გიორგობა კახში
გიორგობა კახში
22 ნოემბერს, განჯაში საქართველოს გენერალური კონსული ბ-ნი ნიკოლოზ იაშვილი და ვიცე-კონსული ბ-ნი თეიმურაზ სანაძე კახის რაიონის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად
გიორგობის დღესასწაულის მისალოცად, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს N28 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ესტუმრნენ. მილოცვასთან ერთად ქართველმა დიპლომატებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. ბაღის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები, წარმოადგინეს საცეკვაო კომპოზიცია. შეხვედრამ ჩაიარა მხიარულ, თბილ, სადღესასწაულო ვითარებაში.
23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) წირვა აღასრულა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომელსაც ადგილობრივ და სტუმრად ჩასულ მომლოცველებთან ერთად საქართველოს გენერალური კონსული, ბ-ნი ნიკოლოზ იაშვილი და ვიცე-კონსული, ბ-ნი თეიმურაზ სანაძე ესწრებოდნენ. საღვთო ლიტურგიის შემდეგ მეუფე დიმიტრი სხვა სასულიერო პირებთან, მგალობლებთან და მრევლთან ერთად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გაემგზავრა, სადაც წმინდანისადმი სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. მაღალ მთაზე აღმართულ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში ყოველ გიორგობას მართლმადიდებელ ქართველებთან ერთად მოსალოცად ადიან მუსლიმი ქართველები, აზერბაიჯანელები, ლეკები და ასევე ის მუსლიმი გალეკებული და გააზერბაიჯანელებული ყოფილი ქართველებიც, ვინც დედა ენა, ეროვნული იდენტობა დაკარგეს, მაგრამ ქართველი წინაპრების ხსოვნა და ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის პატივისცემა მათ მეხსიერებაში მაინც არსებობს.

KARIBCHE

KARIBCHE
წირვა კახის წმ. გიორგის ტაძარში

პარაკლისის შემდეგ გაიმართა საზეიმო ტრაპეზი, რომელსაც მრევლთან, მეუფე დიმიტრისთან, სხვა სასულიერო და საერო პირებთან ერთად კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მუსა შექილიევი, სოფელ კახინგილოს ხელმძღვანელობა, რელიგიის სახელმწიფო კომიტეტისა და კახის წმინდა გიორგის ტაძრის "მორწმუნეთა ოცეულის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც კახის რაიონის ხელმძღვანელმა, მუსა შექილიევმა განაცხადა, ტოლერანტობა მათ სჭირდებათ, ვისაც პრობლემები აქვთ ურთიერთობებში, ჩვენ კი ძმები და მეგობრები ვართო, თუმცა სამწუხაროდ, საინგილოს ქართველობა არაერთი ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემის წინაშე დგას და ეს "კარიბჭის" მკითხველისთვისაც კარგადაა ცნობილი (სხვათაშორის, სოფელ კახინგილოს საკრებულოს ხელმძღვანელი, რომელიც ამ ტრაპეზზეც ესწრებოდა, გამუსლიმანებული ყოფილი ქართველია და მას და მისი ოჯახის წევრებს ქართული ენა უკვე დავიწყებული აქვთ).



KARIBCHE
მომლოცველები ქურმუხის ტაძართან

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებლებს აწუხებთ, კახის რაიონის სოფელ მეშაბაშის ცენტრში არსებული მთავარანგელოზის ეკლესიის ამოქმედებაა. ტაძარი კარგადაა შემონახული და არ საჭიროებს აღდგენა-რესტავრაციას, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც კი ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ ელოდება ტაძარში ზარის დარეკვასა და წირვა-ლოცვის აღდგენას (სოფელ მეშაბაშს ისტორიულად ტყისთავი ეწოდებოდა და იგი მთლიანად მართლმადიდებელი ქართველებითაა დასახლებული. სოფლის მოსახლეობა ამჟამად 400-მდეა).
ასევე კარგადაა შემონახული და მხოლოდ მცირე რესტავრაციას საჭიროებს ქალაქ კახის ცენტრში, პოლიციის შენობის გვერდით არსებული "პატარა ალავერდის" საყდარი. პატარა ალავერდის საყდარი ხალხური გადმოცემით, "შიდა კახეთის დიდი ალავერდის ძმაა". ყოველი წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით), ისე როგორც კახეთში, აქაც იმართებოდა იგივე "დიდი ალავერდობა", ანალოგიური წეს-ჩვეულებით.

KARIBCHE
წმ. გიორგის პარაკლისი ქურმუხის ტაძარში

ალავერდობის დღესასწაულს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. პლატონ იოსელიანის ცნობით, კახეთში, ალავერდობის დღესასწაული ღამისთევით აღინიშნებოდა და დაახლოებით 15-20 ათასი ადამიანი იყრიდა თავს კავკასიის სხვადასხვა რეგიონიდან. მასში მონაწილეობდნენ: კახელები, ქართლელები, ინგილოები, ლეკები, დიდოელები, ოსები, სომეხი გრიგორიანელები, თუშები, ხევსურები, ფშაველები, ქისტები, კახეთში დამკვიდრებული აზერბაიჯანელები და სხვ. ალავერდობისთვის ქრისტიანსაც და მუსლიმსაც, ქართველსაც და არაქართველსაც მოჰქონდა შესაწირი. ალავერდობის დღესასწაულის ტრადიცია მიჩნეულია სხვადასხვა ერისა და რელიგიის ხალხთა დაახლოვების, ტოლერანტობის ნიმუშად.
სამწუხაროდ, დღესდღეობით ასეთ ტოლერანტობას ვერ ვხედავთ კახის ალავერდის ტაძრის მიმართ. ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ათეული წლების მანძილზე ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელების დიდი მცდელობის მიუხედავად დღესაც დაკეტილია, ამასთან ბოლო წლებში ქუჩის მხრიდან აზერბაიჯანულმა ადმინისტრაციამ კედელი ააშენა, რამაც თითქმის სრულად დაფარა ტაძრის ხედი. ამასთან, მოუვლელობისა და გუმბათის დაზიანების გამო ძეგლი დღითიდღე ზიანდება.
იმედია, ეს და სხვა პრობლემები საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მოლაპარაკების საგნად იქცევა და დადებითად გადაწყდება.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
მეშაბაშის (ტყისთავის) მთავარანგელოზის ტაძარი


სერგო კერესელიძის ფოტოები

ბეჭდვა
1კ1