სულიწმინდის ყველა ქმედება მიმართულია ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენი ხსნისთვის
სულიწმინდის ყველა ქმედება მიმართულია ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენი ხსნისთვის
სულთმოფენობას სულიწმინდის დღე მოსდევს.
სულიწმიდის შესახებ საუბრისას სულიერი მადლია საჭირო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით ყველაფერს, რაც მას შეეფერება. ამ თემაზე საუბრისას არც თუ ისე პატარა საშიშროებაც არსებობს, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: "რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათჳს არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას" (მათე 12,32).

ერთი და ერთადერთია სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი. და როგორც ერთია მამა ღმერთი და არ არსებობს მეორე, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სულიწმიდა. არ არსებობს მეორე მისი თანასწორი სული. იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად. არ არის ან ერთი ქმედება, ან ერთი ამოსუნთქვა, ან ერთი ქადაგება მამისა ან ძისა, რომელიც განიფანტება ჰაერში, არამედ ერთი სახე, ერთი პირი, ცალკე არსება. ის თვითონ მეტყველებს, მოქმედებს და წმიდაჰყოფს. ის ნათელმოსავს მართალთა სულებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს.

სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამ ქვეყნად? ის იმყოფება ჩვენს შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმედებას. კითხულობს ჩვენს ზრახვებსა და სინდისს, აგრეთვე ესმის, რასაც ვლაპარაკობთ. ხედავს, რას ვფიქრობთ, რა გვწამს. საოცარია პირდაპირ!
მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. წარმოიდგინე მთელი მსოფლიოს ქრისტიანები, აგრეთვე ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები, ბერ-მონოზვნები და ყველა ეროვნების საერო პირნი. სულიწმიდა მათი დიდი მფარველი და მათთვის სხვადასხვა ნიჭის მიმცემელია: ზოგისთვის - კეთილგონიერების, ზოგისთვის - ქალწულების, ზოგისთვის - მოწყალების, ზოგისთვის - უპოვარების. როგორც მზე თავისი სხივებით ყოველივეს ნათელს ჰფენს, ასევე სულიწმიდა აცისკროვნებს მათ, ვისაც აქვს სულიერი თვალები. ისინი კი, რომლებიც ვერ ხედავენ ამ ნიჭებს, სულიწმიდას კი ნუ დაადანაშაულებენ, არამედ საკუთარ ურწმუნოებას დააბრალონ.

ნახე, რა ძალაუფლების მფლობელია სულიწმიდა მთელ სამყაროში? ახლა ნუ დარჩები დედამიწაზე. ადი უფრო მაღლა. გონებრივად ამოდი ჩემთან ერთად ცაში და ნახე, რამდენი ათასი ანგელოზი, მთავარანგელოზი და მთავრობანია. ადი ცოტა კიდევ, თუ შეგიძლია და დაინახე უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. კიდევ უფრო ზევით კი - სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი. სულიწმიდა ყველა მათგანის განმგებელი, მასწავლებელი და განმკითხავია.

* * *
სულიწმიდას აქვს სხვადასხვა სახელი. იმისათვის, რომ ვინმე უცოდინარმა არ დაუშვას მრავალი და სხვადასხვა სულის არსებობა, ეკლესია რწმენის სიმბოლოში ანუ მრწამსში მიუთითებს, რომ არის ერთი, წმ. სამების მესამე პირი: "რომელი მამისაგან გამოვალს... რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ". რაც შეეხება სულიწმიდის სახელებს. ის, როგორც წესი, იწოდება "სულად" და "სულად ჭეშმარიტებისად" და "ნუგეშინისმცემელად", როგორც მას თვით უფალი უწოდებს. აგრეთვე "სულად ღვთისად" და "სულად მამისად". მას "ქრისტეს სულად" იხსენიებს პეტრე მოციქული. "ღვთის სულად", ""უფლის სულად" და ასევე "ღვთის ძის სულად" კი - პავლე მოციქული. მისსავე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვხვდებით "სულს სიწმიდისა" და "სულს აღიარებისას". სხვა ეპისტოლეებში კი "სულს განცხადებისას", "სულს აღთქმისას" და "სულს წყალობისას". ფსალმუნში ის "სახიერ" და "სამეუფო" სულადაა მოხსენებული. წინასწარმეტყველი ისაია მას უწოდებს "სულს სიბრძნისას", "კეთილმნებელობისას", "კეთილგონიერებისას", "ძლიერებისას", "შეცნობისას", და "სულს ღვთისადმი მოწიწებისას" და "ღვთისმოშიშებისას".

სულად იწოდება დემონიც, მაგრამ უწმინდურ სულად. როგორც წმინდა წერილი ადამიანის სულის შესახებ საუბრისას ამბობს: "სული ადამიანისა", ან ქარის შესახებ "სული ქარიშხალისა", ან ცოდვის შესახებ "სული მრუშობისა" და ა.შ., ასეა აქაც. სულიწმიდისათვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. ნუ იყოფინ! გარდა ამისა, არსებობს დიდი განსხვავება. უწმინდური სული როცა შედის ადამიანში (ღმერთმა დაგვიფაროს მისგან), შედის როგორც სისხლისმსმელი მგელი, რომელიც მზადაა დაგლიჯოს ცხვარი. ის გადარევს ადამიანის სულს და თრგუნავს მას, უბნელებს აზროვნებას, ურევს ენას, პირიდან გადმოსდის ქაფი და გაუთავებლად ღრიალებს, ადამიანს მთლიანად მოიცავს წყვდიადი. ფართოდ აქვს გახელილი თვალები, მაგრამ სული ვერაფერს ხედავს. საცოდავი ადამიანი გულშემზარავად კანკალებს. გულმოწყალების და სიბრალულის არმქონე დემონები მისი უსაძაგლესი მტრები არიან.

არაფერი ამის მსგავსი არ ხდება სულიწმიდასთან დაკავშირებით. პირიქით, ყველა მისი ქმედება მიმართულია ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენი ხსნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მისი ყოფნა იწვევს სიმშვიდეს და კეთილგანწყობილებას. მისი ტვირთი ძალიან მსუბუქია. შემეცნების ელვისებურად ნათელი სხივები წინასწარ გვამცნობენ მის გამოჩენას. მოდის მამისეული სიყვარულით და თანაგრძნობით. მოდის, რომ გვიშველოს, გვიმკურნალოს, გვასწავლოს, დაგვარიგოს, გაგვაძლიეროს და დაგვამშვიდოს. მოდის, რომ გაგვინათოს გონება. დაგვანახოს ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. მოდის და პატარა ადამიანი, ისაიას მსგავსად, გახსნილი ციდან ხედავს უფალს "მაღალ და მედიდურ ტახტზე" (ისაია 6,1), იეზეკიელის მსგავსად - "ქერუბიმებზე" (იეზეკიელი 10,18). ხედავს როგორც დანიელი, რომ მას ემსახურებიან "ათასის ათასნი და ბევრის ბევრი ანგელოზები" (დანიელი 7,10), ხედავს სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს, რადგან ის არის ნათელისა და შემეცნების წყარო და გამოცხადება.
ბეჭდვა
1კ1