ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული - "მადლმა შვა-დედოფალი"
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული - "მადლმა შვა-დედოფალი"
"ბედნიერო წყვილო იოაკიმ და ანა! თქვენგან იშვა დედოფალი ანგელოზთა, შროშანი, რომელიც ეკლებს შორის აღმოცენდა. ვარდი, რომელმაც ქვეყანა ღვთაებრივი სურნელით აავსო!" - ამ სიტყვებით ამკობს ცისა და ქვეყნის დედოფალს და მის ღვთივკურთხეულ მშობლებს წმინდა იოანე დამასკელი.

ანა, ებრაულად მადლს ნიშნავს. მარიამი-დედოფალს.ანუ, როგორც დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე) მართებულად შენიშნავს: "მადლმა შვა-დედოფალი", რასაც ათასწლეულები ელოდა ედემის ბაღიდან განდევნილი დაცემული კაცობრიობა, რომელსაც კვლავ მიეცა ღვთის სასუფეველში დაბრუნების შესაძლებლობა მისგან განხორციელებული ჯვარცმული მესიის ქრისტე-მაცხოვრის მოვლინებით.მაცხოვრისა,თავის ხორციელ ვნებათა საზღაურად ყოველი ჩვენგანის გამოსახსნელად რომ იტვირთა მთელი კაცობრიობის ცოდვები. ძველი აღთქმის წიგნებში, ღმერთის ძის ხორციელ-ქმნასთან ერთად, უფლის პირველივე აღთქმა გამომსყიდველისა და მხსნელის მოვლინებაზე ადამიანისათვის, ყოვლადწმიდა ქალწულზეც შეიცავდა წინასწარმეტყველებას; ღმერთი ასე მიმართავს ადამის მოდგმის მაცდუნებელ გველს-ეშმაკს: "და მტრობაი დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა" (დაბ.3,15).


ეს წინასწარმეტყველება ქალწულ მარიამის შესახებ იმაში მდგომარეობს, რომ მომავალი გამომსყიდველი და მხსნელი აქ იწოდება თესლად დედაკაცისა,მაშინ როცა ყველა სხვა შემთხვევაში,შთამომავალნი, რომელიმე მამაკაცი-წინაპრის თესლად იწოდებიან. "თესლი დედაკაცისა გასრესს თავსა გველისასა." წინასწარმეტყველი ესაია ამ აზრს,უფრო ავსებს და აზუსტებს როცა ამბობს,რომ მესიის-ქრისტეს მშობელი დედაკაცი ქალწული იქნება: "ამისთვის ,თვით უფალმა მოგცეს სასწაული თქვენ: "აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ (ესაია 7,4), რაც ნიშნავს: "ჩვენთანა არს ღმერთი". და თუმცა სიტყვა "ქალწული""უადგილოდ ეჩვენებოდათ ძველ ებრაელებს,რადგან ბავშვის შობა უსათუოდ გულისხმობს მეუღლეთა შეერთებასაც, მაგრამ მაინც ვერვინ გაბედა მისი სხვა სიტყვით შეცვლა წმ.სვიმონ ღვთის მიმრქმელის გარდა,რისთვისაც იგი დაისაჯა ხანგრძლივი სიცოცხლით, - ვიდრე მესია სამყაროს მოევლინებოდა.


ჩვენი ეკლესიის უდიდესი მოძღვრები და აღმსარებლები ძველთაგანვე ქმნიდნენ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობლებს,მის სადიდებელ ლოცვებსა და დაუჯდომლებს...ამასთან ერთად,ცხადია,ყოველი ქრისტიანისათვის აუცილებელია იმის ცოდნაც,თუ როგორ ცხოვრობდა ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი ამქვეყნად.როგორ ემზადებოდა და როგორ განიწმინდა ისეთი ღვთაებრივი სიმაღლისათვის,რომ ხორციელად ეშვა სიტყვა-ღმერთი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თაყვანისცემა ქრისტიანულ ეკლესიაში გამოიხატება იმ დღესასწაულებით,რომლებითაც აღინიშნება მარადქალწული მარიამის ამქვეყნიური ცხოვრების მოხსენიება.ერთ-ერთი ასეთი დღესასწაულია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, რომელიც ყოველი წლის 4 დეკემბერს აღინიშნება. ამონარიდი წიგნიდან "ქრისტეს გზა-ახალი აღთქმა"(2013 წ. ავტორი, მთარგმნელი და შემდგენელი ლაზარე ბერძენიშვილი, გვ.20-23).


"მართალი იოაკიმი და ანა თავიანთ ასულს უფლის სამსახურისათვის ამზადებდნენ და ასწავლიდნენ,თუ რა ბედნიერებაა ღმერთთან ყოფნა.
როდესაც მარიამს სამი წელი შეუსრულდა,იოაკიმემ და ანამ გადაწყვიტეს შეესრულებინათ ღვთისთვის მიცემული აღთქმა და გოგონა ტაძარში წაეყვანათ.ერთადერთი ტაძარი,რომელიც ებრაელებს ჰქონდათ,იერუსალიმში მდებარეობდა.იოაკიმემ და ანამ ახლობლებს,ნათესავებს უხმეს,პატარა მარიამი საუკეთესო შესამოსელით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს.მათ მღვდელმთავარი გამოეგებათ მრავალრიცხოვანი სამღვდელო დასით.კიბე,რომელიც ტაძარში შედიოდა თხუთმეტი მაღალი საფეხურისაგან შედგებოდა.საეკლესიო გადმოცემა მოგვითხრობს,რომ სამი წლის მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს.ყველას განსაცვიფრებლად მარიამმა სხავათა დაუხმარებლად, მსუბუქად აირბინა ტაძრის კიბე.


მღვდელმთავარმა მომავალი ღვთისმშობელი, სულიწმიდის კარნახით წმიდათწმიდაში შეიყვანა,სადაც თავად მღვდელმთავარს,წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეეძლო შესვლა. წმიდათწმიდაში მანამდე ინახებოდა ებრაელთა უძვირფასესი სიწმიდეები-სჯულის კიდობანი ,აღთქმის ფიცრები, აარონის კვერთხი, ოქროს ტაკუკი ზეციური მანანით.ამ დროისათვის კი ღვთის რჩეულ ერს თავისი ცოდვების გამო ყველაფერი დაკარგული ჰქონდა. ყოვლადწმიდა მარიამის წმიდათწმიდაში შესვლით, ეს ყველაფერი, სულიერად შეივსო და განახლდა. ტაძარში მყოფნი, გაოცებას ვერ ფარავდნენ მომხდარის გამო.


პატარა მარიამი მშობლებმა ღვთის ნებას მიანდეს და ტაძარში დატოვეს;თავად ღმერთს სამადლობელი შესწირეს და სახლში დაბრუნდნენ.ბავშვი დედათა სამყოფელში, კეთილმსახურ ქალწულთა წრეში იზრდებოდა.საეკლესიო გადმოცემით,პატარა მარიამი ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს.იგი,მუდმივად ტაძარში იყო.იქ ისწავლა წერა-კითხვა, გაეცნო საღვთო სჯულს.ისწავლა მხურვალედ ლოცვა,ფსალმუნთა გალობა,სხვადასხვა ხელსაქმე,იქ კითხულობდა წმინდა წერილის წიგნებს.მისი გული ღვთის განუზომელი სიყვარულით აივსო.ქალიშვილი ისე შეეჩვია ტაძარში დამკვიდრებულ ცხოვრების წმინდა წესს,რომ გადაწყვიტა,სოცოცხლის ბოლომდე, ღვთის სამსახურში ყოფილიყო და ქალწულობის აღთქმა დადო - არ გათხოვდებოდა და მარად ქალწული დარჩებოდა."


ქრისტიანობის დასაბამიდან,მარიამ ღვთისმშობელი ბავშვობიდანვე თაყვანსაცემი და პატივდებული გახდა მორწმუნეთაგან ღვთისგან რჩეულობის,უდიდესი სათნოებებისა და უბრალოების გამო:
"შენდამი უხარის ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ყოველსა დაბადებულსა, ანგელოზთა დასთა და კაცთა მოდგმასა!""


ბეჭდვა
1კ1