ბრწყინვალე შიდეული და არტოსი
ბრწყინვალე შიდეული და არტოსი
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; დაწყებით ლოცვებში სულიწმინდის მოწვევის ლოცვა "მეუფეო ზეცათაო...." სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება. აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას "გამარჯობის" ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: "ქრისტე აღსდგა" - "ჭეშმარიტად!" "ჭეშმარიტად აღსდგა!" "ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე".

აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესიებში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი (არტოს - ბერძნ. პური). ამ სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. აღდგომის სწორზე - კვირაცხოვლობას, არტოსი მცირე ნაწილებად დაიჭრება და მორწმუნეებს დაურიგდება. ჩვენ ეს ნაჭერი უფრო მცირე ნაწილებად უნდა დავყოთ და მთელი წელი ვიმყოფინოთ: ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს უნდა მივიღოთ როგორც სულიერი წამალი საკურნებლად სულისა და ხორცისა. არტოსი უნდა შევინახოთ წმიდა ადგილას.
ბეჭდვა
1კ1