ბარბარეს სიმტკიცით გაკვირვებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე
ბარბარეს სიმტკიცით გაკვირვებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე
წარმართულ რომის იმპერიაში ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. მას მონათა რელიგიას უწოდებდნენ, რადგან ქრისტეს მიმდევრების უმეტესობა დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ მოციქულების დროს ქრისტიანები თვით ნერონის სასახლეშიც კი იყვნენ (ქრისტიანი გახლდათ ნერონის მეუღლე პოპეა). მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ნაკლებად იღებდნენ ქრისტიანობას, მაგრამ თუკი მიიღებდნენ, ძნელად თუ განეშორებოდნენ მას. მათ შორის იყო წმინდა დიდმოწამე ბარბარე, რომელიც ქრისტესთვის იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305-311) ეწამა. მამამისი, მდიდარი და დიდებული წარმართი დიოსკორე, ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა და მეუღლისაგან ერთადერთი შვილი - ბარბარე დარჩა. დიოსკორეს ძალიან უყვარდა ასული და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარე უმშვენიერესი იყო, ამიტომ მამამ გადაწყვიტა, გარეშე თვალთაგან ფარულად აღეზარდა: ასული მაღალ კოშკში გამოკეტა და, წარმართი აღმზრდელების გარდა, მასთან არავის უშვებდა.

წმინდანი შვებას ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში პოვებდა: დღისით ტყიან მთებს, მშფოთვარე ნაკადულებს, ყვავილებით ნაირფერად მოჩითულ მინდვრებს გასცქეროდა, ღამით - ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. მალე გოგონამ ამ უზარმაზარი და ჰარმონიულად შექმნილი სამყაროს პირველმიზეზსა და შემოქმედს დაუწყო ძიება. აღმზრდელები ასწავლიდნენ, ყველაფერი იმ კერპებმა შექმნეს, რომელთაც ჩვენ ვეთაყვანებითო. ბარბარე თანდათან ხვდებოდა, რომ სამყაროს უეჭველად ერთი შემოქმედი უნდა ჰყოლოდა. ქალწული თანდათან ივსებოდა ღვთის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა.

ამასობაში ქალაქში გავრცელდა ხმა ბარბარეს მშვენიერების შესახებ და მრავალმა ჭაბუკმა იწყო მისი ხელის ძიება. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი. წმინდანმა მკაცრად მიუგო: "არა გიცნობიესა, მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე?" მამამ იფიქრა, ბარბარეს ჩაკეტილმა ცხოვრებამ გადაუსხვაფერა ხასიათიო, კოშკიდან გამოსვლის ნება დართო და მეგობრებისა და ახლობლების არჩევანის თავისუფლება მისცა.

დიოსკორეს საქმეების გამო შორს გამგზავრება მოუხდა. ამ დროს წმინდა ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, ჭეშმარიტი სარწმუნოება გაიგო და მოინათლა კიდეც. ამის შემდეგ მან ქალწულობის აღთქმა დადო და გადაწყვიტა, სიცოცხლე ღვთის სამსახურისთვის მიეძღვნა. ეს ამბავი დიოსკორემ შეიტყო. განრისხებულმა მახვილი იშიშვლა ქალიშვილის გასაგმირად. ბარბარემ გაქცევა მოასწრო. გამძვინვარებული მამა გამოუდგა. მათ გზა გადაუღობა სალმა კლდემ, რომლის ნაპრალმაც ისე შეიფარა წმინდანი, რომ მზერადაბნელებულმა დიოსკორემ ვერაფერი შენიშნა. ნაპრალიდან გზა მაღლა ადიოდა. მამამ დიდხანს ეძება ბარბარე. ბოლოს მწყემსების დახმარებით მიაგნო გამოქვაბულში თავშეფარებულს, თმით ჩამოათრია ქალაქში და შინ ჩაკეტა. შემდეგ ასული მმართველ მარტიანეს მიჰგვარა.

ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა მარტიანემ ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება - ურჩია, მოენანიებინა ღმერთებისგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მათთვის მსხვერპლი შეეწირა. პასუხად უფლის რჩეულმა მიუგო: "არა გიცნობიესა, ჰოი, უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი, ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ". განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ტყავის შოლტებით ეგვემათ წმინდანი. ჯალათები დაუნდობლად სცემდნენ ასულს, ბოლოს კი, ნაწამები, საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი ზეციური ნათლით გაბრწყინდა, მხურვალედ მლოცველი მოწამის წინაშე თავად მაცხოვარი წარსდგა და წყლულებისგან განკურნა. მეორე დღეს მარტიანემ სრულიად უვნებელი ბარბარე რომ იხილა, გაოცდა, მაგრამ მომხდარი სასწაული კერპების მოწყალებას მიაწერა და ქალწულს ურჩია, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი მათთვის. წმინდანმა კი უსჯულო ხელისუფალს შეჰნერწყვა და კვლავ მტკიცედ აღიარა ჯვარცმული მაცხოვარი. ბარბარეს სიმტკიცით გაკვირვებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც უმალ სიკვდილით დაისაჯნენ. ბარბარეს წამების საყურებლად შემოკრებილ ბრბოში იდგა ილიოპოლელი ქალწული იულიანაც, რომელიც თანდათან ივსებოდა წმინდა მარტვილისადმი თანაგრძნობით და მის მსგავსად ქრისტესათვის თავის დადების სურვილით ინთებოდა. ბოლოს ნეტარმა ხმამაღლა დაიწყო მტარვალთა მხილება. შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს. წმინდანებს დიდხანს ტანჯავდნენ: კავებით უგლეჯდნენ სხეულს, მკერდი ჩამოათალეს, ტანსაცმელშემოძარცვულებს დაატარებდნენ ქუჩებში, დასცინოდნენ... უფლის ანგელოზმა კი ნეტარ ქალწულთა სიშიშვლე სპეტაკი სამოსით დაფარა.

წმინდანებს თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ბარბარე თავად დიოსკორემ გაიყვანა სიკვდილით დასასჯელად. როცა წმინდანმა მამას სთხოვა, უკანასკნელად გაეწია მისთვის ანგარიში და ლოცვის საშუალება მიეცა, პასუხად მხოლოდ მწარე დაცინვა მიიღო. ქრისტეს ტარიგმა ლოცვა რომ დაასრულა, ზეციდან გაისმა: "მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიანას თანა სასუფეველსა ცათასა". ამის შემდეგ სულით გამხიარულებულმა ქალწულებმა მშვიდად მოუდრიკეს ქედი მახვილს.

წმინდა ბარბარე მამამისის ხელით აღესრულა. როგორც კი დიოსკორემ ასულს მახვილი დასცა, იმავ წამს ზეციდან გარდამომხდარი საშინელი ცეცხლი დაატყდა თავს და ერთიანად დაწვა. მისი ფერფლი კი უეცრად ამოვარდნილმა ფიცხელმა ქარმა გაფანტა.

ასევე დაისაჯა მარტიანეც: სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა და მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი ღვთისმოსავმა ვალენტინემ ილიოპოლში წაასვენა, პატივით დაკრძალა და მის საფლავზე ტაძარი ააგო. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. სწორედ აქედან მოხვდა მისი წმინდა ნაწილი საქართველოში, თბილისში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1