სულთმოფენობა - ამ დღეს დაარსდა ქრისტეს ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ზეციურ სამეფოს დედამიწაზე
სულთმოფენობა - ამ დღეს დაარსდა ქრისტეს ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ზეციურ სამეფოს დედამიწაზე
სულიწმინდის მადლი იყოს თქვენ თანა!
მაცხოვრის აღდგომიდან 50-ე დღეს მოციქულები ერთად შეიკრიბნენ. მოულოდნელად ხმაური ატყდა, თითქოს ქარმა დაბერაო და იქ მყოფთა თავზე ცეცხლის ენები დაირხა. სულიწმინდის მადლით მაცხოვრის 70 მოციქული სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა.

ხმაურზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. ბევრმა ვერ ახსნა ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზი, მაგრამ ვინც იწამა უფლის სიტყვები, მიხვდა, რომ ადამიანებს აღუდგათ და განუმტკიცდათ ის კავშირი, რომელიც ბაბილონის გოდოლის შენების დროს დაკარგეს. სულიწმინდის მადლი კი გადმოვიდა უფლის მოწაფეებზე, რომლებსაც უნდა ექადაგათ მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი სარწმუნოება.

ეს იყო განსაკუთრებული დღე. ამ დღეს დაარსდა ქრისტეს ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ზეციურ სამეფოს დედამიწაზე. მისი პირველი მეთაურები იყვნენ მოციქულები, რომლებსაც უფლის ხელდასხმით მიეცათ ნიჭი ქრისტეს წიაღში ადამიანთა მოსაწოდებლად. მას შემდეგ ადამიანებს აღარ ემუქრებათ საშიშროება ღმერთთან კავშირის გაწყვეტისა, რადგან ეკლესია თავად ქრისტეს სხეულია, ყოველი მორწმუნე ადამიანი - სხეულის ნაწილი, გაერთიანებულია ხილული და უხილავი სამყარო, ის, რაც ჩვეულებრივი თვალისთვის მიუწვდომელია და მხოლოდ მადლის მიერ გარდაქმნილი ადამიანის შინაგანი ბუნებისთვის არის მისაწვდომი. ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანის ბუნება გაცილებით აღმატებულია, ვიდრე პირველქმნილი ადამიანებისა, მიწიერ სამოთხეში რომ ცხოვრობდნენ.
ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირის აღსადგენად ქრისტემ, ძე ღვთისამ, ეკლესია დააარსა, ამისთვის კი თავისი ნებით ჯვარცმა და სისხლისღვრა დაითმინა. მცდარ გზებზე ხანგრძლივად მოხეტიალე ადამიანებს საშუალება მიეცათ, დაბრუნებოდნენ თავის საწყის მდგომარეობას და ის წყლულები, ავადმყოფობა თუ სისუსტეები, რომლებიც ამ გზაზე დაუგროვდათ, ღვთის საყდარში მიეტანათ ზვარაკად, სანაცვლოდ კი მიეღოთ სულიწმინდის ნაყოფი: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, თავშეკავება, სიკეთე, რწმენა.
ბეჭდვა
1კ1