წმინდანი ხელთუქმნელი ტაძარია და მასში უხილავად მყოფობს ღმერთი
წმინდანი ხელთუქმნელი ტაძარია და მასში უხილავად მყოფობს ღმერთი
რატომ ვდღესასწაულობთ წმინდანთა ხსენებას და რატომ ვცემთ თაყვანს წმინდანებს? - ამ კითხვას პასუხობს არქიმანდრიტ რაფაელის წერილი:

"სიტყვა "წმინდანი" ბევრს მაღალი ზნეობის ადამიანის მნიშვნელობით ესმის, ერში ეს ცნებები ხშირად სინონიმებადაც იხმარება. მაგალითად, წმინდანს უწოდებენ კაცს, რომელიც უანგაროდ ემსახურება თავის საქმეს, ანდა კეთილ და მოწყალე ადამიანს. სინამდვილეში პიროვნების ზნეობრივი მხარე მხოლოდ ერთ-ერთი პირობაა სიწმინდისა, თვითონ სიწმინდე კი გაცილებით მეტს ნიშნავს: ეს არის ადამიანის სიახლოვე ღმერთთან, ღმრთაებრივი მადლის შეერთება მის სულთან, მთელი მისი არსების მარადიული, უხრწნელი ნათლით განათლება. წმინდანი ხელთუქმნელი ტაძარია და მასში უხილავად მყოფობს ღმერთი, ამკვიდრებს და ავლენს რა მასში თავის ძალებს. ამიტომ, როდესაც წმინდანს ვადიდებთ, ამით პირველ ყოვლისა ვადიდებთ ღმერთს, რომელმაც იგი გამოირჩია, განწმინდა და საიდუმლოდ ცხოვრობს მასში. ჩვენ არ ვტაცებთ დიდებას მამას, როდესაც მის მიერ აღზრდილ შვილებს განვადიდებთ, ისევე როგორც არ ვამცირებთ მთავარსარდალს, როდესაც მის გამოწვრთნილ მეომრებს ვაქებთ - მათი გამარჯვება ხომ მთავარსარდლის გამარჯვებაა! ამგვარად, ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდანს, როგორც ტაძარს, რომელშიც თვით ღმერთი მყოფობს. ამავე დროს, ცხონება არის ორი ნების - ღმრთაებრივისა და კაცობრივის სინერგიზმი: ღმრთაებრივის, რომელიც აღძრავს ადამიანს სულიერი ცხოვრებისთვის და ანიჭებს ცოდვასთან ბრძოლის ძალას, და კაცობრივის, რომელიც, მიიღებს რა ღმრთის მადლს, მისი მორჩილი ხდება. ამიტომ წმინდანის განდიდებით ჩვენ ვადიდებთ ამ წმინდანის მოღვაწეობას - იგი ჩვენივე მსგავსი ადამიანი იყო, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მომკვდარიყო, ცოდვის ხელმწიფებას კი არ დამორჩილებოდა. ჩვენ ვადიდებთ ადამიანს, ბუნებით ჩვენნაირს, მაგრამ ღმრთის მადლით განახლებულსა და ანგელოზებრივ სიმაღლემდე აყვანილს.

***
წმინდანის განდიდება გამოიხატება ლოცვით - ლიტურგიული თაყვანისცემით, მისი ცხოვრების გახსენებით, რომელიც ჩვენთვის სახარების მცნებების დაცვის ცოცხალი სახე და მისაბაძი ნიმუშია.

ლოცვა, ისევე როგორც სიყვარული, ადამიანის სულის თავისუფალი აქტია. ლოცვა არის მიწიერისა და ზეციურის კავშირის ერთ-ერთი პირობა. წმინდანებს შესაძლოა უფრო მეტადაც უნდოდეთ ჩვენთვის სიკეთე, ვიდრე ჩვენ გვინდა ჩვენი თავისთვის, მაგრამ ისინი ძალით არ ერევიან ჩვენს ცხოვრებაში. თვით სიკეთის ცნება შეუთავსებელია ძალადობასთან, ამიტომ წმინდანები ელიან, როდის მივმართავთ მათ თხოვნით, და ეს დიალოგი ლოცვაში ხორციელდება, უფრო მეტად კი ეკლესიურ ლოცვაში. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ წმინდანებს სულიწმინდის განსაკუთრებული ნიშნები ჰქონდათ მიმადლებული: სნეულთა კურნებისა, სასიკვდილო საფრთხის აცილებისა, მომავლის წინასწარმეტყველებისა, მანძილზე ხედვისა, აზრების წაკითხვისა და ა.შ. ღმერთი არის ყოველგანმყოფი სული, დროისა და სივრცის გარეშე მდგომი, და მის მიერ ენიჭებათ წმინდანებს ჩვენი ხედვისა და შესმენის უნარი.

***
ზოგიერთი სექტა ამტკიცებს, რომ სიკვდილის შემდეგ საშინელი სამსჯავროს დღემდე სულს სძინავს, მაგრამ ძილი ხომ სხეულის მდგომარეობაა და არა სულისა. ნერვული სისტემა სულისა და სხეულის მიჯნაზე გამავალი ზოლია, მაგრამ სტრუქტურულად იგი ფიზიკის სფეროს ეკუთვნის. ძილის დროს ხდება ნერვული სისტემის აღდგენა და გაწმენდა, აგრეთვე ადამიანის მიერ დღისით მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, მაგრამ სულს ამ დროს როდი სძინავს - მისი მოქმედება სიზმრებით გამოიხატება, სხეულის იმპულსების შემცირებისა და ქვეცნობიერის გააქტიურების პირობებში. გარდაცვლილის სული რომ ყველაფერს ივიწყებდეს, მაშინ სიყვარული ვეღარ დარჩებოდა სულში სიკვდილის შემდეგ, რადგანაც სიყვარული დინამიური და აქტიურია.

სექტანტები ამაზე მოგვიგებენ, რომ ძველი აღთქმის ეკლესიაში არ არსებობდა წმინდანთა მოსახსენებელი დღესასწაულები, საეკლესიო ჰიმნები და ლოცვები მათ განსადიდებლად. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ძველი აღთქმის მართალთა სულებიც ჯოჯოხეთს ჩადიოდნენ და იქ ელოდნენ თავიანთი გამოხსნის ჟამს. ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის დრომდე ცასა და მიწას შორის გადაულახავი უფსკრული იდო (ამიტომაც წმინდანებს თვითონვე სჭირდებოდათ ცხონება და გამოსყიდვა), თვითონვე იყვნენ ეშმაკისა და ჯოჯოხეთის დროებით ხელმწიფებაში. ჯერ კაცობრიობის ხსნა და მიწის ზეცასთან შეერთება უნდა აღსრულებულიყო და მხოლოდ მაშინ გახდებოდა ადამიანის ბუნება ღირსი განდიდებისა და საუკუნო ცხოვრებისა, ამას კი წინ უძღოდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება, აგრეთვე მის მიერ მართალთა გამოხსნა. ხოლო იმათი განდიდება, ვინც ჯერ კიდევ ჯოჯოხეთში იყო, ანდა მათთვის ლოცვა, ვინც ჯერ კიდევ განშორებული იყო ღმერთისგან, ნაადრევი და ამიტომაც უაზრო იქნებოდა.

***
წმინდანებთან ურთიერთობას ჩვენ ლოცვის საშუალებით ვამყარებთ, და ესაა მისტიკური კავშირი. არსებობს კიდევ ონტოლოგიური კავშირი: ჩვენც და წმინდანებიც ეკლესიის ერთ სხეულში ვართ ჩართულნი - ქრისტეს სხეულში ანუ ეკლესიაში. ჩვენ ერთი გვყავს შუამდგომელი ღმრთის წინაშე - ქრისტე, რადგანაც გოლგოთის მსხვერპლი ის ერთადერთი გზაა, რომლითაც ადამიანს ზეციურ მამასთან მიახლოება ძალუძს. აბელის სისხლი, მისი ძმისგან დათხეული, ზეცას შურისგებას შესთხოვდა, ქრისტეს სისხლი კი ჩვენთვის შუამდგომლობს ღმრთის წინაშე და ჩვენთვის ცოდვების მოტევებას ევედრება. წმინდანები არიან ჩვენი თანამლოცველნი და უფროსი ძმები, ისინი შუამდგომლობენ ჩვენთვის ღმრთის წინაშე, რათა ღმერთმა მათდამი თავისი სიყვარულის გამო ჩვენვე მოგვანიჭოს ის სიკეთეები, რომლებიც მანამდე მათ მიმადლა და ამ სიკეთეების ღირსად გვყოს; ჩვენ და წმინდანებს ღმრთაებრივი სიყვარული გვაკავშირებს, სიყვარულს კი სურს, სხვისი ტანჯვა თავს იდოს, ხოლო თავისი სიყვარული ყველას გაუნაწილოს. სიყვარული არის მისტიკური ერთიანობა, რომელიც პიროვნებათა შერწყმას არ იწვევს; პირიქით, ყოველი ადამიანი თავისთავადი რჩება, მაგრამ სხვისით და სხვაში ცხოვრობს, ამიტომ მისი ცხოვრება მეტ სიღრმეს იძენს. სამოთხე სინათლის ზღვაა, რომელშიც სიყვარულის სხივები ერთიდან ყველასკენ მიემართებიან და ყველასგან - ერთისკენ. პროტესტანტებისთვის უცხოა მისტიკა და ეკლესიის ლიტურგიკული სიღრმე, ამიტომაც ადარებენ ეკლესიას წარმართულ პანთეონს. მაგრამ სინამდვილეში წარმართობა წარმოადგენს ერთი, აბსოლუტური და ტრანსცენდენტური ღმერთის შეცვლას მითების ფორმით გადმოცემული კოსმიური და ისტორიული ფენომენებით. წარმართობა, როგორც ხთონური (მიწის) ღმერთების რელიგია, დემონთა თაყვანისცემად და დემონოლოგიად გადაგვარდება, და ამ გადაგვარებას თან ახლავს მაგია, მაგიური რიტუალები, ექსტაზური წინასწარმეტყველებები, ორგიები და მსხვერპლშეწირვა, ბაკქანალიები და სატურნალიები - ყოველივე ეს წარმართული სამყაროს ატრიბუტებია. წარმართობის დემონური, ვნებებით სავსე სამყარო, ურთიერთმტრობისა და მეტოქეობის სულისკვეთებით გაჟღენთილი, ქრისტიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ ბანაკად გაერთიანდა. აქ ერთადერთი ალტერნატივაა: ან სატანა - პანის, სატურნისა და შივას სახით, ან იესო ქრისტე. ქრისტემ სძლია სოფელსა და ჯოჯოხეთს, წმინდანები კი ქრისტეს ძალით სძლევენ ცოდვას. მათი ცხოვრება ქრისტეს მიბაძვაა. სწორედ მათ შესახებ თქვა უფალმა: "სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს" (იოან. 12,26). ქრისტე უხილავად მყოფობს ეკლესიაში, მაშასადამე, წმინდანებიც მასთან ერთად მყოფობენ იქ.

***
წარმართული რომი, რომელმაც აღმართა პანთეონი, როგორც თავისი სულიერი აკროპოლისი, ქრისტიანებს დამშეულ ლომებს უყრიდა შესაჭმელად და კოცონზე წვავდა, ახლა კი პროტესტანტები ქრისტესთვის ვნებულ ამ მოწამეებს წარმართული პანთეონის ღმერთებს ადარებენ. რაკი მიწიერსა და ზეციურ ეკლესიებს შორის კავშირი გაწყვიტეს და წმინდანთა ლოცვები უარყვეს, პროტესტანტები ლოგიკურად მიცვალებულთათვის ლოცვის უარყოფამდეც უნდა მისულიყვნენ. მათი აზრით, ეკლესია უძლურია დაეხმაროს მათ, ვინც უკვე გასცდა მიწიერი ყოფნის ზღურბლს, საუკუნო ცხოვრებაში მათ ერთადერთი რამ მოელით - შურისგება, რადგან იქ ადამიანი რაღაც ვაკუუმში იმყოფება. პავლე მოციქული ამბობს: "სიყუარული არასადა დავარდების" (1 კორ. 13,8), სექტანტები კი მიცვალებულებს სიყვარულს სტაცებენ და საკუთარი თავის ამარა ტოვებენ. ეს გულგრილობა თუ უმწეობა, რომელიც მიცვალებულთა მიმართ სისასტიკედ იქცევა, შეუთავსებელია ადამიანის სულის მოთხოვნილებასთან - დაეხმაროს არა მხოლოდ ამა სოფლის მკვიდრთ, არამედ იმათაც, ვინც სხვა, უხილავ ქვეყანაში გადასახლდა. პროტესტანტებისთვის ჯოჯოხეთი იგივე ჰადესია, სადაც აღარც სასოება არსებობს და აღარც ლოცვისა და სიყვარულის სხივები აღწევს.

***
ძველი აღთქმის ეკლესიაში მიღებული იყო ანგელოზთა პატივისცემა - იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველში ქერუბიმთა გამოსახულება იდგა. უფალმა ბრძანა, არავინ შეურაცხყოს პატარა ბავშვიც კი, რადგანაც მათი მფარველი ანგელოზები მარადის პირისპირ ჭვრეტენ ზეციურ მამას. თუკი ბავშვი ღირსია პატივისცემისა მისი მფარველი ანგელოზის გამო, რაოდენ მეტი პატივისცემის ღირსია თვით ანგელოზი, ხოლო წმინდანი "დააკლო მცირედ რაიმე ანგელოზთა" (ფს. 8,6) - მცირედ, რადგანაც ანგელოზში სამუდამოდ არის დამკვიდრებული სიკეთე და ღმრთაებრივი მადლი, წმინდანს კი, სანამ სოფელში ცხოვრობს, სულიერი ბრძოლა არ ელევა. უფალმა მისცა ადამიანებს, მთელ ერებსა და ქვეყნებს თავ-თავიანთი მფარველი ანგელოზები. ბიბლია გადმოგვცემს, რომ ანგელოზები მსოფლიოს წმინდა ისტორიაში მონაწილეობენ. ანგელოზები ღმრთაებრივი სიყვარულის მადლით შემოსილი სულები არიან, კაცთა შემწეობა მათი მოვალეობა კი არა, კეთილი ნება და სულიერი მოთხოვნილებაა. მათ უყვართ ადამიანები, რადგანაც ისინი ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა, მათ უყვართ ადამიანები, რადგანაც უფალი ჯვარს ეცვა კაცთა ცხონებისთვის. მათ უყვართ ადამიანები, რადგანაც სიყვარულის თვისებაა, თავისი სიკეთე სხვებსაც მიაწვდინოს, იგი პირთამდე სავსე სასმისს წააგავს, საიდანაც ყველას შეუძლია შესვას სასმელი.

***
წმინდანები თავიანთი ძალების შესაბამისად ჰბაძავდნენ ქრისტეს, და რადგანაც უფლის მთავარი საქმე კაცთა ცხონებაა, ამიტომ წმინდანებიც მის საქმეს უნდა განაგრძობდნენ - შეეწიონ ცალკეულ კაცთა და მთელი კაცობრიობის ცხონებას. როგორც ვთქვით, ისინი ძალას არავის ატანენ - მათი სიყვარული დელიკატურია, უხილავად გვიგზავნიან თავიანთ შემწეობას და ელიან, როდის მოვუხმობთ ჩვენს ლოცვებში. ყოველი ადამიანი გრძნობს თავის სულში ნათელ და ბნელ იმპულსებს, ტალღებივით რომ გამოდიან ორი სამყაროდან. თუ კაცი თავის გულს ნათლის წყაროსკენ მიმართავს, ანუ იმ სულებისკენ, რომლებიც ღმრთის მადლით ქრისტეს მიემსგავსნენ - ანგელოზებისა და წმინდანებისკენ, მაშინ თავის თავს მარტოსულად და მიტოვებულად კი აღარ იგრძნობს ბოროტი ძალების წინაშე, არამედ დიდი სულიერი ოჯახის წევრად, სადაც მისი ძმები ყოველთვის მზად იქნებიან დაეხმარონ და კაცისმკვლელ ეშმაკს არ ჩაუგდონ ხელში. წმინდანები გამოცდილ მეომრებს ჰგვანან, მთელი ცხოვრება სულიერ ბრძოლაში რომ გაუტარებიათ და კარგად იციან ჯოჯოხეთის სულთა ძალა და მზაკვრობა, იციან ჩვენი უძლურებაც, თანაუგრძნობენ და შეეწევიან ყველას, ვინც მათ მოუხმობს. პროტესტანტებმა კი საკრალური ეკლესია უბრალო თემად აქციეს, მიწის, ცისა და ქვესკნელის კავშირი დაარღვიეს, უარყვეს წმინდანთა შეწევნა და მათთან ერთიანობა".
ბეჭდვა
1კ1