ფერისცვალება ღმერთთან ურთიერთობით ხდება
ფერისცვალება ღმერთთან ურთიერთობით ხდება
ღვთაებრივი ნათელის ხილვის ღირსი მოციქულები: პეტრე, იოანე და იაკობი
ფერისცვალებისას, ჯვარცმამდე ორმოცი დღით ადრე, უფალმა ისურვა, რომ მისი ღვთაებრივი ბუნება , რომელიც კაცური ბუნებით იყო დაფარული, მის მოწაფეებს ეხილათ. თუმცა ამ საიდუმლოებაში მონაწილეობის ღირსი ყველა არ გამხდარა. მხოლოდ პეტრე, იოანე და იაკობი გამოარჩია უფალმა თაბორის მთაზე ასაყვანად, დანარჩენები კი მთის ძირას დატოვა.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, უფალმა ფერისცვალების საიდუმლო მხოლოდ სამ მოწაფეს იმიტომ გამოუცხადა, რომ 12 მოციქულს შორის ერთ-ერთი იუდა იყო, რომელსაც ქრისტე უკვე 30 ვერცხლად ჰყავდა გაყიდული, რის გამოც ის ვერ გახდა ღირსი ამ დიდი სიხარულის მიღებისა. სამ მოწაფეს იმის გამოც უჩვენა ეს მადლი, რომ როცა მას შეიპყრობდნენ და ჯვარზე გასაკრავად წაიყვანდნენ, მათ დანარჩენი მოწაფეები გაეძლიერებინათ. გარდა ამისა, უფალმა იცოდა, რომ პეტრე, იოანე და იაკობი მოციქულთაგან უმაღლეს საზომს იყვნენ მიღწეულნი: პეტრე - სარწმუნოებით, იოანე - სიყვარულით, ხოლო იაკობი - მოწამეობით.

მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე, მოსე წინასწარმეტყველი და ელია წინასწარმეტყველი საუბრობდნენ ჯვარცმაზე, რადგანაც მოახლოებული იყო დრო ჯვარცმისა და მოციქულები ღვთის შემწეობის გარეშე მათი მოძღვრისა და მასწავლებლის - ღმერთკაცის ჯვარცმასა და მისი საიდუმლოს შინაარსს ვერ დაიტევდნენ, ამიტომაც ეჩვენა მათ დიდებით ქრისტე, რათა გამხნევებული ყოფილიყვნენ ამ საშინელი მოვლენის წინ... მოსე წინასწარმეტყველი სიმბოლურად გარდაცვლილ მართალთა სახედ წარმოჩნდა, ხოლო ელია წინასწარმეტყველი კი ცოცხალ მართალთა სახედ... ასევე იქნება უფლის მეორედ მოსვლის დროსაც, წმინდანნი და მართალნი, რომელნიც მკვდრეთით აღდგებიან, იბრწყინებენ მოსეს მსგავსად ქრისტესთან ერთად, ხოლო ვინც ცოცხალი იქნება იმ დროს, ელიასავით იბრწყინებს უფალთან ერთად...

აღსანიშნავია, რომ ფერისცვალება მოხდა ლოცვის დროს. ლოცვა კი ღმერთთან ურთიერთობაა. ეს ნიშნავს, რომ ფერისცვალება და განღმრთობა ღმერთთან ურთიერთობით ხდება. უფალმა ამით გვასწავლა, რომ ფერისცვალებას ადამიანის ძალისხმევა, შრომა, ცოდვაზე უარის თქმა, თავშეკავება, მოთმინება, სინანული და ლოცვა სჭირდება.

ფერისცვალების დღესასწაულში, მომავლის წინასწარმეტყველებაც უნდა ამოვიკითხოთ; იესოს მიერ პეტრეს, იოანეს და იაკობის თაბორის მთაზე აყვანა გვარწმუნებს, რომ ამაღლების გარეშე არ არსებობს ღვთაებრივი დიდების ხილვა, და იმ უმჭვირვალესი სიწმინდით შემოსვა, რამაც ადამიანი უნდა დაამკვიდროს სასუფეველში, ანუ ვინც ჯერ თაბორზე სულიერად არ გაბრწყინდება ლოცვით, ის ვერ ავა გოლგოთაზე მომავალში... და ის ვერ ავა ზეთისხილის მთაზეც...

როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ პეტრეს, იოანესა და იაკობის მსგავსად ვიხილოთ თაბორისეული ნათელი ჩვენს სულებში? უპირველესად პეტრესავით სიყვარული უნდა გვქონდეს ქრისტესი, უნდა ვუერთგულოთ მაცხოვარს იოანესავით და ისეთივე მოშურნეები უნდა ვიყოთ ღვთისათვის თავგანწირვაში, როგორიც იაკობი იყო, ანუ უნდა შეგვეძლოს თავგანწირული სიყვარული...
ბეჭდვა
1კ1