დღესასწაული სულიერი სწავლისა და ნუგეშისთვის არის დაწესებული
დღესასწაული სულიერი სწავლისა და ნუგეშისთვის არის დაწესებული
ყოველ დღესასწაულზე რომელიმე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას ვიხსენებთ: მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე - წმინდანთა ცხოვრებას, მოღვაწეობას, სასწაულებს, განსაკუთრებულ დღეებს ეკლესიის ისტორიაში და ამგვარად გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ , საერო დღესასწაულებზე კი უმეტესად რომელიმე ქალაქისთვის ან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეს. მათ შორის პრინციპული განსხვავებაა და ეს ქრისტიანის განწყობაზეც უნდა აისახებოდეს.

მრავალმა ისეთმა ადამიანმაც კი, თავს ეკლესიურად რომ მიიჩნევს, არ იცის, რა განწყობით უნდა შეხვდეს დღესასწაულს და მას ღრეობად აქცევს ხოლმე. დღესასწაულებზე მხოლოდ მოვლენის გახსენებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, იგი უნდა შევიგრძნოთ და განვიცადოთ, დავფიქრდეთ, რაზე მიგვანიშნებს, რას გვასწავლის, რისკენ გვიბიძგებს. ეკლესიის მამები ამბობენ, რომ თუ ასეთი დღეებისადმი სარწმუნოებრივი განცდა არ გაგვაჩნია, თუ ცხოვლად არ შევიგრძნობთ ყველა მოვლენას, - ჩვენი გული მკვდარი ყოფილა, და თუკი ეს ასეა, აღარც დღესასწაულის აღნიშვნას აქვს აზრი.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერს: "ესაია წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით კიცხავდა ებრაელებს უსჯულოების გამო და ეუბნებოდა: მარხვა და უქმობა და დღესასწაულნი თქუენნი სძულან სულსა ჩემსა. რატომ განურისხდა ღმერთი ებრაელებს იმდენად, რომ მათი დღესასწაულები და უქმენი მოიძულა? იმიტომ, რომ მხოლოდ დღესასწაულის აღსრულება, თუ იგი პატიოსან და წმინდა ცხოვრებასთან არაა შეერთებული, ღმრთისათვის სათნო არაა. ჩვენც, ქრისტიანებმა, ხშირად უნდა შევახსენოთ თავს, რა არის დღესასწაული და როგორ უნდა გავატაროთ იგი, რათა ჩვენც, ებრაელების მსგავსად, ღმრთისგან საყვედური არ დავიმსახუროთ. რა არის დღესასწაული? დღესასწაული არის ხსენება ლოცვითა, მადლობითა და ქებით თვით მაცხოვრისა, მისი დედისა ან მისთა წმინდანთა, ან გახსენება ქრისტესთან დაკავშირებული რომელიმე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენისა. მაგალითად, ქრისტეშობისა, ამაღლებისა და სხვ. რისთვის დააწესა ღმერთმა სადღესასწაულო დღეები? ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მადლობა შევწიროთ, ვადიდოთ და აღვამაღლოთ ის პიროვნება ან მოვლენა, რომელსაც ვდღესასწაულობთ. მეორე მხრივ კი, ჩვენ თვითონ შევიძინოთ სულიერი სარგებლობა, ე.ი. მადლი, სწავლა და განათლება. აქედან ჩანს, რომ დღესასწაული სულიერი სწავლისა და ნუგეშისათვის არის დაწესებული და არა ხორციელი განცხრომისათვის.

ახლა გავიხსენოთ, როგორ ვატარებთ ჩვენ სადღესასწაულო დღეებს: ტაძარში ხალხის მხოლოდ რაღაც ნაწილი მიდის, ისიც უმრავლესობა მცირე ხნით, დანარჩენ დროს ქეიფსა და დროსტარებას ანდომებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი არც ამას დასჯერდა და ეკლესიისგან დადგენილ დღესასწაულებს რაღაც მოგონილი დღესასწაულებიც დაამატა, რომლის დროსაც გაუთავებელი ლხინი და ქეიფი იმართება. ღმერთი ქრისტიანებისგან უფრო მეტ სიწმინდეს და კრძალულებას მოითხოვს, ვიდრე ებრაელებისაგან მოითხოვდა. ამიტომ თუ დღესასწაულებს უაზრო და უზომო სმა-ჭამაში გავატარებთ, ჩვენი დღესასწაულები და უქმენი უფრო მეტად არ მოსძულდება? რადგან დღესასწაულებზე არა სწავლა და მადლი, არამედ ცოდვა და ბრალი გვემატება, საშიშია ის საყვედური, რომელიც ღმერთმა ესაიას პირით ებრაელებს გამოუცხადა, ჩვენც არ მივიღოთ".

საქართველოში საერო დღესასწაულები უმთავრესად უკავშირდება ჩვენი სამშობლოს წარსულს, ჩვენს ეროვნულ წმინდანებს. წმინდა ილია მართალი წერდა: "ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდან იწყება, როცა იგი თავის ისტორიას დაივიწყებას, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისი წარსულისა, განვლილი ცხოვრებისა; დავიწყება ისტორიისა, წარსულისა და განვლილი ცხოვრებისა მომასწავებელია ერის სულითა და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისა. წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა". ეროვნული წმინდანებისა და სახელოვანი წინაპრების ხსენება ჩვენი ერის განძი და საუნჯეა, ის "ცეცხლმოსაკიდებელი ღონეა", რომელიც ქართველ კაცს გაამხნევებს, "მოქმედებისა და გარჯისათვის აამოქმედებს".

ჩვენი ერის წმინდანების ხსენების დღეები საეკლესიო დღესასწაულებად იქცა. მათი ჯეროვანი აღნიშვნა ერის დღეგრძელობისა და კეთილდღეობის საწინდარია. ქართველი წმინდანები, ერისა და ეკლესიის საუკეთესო და უდიდესი მოღვაწენი იყვნენ ჩვენი ერის ისტორიის შემოქმედნი, მისი "გულისნადებისა და წყურვილის გამომხატველნი და განმახორციელებელნი. ამიტომაც ასეთი მოღვაწენი დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს ერობა სურს და დედამიწის ზურგიდან მსგავსად მტვრისა აღსაგველად არ გადაუდია თავი, - წერდა წმინდა ილია მართალი, - მათი დავიწყება საკუთარი ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რისი მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოშორდება, თავისი მშობელი და სიცოცხლის მიმნიჭებელი აღარ ახსოვს. გარდა იმისა, რომ დღესაც ამ საუკეთესო და უდიდეს მოღვაწეთა მეოხებით ვცხოვრობთ და ვსულდგმულობთ, ისინი სხვა სამსახურსაც გვიწევენ, რადგან ცოცხალი მაგალითები არიან იმისა, ამა თუ იმ გარემოებაში რა სიმაღლემდე შეუძლია ერს მიაღწიოს. რამდენადაც დიდბუნებოვანია ამგვარი მოღვაწე და რამდენადაც ეს დიდბუნებოვნება ხშირია რომელიმე ერის ისტორიაში, იმდენად უფრო დიდი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონისა და შემძლეობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემი სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზის გამო არ გამოჩნდებიან ისინი ხვალ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მოღვაწეთა მეოხებითა და ღვაწლით ვცხოვრობთ დღეს და ვსულდგმულობთ, მათ ერისათვის სხვა მნიშვნელობაც აქვთ. ერი თავის გმირებსა და წმინდანებში პოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონესა და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგიერთ მათგანს წმინდანის გვირგვინით მოსავს და მასზე ლოცულობს, ზოგს - დიდბუნებოვნების შარავანდედით, და თაყვანს სცემს სასოებითა და მადლობით. ამიტომაცაა საჭირო ისინი გვახსოვდეს და არ დავივიწყოთ. ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, - ამბობს ბრძენი სენეკა, - იმისთანა კაცი, რომ მისი მიხედვითა და მაგალითით საკუთარი ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება შევიძლოთ. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არათუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის, არამედ მარტო მისი სახელის ხსენებითაცაო". ამისთანა ბედნიერ და ნეტარ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან ჩვენი წმინდანები. ამიტომაცაა დაწესებული მათი ხსენების დღესასწაულები საქართველოს ეკლესიაში, რომელიც მუდამ "თავდადებით პატრონობდა და ერის დიდებას არასდროს დავიწყებას არ აძლევდა". ასეთი თავმოსაწონებელი წმინდანების განდიდება და მათი მოსახსენებელი დღესასწაულების ღირსეული აღნიშვნა ჭეშმარიტად გამაცოცხლებელია ერისა, დავიწყება კი - მიუტევებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს მას (წმინდა ილია მართალი).
ბეჭდვა
1კ1