ბნელში მყოფი იღებს ნათელს
ბნელში მყოფი იღებს ნათელს
იმ ქრისტიანულ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება, ერთ-ერთი ნაკურთხი წყლის უხრწნელობა გახლავთ. მორწმუნენი ნაკურთხ წყალს, როგორც სიწმინდეს, წლობით ინახავენ ისე, რომ მას არც ფერი ეცვლება, არც გემო და არც სხვა რამ თვისება. ჩვეულებრივი, უკურთხებელი წყლისგან განსხვავებით, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე დღე ინახება შეუცვლელად, ნაკურთხი წყალი დიდხანს არ იხრწნება. ეს ფაქტია.

ნათლისღების საიდუმლოს შესახებ გვესაუბრება ლენტეხისა და ცაგერის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი).

- მეუფე სტეფანე, უფალმა მიწიერი მოღვაწეობა განცხადებულად მდინარე იორდანეში ნათლისღებით დაიწყო. რა არის ნათლისღების არსი?

- ამ საიდუმლოს არსზე თვით სახელიც მიგვითითებს - ბნელში მყოფი იღებს ნათელს. ნათლისღება ჭეშმარიტი განათლების საფუძველია, დასტური იმისა, რომ ეს ადამიანი უფალს ეკუთვნის. მაცხოვრის განკაცებამდე ეს ფუნქცია წინადაცვეთას ეკისრა. წინადაცვეთა მიანიშნებდა, რომ ის, ვინც ამ წესს აღასრულებდა, უფლის მორჩილი, ღვთის კაცი იყო. ამ ტრადიციას იცავდნენ ებრაელები ქრისტემდე.

მაცხოვრის მოსვლის შემდეგ უფლის მხარეს მყოფთა დადასტურება სულიწმიდით ხდება. არა მხოლოდ ფიზიკური მოქმედებებით, არამედ სწორედ სულიწმიდით.

ნათლისღებისას უფალი წყალში შევიდა, რომელიც მისი იქ ყოფნით განიწმინდა; ზეციდან გარდამოხდა სულიწმიდა; "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ", - ამბობდა უფალი ღმერთი - მამა. ამგვარად, მოხდა ყოვლადწმიდა სამების განცხადება. ამასთან ერთად, ეს გახლდათ სახე ნათლისღებისა, ესე იგი, უფალმა დაგვანახა, თუ როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ნათელი. წყალი ისედაც განმწმენდელია, მაგრამ ეს მხოლოდ მატერიალური განწმენდაა; უფლის იორდანეში შესვლის შემდეგ კი მას სულიერი განწმენდის ძალაც მიენიჭა.

ამის კვალობაზე, ნათლობამდე ჯერ წყალს ვაკურთხებთ. ეს წყალი მზადდება იმისათვის, რომ ნათელი ვიღოთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. წყალში სამჯერ შთაფლვით კი მივიღებთ ამ მადლს - მადლს მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ამას მოსდევს მირონცხება. ეს ფიზიკური მოქმედებაა, მაგრამ, ამავე დროს, საკრალური - მას სულიწმიდა ახლავს თან. ამგვარად ხდება დადასტურება იმისა, რომ ადამიანი ღმერთს ეკუთვნის, უფლის გზაზე დგება. ამასვე ადასტურებს სიტყვები, რომლებიც ნათლისღებისას წარმოითქმის - განდევნა ეშმაკისა, შეფუცების ლოცვები, კითხვა, რამდენად მყარია ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში (სამგზის ვეკითხებით: "განეშორები ეშმაკსა?" - შემდეგ კი: "შეუდგები ქრისტესა?"). ეს ყოველივე მისთვის, ვინც ნათელს იღებს (თუ მას ეს მყარად და ნათლად აქვს გააზრებული), შინაგანი მეტამორფოზის საფუძველია. სწორედ ამ წუთში ხდება უფლის მადლის გარდამოსვლა მასზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

ამგვარად, ნათლისღების შემდეგ ჩვენზე გადმოდის ნათელი უფლისა და შეგვიძლია, მისი მეოხებით ვებრძოლოთ ბოროტს. მანამდე კაცს არ მფარველობს უფლის ძალა, - ძალა, რომლითაც შეიძლება, ეშმაკს სძლიო, - ნათლისღებისას კი ღმერთი ადამიანს უბოძებს ანგელოზს, რომელიც იცავს მას და ყველანაირად ეხმარება ბოროტებისგან გათავისუფლებაში.

თუმცა აქაც თავისუფალია ადამიანი; მას შეუძლია, ნათლისღების შემდეგ კვლავ ბნელში ჩაინთქას ან, პირიქით, ამ ნათლის წვეთით იაროს მთელი ცხოვრება, ნათელი, რომელიც მასში შემოვიდა, უნათებდეს ყოველივეს თავის გზაზე. ასეთ შემთხვევაში ადამიანი განაგრძობს ნათლით სიარულს და იქნება ჭეშმარიტების ნათელსა (რომელიც უფლისაგან მიეცემა) და ჭეშმარიტ სწავლებაში, ეკლესიის ერთგული დარჩება, იმ კანონს დაემორჩილება, რომელიც ნათლისღების შედეგად მიიღო (ნათლისღებით ხომ ადამიანი ღვთის კანონისადმი მორჩილებას აცხადებს). ღვთის კანონით სიარული ადამიანისთვის სწორედ უფლის იმ სხივის მატარებელია, რომელიც ებრაელებს ორმოცი წლის მანძილზე მიუძღვოდა უდაბნოში, სწორედ ის ნიშანსვეტია, რომელსაც უნდა მივყვეთ, რომლისკენაც უნდა ვიაროთ. ამის საზღვარი ეკლესიის ფარგლებია, დოგმატები, რომლებითაც ადამიანი შემოიფარგლება, რომელთა გადაბიჯებაც მისთვის საზიანოა, რადგან ამ შემთხვევაში ბნელს უბრუნდება. ადამიანი, რომელიც დოგმატს უარყოფს, ფაქტობრივად, წყვდიადისკენ მიდის.

ნათლისღებისას ადამიანს ღვთისაგან ეძლევა საშუალება, დაინახოს სიწმინდე, სინათლე, რაც, საბოლოო ჯამში, სასუფევლის ღია კარის დანახვისა და მასში შესვლის საწინდარია. აი, რა ძალა აქვს ნათლისღებას. თუ ადამიანი ნათელს არ იღებს, ეს კარი მისთვის დახშული იქნება.

ესაუბრა
ხათუნა რაქვიაშვილი
ბეჭდვა
1კ1