ერთი ღმერთი, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი მეუფება სამ სრულ პიროვნულობაში
ერთი ღმერთი, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი მეუფება სამ სრულ პიროვნულობაში
ყოვლადწმინდა სამების მადლმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
წმიდა სამების შესახებ სწავლება ქრისტიანული აზროვნების ქვაკუთხედია. სწორედ მასზეა დაფუძნებული ეკლესია.
წმიდა სამების აღმსარებელნი ქრისტიანებად იწოდებიან, მათი კრებული კი - ქრისტიანულ ეკლესიად. ამის გარეშე ვერავინ დაირქმევს ქრისტიანის სახელს. "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", - აი, სიტყვები, რომლებიც მუდამ მეორდება ეკლესიაში; "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა", - აგერ უკვე ორი ათასი წელია ღაღადებს მღვდელმსახური საღმრთო ლიტურგიის დაწყებისას.

წმინდა ეკლესიაში ჩვენ ყოვლადწმიდა სამების საუფლოში ვცხოვრობთ, თუმცა არ შგვიძლია, მისი ჭეშმარიტი არსი შევიცნოთ, ბოლომდე ჩავწვდეთ მის საიდუმლოს. გულსაც კი არ ძალუძს, სრულად დაიტიოს ღმრთაებრივი სიყვარული; მით უფრო ვერ შეძლებს ამას გონება (არადა, როგორ გვსურს, ყველაფერს გონებით მივწვდეთ!). რაც კი წმიდა სამების შესახებ ვიცით, ესეც თვით უფლის ნებით გვებოძა და არა ადამიანური, თუნდაც მაღალინტელექტუალური, შესაძლებლობების წყალობით. ქმნილება ვერასოდეს შეიმეცნებს შემოქმედს

ერთი შეხედვით მართლაც ძნელი გასაგებია - თუ ერთ ღმერთს ვაღიარებთ, რატომღა ვუწოდებთ მას სამებას? თუ ერთია, სამი როგორ არის და თუ სამია, როგორღაა ერთი? ეს კითხვა, რომელსაც დღესაც ხშირად გაიგონებთ, ადამიანებს ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან აღელვებდათ. თვით ეკლესიის წიაღშიც არაე¬რთხელ უცდიათ, გონებით, ლოგიკური მსჯელობით აეხსნათ წმიდა სამების ცნება, თუმცა ყველა, ვინც კი ეს მოისურვა, დამარცხდა.


ჩვენ, ქრისტიანებს, გვწამს ერთი ღმერთი, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი ხელმწიფება, ერთი უფლება, ერთი მეუფება სამ სრულ პიროვნულობაში (ჰიპოსტასში), რომლებიც შეურევლად არიან შეერთებულნი. ყოვლადწმიდა სამება არის ერთარსება და სამსახოვანი. სწორედ ესაა საკვირველი და გონებამიუწვდომელი, თორემ ერთ ღმერთს სცემენ თაყვანს იუდეველნიც და მაჰმადიანებიც.

†წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს ღმერთს ვიცნობთ არა არსებით, არამედ მისი დიდებული ქმნილებებით და მათზე გამოჩენილი უფლისმიერი განგებულებით. მათში, როგორც სარკეში, ვჭვრეტთ ღვთის უსაზღვრო სახიერებას, სიბრძნესა და ძალას.

†ერთ ფილოსოფოსს, რომელიც ვერ ხვდებოდა მაცხოვრის ამ სიტყვების მნიშვნელობას: "მე მამაში ვარ და მამა ჩემშია", - წმინდა ნიკოლოზ სერბმა მისწერა: "ქრისტიანული გზა შემეცნებისა - სიყვარულია; თუ გსურს ზეციური საიდუმლონი შეიტყო, შეიყვარე უფალი მთელი გულით და სულით, გულისთქმებით და უფალი ჩასახლდება შენში, შენ იქნები ღმერთში და ღმერთი კიდევ - შენში და შეიგრძნობ რეალობას მრავალი საგნისას, რომლებიც ადამიანების ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან. დაე, განგაბრძნოს ზეციურმა სიყვარულმა".

†წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: ერთია ღმერთი, გაცხადებადი სამ ნათელში: ამგვარია სამების წმინდა ბუნება.
ღმერთი, ასე ვთქვათ, განუყოფლად განიყოფა, და განუყოფლადვე ერთდება, რამეთუ ღმერთი ერთია სამობრივ და სამი ერთია, მათშია ღმრთაება, ანდა, უფრო სწორად, ისინია ღვთაება.
როცა გესმის ძის შობის შესახებ, ნუ ეცდები გამოიძიო, თუ ვითარია ამ შობის სახე! როცა გესმის, რომ სული გამოვალს მამისაგან, ნუ გამოიძიებ ცნობისწადილით, თუ როგორ გამოვალს იგი!.. რამეთუ როგორ ხდება ეს - მხოლოდ მშობელმა და გამომავლენელმა მამამ და შობილმა ძემ და გამომავალმა სულიწმინდამ უწყიან. ამაზე მეტის მცნობელობა დაფარულია ღრუბლით და მიუწვდომელია შენი ახლომხედველობისთვის.

†ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: შევიცნობთ რა ყოვლადწმინდა სამებას იმ ზომით, რომლითაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ თუ სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებული აქვს სწორედ მისგან - ყოვლადწმინდა სამებისგან და მის მიერვე წარემართება ესოდენ მწყობრი წესრიგითა და სიმშვენიერით. ამასთან, ეს იმგვარად კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქმნილების ნაწილი მამის მიერ იყოს შექმნილი, ნაწილი - ძის მიერ, ხოლო სხვა ნაწილი - სულიწმინდის მიერ, არამედ... ყოველივე ერთობლივ და თითოეული ბუნებაც - ცალკე - შექმნილია მამის მიერ ძით სულიწმინდის მადლისგან. რამეთუ ყოველი საგანი, სულერთია, სუბსტანციას ვუწოდებთ, არსობრიობას თუ ბუნებას, ანდა სხვა რამ სახელს, ერთდროულად ატარებს თავის თავში ერთსაც, მეორესაც და მესამესაც, ასე, რომ წარმოადგენს რაღაც ერთიანსაც და სხვათაგან განსხვავებულსაც თავისი სახით, და არ არის ამოვარდნილი საგანთა მწყობრი რიგიდან.

ზვიად მაისურაძის ხატი
ბეჭდვა
1კ1