დასასრული სჯულისაი და დასაბამი მადლისაი
დასასრული სჯულისაი და დასაბამი მადლისაი
"აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი..."
"როგორც კი რვა დღე შესრულდა მისი წინადაცვეთიდან, დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე. ხოლო როცა გასრულდა მათი განწმენდის დღეები მოსეს რჯულის მიხედვით, აიყვანეს იგი იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად: "ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმინდა ეწოდოს და შესწირონ მსხვერპლი - ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა!" - როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი. და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სვიმეონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისმცემელს, და იყო მასზე სულიწმიდა. სულიწმიდის მიერ ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე..." (ლუკ. 21-26).

ლუკა მახარებლის მიხედვით, სვიმეონ ღვთისმიმრქმელი იყო ღვთისმოშიში და მართალი ღვთის წინაშე, მოელოდა ნუგეშინისცემას და რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ აღთქმულ მესიას - განკაცებულ ღმერთს, იესო ქრისტეს არ იხილავდა.

ღირსი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი ცხოვრობდა ქალაქ იერუსალიმში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში. ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს II ფილადელფოსმა მოინდომა, თავისი ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის წმინდა წერილის წიგნებით შევსება. ამ მიზნით მან სამოცდათორმეტი სწავლული მოიწვია იერუსალიმიდან, რომ მათ ძველ ბერძნულად ეთარგმნათ წმინდა წერილი, რომელსაც დღეს სეპტუაგინტა, ანუ სამოცდაათთაგანთა თარგმანი ეწოდება. ამ მთარგმნელთა შორის იყო მართალი სვიმეონიც, რომელსაც ისაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ხვდა წილად. როცა თარგმნიდა მუხლს: "აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ", - მან იფიქრა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და მოინდომა სიტყვა "ქალწულის" ნაცვლად ჩაეწერა "დედაკაცი", მაგრამ ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა, თუ ირწმუნებდა მის სიტყვებს, არ იხილავდა სიკვდილს მანამ, ვიდრე არ ნახავდა ქალწულისგან შობილს. იმ დღიდან მოყოლებული ის მოელოდა მხსნელს.

გავიდა სამი საუკუნე. ერთხელ სულიწმინდამ აუწყა, რომ წასულიყო ტაძარში და ეხილა აღთქმული მესია. ისიც დაუყოვნებლივ გაემართა იქითკენ. ლუკას სახარებაში წერია, - როცა მშობლებმა ყრმა იესო მიიყვანეს ტაძარში, რათა მას რჯულისამებრ მოქცეოდნენ, სვიმეონმა აიყვანა ყრმა ხელში და შეჰღაღადა: "აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა" (ეს ლოცვა დღეს მწუხრში ითქმის).

ღირსმა სვიმეონმა აკურთხა ისინი და უთხრა ღვთისმშობელს, რომ ყრმა მოვლენილი იყო მრავალთა დასახმარებლად; შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა განცხადდეს მრავალთა გულის ზრახვანიო.

ღირს სვიმეონზე აგრეთვე ნათქვამია, რომ ის იყო "მართალი უკანასკნელი, პირველიცა და უკანასკნელიცა; დასასრული შჯულისაი და დასაბამი მადლისაი; ნათესავით ჰურიაი, არამედ მადლითა ქრისტიანი; მწიგნობარ კითხვით და ანგელოზ ცნობით; ფარისეველთა მათ შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშორებული".

ღირსმა სვიმეონმა, როგორც წმინდა მამები გვაუწყებენ, 360 წელი იცხოვრა.

მოამზადა
შალვა კეკელიამ
ბეჭდვა
1კ1