ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი
ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი
ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის - სულიწმინდის - მოვლინებას. ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეა), დილის 9 საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმინდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმინდა პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 კაცი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, აღდგომიდან 50-ე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები - პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმინდის მოწვევის ლოცვას "მეუფეო ზეცათაო"...

სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმინდა წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მე-40 დღეს სინას წმინდა მთასთან მიიყვანა, ხოლო 50-ე დღეს მისცა ღვთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმინდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.

გვესაუბრება ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული ეპარქიის, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე არსებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების (ლოს ანჯელესის, სან ფრანცისკოს, სან ხოსეს, სან დიეგოს) მღვდელმსახური იღუმენი იოანე (კავსაძე):

- სულიწმინდის გარდამოსვლის დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც. ამ დროს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებსა და მორწმუნეებზე, "გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი"...

KARIBCHE

შუაში მამა იოანე სერაფიმ როუზის საფლავთან

როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მე-40 დღეს სინას წმინდა მთასთან მიიყვანა, ხოლო 50-ე დღეს გამოუცხადა მათ ღვთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავდნენ ებრაელები იმ დროს, როდესაც სულიწმინდა გარდამოხდა ზეციდან და ცეცხლოვანი ენების სახით მოციქულებს თავზე დაადგრა. არ არსებობს ღვთის განგებულებაში არავითარი შემთხვევითობა... მოსემ ეგვიპტიდან გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს გამოუცხადა შჯული ებრაელებს, ხოლო სულიწმინდა აღდგომიდან 50-ე დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე... ასეთი სიმბოლური მსგავსება ამ მოვლენებისა ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო, ასევე ნიშანი იყო იმისა, რომ "ერთი და იგივე არს ძველისა და ახლისა სჯულისა მომცემელი"...

ოდესღაც ენები კაცთა მზაკვრული ზრახვების გამო გაიყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, დღეს კი სულიწმინდის მადლითა და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ, მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, ახლა კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, გულისხმაყონ და ისწავლონ ერთმანეთისგანაც, რომ ჩვენთან არს ღმერთი, მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა... მოეცათ ენები მოციქულებს, რათა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება მთელ ქვეყანაზე, და მას შემდეგ ყოველი მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა სულიწმინდის მადლით ქადაგებს და იღვწის... ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც შეურყვნელად არის დაცული ქრისტეს სარწმუნოება და მოძღვრება, სულიწმინდის მადლია დავანებული... და სულიწმინდა არის ჭეშმარიტი მოძღვარი, მასწავლებელი და მქადაგებელი ეკლესიაში... სწორედ ამ ჭეშმარიტების დასამოწმებლადაც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი ეკლესიის შესახებ: "ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი არ არის მამა"... სულიწმინდა არის სული ღვთისა, თანასწორი მამისა და ძისა, "რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა, სულიწმიდაა, ნათელი და ნათლის მომცემელი კაცთათვის, რომლისა მიერ მამა იცნობების და ძე იდიდების და ყოველთა მიერ საცნაურ იქმნების", ვერავინ ვერსად დაემალება სულიწმინდას, ვერც კეთილისმოქმედი და ვერც ბოროტისმოქმედი, არ არსებობს არც ერთი ზრახვა გავლებული ადამიანის გულში, რომელსაც სულიწმინდა ვერ გაიგებს. ამიტომაც სულიწმინდა ნუგეშინისმცემელია კეთილთათვის და საშიშია ბოროტთათვის. შევთხოვოთ უფალს - სულიწმინდას, რომ მოგვმადლოს ნიჭები სიკეთისა, სიყვარულისა, სიმდაბლისა, სარწმუნოებისა, სიმშვიდისა, ლოცვისა, მარხვისა, მიტევებისა და მოთმინებისა... შევთხოვოთ სულიწმინდას საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, საქართველოში სიყვარულისა და მშვიდობის დამკვიდრება...

ღმერთმა დალოცოს და გაახაროს კალიფორნიაში მცხოვრები ქართველნი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნი!!!
ბეჭდვა
1კ1