დღესასწაული სულის ზეიმი უნდა იყოს
დღესასწაული სულის ზეიმი უნდა იყოს
უფლისგან ნაბოძები ყოველი დღე სასწაულია, მაგრამ არის გამორჩეული დღეები, როცა სული სიხარულს ვეღარ იტევს, როცა გლოვა სრულდება და აღმაფრენა გეუფლება, როცა თავად ხდები უფლის მწუხარების თანაზიარი და შეიგრძნობ, როგორ იშვებს გული, როცა გაიგონებ: "ქრისტე აღსდგა!" - და მიუგებ: "ჭეშმარიტად აღსდგა".

ყველას, მორწმუნეებსაც და ურწმუნოთაც, ჩვენ-ჩვენი სიხარული გვაქვს; ზოგი მაცხოვრის შობას ეგებება სასოებით, ზოგი კი ახალ წელს მიიჩნევს ახალი იმედების საწინდრად. მაგრამ ვინ იცის, ეგებ სწორედ მათ შორისაა მეთერთმეტე ჟამის მევენახე... ამიტომაც განვიზრახე, მრევლის წევრებთან ერთად იმ ხალხსაც გავსაუბრებოდი, ვინც ეკლესიურად არ ცხოვრობს და მეკითხა, როდის, რომელი დღესასწაულის დროს გრძნობენ სულის ზეიმს.

დოდო (57 წლის, მასწავლებელი): - ყოველთვის გამორჩევით მიყვარდა ახალი წელი. ბავშვივით ველოდი 31 დეკემბერს. ჩემი მშობლები ურწმუნონი იყვნენ, მე კი რატომღაც - ალბათ, წინაპართა ლოცვით - ტაძრისკენ გამიწია გულმა. სწორედ იქ გავიგე, რომ ახალი წელი, რომელსაც ჩვენ დიდი ზარ-ზეიმით ვხვდებოდით, შობას უსწრებდა და 25 დეკემბერი 7 იანვარი იყო. მართალი გითხრათ, კარგა ხანს ვერ შევეგუე ამას და ძველებურად განვაგრძობდი ახალი წლის აღნიშვნას, შობას კი უფრო მოკრძალებულად ვხვდებოდი და არც სულიერ აღმაფრენას ვგრძნობდი - ჩანს, ეშმაკმა ქრისტეს დაბადებით გამოწვეული სიხარული ჩემი არსებიდან გამოაძევა.

ერთხელ მეზობელმა დამიძახა, - შობას ლოცვაზე მივდივარ და ხომ არ წამოხვალო. შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ ამის გაგონება იყო და თითქოს ფრთები შემესხა. წავყევი. ლოცვა ისე დასრულდა, დაღლა არ მიგრძნია. ისეთი სიხარული შემოიჭრა ჩემს არსებაში, ენა ვერ აღწერს. შუაღამე გადავიდა, მაგრამ თვლემაც კი არ მომრევია. დაიწყო ზიარება. მაზიარებელთა სახეები გაბრწყინებული მომეჩვენა და როცა წარმოვიდგინე, როგორ გაუძლეს აქ მდგომებმა საცდურს, როგორ დაითმინეს ახალი წლის ზარ-ზეიმი და როგორ დაიმსახურეს ზიარების მადლი, საკუთარი თავი შემებრალა.

ჩემი მეუღლე სტუმართმოყვარე და მოქეიფე კაცია. ახალ წელს შინაც უამრავ ნათესავ-მეგობარს ვმასპინძლობდით და თავადაც ხშირად მივდიოდით სტუმრად. ასე მოყირჭებულნი ვხვდებოდით შობას და, ბუნებრივია, ისე ვერ აღვნიშნავდით, ქრისტიანს რომ მართებს. სულითა და ხორცით გადაღლილებს სასწაულის განცდა აღარ შეგვეძლო...

მას შემდეგ ყოველ მარხვას ვიცავ. დროდადრო ახლაც მიპყრობს ცდუნება, - დიასახლისი გახლავართ და საახალწლოდ ყველაფერს თავად ვამზადებ, - მაგრამ ლოცვის მეოხებით თავს ვაღწევ სურვილს. ახლა ვხვდები, რამხელა საფრთხეა სულისთვის ახალი წლის 31 დეკემბერს აღნიშვნა, მაგრამ მწამს, უფალმა იცის, როდის რა შეცვალოს და იმედი მაქვს, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

გიორგი (25 წლის) - ახალი წელი ძალიან მიყვარს. ოჯახში ტრადიციულად აღვნიშნავთ ამ დღეს. ტრადიციაში რას ვგულისხმობ? - გვაქვს გოჭი, ინდაური, გოზინაყი... თორმეტი რომ შესრულდება, მამაჩემი კანფეტებით ხელში გარეთ გადის და კარზე სამჯერ დააკაკუნებს. ჩვენ კარს ვაღებთ. ის შემოყრის კანფეტებს და მშვიდობას, ჯანმრთელობას, გამრავლებას გვისურვებს. მერე ნაძვის ხის ნათურებს ვანთებთ და სუფრასთან ვსხდებით. მოდიან მეგობრები ან ჩვენ მივდივართ სტუმრად და დილამდე ვქეიფობთ. შობა? შობაც ძალიან გვიყვარს, ამ დღესაც იშლება სუფრა და თითქოს ახალ წელს დაწყებული ქეიფი გრძელდება. რა დღეა შობა? - უფალი დაიბადა ამ დღეს, მაგრამ საშობაო სიმღერაში ასეთი სიტყვებია: "ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო", - და ჩვენ რატომ ვზეიმობთ 7 იანვარს, ვერ გამიგია.

ანდრია (65 წლის, ექიმი): - უფლის სიყვარული ჩემთან გვიან მოვიდა. თუმცა არაერთხელ მინახავს, რა უსუსური ხდებოდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ავადმყოფობის, სიკვდილის წინაშე, გულის კარი მაინც ვერ გავუღე უფალს. მარხვაზე რომ ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, სიცილით ვკვდებოდი. ახალ წელს, როცა სახლს ჭერს ვხდიდით სიმღერითა და ქეიფით, დედაჩემი სინანულით გვეტყოდა, როგორ არ გრცხვენიათ, ახლა ხომ მარხვააო. ამაზე ვოხუნჯობდი, დედა, ნუთუ ღმერთს სურს, შიმშილით დავიხოცოთ-მეთქი. ახლა კი ვცდილობ, შობას სულიერად ამაღლებული შევეგებო. ეს დღე ჩემთვის ხელახლა დაბადებას ნიშნავს და მინდა, მას ახალშობილივით სპეტაკი და ხორციელ სურვილებზე აღზევებული შევხვდე. როცა ჩემს ირგვლივ ყველა ზეიმობს, მეც ვუერთდები, მაგრამ თან უფალს შევთხოვ, ჭეშმარიტება დაგვანახვოს. შობას ღამისთევაზე მივდივარ, ვეზიარები, შინ დაბრუნებული კი ვისვენებ. ამასობაში ჩემი მეუღლე საშობაო სადილს ამზადებს, მერე ყველანი ვსხდებით და ვტრაპეზობთ. გადაჭარბებულ ჭამა-სმას ვერიდები - ვცდილობ, ჩემში შემოსული უფალი ნაყროვანებით არ შეურაცხვყო. ჩვენ რატომ ვზეიმობთ 7 იანვარს, როცა მთელი დასავლეთი 25 დეკემბერს ითენებს შობას? - ამაზე იოანე საბანისძის სიტყვებით მოგიგებთ: "აღვერიენით თესლსა უცხოსა და დავივიწყეთ მამულისა ჩვეულებისაებრ სლვაი". ახლა ხშირად გაიგონებთ, თითქოს ქართველები ხიბლში ვართ, თითქოს გვგონია, რომ "განსაკუთრებული მისია" გვაკისრია. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ვფიქრობ, "მამულისა ჩვეულებისაებრ სლვის" დავიწყება არ ეგების.

მარიამი (სტუდენტი, 27 წლის): - შვიდი წელია, გერმანიაში ვცხოვრობ. აქაურ შობას ვერაფრით შევადარებ ქართულს. აქ შობა მთავარი დღესასწაულია, მაგრამ ქრისტიანული გაგება არ ახლავს. ოცდახუთ დეკემბერს თოვლის ბაბუა საჩუქრებს ჩამოარიგებს, მერე ყველანი გარეთ გადიან და უზარმაზარ ნაძვის ხესთან იყრიან თავს, რომელიც ქალაქის ცენტრში იდგმება. დილამდე არ წყდება ფეიერვერკი, სიმღერა, ცეკვა, სიცილი, მაგრამ უფალი არავის ახსოვს. ეს არის ხორციელი ზეიმი. მე თუ ვზეიმობ? - ახალ წელს ჩვეულებრივ ვხვდები, მაგრამ ოცდახუთში არასოდეს არავისთვის მიმილოცავს შობის დღესასწაული. არც ჩემები მილოცავენ საქართველოდან. ეს ჩემი პროტესტია, თუმცა უსუსური, მაგრამ მაინც პროტესტი. ქმარი მართლმადიდებელი მყავს, მაგრამ მაინც გერმანელია და ასე უცებ ვერ შეუცვლი ცნობიერებას, შვილს კი, ვცდილობ, ნელ-ნელა გავაგებინო ამ დღესასწაულის არსი, მაგრამ თან მეშინია, ამან მასში გაორება არ გამოიწვიოს.

ასე რომ, ოჯახთან ერთად 7 იანვარს ვზეიმობ შობას. მივდივარ რუსულ ეკლესიაში, სადაც ქართველები, რუსები, სერბები, უკრაინელები ვიყრით თავს, წირვას ვესწრებით და ასე ვადიდებთ უფალს. ნათლისღებასაც ვზეიმობთ და აღდგომასაც. ჩვენი პატარა სულიერი სამყარო გვაქვს ამ უკიდეგანო ხორციელ სივრცეში.
ბეჭდვა
1კ1