას, რათა არასწორად განდიდების სურვილით ადამის მსგავსად ისიც არ დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია. როგორც უფალმა თქვა: “ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს" (მარკ.4,25). ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ამქვეყნად ადამიანს გააჩნია არჩევანის თავისუფლება, და თუ სწორი ნება არ აირჩია, საბოლოოდ არჩევანის თავისუფლებასაც დაკარგავს. ადამიანი თავისუფალია თავის შინაგან არჩევანში, მაგრამ ყოველი არჩეული არ არის თანასწორი. ღმერთმა ადამიანი არჩევანში თავისუფალი შექმნა, მაგრამ ამავდროულად ისიც უთხრა, რომლის არჩევით რა დაემართებოდა.

 

ადამიანის ბუნება, რადგანაც შექმნილია, განიცდის კეთილისა და ბოროტის ზეგავლენას, და, როგორც სხეულია შექმნილი სტიქიებისგან და განიცდის მათ ზეგავლენას, ასევე სულიც შექმნილია (არარაიასგან) და განიცდის იმ სულის ზეგავლენას, რომელსაც დაუთმობს საკუთარ თავს. ამიტომ ადამიანს დღესაც კლავს და აცოცხლებს თავისი არჩევანი. პავლე მოციქული წერს: “ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს" (1კორ.10,23).

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პიროვნებისთვის ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი არ აშენებს ჩვენს ბუნებას, რაზეც მიანიშნებს მაკარი დიდის სიტყვები, რომ მცნება მიეცა ნებას და არა ბუნებას. ნეტარი ავგუსტინე წერს: “ქრისტე, როგორც კაცი, არის გზა, ხოლო, როგორც ღმერთი, არის მიზანი", ანუ განკაცებული ღვთის სიტყვა არის გზა, ღმერთთან მისასვლელი, ხოლო ღმერთთან მისვლა კი ყოველი კაცის მიზანი უნდა იყოს, ამიტომაც მაცხოვარი ადამიანის განღმრთობის ერთადერთი საშუალებაა, და მხოლოდ ისაა ჩვენი ხსნის მიზეზი და მიზანი.

 


თუ ყველა სინანული არ არის სინანული, მაშინ ყოველი დამდაბლება არ არის დამდაბლება. ნანობდა იუდა, მაგრამ ურწმუნოდ, ამიტომაც მისი სინანულის ბოლო იყო თვითმკვლელობა. როგორც ამბროსი მედიოლანელი წერს: “იუდამ თქვა აღსარება, მაგრამ არა იქ, სადაც უნდა ეთქვა, და არა იმასთან, ვისთანაც უნდა ეთქვა".

 

სიმდაბლე პირადი აქტია, რადგან ვერავინ ვერავის დაამდაბლებს, და, თუ ვინმე ეცდება ამას, ეს იქნება არა დამდაბლება, არამედ დაჩაგვრა. თუ ვინმეს ძალდატანებით დაიმორჩილებს, ეს იქნება არა დამორჩილება, არამედ დამონება, რადგან, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: ძალდატანება ჰგავს ძალით გადაღუნულ მცენარეს, და ის, როგორც კი ხელს გაუშვებენ, ჩვეულებისამებრ უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას, და, პირიქით, რაც თავისუფალი ნების გამოვლენით კეთდება, იგი, შინაგანი განწყობებით გამაგრებული, უფრო მართებული და სანდოა. “მწყემსეთ ღვთის სამწყსო არა იძულებით, არამედ ნებით", - ამბობს მოციქული. ვინმემ რომ დაგანახოს მიწიერის სიმცირე და არარაობა, ამისთვის აუცილებელია, ზეციურის გემო გაგასინჯოს, და, რადგან ზეცა ბევრად უფრო ტკბილია, ადვილია იქნება ტლანქი მიწის დათმობა. საკუთარი თავი სოფელს რომ მოაშორო და სოფელიც რომ მოიშორო, არაფერს მოგცემს, თუ ღმერთი არ მიიღე.

 


სიგლახაკეზე წმინდა მამა ეფრემ ასური წერს: "როგორც ყველა მდიდარი არ წარწყმდება, ასევე ყველა გლახაკი ვერ ცხონდება", ანუ წარწყმდება ის მდიდარი, რომელიც სიმდიდრის გარდა ვერაფერს ხედავს და სიმდიდრის მოპოვების გარდა არაფერზე ზრუნავს. ასევე ცხონდება არა ის გლახაკი, რომელიც ბუნებით და რაღაც მიწიერი მიზეზებით არის დაგლახაკებული, არამედ ის, ვინც სწორად დაინახავს თავის სულიერ სიგლახაკეს და ზრუნავს ამ სიგლახაკის შესავსებად. “სულით გლახაკი" არის ის ადამიანი, რომელმაც დაინახა, რომ მის სულს ამქვეყნიური ვერაფერი აპურებს. ვის შეუძლია თქვას, რომ არსებობს რაიმე ნივთი, რომელსაც შეუძლია სული გამოკვებოს და გაამდიდროს? ყოველი სიმდიდრე, რომლისკენაც კაცობრიობის უმეტესობა მიილტვის, არის ხორცის სიმდიდრე, რომლითაც ჰგონია, სულსაც განუსვენებს, მაგრამ ტყუვდება.

 

პირველ რიგში, საჭიროა იმის დანახვა, რომ, როგორც ხორცი ვერ იარსებებს ამქვეყნიური საკვების გარეშე, ისე სული ვერ იარსებებს ღვთიური საკვების გარეშე.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი წერს, რომ "ებრაული სიტყვა "იუდა" აღმსარებელს ნიშნავს", ამიტომაც ეწოდებოდათ ებრაელებს იუდეველები, ანუ აღმსარებლები. აღმსარებლობა კი ნიშნავს ორი რამის აღიარებას:

 

 


პირველი, უნდა ვაღიაროთ ის, რომ ყველაფერი ღვთის მადლით ეძლევა ადამიანს, და, მეორე, უნდა ხედავდე საკუთარ თავს და აღიარებდე საკუთარ სისუსტეებს. თუ მხოლოდ ღმერთს, მის მადლსა და სიკეთეებს ვხედავთ და ვაღიარებთ ჩვენი თავის დანახვის გარეშე, ეს ამპარტავნული ხედვაა და სხვა არაფერი; ხოლო თუ ჩვენს სისუსტეებს ვხედავთ და ღვთის სიკეთეს ვერა და მისი იმედი არ გვაქვს, იუდას მდგომარეობაში ვართ, რომელმაც თქვა: მივეცი კაცი მართალიო, და თავი მოიკლა. ჭეშმარიტი აღმსარებლობა არის ხედვა ღვთის სიდიადისა და საკუთარი სიმცირისა.

 


ჩვენ ამქვეყნიური სიმდიდრით ვაფასებთ მდიდრები ვართ თუ ღარიბები, და ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან მატერიალურ ნივთებს არ შეუძლია ადამიანის სულს რამე შემატოს ან მოაკლოს. მდიდარი იყო აბრაამი ხორციელად, მაგრამ როცა მამრეს მუხასთან დიდების უფალი იხილა, თქვა, მიწა და ნაცარი ვარ მე, უფალოო. ადამიანმა საკუთარი თავი რომ დაინახოს, ამისთვის აუცილებელია უფლის სიდიადეში ჩახედვა, როგორც სარკეში, და თავის სიღარიბეზე ატირებულს არ დატოვებს უფალი, როგორც არ დატოვა დავით მეფე, რომელიც შეღაღადებდა უფალს: კაცი კი არა, მატლი ვარო მე. ასე სიღრმისეულად საკუთარი სიღარიბის დამნახველ ადამიანში შემოდის უფლის სიდიადე და მხოლოდ მაშინ შეუძლია იგრძნოს ადამიანმა თავი ღმერთში ღმერთად.


ბეჭდვა
1კ1