გიორგობის დღესასწაულის ტრადიციული ხალხური აღნიშვნა სუჯუნაში
გიორგობის დღესასწაულის ტრადიციული ხალხური აღნიშვნა სუჯუნაში
უძველესი დროიდან იცოდნენ ,,ქადაგად დაცემა"
საინტერესოა უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები სამეგრელოს სამთავროს შესახებ. მათ აღწერილი აქვთ გიორგობის დღესასწაულის ტრადიციული ხალხური აღნიშვნა სუჯუნაში, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეებისთვისაც იყო დამახასიათებელი. საყურადღებოა ანტიოქიის პატრიარქის მაკარის (1648-1672წწ.) მოგონებები, მოსკოვში თავისი მოგზაურობის დროს იგი გარკვეული ხნით დარჩა საქართველოში. თავის აღწერილობაში პატრიარქი მაკარი მოკლე ცნობებს გვაწვდის იმდროინდელი სამეგრელოს სამთავროს შესახებაც, სადაც სუჯუნაში გამართულ გიორგობის დღესასწაულსაც ეხება,-აღნიშნული ცნობები მოიძია სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ბარბარემ (ქობალია) მოიძია.

-სუჯუნაში უძველესი დროიდან იცოდნენ ,,ქადაგად დაცემა". სუჯუნის დეკანოზის წარდგენითა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კურთხევით, ირჩევდნენ ერთ ღირსეულ და სათნო ქვრივ მოხუცს. იგი დეკანოზთან ერთად, გიორგობამდე რამდენიმე დღეს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. დღესასწაულის წინა ღამეს, მწუხრის შემდეგ ეკლესიაში რჩებოდა, სადაც შუა ადგილზე დაუდგამდნენ ტახტს მოსასვენებლად, იქვე ანალოგიაზე დააბრძანებდნენ წმიდა გიორგის საქადაგო ხატს. ქადაგი იმ ღამეს ლოცვაში ატარებდა. ხალხური გადმოცემით, მას გამოეცხადებოდა წმინდა გიორგი. მეორე დღეს, ვიდრე ჟამისწირვა დაიწყებოდა, დიდი ლიტანიობით დეკანოზი და კრებული ანთებული სანთლებით, სახარებით, ჯვრით და ხატებით ქადაგს გამოუძღვებოდნენ. მოხუცი ავიდოდა სამრეკლოზე და ქადაგად დაეცემოდა. ის ხალხს ამცნობდა წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ, მოუწოდებდა ცოდვების მონანიებისა და სინანულისაკენ, რომ დაეცვათ რწმენა და ეკლესიის სიწმინდე, შეაჩვენებდა ქურდს, მავნესა და ყველა იმას, ვინც თავისი მოქმედებით შეურაცხყოფდა ხატსა და მორწმუნეებს. ქადაგი წინასწარმეტყველებდა მომავალზეც, ჭირნახულის მოსავალზე, ამინდზე, ლაშქრობა-ომიანობაზე და სხვა. სუჯუნის ქადაგს ხალხში დიდი გავლენა ჰქონია, დადიანებიც კი მის წინასწარმეტყველებას დიდ ანგარიშს უწევდნენ. მთავრები ოქრო-ვერცხლით ამკობდნენ ხატებს და ვერ ბედავდნენ სუჯუნის ხატი სხვაგან გადაეტანათ. ეს ხალხური ტრადიცია, სავარაუდოდ, სამეგრელოს სამთავროს გაუქმებამდე გაგრძელდა. წირვის შემდეგ სადღესასწაულო სახალხო განცხრომა იწყებოდა. წმინდა გიორგის სახელზე შეიწირებოდა დიდძალი პირუტყვი, ტაძრის ეზოში საუცხოო ნადიმი იშლებოდა, ჩინებული ცეკვა-თამაშითა და დაირ-საკრავით. იქვე ბაზრობა იმართებოდა, რომელიც ორი-სამი კვირა გასტანდა.
ბეჭდვა
1კ1