ჩვენი ერი ხომ ვაზის ჯვრის შვილია
ჩვენი ერი ხომ ვაზის ჯვრის შვილია
დიდმარხვაში, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეს, მართლმადიდებლურ ეკლესიებში შროშანით შემკობილ პატიოსან ჯვარს გამოაბრძანებენ. მიეახლებიან ღვთის რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ქრისტიანები, ეამბორებიან და მიიღებენ სულიერ ძალას, რომელიც მათ მარხვით მოუძლურებულ სხეულებსაც სიცოცხლეს შემატებს. ამგვარად ნუგეშცემულნი და ღვთივგანძლიერებულნი განაგრძობენ დიდმარხვის გზას და შევლენ უფლის ბრწყინვალე აღდგომის სიხარულში.

"ჯვარი ნიში არს ღმრთეებისა ძალისაი საკვირველმოქმედისაი", - ბრძანებს კლარჯული მრავალთავი. შეუძლებელია იმ სასწაულთა აღწერა, პატიოსანი ჯვრის ძალით რომ მომხდარა, მით უფრო - ჩვენში; ჩვენი ერი ხომ ვაზის ჯვრის შვილია, მისი მადლით მოქცეული და ხელახლა შობილი საუკუნო სიცოცხლისათვის! ამიტომაც, მოდით, ერთად გავიხსენოთ ეპიზოდები ჯვრის თაყვანისმცემელ ქართველთა ცხოვრებიდან, რათა უფრო მეტი სასოებით გამოვისახოთ პატიოსანი ჯვარი და მისი ძალითა და მადლით ვძლიოთ ჩვენს ხილულსა თუ უხილავ მტერს.

წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს, რომელიც ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, მრავალი სასწაული მოუხდენია. მემატიანე გვამცნობს, რომ მაყვლოვანს თავშეფარებული წმინდა ნინო "ნასხლევისა ჯვარითა იქმოდა სასწაულთა საკვირველთა" და ყოველგვარი სნეულებით შეპყრობილთ კურნავდა. დედოფალი ნანა ავად რომ გახდა და ვერავინ უშველა, თავი წმინდა ნინოსთან წააყვანინა და განკურნებას შეევედრა. წმინდანმა მცირე ჟამს ილოცა, მერე კი სნეულს ვაზის ჯვარი ჯვრის სახედ შეახო თავზე, ფეხებსა და მხრებზე. მეყსეულად განკურნებული დედოფალი ფეხზე წამოდგა.

* მცხეთაში, კლდეზე, იდგა ხე, რომლის ფოთოლსაც კი მაკურნებელი ძალა ჰქონდა. იოანე მთავარეპისკოპოსმა და მირიანის ძემ რევიმ მოაჭრევინეს ეს ხე, მისგან ოთხი ჯვარი გამოათლევინეს და ფსალმუნთა გალობით აღამაღლეს.

ამის შემდეგ ქართველნი ყოველდღე ხედავდნენ სასწაულს: ზეციდან ჩამოსული ცეცხლოვანი ჯვარი "გვირგვინითა ვარსკვლავიანითა" თავს დაადგებოდა ეკლესიას, სადაც ჯვრები ესვენა და განთიადამდე რჩებოდა, განთიადისას კი ორი ვარსკვლავი იელვებდა და ერთი დასავლეთით წავიდოდა, მეორე - აღმოსავლეთით.

ღვთაებრივი მინიშნებით წმინდა ნინომ ერთი ჯვარი თხოთის მთაზე აღმართა, მეორე - უჯარმაში, მესამე - ბოდში, მეოთხე კი დღევანდელი მცხეთის ჯვრის ტაძრის ადგილას.

ერთ დღეს მორიგი სასწაული იხილეს: ნათლის სვეტი ჯვრის სახედ დაადგა მცხეთის ჯვარს, გარს თორმეტი ვარსკვლავი ერტყა გვირგვინად, ხოლო ბორცვმა, სადაც ჯვარი იდგა, კეთილსურნელების ფრქვევა დაიწყო. ამას სხვა სასწაული მოჰყვა: მცხეთის ჯვარს მზეზე შვიდჯერ უბრწყინვალესი შარავანდი დაადგა თავს. ცეცხლი ელვასავით გამოკრთოდა ჯვრიდან და მასზე, ვითარცა იაკობის კიბეზე, უფლის ანგელოზები მიმოდიოდნენ.

უფლისწულ რევის ვაჟი სასიკვდილო სენით იყო ავად. მეფის ძემ წმინდა ნინოს აღუთქვა: თუ ჯვარი ჩემს შვილს ფეხზე დააყენებს, მადლობის ნიშნად კუბოს (ჩასასვენებელს) შევწირავო. წმინდა ნინომ მიაყვანინა ყრმა, ჯვრის წინაშე ევედრა უფალს და ბავშვი მყისვე განიკურნა.

ერთი ჭაბუკი, ორივე თვალით ბრმა, იჯდა ჯვრის წინ და შვიდი დღე და ღამე ევედრებოდა უფალს კურნებას. ამის შემდეგ "სცხეს ევლოგია ჯვარისა თვალთა მისთა" და ჭაბუკსაც უმალვე აეხილა თვალი.

მცხეთის ჯვარს ერთი ეშმაკეული ქალიც განუკურნავს. ჯვართან რომ მიიყვანეს და შეახეს, საბრალო, გონდაკარგული განიპობდა ტანსაცმელს, თორმეტი დღის შემდეგ კი საღ-სალამათი ადიდებდა ღმერთს.

ერთი უასაკო ყრმა სირბილისას წაიქცა, თავი ქვას დაარტყა და სული განუტევა. ატყდა გოდება და ვაი-ვიში. უეცრად ბავშვის დედა გიჟივით წამოხტა ფეხზე, ხელში აიტაცა ცხედარი, პატიოსან ჯვართან მიარბენინა და მის წინაშე დაასვენა, თავად კი მოეხვია ჯვარს და ატირდა. ამბობდა: არ განვეშორები, აქვე მოვკვდებიო. უეცრად ნათელი გამოკრთა ჯვრიდან და ხმაც მოისმა: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა. მეც გულს მტკენს შენი მწუხარება. დაგიბრუნებ ძეს, ნუღარ შეაწუხებ გოდებით აქ შეკრებილთო". თქვა თუ არა ეს ზეციერმა ხმამ, ყრმა უვნებელი წამოდგა ფეხზე, მოეხვია დედას და ჯვარს ეამბორა.

მრავალ უნაყოფოს მიმადლა მცხეთის ჯვარმა შვილიერება. ვინც მიეახლებოდა, მხოლოდ მათთვის კი არ ახდენდა სასწაულს, არამედ მათაც შეეწეოდა, ვინც შორიდან შესთხოვდა კურნებას. მცხეთის ჯვარი ახლა სვეტიცხოველშია დაბრძანებული და არაერთ სასწაულს აღასრულებს.

ერთხელ წმინდა ნინომ სუჯი დედოფალს მირიან მეფესთან წერილი გაატანა. დედოფალი მცხეთას იმ დროს მიუახლოვდა, როცა არაგვი მეტისმეტად იყო ადიდებული. მხედართაგან ვერავის გაებედა წყალში შესვლა, მაგრამ ქრისტეს მხევალმა, სვეტიცხოვლის ხილვის მოსურნემ, გამოისახა ჯვარი ქრისტესი, შეჯდა ცხენზე, შევიდა არაგვში და... ჰოი საკვირველებავ - უკუმიიქცა მდინარე! დედოფალი ისე გავიდა მეორე ნაპირზე, ფეხიც არ დასველებია.

მირიანმა სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, იხმო ბაქარი, თავისი ძე, მოატანინა წმინდა ნინოს ჯვარი და სამეფო გვირგვინი მასზე ჩამოკიდა, მემკვიდრეს ჯვარი გამოსახა, ჩამოხსნა გვირგვინი ვაზის ჯვრიდან და ვაჟს დაადგა თავზე. ამგვარად აკურთხა წმინდა ნინოს ჯვრით მისი მეფობა.

* როცა ამირამ აბო თბილელს თავის მოკვეთა მიუსაჯა, წმინდანმა აღიბეჭდა პატიოსანი ჯვარი, ადიდა ღმერთი, ხელნი ჯვრის სახედ დაიწყო ზურგზე, "მხიარულითა პირითა და კადნიერითა სულითა ღაღადყო ქრისტეს მიმართ" და ასე მოუდრიკა ქედი მახვილს.

* მამა მიქაელ პარეხელი ბელიარმა ერთი მაღალი კლდიდან გადმოაგდო, მაგრამ ღმერთმა უვნებლად დაიცვა ღირსი მამა. მამა მიქაელმა მოწაფე გაგზავნა წმინდა გრიგოლთან და უკეთური ძალის მიერ მოვლენილი ყოველი განსაცდელი აუწყა. წმინდა გრიგოლ ხანძთელი უმალვე გაეშურა სულიერი ძმის დასახმარებლად, გაამხნევა, ხისაგან ორი ჯვარი შეკრა და მიქაელის სენაკის აქეთ-იქით, ერთმანეთისგან საკმაოდ შორიშორს აღმართა. "ამ ორ ჯვარს შორის შიში ნურაფრისა გექნება, მაგრამ თუ მათ გასცდები, ადრინდელზე უმეტესი განსაცდელი შეგემთხვევაო", - უთხრა მამა მიქაელს. წავიდა გრიგოლი და ნეტარმა მიქაელმაც პოვა სულიერი სიმშვიდე.

* ერთ ღამეს მამა მატოს სენაკში ქურდები შეიპარნენ. ღირსმა მამამ ღვთის სულით წინასწარ შეიტყო მათი მოსვლა, ტრაპეზი მოუმზადა და ამ სიტყვებით მიეგება: "გიბრძანებთ ღვთისმშობელი, არაფერი მავნოთ. ჭამეთ და თქვენს გზაზე წადითო". ერთმა მათგანმა მაინც მოინდომა ღირსი მამის გაქურდვა, მაგრამ უეცრად უგონოდ დაეცა. მისი თანამზრახველები ფეხებში ჩაუცვივდნენ წმინდანს და სნეულის განკურნება სთხოვეს. მამა მატომ ჯვარი გარდასახა დაცემულს, ღვთისმშობლის სახელით განკურნა, შემდეგ ყველას გაუმასპინძლდა და მშვიდობით განუტევა.

* წმინდა ეპიფანემ სიმდაბლით თავისი მოძღვრის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის საზომს მიაღწია. ერთხელ ღირსი მამა ძმებთან ერთად გზის პირას ტრაპეზობდა. იქვე, გზაზე, ერთი ქალი მიდიოდა ბავშვთან ერთად. უეცრად ყრმამ გონება დაკარგა და დაეცა - "სალმობამან სიკვდილისამან" უწია. დედამ ხელში აიტაცა პატარა, ღირს მამასთან მიირბინა, გონდაკარგული ბავშვი ფეხთით დაუწვინა და შველა სთხოვა. შეებრალა მამა ეპიფანეს ქალი, თვალები ცრემლით აევსო, მიწაზე დაემხო, ლოცვით შეჰღაღადა მაცხოვარს და ყრმის სიცოცხლე გამოსთხოვა, შემდეგ ბიჭუნას ჯვარი გარდასახა, მოჰკიდა ხელი და უბრძანა: "განგკურნებს უფალი იესო ქრისტე, აღდეგ, ყრმაო!" ბავშვი მყისვე გამოჯანსაღდა და წამოდგა.

ერთმა ქალმა თავისი ათი წლის ბიჭი მიუყვანა წმინდა ეპიფანეს. ბავშვი დაბადებიდანვე ყრუ-მუნჯი და გონებანაკლული ყოფილიყო. ყრმის შემხედვარე მამა ეპიფანე ატირდა, მერე კი უფალს ლოცვით სთხოვა მისი განკურნება. ლოცვა რომ დაასრულა, ჯვარი გადასახა ბავშვს. ჯვარმა პატიოსანმა არა მარტო ყრუმუნჯობისგან განკურნა ყრმა, არამედ გონებაც შემატა.

* ერთხელ ხანძთელი მამები ტყეში ხეებს ჭრიდნენ და ქვემოთ აცურებდნენ. სწორედ იმ დროს იქვე ერთმა მოხუცებულმა ბერმა ჩაიარა. უცებ დაინახა, რომ მისკენ მოჭრილი ხე მიექანებოდა. ამის თქმაღა მოასწრო: "მამაო გრიგოლ, შემეწიეო!" ღირსმა მამამ ჯვარი გადასახა ხეს და უბრძანა: "ქრისტეს სახელით, ხეო, დადექ!" - და მისმა სიტყვამ, "ვითარცა კლდემან უძრავმან", გააჩერა მორი.

* ერთხელ მამა გრიგოლს ხელატკივებული ქალი ეახლა. საბრალო აუტანელი ტკივილისგან ტიროდა და შველას ითხოვდა. ღირსმა მამამ ერთ მღვდელთაგანს სთხოვა, ეკლესიიდან ღვთისმშობლის ხატის წინ დანთებული კანდელის ზეთი მოეტანა, თვითონ კი დადგა და ხელაღპყრობილმა ილოცა. ცრემლი მდინარესავით მოედინებოდა მის თვალთაგან. ზეთი რომ მოუტანეს, იხმო ქალი, ხელებზე ჯვარი გარდასახა და ყოვლადწმინდა სამების სახელით, ჯვრისავე სახით, ზეთი სცხო, თან უთხრა: "განკურნებულ იქმნენ ხელნი შენნიო". ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ქალს ხელი მყისიერად მოურჩა.

* ბოროტმა ცქირმა ერთ ანჩელ ერისკაცს წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოკვლა დაავალა. მკვლელი ტყეში ჩაუსაფრდა წმინდა გრიგოლს. ღირსი მამა მარტო მიდიოდა ხანძთისკენ და გზად წმინდა ეფრემ ასურის საკითხავებს ამბობდა, ხმით გოდებდა, სულით კი ხარობდა, რადგან ზეციურ სამყაროში გადასახლებულიყო.

მისმა მომლოდინე ერისკაცმა სასწაული იხილა: ცამდე აწვდილი ნათლის სვეტი ფარავდა წმინდა გრიგოლს; თავს ადგა ჯვარი უბრწყინვალესი, რომელსაც ცისარტყელა გადაჰკვროდა. ეს რომ დაინახა, მკვლელი ძრწოლამ შეიპყრო და უეცრად წმინდა მამის მოსაკლავად აღმართული ხელი გაუშეშდა. "რისთვის მკლავ, შე საბრალოვ, - ჰკითხა წმინდანმა, - ხუთი თხისა და მცირეოდენი ფეტვისთვისო?" ერისკაცი ტირილით ინანიებდა ცოდვას და კურნებას ევედრებოდა ღირს მამას. გრიგოლმა ჯვარი გარდასახა კაცს და განკურნა.

* ასურელ მამათა ცხოვრება მოგვითხრობს: როცა იოანე ზედაზნელს მოწაფეები ესტუმრნენ, ღირსმა მამამ აიღო ღვინით სავსე ჭიქა, ჯვარი გარდასახა და ხელი გაუშვა. სასმისი ჰაერში გაჩერდა. ამ ჭიქიდან, ვითარცა სიწმინდე, ისე შესვეს ღვინო იქ მყოფთ.

წმინდა შიომ ნაკვერჩხლები დაიწყო ხელზე, საკმეველი დააყარა, აკმია იქაურობას და ამით აჩვენა წმინდა იოანეს თავისი რწმენის ძალა, ხოლო წმინდა ისემ, იმის დასამტკიცებლად, რომ ღვთის მადლით სულიერად წარმატებულიყო, აიღო თავისი კვერთხი, რომელზეც ჯვარი იყო გამოსახული, მივიდა მდინარესთან, კვერთხს ჯვარი გამოსახა, დასცა წყალს და უფლის სახელით გაყოლა უბრძანა. მდინარემაც გეზი იცვალა და წმინდა მამას გაჰყვა. მას შემდეგ ძველ კალაპოტს აღარ დაბრუნებია.

* კათოლიკოსი ბესარიონ ორძელიშვილი ერთხანს გარეჯში მოღვაწეობდა. ერთხელ მასთან ღამის გასათევად ერთი მღვდელი დარჩა, რომელსაც აინტერესებდა, როგორი მოღვაწე იყო მღვდელმთავარი. კათოლიკოსმა მთელი ღამე იკითხა, შემდეგ ლოცვა დაიწყო, მერე კი სანთლის ანთება მოისურვა. არც ცეცხლი ჰქონდა, არც კვეს-აბედი, მაგრამ... განცვიფრებული მღვდლის თვალწინ მეყსეულად აენთო სანთელი. როცა გათენდა და მარტო დარჩა, მღვდელმა სენაკი მოათვალიერა, მაგრამ სანთლის ნაღვენთი ვერსად ნახა. იპოვა მხოლოდ ნაცარი, რომელზეც მღვდელმთავარს ჯვარი გამოესახა და ისიც მეყსეულად სანთლად ანთებულიყო.

* ერთ კაცს თვალისჩინი დაეკარგა. ზენონ გარეჯელს შეებრალა და ილოცა მისთვის, ლოცვის შემდეგ კი ორივე ხელით ჯვარი გადასახა. აეხილა თვალები ბრმას და ადიდა ღმერთი.

* იერუსალიმისკენ მიმავალ ილარიონ ქართველს გზაში არაბი ყაჩაღები დაესხნენ თავს, აღმართეს მახვილი და ღირს მამასა და მის მოწაფეს მოკვლა დაუპირეს, მაგრამ აღმართული ხელი ჰაერში გაუშეშდათ - მარჯვენამ ღვთისამ გაახმო ავაზაკთა მარჯვენა... წმინდა ილარიონმა გზა განაგრძო. შეშინებული ყაჩაღები გამოეკიდნენ. კურნებას ევედრებოდნენ, პატიებას სთხოვდნენ და ეფიცებოდნენ, რომ მონაზვნებს აღარასოდეს ახლებდნენ ხელს. მოულბა გული ღირს მამას, მიუბრუნდა ავაზაკებს, ჯვარი გადასახა და განკურნა. ერთ-ერთი ყაჩაღი მადლობის ნიშნად თაბორამდე გაჰყვა წმინდანს და კარგა ხანს ემსახურებოდა.

თესალონიკს ჩასულმა წმინდა ილარიონმა ქალაქის კარიბჭესთან შეისვენა. ამ დროს ერთმა მხევალმა ყრმა ბატონიშვილი გამოიყვანა და მის ახლოს მზეზე დასვა გასათბობად. ბიჭი კუტი იყო - მარჯვენა მხარე გამხმარი ჰქონდა. შეებრალა ღირს მამას ყრმა, მივიდა ქალთან და წყალი სთხოვა. როცა მხევალი წყლის მისატანად წავიდა, წმინდანმა ბავშვს ჯვარი გარდასახა და წადი, დედა გეძახისო, - უთხრა. ყრმა, პატიოსანი ჯვრის ძალით განკურნებული, დედისკენ გაიქცა.
ბეჭდვა
1კ1