ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთის მადლისა
ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთის მადლისა
წმინდა იოაკიმემ და ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო - ეტყობა, ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდად დამწუხრდა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა.

უფალმა შეისმინა ანას ლოცვა - ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული, მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. ცხრა თვის თავზე გაუჩნდა ცოლ-ქმარს ნანატრი შვილი. გოგონას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ, ყრმა მარიამი კი საღვთო მადლით განადიდებდა და განაძლიერებდა მოხუც მშობლებს.

მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი ასული. ნათესავები, მეზობლები და მეგობარნი მოიწვიეს. წმინდა იოაკიმე დავით წინასწარმეტყველის ძის ნათანის შთამომავალი იყო, ხოლო წმინდა ანას წინაპარნი სამღვდელონი იყვნენ, ამიტომაც ამ კურთხეულ დღეს მათ ოჯახში ისრაელში დიდად პატივცემული მრავალი ადამიანი შეიკრიბა. ყრმა მარიამს სადედოფლო შესამოსელი ჩააცვეს. მოხუცი მშობლები გოგონას აქეთ-იქით ამოუდგნენ, ხელები ჩასჭიდეს და ასე გაუდგნენ გზას ნაზარეთიდან იერუსალიმისკენ. წინ ქალწულთა გუნდი მიუძღოდათ, უკან კი ნათესავთა და მეზობელთა კრებული მიჰყვებოდათ ანთებული ლამპრებით ხელში. აცხადდა დავითის წინასწარმეტყველება - დაივიწყებს ასული "ერსა თვისსა", "სახლსა მამისა თვისისასა" და მიეგვრება უფალ საბაოთს, რამეთუ "გულმან უთქვას მეუფესა სიკეთისათვის" მისისაო.

გზა ფსალმუნთა გალობით განვლეს. მესამე დღეს, განთიადისას, შევიდნენ იერუსალიმში. მთელი ქალაქი გამოვიდა ამ დიდებული პროცესიის სანახავად. განკვირდებოდა "ცანი და ქვეყანა, რამეთუ ხედვიდნენ გონიერსა ცასა მომავალს საღმრთოდ სახლად, პატივით აღზრდად".

შევიდა მოზეიმე კრებული ტაძრის ეზოში და შეიყვანა სულიერი ტაძარი დიდისა მეუფისა - ყრმა მარიამი. წინამძღოლ ქალწულთა გუნდს შეუერთდნენ უფლის ანგელოზებიც. მათ არ იცოდნენ ძალი ღვთის საიდუმლოსი, მაგრამ უფლის ბრძანებით შემოერტყნენ გარს წმინდა მარიამს და მიაცილებდნენ წმინდა წმინდათაში.

ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. "მღვდელმთავარი სულიწმინდის მადლმა მოიცვა, - ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, - მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული... გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა.

გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათმა კურთხეულმა ასულმა ღვთის სახლში განაგრძო ცხოვრება.

იერუსალიმის ტაძარს გარს ქვის შენობები ერტყა. ერთ-ერთში ღვთის სამსახურად შეწირულნი ცხოვრობდნენ, მეორეში - ქვრივნი, რომლებსაც ღვთის წინაშე წმინდად ცხოვრების აღთქმა ჰქონდათ დადებული, მესამეში - მამაკაცნი, ნაზორეველებად წოდებულნი... წმინდა ზაქარიამ ყრმა მარიამი ქალწულებს ჩააბარა აღსაზრდელად. მათგან შეისწავლა მარიამმა საღვთო წერილი, ძველებრაული დამწერლობა, ქსოვა და ქარგვა. მისი მოქარგული სამოსით იმოსებოდნენ მღვდელნი ღვთისმსახურებისას.

რამდენიმე წელიწადში მარიამის მშობლები გარდაიცვალნენ. ყოვლადწმინდა ქალწულმა ღვთის ნებას პირადი ღვაწლიც შემატა. ცისკრიდან მესამე ჟამამდე ლოცვად იდგა, მესამიდან მეცხრე ჟამამდე ან ხელსაქმობდა, ან წმინდა წერილს კითხულობდა, მეცხრე ჟამიდან ისევ ლოცვას იწყებდა, სანამ უფლის ანგელოზი არ გამოეცხადებოდა და ზეციურ საზრდელს არ მისცემდა, ლოცვით კი ყოველთვის წმინდა წმინდათაში ლოცულობდა. "ყოველდღე მოიხილავდნენ მას ანგელოსნი, - ბრძანებს ნეტარი იერონიმე, - თუ ვინმე მკითხავს, ყოვლადწმინდა ქალწული იქ როგორ ატარებდა სიყმაწვილის დღეებსო, ვუპასუხებ, რომ ეს იციან მხოლოდ ღმერთმა და მთავარანგელოზმა გაბრიელმა, შობიდან განუშორებლად მისმა მცველმა, რომელიც სხვა ანგელოზებთან ერთად ხშირად მიდიოდა მასთან და სიყვარულით ესაუბრებოდა".

წარემატებოდა სიბრძნით ქალწული მარიამი და განემზადებოდა სულიერ ტაძრად უფლისა.

ყველაფერი კი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებით დაიწყო. ამ კურთხეულ დღეს "განგებულებისა ღვთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება". ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები. წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე მთავარეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილი) მიერ წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებაში ვკითხულობთ: - მართლმადიდებლობის დღესასწაული ყოვლადწმინდა მარიამის ტაძარში მიყვანება ერთი შეხედვით მხოლოდ იმ აღთქმის შესრულებას ჰგავს, რომელიც ქალწულის მშობლებს ღვთისთვის ჰქონდათ მიცემული, მაგრამ თუ ღრმად ჩავუკვირდებით მომხდარს, ბევრ სხვა საყურადღებოსაც დავინახავთ. ქალწული მარიამის ტაძარში მიყვანება, რა თქმა უნდა, შესანიშნავი მაგალითია უფლის უდიდესი ერთგულებისა და მინდობისა, რითაც იყვნენ შემკულნი ყოვლადწმიდას მშობლები, წმიდა იოაკიმე და ანნა. მათ ღვთისათვის არ დაიშურეს ყველაზე ძვირფასი საფასე - უსაყვარლესი შვილი, რომელიც მათი ხანგრძლივი ლოცვისა და ვედრების შემდგომ, სიცოცხლის ბოლოს, ღვთისგან ებოძათ, როგორც უდიდესი წყალობა. საკუთარი ნება-სურვილით, ღვთის სამსახურებლად, სამი წლის პატარა ბავშვის ტაძარში დატოვება ნათლად მიანიშნებდა იმას, რომ ქალწულის მშობლები სრულიად იყვნენ მინდობილნი უფალს და ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ, თვით უსაყვარლესი შვილიც კი, ემეტებოდათ ღვთისათვის.

ეს ყოველივე ჩვენ გვასწავლის, რომ სიკეთე ადამიანებს ღვთისგან გვაქვს ბოძებული, როგორც წყალობა, და იგი არ უნდა დავიშუროთ ისევ ღვთისთვის, რადგანაც ღმერთი თავად არის სათავე ყოველგვარი სიკეთისა. როგორც ვიცით, მთელი ცხოვრება შვილის ყოლას ევედრებოდნენ ღმერთს იოაკიმე და ანა და მხოლოდ ღრმა სიბერის ჟამს შეუსრულდათ ღვთისგან სათხოვარი: მიეცათ ასული, რომელიც, როგორც კი ცოტა წამოზარდეს, მოკრძალებით მიართვეს უფალს, როგორც უწმინდესი და უსაყვარლესი ძღვენი. ამით მათ გამოხატეს უდიდესი მადლიერება თავიანთი შემოქმედის მიმართ. ყოველივე ეს დიდ გაკვირვებას ბადებს ჩვენში, რადგანაც ზოგჯერ ღვთისთვის მცირეოდენის დათმობა და გამეტებაც კი გვიჭირს.

ეს ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ რაგინდ დიდიც არ უნდა იყოს ღვთისგან მოცემული წყალობა, იგი მაინც უმნიშვნელოა უფალთან შედარებით, რომელიც ყოველგვარი სიკეთის წყაროა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ კაცს სასოება უჩნდება ღვთისგან ბოძებული წყალობისადმი, თავად ღმერთს კი, როგორც ყოველგვარი სიკეთის სათავეს, ივიწყებს. ხშირად ადამიანი ექცევა ღვთისგან მიღებული წყალობის ტყვეობაში და აღარ ახსოვს, რომ მასაც და მის წყალობასაც იცავს მხოლოდ მაღალი ღმერთი. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ რაგინდ დიდი წყალობაც არ უნდა მოგვცეს ღმერთმა, იგი თავად უთვალავჯერ უფრო ტკბილი და მოსაფრთხილებელია. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანი გულგრილი უნდა იყოს ღვთის წყალობისადმი, არამედ ყოველი სიკეთე კაცმა ისევ და ისევ ღვთის დიდებისათვის უნდა გამოიყენოს. ასე ესმოდათ ეს წმინდა იოაკიმესა და ანას და ამიტომაც თავიანთი კურთხეული ასული სიყვარულით მიიყვანეს ტაძარში, რათა იქ იგი აღზრდილიყო ღვთის დიდებასა და მსახურებაში. მართლაც და რომელი ჯობდა მარიამისთვის: ყოფილიყო შინ მშობლებთან და ჩვეულებრივ ეცხოვრა ადამიანთა შორის, თუ დამკვიდრებულიყო ღვთის სამყოფელში და გაეხარა მისადმი მსახურებითა და დიდებით? - უფლის სახლში წმინდა ცხოვრებამ და ღვთისთვის მიცემულმა საკვირველმა აღთქმამ ღვთის კურთხეული ძის - ქვეყნიერების მხსნელის უწმიდეს დედად აქცია იგი. აი, რამხელა დიდებასა და პატივში აღიყვანა იგი უფალმა იმ დიდი სიწმინდის, რწმენისა და სიყვარულისათვის, რომელიც მას და მის წმინდა მშობლებს ჰქონდათ უფლის მიმართ. ამიტომ ღვთისთვის არაფერი არ უნდა დავიშუროთ, არამედ ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია, უანგაროდ და კეთილი გულით მივუძღვნათ მას, რათა მეტად იდიდოს ჩვენგან იგი. არ უნდა დავიშუროთ ღვთისთვის სიკეთე, რათა არ მოგვაკლოს მან უხვი წყალობა, პატივი და დიდება, რომელიც თავისი ერთგული მადიდებლებისთვის აქვს ზეცას გამზადებული.

"ღვთის სასუფეველში მართალნი პეტრე მოციქულს შეჰყავს, ხოლო ცოდვილნი - თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსო", - ბრძანებს წმინდა ამბროსი ოპტელი და ჩვენც, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, ნურასოდეს დავკარგავთ იმედს, არამედ სასოებით შევუვრდეთ დედობრივთა წიაღთა ღვთისმშობლისათა, რათა მეოხებითა მისითა შეგვიწყალოს მისგან შობილმა ქრისტე ღმერთმა. ამინ.
ბეჭდვა
1კ1