უძრავი და მოძრავი საუფლო დღესასწაულები
უძრავი და მოძრავი საუფლო დღესასწაულები
ესაია წინასწარმეტყველი უფლის სახელით საყვედურობდა ებრაელებს უსჯულოების გამო და ეუბნებოდა: "მარხვა და უქმობა და დღესასწაულნი თქუენნი სძულან სულსა ჩემსა".

რა გახდა ებრაელთა მიმართ ღმერთის განრისხების მიზეზი და რატომ მოიძულა უზენაესმა მათი დღესასწაულები? იმიტომ, რომ უფალი არ შეიწირავს მხოლოდ დღესასწაულის გარეგნულ აღსრულებას, თუ იგი პატიოსან და წმინდა ცხოვრებასთან არ არის შეერთებული. ჩვენც, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ხშირად უნდა შევახსენოთ თავს, რა არის დღესასწაული და როგორ უნდა გავატაროთ იგი, რათა ებრაელების მსგავსად ღვთისგან საყვედური არ დავიმსახუროთ.

რა არის დღესასწაული? დღესასწაული არის ხსენება ლოცვით, მადლობითა და დიდებით თვით მაცხოვრისა, მისის დედისა ან წმინდანებისა, ან გახსენება ქრისტესთან დაკავშირებული რომელიმე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენისა. მაგალითად, მაცხოვრის აღდგომისა, შობისა, ამაღლებისა და სხვა.

რისთვის დაგვიწესა უფალმა დღესასწაული? ერთი მხრივ, იმისთვის, რომ მადლობა შევწიროთ და ვადიდოთ ის პიროვნება თუ მოვლენა, რომელსაც ვდღესასწაულობთ. მეორე მხრივ კი, ჩვენ თვითონ შევიძინოთ სულიერი სარგებლობა, მადლი, ერთგვარი სულიერი სწავლებაც კი. როგორც ხედავთ, დღესასწაული სულიერი სწავლისა და ნუგეშისთვის არის დაწესებული და არა ხორციელი განცხრომისთვის.

ეს პერიოდი გამორჩეულია, რადგან სწორედ ახლა ვზეიმობთ ორ უდიდეს დღესასწაულს - მაცხოვრის შობასა და ნათლისღებას. ამიტომ გვმართებს დაფიქრება, რომ ჩვენი ზეიმი მხოლოდ ქეიფსა და სუფრასთან დროსტარებაში არ გამოიხატოს.

ახლა კი, მოდით, კიდევ ერთხელ შევიტყოთ საუფლო დღესასწაულების შესახებ.

KARIBCHEწმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ერთმანეთისგან განასხვავებს უდიდეს, დიდ და გარდამავალ დღესასწაულებს, რომელთაგან თავისი აღმატებითა და დიდებულებით ცალკე დგას უდიდესი საეკლესიო დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დანარჩენი 12 უდიდესი საუფლო დღესასწაულია:

1) შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა (ძველი სტილით - 8, ახალი სტილით - 21 სექტემბერი);

2) ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა (ძველი სტილით - 21 ნოემბერი, ახალი სტილით - 4 დეკემბერი);

3) ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა (ძველი სტილით - 25 მარტი, ახალი სტილით - 7 აპრილი);

4) შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (ძველი სტილით - 25 დეკემბერი, ახალი სტილით - 7 იანვარი);

5) მირქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (ძველი სტილით - 2 თებერვალი, ახალი სტილით - 15 თებერვალი);

6) ნათლისღება (ძველი სტილით - 6, ახალი სტილით - 19 იანვარი);

7) ფერისცვალება მაცხოვრისა (ძველი სტილით - 6, ახალი სტილით - 19 აგვისტო);

8) მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში - ბზობა;

9) ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი;

10)სულთმოფენობა;

11) მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა (ძველი სტილით - 15, ახალი სტილით - 28 აგვისტო);

12) ჯვართამაღლება - (ძველი სტილით - 14, ახალი სტილით - 27 სექტემბერი).

KARIBCHE


უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგან მოძრავია მხოლოდ აღდგომა, ბზობა, ამაღლება და სულთმოფენობა. დანარჩენი ცხრა დღესასწაული უძრავია. მოძრავი დღესასწაულები უშუალოდ უკავშირდებიან აღდგომის დღესასწაულს. აღდგომის აღნიშვნის დრო დაადგინა ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელიც 325 წელს ჩატარდა ქალაქ ნიკეაში. ამ დადგენილებით, აღდგომა იზეიმება გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობის) შემდგომ, პირველი სავსემთვარეობის მომდევნო კვირას (იუდეველთა პასექის შემდგომ, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს). ეს ხდება 4 აპრილიდან 8 მაისამდე (ძველი სტილით - 22 მარტიდან 25 აპრილამდე).

ბზობას ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს. იგი ყოველთვის ემთხვევა აღდგომის წინა კვირა დღეს.

ამაღლების დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.

რაც შეეხება სულთმოფენობას - სულიწმინდის გარდამოსვლას, მას ეკლესია უფლის მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ზეიმობს.
ბეჭდვა
1კ1