ჩვენც სულით, გულითა და გონებით ავიდეთ თაბორის მთაზე და მოციქულებთან ერთად ვიხილოთ ფერისცვალება იესო ქრისტესი
ჩვენც სულით, გულითა და გონებით ავიდეთ თაბორის მთაზე და მოციქულებთან ერთად ვიხილოთ ფერისცვალება იესო ქრისტესი
ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მისი ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნლოვანესი მოვლენაა, ამიტომ წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულად შერაცხა. მას 6/19 აგვისტოს ვზეიმობთ.

...ახლოვდებოდა იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე. იგი უნდა ვნებულიყო კაცთა ცოდვებისათვის. უფალმა იცოდა, ბევრი ვერ გაუძლებდა ამას, ბევრი დაკარგავდა სასოებას და იმედს საუკუნო ცხოვრებისას, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა მათ რწმენით განსამტკიცებლად.

უფალმა თავის მოწაფეთაგან ამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. მაცხოვარს სურდა, მოციქულთათვის ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ნათელი, ეჩვენებინა იმ ზომით, რა ზომითაც დაიტევდნენ, რათა შემდგომ განსაცდელისა (როდესაც მაცხოვარს ჯვარცმულს იხილავდნენ), არ დაბრკოლებულიყვნენ, არ შეშინებოდათ, თანაც დარწმუნებულიყვნენ იმ სიბრძნეში, რომ ვინც სულიერად არ ამაღლდება, ვერც ღვთაებრივი დიდების ხილვის ღირსი გახდება.

სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გამოფხიზლებულებმა ნახეს, რომ იესომ ფერი იცვალა: სახე მზესავით გაუბრწყინდა, სამოსი განსპეტაკდა, ვითარცა თოვლი და თვალისმომჭრელ ნათელს გამოსცემდა: "და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი" (მათე 17,2). ამ დროს უფლის წინაშე წარმოჩნდნენ ზეციური დიდებითა და საღვთო ნათლით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველნი, რომლებიც მაცხოვართან საუბრობდნენ იმ ვნებებისა და ტანჯვის შესახებ, რაც მას მოელოდა იერუსალიმში.

ამის მნახველი მოწაფეები ისეთმა ენით აუწერელმა ნეტარებამ მოიცვა, რომ პეტრემ ანგარიშმიუცემლად წამოიძახა: "მოძღვარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ (კარავი), ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა" (ლუკა 9,33). შემდგომ ღრუბელი ნათლისა დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ღვთის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე 17,5) (ნათლისღების შემდეგ ფერისცვალების დღეც არის ყოვლადწმინდა სამების განცხადების ჟამი: მამა ღმერთის ხმა, გაბრწყინებული ძე და ღრუბელი ნათლისა - სულიწმინდა). მოწაფეები შიშით პირქვე დაემხნენ. მათთან მივიდა იესო, ხელი შეახო და უთხრა: "აღდეგით და ნუ გეშინინ!" (მათე 17,7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას იესო ქრისტემ გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, სანამ მკვდრეთით არ აღდგებოდა.

***
თაბორის მთაზე გაბრწყინებული მაცხოვრის ხილვის ღირსი გახდა ქრისტეს სამი მოწაფე, რომელთაც უნდა განემტკიცებინათ სხვა მოციქულები უფლისადმი მათი სასოების გამოცდის ჟამს და რწმენა იმისა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად ძე ღმერთია. მაგრამ მაინცდამაინც ეს სამი მოწაფე რატომ აირჩია? უფალმა გაიყოლა სამი გამორჩეული მოციქული, რომლებიც ადრევე გახადა ღირსი გამხდარიყვნენ მოწმე იაიროსის ასულის აღდგინების უდიდესი სასწაულისა; ესენი შემდგომშიც გახდებიან მოწმენი უფლის უდიდესი მწუხარებისა გეთსიმანიის ბაღში; იახლა სწორედ იმიტომ, რომ "ისინი გარდაემატებოდნენ დანარჩენებს: პეტრე - იესოს ძლიერი სიყვარულით, იოანე - მისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, ხოლო იაკობი - იმ პასუხის გამო, რომლითაც თავის ძმასთან ერთად მიმართა იესოს: შეგვიძლია შევსვათ სასმისი" (წმინდა იოანე ოქროპირი). წმინდა იოანე დამასკელის თქმით, "იესომ წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტეს ღვთაებრიობაზე მისი მოწმობა (ფერისცვალებამდე ექვსი დღით ადრე) მტკიცდებოდა მამის მოწმობითაც და რათა დაერწმუნებინა იგი თავის ნათქვამში, რომ თვით ზეციურმა მამამ გაუხსნა ეს მოწმობა; მან წაიყვანა იაკობი, რადგან სხვა მოციქულებზე უწინ ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო ქრისტესთვის; დაბოლოს, წაიყვანა იოანე, ღვთისმეტყველების წმინდა ორგანი, რათა მას ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისთვის და დაექუხა: "პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი". თუკი უფალი მარტო იუდას დატოვებდა ქვევით, დანარჩენებს კი წაიყვანდა, მაშინ ზოგიერთებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამან შეურაცხყო იუდა და ამიტომაც გასცა თავისი უფალიო, მაგრამ უფალმა ქვევით დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები გაეხადა ნეტარნი გაგონილის რწმენით, როგორც თავადვე ამბობს: "ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავს და ვრწმენე" (იოანე 20,29).

როცა პეტრემ უთხრა უფალს, რომ კარგი იყო მათი იქ ყოფნა, ამით სურდა, სამუდამოდ გაგრძელებულიყო ფერისცვალება, ანუ ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც იმჟამად დაეუფლა მათ. ეს სიხარული მომავალი საუკუნის, ცათა სასუფევლის ნეტარება იყო, რამეთუ მხოლოდ ღვთაებრივი ნათლის სხივებში იძენს ადამიანის გული სიხარულსა და მშვიდობას. თაბორზე, ფერისცვალების დიდებაში, უკვე გამობრწყინდა გოლგოთაზე უფლის ჯვრის დიდება. ქრისტესთვის თაბორი უძღოდა წინ გოლგოთას, ქრისტიანისთვის კი გოლგოთაა თაბორის წინამორბედი.

თავისი ფერისცვალებით უფალმა გვიჩვენა, თუ როგორ იქნებიან ადამიანები მომავალ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში, თუ როგორ გარდაისახება ჩვენი მიწიერი ყოფა სამომავლოდ.

ფერისცვალების სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე ეკლესია ფსალმუნებითა და განსაკუთრებული ლოცვა-საგალობლებით ადიდებს უფლის ყოვლისშემძლეობას, მის სახიერებას და კაცთმოყვარეობას, რაც ადამიანთა მოდგმის ხსნაში გაცხადდა.

ფერისცვალების დღისთვის მწიფობაში შედის მრავალი სახეობა ხილისა. მორწმუნეებს, ეკლესიური ჩვეულების მიხედვით, ტაძარში მიაქვთ ახალი ნაყოფი, რომელიც ეკლესიაში იკურთხება. ეს ჩვეულება ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის (გამ. 23,19; ლევ. 23,10). ამგვარი წესი მიანიშნებს იმას, რომ დედამიწაზე, ადამიანით დაწყებული და მცენარეებით დამთავრებული, ყოველივე უფალს ეკუთვნის, ამიტომაც საჭიროა ყოველგვარ საკვებზე კურთხევის მიღება, რადგან, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "უფლისაი არს ქვეყანაი, და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა" (ფს. 2,31).

პალესტინის მთებს შორის თაბორის მთაზე ლამაზი არა არის რა. მარტო დგას იგი ეზრდილონის ველზე, ნაზარეთიდან შვიდიოდ კილომეტრის მოშორებით, უდაბნოში, ნაირგვარი ხეებითა და კეთილსურნელოვანი ყვავილებით დაფარული, როგორც საკვირველი დასაგები ფეხქვეშ, დიდებით ფერშეცვლილი უფლისათვის - სწორედ ამ ადგილას იცვალა სახე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.

გთავაზობთ მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) 1983 წლის ქადაგებას, რომელიც წარმოთქვა სამთავროს მონასტერში ფერისცვალების დღესასწაულზე.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

ღვთის მადლით, დღეს ჩვენ კვლავ ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს, რომლის შინაარსიც ასეთია: წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა წაიყვანა თავისი სამი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე. მათთან ერთად განმარტოვდა მაღალ მთაზე და იწყო ლოცვა. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოეღვიძათ, დაინახეს, რომ მათ მოძღვარსა და მასწავლებელს - იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი ჰქონდა თოვლივით თეთრი. მასთან გამოცხადებულიყვნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომელნიც საუბრობდნენ იმ საშინელ წამებასა და ქვეყნიურ სიკვდილზე, ქრისტეს რომ ელოდა ურიათაგან. როცა მოსე და ილია შორდებოდნენ ქრისტეს, მოულოდნელად ბრწყინვალე ღრუბელმა გაანათა ისინი და მათ მოესმათ ზეციური ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ". მოწაფენი შიშით დაემხნენ მიწაზე. იესო მივიდა მათთან, შეეხო და უთხრა: "ადექით, ნუ გეშინიათ". გამხნევებული მოწაფენი ადგნენ და დაინახეს თავიანთი მოძღვარი ჩვეულებრივი სახით. აი, ამ დიდებულ ამბავს იხსენიებს წმიდა ეკლესია დღეს.

ბუნებრივია, ყოველ ჩვენგანს დააინტერესებს მიზეზი მაცხოვრის ფერისცვალებისა. როგორ მოხდა, რომ იესო ქრისტემ თვითონ გამოაჩინა ღვთაებრივი დიდება თვისი მოწაფეთა წინაშე, მაშინ, როცა ყოველთვის გაურბოდა კაცთაგან დიდებასა და პატივს? ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია მაცხოვრის სასწაულთა შორის. იგი ეხება არა ძე კაცისას ზეციდან გარდამოსვლისა და განკაცების საიდუმლოს, არა მაცხოვრის ქვეყნიურ მოღვაწეობას, არამედ საუკუნო ცხოვრებას, მართალთა საუკუნო ნეტარებას. მაცხოვარმა ფერისცვალება ინება იმისათვის, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფერისცვალებისას ქრისტეს სახე გაუბრწყინდა, როგორც მზე. წმიდა მოციქული პავლეც იმავეს ამბობს გამართლებულ ადამიანებზე - მართალნი სასუფეველსა შინა ცათასა გაბრწყინდებიან, ვითარცა მზეო. როგორც ჩანს, ცხონება-გამართლება ადამიანებისა სასუფეველსა შინა მდგომარეობს მათ ფერისცვალებასა და გაბრწყინვებაში თავიანთი ღირსების მიხედვით ისე, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტესი თაბორის მთაზე.

მაგრამ, საყვარლნო ძმანო, ასეთი გაბრწყინვება-გაცისკროვნება ანუ ფერისცვალება ადამიანისა მოუმზადებლად არ მოხდება, იგი შესაძლებელია მხოლოდ დიდი მოთმინებისა და შრომა-გარჯის შედეგად. მთელი ქვეყნიური ცხოვრება ქრისტიანისა სხვა არაფერი უნდა იყოს, გარდა განუწყვეტელი, თანდათანობითი ფერისცვალებისა, ანუ გადასვლა მიწიერი - ცოდვილი მდგომარეობიდან სულიერ - წმიდა მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა ნელ-ნელა, დღითი-დღე უნდა იცვლებოდეს, ახლდებოდეს, უმჯობესდებოდეს, მაღლდებოდეს და ვითარდებოდეს. აკი ბრძანებს ამაზე წმინდა მოციქული პავლე: "ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12, 2). ე.ი. ამ სოფელს ნუ დაემსგავსებით, არამედ შეიცვალენით, გონებით განახლდით, რომ იცნათ ნება ღვთისაო. მართლაც და, ძმანო, თუ კაცის გონება თანდათან არ გამდიდრდა ღვთის სიტყვის სწავლით, მაშინ იგი ვერ ჩასწვდება ნებას ღვთისას, რომელმაც უნდა აღამაღლოს და სრულყოს ადამიანი. ღვთის ნებას დაშორებული კაცი კი ემონება ქვეყნიურ ამაოებას, ხორციელ გულისთქმასა და ვნებას, რაც, წმინდა მოციქულ იაკობის თქმით, "მტერობა არს ღვთისა" (იაკ. 4,4). ამიტომ კაცი ყოველთვის თავის მოქმედებას უნდა იკვლევდეს გულდასმით, ღვთიურია ის თუ არა, არის თუ არა ღვთის ნება და კურთხევა მასზე, რომ ღვთის ნების გატარებით მიუახლოვდეს უფალ ღმერთს - სიმართლისა და სიწმიდის ნათელს და ამ ნათლითა და სისპეტაკით თავადაც განათლდეს და გასპეტაკდეს.

ცხადია, ძმანო, რომ თუ აქვე, სიცოცხლეშივე არ ვიწყეთ მზადება, თუ აქედანვე არ შევუდექით ჩვენს სულიერ ფერისცვალებას, მაშინ ვერ ვეღირსებით ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას, ღვთაებრივი ნათლის ხილვას. რასაც შეიძენს კაცი ამ სოფელში, იმას გადაიტანს იმ ქვეყნადაც. რა ფერსაც მიიღებს ადამიანის სული ამქვეყნიური სიცოცხლისას, იმ ფერით გადადის საიქიო სამყოფელში და წარდგება შემოქმედთან.

ამიტომ, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მაცხოვრის ფერისცვალების ამ დიდებულ დღეს მოდით და ჩვენც სულით, გულით და გონებით ავიდეთ თაბორის მთაზე და მოციქულებთან ერთად ვიხილოთ ფერისცვალება იესო ქრისტესი. ვიხილოთ ნათელი დიდებული და თავადაც გავნათლდეთ: ვიხილოთ მეუფე ჩვენი გაბრწყინვებული და ჩვენც გავბრწყინდეთ. აღვიდეთ, ძმანო, თაბორის მთაზე და ვისმინოთ სანატრელი ხმა უზენაესისა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ". ვისმინოთ, საყვარელნო, ჩვენთვის განკაცებული, ჩვენთვის ტანჯული, დაფლული და აღდგომილი იესო ქრისტესი და დავიმარხოთ გულში მცნებანი მისნი. დავუტეოთ ქვეყნიური ზნე და ფერი, გამოვიცვალოთ ხასიათი, დავუტეოთ მიწის ფერი და შევიმოსოთ ბრწყინვალე ზიციური ნათლით, რომ ღვთიური ნათლით შემოსილნი ვმსახურებდეთ უფალ ღმერთს - მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1