მარიამობა - რწმენით, სასოებით აღნიშნავს ამ დღეს მთელი საქრისტიანო სამყარო
მარიამობა - რწმენით, სასოებით აღნიშნავს ამ დღეს მთელი საქრისტიანო სამყარო
დღეს დიდი დღეს, დღე ღვთისმშობლის მიძინებისა. რწმენით, სასოებით აღნიშნავს ამ დღეს მთელი საქრისტიანო სამყარო.
მაგრამ მას განსაკუთრებული სიხარულით, ჩვენ, ქართველნი ვდღესასწაულობთ. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილია.
უფლის ჯვარცმისა და ამაღლების შემდგომ მოციქულები შეიკრიბნენ და წილი იყარეს, თუ ვის, რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა ქრისტეს მცნება. მათთან ბრძანდებოდა მაშინ დედა ღვთისა, მანაც იყარა წილი და საქართველო ხვდა საქადაგებლად; მაგრამ მოწევნული იყო უკვე ჟამი მისი მიძინებისა და უფლის ნებით, მის ნაცვლად ანდრია პირველწოდებული და მასთან ერთად სიმონ კანანელი წამოვიდნენ ივერთა ქვეყანაში და თან ჩამოიტანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. აწყურის ღვთისმშობლად წოდებული.


თუ არა ღვთისმშობლის მფარველელი კალთა, მართლაც როგორ გაუძლებდა ეს პატარა საქრისტიანო ქვეყანა მოზღვავებულ მტერს.
დედა ღვთისას ერთხელ მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მოახლოებულია ჟამი, რომ სულ მალე იგი ზეცაში გადასახლდებოდა და სიხარულის ნიშნად ზეთისხილის რტო უძღვნა. წმინდა ქალწული მაშინვე ბეთლემში დაბრუნდა. უფლის მოწაფეები გამოიძახა და მათ ეს ამბავი აუწყა. ხოლო, იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც იმჟამად ეფესოში იმყოფებოდა, ლოცვით გამოიხმო. მოციქულნი მასთან ყოველი მხრიდან ღრუბლების გვარად მოფრინდნენ, რომელნიც ერთად სულიწმინდამ შეკრიბა.


დადგა მიძნების ჟამი, ენთო უამრავი სანთელი, გალობდნენ მოციქულნი, უეცრად ყოველივე გაბრწყინდა, ისე დიდი იყო ეს ბრწყინვალება, რომ ყველა შეკრთა. უკიდეგანო ნათლიდან თავად დიდების ხელმწიფე ქრისტე გადმოვიდა და ანგელოზთა და მთავარაბგელოზთა ზეციურ ძალთა თანხლებით დედას მიეახლა. მათთან იყვნენ დიდნი წინაპარნი და წინასწარმეტყველნი, რომელნიც ყოვლადწმინდა ქალწულის მოსვლას წინასწარმეტყველებდნენ. სატანჯველის გარეშე მიიღო მისი სული უფალმა. გაისმა ანგელოზთა გალობა, განიხვნენ ზეციურნი კარნი და სიხარულით შეეგებნენ მას ქერუბიმნი და სერაფიმნი. ზეციური სინათლით ბრწყინავდა წმინდა ქალწულის სახე. გამორჩეული იყო მისი ცხოვრებაც და მიძინებაც. დასრულდა მიწიერი ცხოვრება მისი და მოციქულებმა სიფრთხილით წაასვენეს. მათ ცაზე გვირგვინად გამოსახული ნათლის სვეტი მოაცილებდა, რომელმაც დაფარა ისინი, როდესაც დასარბევად წარმართნი წამოვიდნენ.


საღამოს ცხედარი ქვაბულში შეასვენეს და დიდი, მძიმე ლოდი დაადეს, რომ წარმართთაგან ვერავინ შესულიყო შიგნით.


სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ლოცულობდნენ საფლავთან მოციქულები. ღვთის ნებით, მოციქულთაგან მხოლოდ თომა ვერ დაესწრო მი მიძინებას და დაკრძალვას. მესამე დღეს ცხარე ცრემლებით დასტიროდა იგი ღვთისმშობელს, დაეცა საფლავთან და აღარ იძროდა. შეეცოდათ იგი მოციქულებს და გაუხსნეს საფლავი. მათდა გასაოცრად, იქ მხოლოდ ღვთისმშობლის სუდარაღა იყო. ასე აღიყვანეს დედა ღვთისმშობელი ხორციელად ზეცად.
ქრისტიანობის დიდი სიწმინდეა ღვთისმშობლის სუდარა, ქამარი, კვართი. ამ სიწმინდეებს მთელ მსოფლიოში უფრთხილდებიან.

ბეჭდვა
1კ1