შემოვიდა მზე იმედისა, მზე სიმართლისა და სიხარულისა - უფალი მოვიდა
შემოვიდა მზე იმედისა, მზე სიმართლისა და სიხარულისა - უფალი მოვიდა
სულ მალე ქრისტეშობის დღესასწაულს მივეგებებით. ამ უდიდეს მოვლენას დასავლური სამყარო და ზოგიერთი მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესია ახალი სტილით 25 დეკემბერს ზეიმობს, ნაწილი - 7 იანვარს. ცხადია, ეს ფაქტი ეკლესიურ ადამიანებშიც გაუგებრობას და დაბნეულობას ქმნის.

დასავლურ სამყაროში შობის დღესასწაულის ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშვნის ტრადიცია მეთექვსმეტე საუკუნიდან დამკვიდრდა, იმ დროიდან, როდესაც კალენდარული რეფორმა მოხდა, ე.წ. ახალი სტილი შემოიღეს, რომელიც გრიგორიანული კალენდრის სახელწოდებითაა ცნობილი. მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრის, ძველი სტილის ერთგული დარჩა, ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს კვლავ ძველი სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავს, რაც ახალი სტილის კალენდრის მიხედვით 7 იანვარს ემთხვევა, თუმცა რამდენიმე ადგილობრივ ეკლესიაში შობის დღესასწაული ახალი სტილით 25 დეკემბერსაც აღინიშნება. რა გახდა მართლმადიდებელ სამყაროში შობის დღესასწაულის სხვადასხვა დროს აღნიშვნის მიზეზი? რატომ ეგებებიან დასავლურ სამყაროში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით შობას? რომელი საღვთო მოვლენაა უპირატესი - აღდგომა თუ ქრისტეს შობა?

გვესაუბრება დეკანოზი პეტრე გიორგაძე:

25 დეკემბერი - ძველი თუ ახალი სტილით?
- მე-16 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესია იულიუსის კალენდრის ე.წ. ძველი სტილით ხელმძღვანელობდა, ვიდრე კათოლიკურ სამყაროში კალენდარული რეფორმა მოხდებოდა და დასავლეთის ქვეყნები დროის ათვლის ახალ სისტემაზე, ე.წ. გრიგორიანულ კალენდარზე, ახალ სტილზე გადავიდოდნენ: მეთექვსმეტე საუკუნეში რომის პაპმა გრიგოლ მეცამეტემ შეცვალა კალენდარი, დროის ათვლის სისტემა, რომელიც გრიგორიანული კალენდრის სახელწოდებით, ახალი სტილითაა ცნობილი. გრიგორიანულ კალენდარსა და იულიუსის კალენდარს შორის ჯერ ათდღიანი, საბოლოოდ კი ცამეტდღიანი სხვაობა გაჩნდა. დასავლეთის ქვეყნებში ყველა დღესასწაულის აღნიშვნა 13 დღით ადრე დაიწყო. ეს ცვლილება თავისთავად შობის დღესასწაულსაც შეეხო, ამიტომაც აღნიშნავენ ევროპის ქვეყნებში შობას ახალი სტილით 25 დეკემბერს (მეცნიერული კვლევების მიხედვით არსებობს ათვლის ორი პერიოდი - სირიუსის და ტროპიკული. იულიუსის კალენდარი სირიუსის პერიოდზე, სირიუსის ვარსკვლავის შემოვლაზეა აგებული, როდის შემოუვლის დედამიწა მას, ხოლო გრიგორიანულმა კალენდარმა საფუძვლად აიღო ტროპიკული წელი და აქედან დაიწყო ცვალებადობა).

სამწუხაროდ, კათოლიკურ სამყაროში მომხდარი კალენდარული რეფორმა მართლმადიდებელ ეკლესიასაც შეეხო. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე საბერძნეთის ეკლესიაში მოხდა კალენდარული ცვლილება. ელადის ეკლესია არა მთლიანად ახალ სტილზე, გრიგორიანულ კალენდარზე, არამედ შერეულ სტილზე გადავიდა - მოძრავი დღესასწაულები, აღდგომა და მასთან დაკავშრებული ყველა დღესასწაულის აღნიშვნა იულიუსის კალენდრის მიხედვით, ძველი სტილით აღესრულება, უძრავი დღესასწაულები, მათ შორის შობაც, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით - ახალი სტილით. შემდგომში მას ბულგარეთის, რუმინეთისა და ანტიოქიის ეკლესიებიც მიჰყვნენ... ამ ფაქტის გამო საბერძნეთის ეკლესიაში მოხდა განხეთქილება, რასაც შედეგად 7 სქიზმატური სინოდის ჩამოყალიბება მოჰყვა. თითოეული მათგანი საბერძნეთის ერთადერთ მართლმადიდებელ ეკლესიად აცხადებს თავს.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ესა თუ ის ადგილობრივი ეკლესია შერეულ სტილზე გადავიდა, არ არის სასურველი, რადგან გარკვეულწილად ბზარი შემოაქვს ეკლესიაში და დაბნეულობას იწვევს, მაგრამ ეს ცვლილება არ უნდა გახდეს განხეთქილების საბაბი. არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კალენდარული ცვლილების გამო ეკლესია კარგავს სულიწმინდის მადლს და საღვთო მადლის გარეშე რჩება. თანაც, იმ ადგილობრივ ეკლესიებში, რომლებიც შერეულ სტილზე არიან გადასული, არსებობს ასეთი წესი: სამრევლოებს თვითონ შეუძლიათ გადაწყვიტონ, უძრავი დღესასწაულები ახალი სტილის მხედვით აღნიშნონ თუ ძველით.Mმთავარი ის კი არ არის, რომელ დღეს იქნება დაწესებული კალენდარულად ესა თუ ის დღესასწაული, არამედ ის, რომ მისტიკური კავშირი გვქონდეს იმ საღვთო მოვლენასთან, რომელსაც აღვნიშნავთ. ეს კი მხოლოდ იულიუსის კალენდრის მიხედვითაა შესაძლებელი. მართლმადიდებელმა ეკლესიამ იულიუსის კალენდარზე თავისი მსახურებები იმიტომ დააწესა, რომ მასში დაცულია ციკლურობა. სწორედ ეს მომენტი ძალიან კარგად არის შერწყმული ქრისტიანულ მსახურებებსა და იულიუსის კალენდარს შორის. რაც შეეხება გრიგორიანულ კალენდარს, არის წრფივი და თავისთავად არღვევს იმ ციკლურობას, რომელზეც პირველივე საუკუნეებიდან აგებულია საეკლესიო მსახურებები. ამდენად, ის ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც ახალი სტილით 25 დეკემბერს აღნიშნავენ შობის დღესასწაულს, უბრალოდ, მოკლებულნი არიან იმ მოვლენასთან მისტიკურ კავშირს, რასაც ქრისტეს შობა ჰქვია. ყველა საუფლო დღესასწაული, საღვთო მოვლენა, რომელსაც სადღესასწაულოდ აღვნიშნავთ და განვადიდებთ, თავისი არსით ყოველწლიურად მეორდება.

ჩვენ გვაქვს სამი მტკიცე გარემოება, თუ რატომ უნდა იყოს მტკიცედ დაცული იულიუსის კალენდარი, ჩვენი მსჯელობებით კი არა, ზეციური ნიშნებით რომ მტკიცდება. ერთია - ყოველწლიურად აღდგომის დღესასწაულზე მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოდის, მეორეა - ყოველ ფერისცვალება დღეს, სწორედ იმ დროს, როდესაც ფერისცვალების დღესასწაული იულიუსის კალენდრის, ძველი სტილის მიხედვით აღინიშნება, როგორი მზიანი ამინდიც არ უნდა იყოს, აუცილებლად გამოჩნდება ღრუბელი, რომელიც მთელი დღესასწაულის განმავლობაში ადგას თაბორის მთას. ასევე, ნათლისღების დღესასწაულზე, როდესაც ნათლისღება იულიუსის კალენდრის მიხედვით აღინიშნება, მდინარე იორდანე მართლმადიდებელი პატრიარქის სიტყვით ჩერდება და რამდენიმე წამის განმავლობაში აღმასვლას იწყებს, შემდეგ კვლავ ჩვეულ დინებას უბრუნდება. ეს სამი ფაქტი იულიუსის კალენდრის უტყუარობას ბეჭდავს. 20-იან წლებში იყო მცდელობა, რომ საქართველოს ეკლესიაც გადასულიყო შერეულ სტილზე, რამოდენიმე წელი ასეც იყო, მაგრამ თვითონ ერმა არ მიიღო და ორ წელიწადში კვლავ იულიუსის კალენდარზე გადავედით.

- ხშირად არის მსჯელობა ქრისტიანული სამყაროს ორ უდიდეს დღესასწაულს - შობსა და აღდგომას შორის უპირატესობაზე; მით უფრო, როცა დასავლეთის ქვეყნებში შობის დღესასწაულს გაცილებით დიდი სადღესასწაულო განწყობით ეგებებიან...

- დასავლეთის ეკლესიაში შობის დღესასწაულს მართლაც გაცილებით დიდი სადღესასწაულო განწყობით ეგებებიან და აღნიშნავენ, ჩვენთან, აღმოსავლეთის ეკლესიაში კი აღდგომის დღესასწაულს ანიჭებენ უპირატესობას და უდიდესი, ყველაზე დიდი სადღესასწაულო განწყობითაც ეგებებიან. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს: წარმოიდგინეთ სნეული, რომელმაც მთელი თავისი ავლა-დიდება გადაყარა თავის განკურნებაში, გადაეწურა იმედი და უკვე უიმედობაში, ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში გადადის, მაგრამ მას ეუბნებიან, რომ მოვა ექიმი, რომელსაც მისი სნეულების განკურნება შეუძლია. ჩაისახა იმედი და ელოდება მთელი სულით და გულით. გადის გარკვეული პერიოდი და ეს სნეული უდიდეს მოლოდინშია. და აი, გაიღო კარები და შემოვიდა მზე იმედისა, მზე სიმართლისა და სიხარულისა - უფალი მოვიდა. ეს სიხარული და იმედის აღსრულება იყო შობა, მოსვლა უფლისა, ხოლო უფლის მოსვლის, შობის შემდეგ ადამიანი, სნეული კაცობრიობა ელოდებოდა განკურნებას, - ეს იყო აღდგომა. მთავარი სიხარული, გვირგვინი არის განკურნება, სნეულის ხსნა. უფალმა ჩვენ აღდგომის საიდუმლოებით დაგვანახა, რომ მოახდინა ჩვენი სულიერი განკურნება. იმედი შემოვიდა და იმედის განხორციელება მოხდა აღდგომით. ანუ შობა არის იმედი და აღდგომა არის იმედის განხორციელება.

ადამიანთა ნაწილი მართლაც მიიჩნევს, რომ მაცხოვრის შობა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან როდესაც კაცობრიობას უფალი მოევლინა, სწორედ იმ მომენტში იყვნენ ადამიანი და უფალი ყველაზე ახლოს ერთმანეთთან. მიწიერი გაგებით მართლაც ასე იყო. მაგრამ ვიცით, რომ უფლის ხორციელად მოსვლით მისია არ შესრულებულა. ადამიანის ბუნებისა და ღვთის ყველაზე მეტი ერთობა მაშინ აღესრულა, როდესაც ჯვარცმა, გამოხსნა, შერიგება, აღდგომა მოხდა. უფალმა ჯვარცმით გამოიხსნა ადამიანი. სწორედ მაშინ მოხდა შერიგება ადამიანისა და ღვთისა, რაც აღდგომით დამტკიცდა. რომ არა აღდგომა, უფლის მოსვლა გაუგებარიც იქნებოდა, ყველაფერი აზრს დაკარგავდა. როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, ეს ნიშნავს, რომ მის გულში უფალი იშვა; მაგრამ ჩვენ მას შევაგონებთ, რომ მხოლოდ გულში ღვთის შობა არ არის საკმარისი, - მან უფალი თავის გულში უნდა "გაზარდოს", მასთან ერთად იცვალოს ფერი თაბორზე, მასთან ერთად გაიაროს გოლგოთა, დაითმინოს შეურაცხყოფა, მასთან ერთად ზიდოს ჯვარი და დაითმინოს ჯვრის ტკივილები. მიზანი და შედეგი არის აღდგომა.

მართლმადიდებელი ეკლესია ადამიანს მიწიერი ცხოვრების გასულიერებაში ეხმარება, კათოლიკური ეკლესია კი, სამწუხაროდ, სულიერების გამიწიერებას უწყობს ხელს, ამიტომაც არის, რომ დასავლეთში უდიდეს, ყველაზე მეტ მნიშვნელობას შობის დღესასწაულს ანიჭებენ და გამორჩეული სადღესასწაულო განწყობითაც ეგებებიან, რადგან უფლის ხორციელად შობა უფრო ახლოს არის მიწიერებასთან. შობასთან ხორციელად მოსვლასთან ერთად მოვალეობებსაც გვაძლევს უფალი. გასაგებია, უფალი რომ მოვიდა, ჩვენ გვიხარია, მაგრამ რას გვეუბნება უფალი, უკვე ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. თუმცა ადამიანები ერთმანეთის მიმართ პატარა სიხარულის მინიჭებაზეც ფიქრობენ - საჩუქრების მირთმევა, მოწყალების გაცემა... ეს კარგია, მაგრამ მთლიანობაში მათი სარწმუნოება უფრო გამიწიერებულია. არის თარიღის შეგრძნობა, არის თარიღის აღნიშვნა, არის თარიღში თანამონაწილეობა. ჩვენი მარხვა იმიტომ არის ორმოცდღიანი, რომ სულიერი ძალები გამოთავისუფლდეს ხორციელი ძალებისაგან, რომლებიც ბოჭავენ ადამიანის სულიერ შეგრძნებებს, ორმოცი დღის განმავლობაში როდესაც ხდება ხორციელი გრძნობების, ვნებების მოთოკვა, თავისუფლდება სული და სულიერი შეგრძნება ხდება შობისა.

საშობაო ალილო
სიტყვა "ალილო" "ალილუიადან" მომდინარეობს - "ალილუიას" ხალხური სახეცვლილებაა. "ალილუია" ანგელოზთა საგალობელია, რაც ნიშნავს - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა".

"ალილო" ხალხური ტრადიციაა - მისი მონაწილენი გარეგნულად გამოხატავენ მაცხოვრის შობით გამოწვეულ სიხარულს, უფლის შობის ხალხური საგალობლებით. ესეც ერთ-ერთი ფორმაა ღვთის დიდებისა, ღვთისადმი მსახურებისა. მეალილოეები არიან მოზეიმე ადამიანები. ისინი განასახიერებენ მწყემსებს, რომლებსაც ანგელოზებისგან ეუწყათ მაცხოვრის შობის შესახებ და მათ კაცობრიობას ახარეს. ალილოს საგალობელ ტექსტში შეტანილია ანგელოზთა გალობაც, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს ქრისტეს შობის დროს. ძღვნის შემწირველნი კი განასახიერებენ მოგვებს, რომლებმაც ძღვენი შესწირეს ახალშობილ მაცხოვარს.

ალილო შობის დადგომამდე აღესრულებოდა. ალილოს მონაწილეები საღამოს, შობის დადგომამდე, გამოდიოდნენ ქუჩებში, ადამიანებს ულოცავდნენ ქრისტეს შობას და თან მოუწოდებდნენ, რომ მონაწილეობა მიეღოთ საშობაო მსახურებაში. ეს უდიდეს სიხარულს იწვევდა ადამიანებში. კომუნისტურ პერიოდში ალილოს ტრადიცია თითქმის მივიწყებას მიეცა, თუმცა ბოლო დროს კვლავ აღდგა, როგორც ხალხური, ასევე საეკლესიო ტრადიცია. ბოლო რამდენიმე წელია, საშობაო წირვის დასრულების შემდეგ, შობა დღეს, პატრიარქის კურთხევით აღესრულება ალილო, როდესაც ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ისეთ უდიდეს სიხარულში, რასაც ქრისტეს შობა ჰქვია. ქრისტეს მოსვლით გამოწვეულ სიხარულს ადამიანები მოწყალების გაღებითაც გამოხატავენ. მცირედი შესაწირიც რომ გაიღოს ადამიანმა ამ დღეს, ღვთის წინაშე ასმაგად დაუფასდება. მსვლელობისას შემოსულ შემოწირულობებს მოწყალების სახე ეძლევა - მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საშობაო დღესასწაულზე ეკლესიის მიერ მოწყობილი ალილოს მსვლელობა. ადამიანები შობა დღეს განსაკუთრებით იხსნებიან, ეხსნებათ მოწყალების გაღების სურვილი, რადგან ადამიანი ღვთის ქმნილებაა და ასეთ დღეებში მეტად ესმის გულისკარზე უფლის კაკუნის ხმა და თვითონაც უფრო უღებს თავის გულის კარს უფალს.

ბეჭდვა
1კ1