შობის ღამეს ბეთლემის შემოგარენში ცა ანგელოზთა დასმა დაფარა
შობის ღამეს ბეთლემის შემოგარენში ცა ანგელოზთა დასმა დაფარა
ფანჯრებში სანთლები ანთია. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევის შესრულებით ხვდებიან ქართველი მართლმადიდებლები მაცხოვრის შობის დიდებულ დღესასწაულს. ქრისტიანთა გულებში იშვება შვიდ იანვარს მხსნელი ჩვენი უფალი იესო ქრისტე.

ხოლო ძე ღვთისას დაბადება, ეს უდიდესი ღვთაებრივი საიდუმლო, ბეთლემში აღესრულა. კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით, აღწერა დაიწყო, ამიტომ მართალი იოსები მარიამთან ერთად ჩავიდა ნაზარეთიდან ბეთლემში, დავითის ქალაქში, როგორც მისი შთამომავალი. ბეთლემში ჩასული მარიამი შობს მაცხოვარს და აღსრულდება წინასწარმეტყველება: "აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ, რომელ არს თარგმანებით ჩვენთანა ღმერთი". ქალწულმა შეახვია იესო სახვევებში და მიაწვინა ჩვილი ბაგაზე. ქრისტე ბაგაში იშვა, რადგან აღწერისთვის ჩამოსულ ხალხს ყველა სასტუმრო დაეკავებინა. მაცხოვრის ბაგაში ჩაწვენას, როგორც წმინდა მამები განმარტავენ, ორმაგი სიმბოლური დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, მაცხოვარმა თავისი შობით გვასწავლა თავმდაბლობა, ხოლო მეორე მხრივ, წმინდა თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით, ბაგა სიმბოლურად გამოხატავს დედამიწას: რაკი ბაგა პირუტყვს ეკუთვნის, დედამიწის ბინადარნი - ადამიანები ჩვენი ყოფითა და ზნეობით პირუტყვებს ვგავართ. მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლის მიზანი ჩვენი ამ პირუტყვული უგუნურებიდან გამოხსნაა.

დედამიწის ზურგზე მხოლოდ ყოვლადწმინდა მარიამმა შვა ყოველგვარი ტკივილის გარეშე შვილი და ქალწულად დარჩა. წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სწავლებით, როგორც ადამს არაფერი დაჰკლებია ევას შესაქმნელად ნეკნის გამოღებით, ასევე ღვთისმშობელს იესოს შობით ქალწულება არ მოჰკლებია.

იესოს სასწაულებრივი შობის ღამეს ბეთლემის შემოგარენში ცა ანგელოზთა დასმა დაფარა, რომლებიც ადიდებდნენ უფალს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". მათ მწყემსებს ახარეს მხსნელის დაბადება. ხოლო მწყემსებმა, რომლებიც სიტყვიერი მწყემსების - მღვდელმთავრების სიმბოლური სახეები არიან, კაცთა შორის პირველებმა იხილეს იესო ქრისტე და თაყვანი სცეს. შემდეგ აღმოსავლეთიდან ჩამოსულმა მოგვებმა მიართვეს ძღვენი მხოლოდშობილ ძე ღვთისას: ოქრო, როგორც მეფეს, გუნდრუკი, როგორც ღმერთს, რადგან გუნდრუკს მხოლოდ უფალს ვუკმევთ, მური კი, როგორც სიკვდილის მიმღებს, რადგან იუდეველები მკვდარს შემურულს მარხავდნენ, რომ სხეული გაუხრწნელი დარჩენილიყო. მათ, როგორც წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს, წინ უძღოდათ ანგელოზი ვარსკვლავის სახით. ისინი ხომ ვარსკვლავთმრიცხველნი იყვნენ.

მოსეს რჯულის შესაბამისად, მერვე დღეს ყრმა მაცხოვარს წინადაცვითეს და სახელად უწოდეს იესო. წინადაცვეთა უფალმა აბრაამს დაუდგინა, რადგან რჩეული ერის ყოველ შვილს ჰქონოდა ღმერთთან კავშირის ეს ხილული ნიშანი. მაცხოვარმა, რომელიც ბრძანებს: "არა მოვედ დახსნად რჯულისა, არამედ აღსრულებად", - შეასრულა ეს ძველაღთქმისეული წესი და ამით მოგვცა მაგალითი კანონის მორჩილებისა.

ოცდაათი წლის ასაკამდე იესო ნაზარეთში ცხოვრობდა. ოცდაათი წლისა კი გაცხადდა კაცობრიობის წინაშე, როდესაც მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემელთან მივიდა და მოინათლა. ნათელიღო იესომ და აჩქარებით ამოვიდა წყლიდან, ხელები ზეცად აღაპყრო და დაიწყო ლოცვა ზეციური მამის წინაშე, რათაAმას დაელოცა ძის მოღვაწეობა ცოდვილი კაცობრიობის გადასარჩენად. მაშინ იესოს თავზე გაიხსნა ცა ელვის ძლიერი ნათებით და იხილა იესომ სულიწმინდა, მტრედის სახით გარდამომავალი, რომელიც დააჯდა მხარზე. და იყო ხმა ზეციდან: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო-ვიყავ". წმინდა იოანე ოქროპირი ნათლისღების ამ ეპიზოდს ასე განმარტავს: "ეს არის ჩემი საყვარელი, მხოლოდშობილი ძე, ჩემგან საუკუნეების უწინ შობილი და დაუსაბამო, "რომლისგანაც ყოველი შეიქმნა", ჩემი სწორი ძალაში, ხელმწიფებასა და დიდებაში. ეს არის ჩემი ძე, მასშია ყოველი ჩემი ნება-სურვილი, სისრულე მთელი ჩემი სახიერებისა, ვისგანაც ხალხზეც გადმოვა ჩემი სიყვარული. ასე საზეიმოდ განუცხადა მამა ღმერთმა არა მარტო იოანეს, არამედ ყველას, ვინც იწამებს ქრისტეს, რომ ნათელღებული იესო ჭეშმარიტი მესიაა, ქრისტე მაცხოვარი ქვეყნისა. და რომ არ ეფიქრათ, ხმა ზეციდან იოანეს ეკუთვნოდაო, სულიწმინდა თავისი გარდამოსვლით თითქოს თითით ანიშნებდა როგორც იოანეს, ასევე იქ მყოფთ, რომ ეს სიტყვები იესოს მიმართ წარმოითქვა. მაშინ ალბათ იკითხავენ - რატომ არ ირწმუნეს იუდეველებმა იესო ქრისტე? თავიანთი გულქვაობის გამო", - გვპასუხობს წმინდა იოანე ოქროპირი.

ცხრამეტ იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს იკურთხება წყალი, რასაც დიდი აიაზმა ეწოდება. ნაკურთხ წყალს მართლმადიდებელი ქრისტიანები უზმოზე იღებენ. მას მაკურნებელი ძალა აქვს.
ბეჭდვა
1კ1