სწორი ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას
სწორი ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
- ყველას ვულოცავ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს, თაბორის ღვთაებრივი ნათელი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს. ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ერი, რომელიც ვიდოდა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ",- ღაღადებს და გალობს წმინდა ეკლესია. მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ, თორმეტ მოციქულთა შორის გამოირჩია პეტრე, იაკობ და იოანე და აღიყვანა თაბორის მაღალ მთაზე, რომელიც მდებარეობს ისტორიულ გალილეაში. თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა და "განაბრწყინა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი იქნა, ვითარცა სპეტაკ, ვითარცა თოვლი". მაცხოვარმა კეთილი ინება, მოციქულთათვის განეცხადებინა ღვთაებრივი ბუნების სიდიადე, რადგან ახლოვდებოდა ჯვარცმის დღე, რომელზედაც საუბრობდნენ უფლის წინაშე წარმდგარი მოსე და ილია წინასწარმეტყველი. ამ დროს მოციქულები შიშნარევმა, ენით აუწერელმა ნეტარებამ მოიცვა.

პეტრე მოციქულმა კი წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ნათლად ასახავს ღმერთთან სიახლოვის ბედნიერებასა და სიხარულს - "უფალო, კეთილ არს ჩვენთვის აქ ყოფნა და თუ გნებავს გავაკეთოთ სამი ტალავარი - ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთიც კიდევ ელიასათვის, რამეთუ არა იცოდა რას იტყოდა. ღმერთთან სიახლოვის ნეტარი მდგომარეობა, რომელიც მოციქულებმა განიცადეს, შესაძლებელია განიცადოს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, მაგრამ ამისათვის ადამიანში საჭიროა მოხდეს ფერისცვალება და შინაგანი გარდაქმნა. "მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას", - ბრძანებს წმინდა მეფე დავით მეფსალმუნე. ადამიანმა პრინციპულად უნდა გადაწყვიტოს, რომ მიატოვოს მავნე ჩვევები და ცოდვითი მიდრეკილებები.

ეკლესიური ცხოვრების გზით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას, იწმინდება ადამიანის გული, გონება, სუფთავდება და მგრძნობიარე ხდება სინდისის მამხილებელი ხმა, იხვეწება მისი სულიერი გემოვნება. რაც ადრე მოგვწონდა და გვიზიდავდა, უკვე აღარ წარმოადგენს ფასეულს, რადგან არ ეთანხმება უფლის მცნებებს. რა თქმა უნდა ადამიანის სულიერი ფერისცვალება არ არის მარტივი პროცესი, რადგან ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ვნება და ცოდვითი მიდრეკილებები, რომელმაც მოასწრო ფესვების გადგმა და არ სურს პოზიციების დათმობა. სულიერი ცხოვრება, ეს არის მუდმივი ბრძოლა და ჭიდილი სიკეთესა და ბოროტებას შორის. თუკი ადამიანი სიკეთის მხარეს დადგება, ის მადლის მიღებასაც არ დააყოვნებს.. თუკი ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს და ვერ აღწევს სულიერ ზრდა-განვითარებას, ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანი კმაყოფილდება გარეგნული ქრისტიანული ფორმით და არ ცდილობს სულიერი სათნოებების მოხვეჭას.



ბეჭდვა
1კ1