ფოკის მონასტრის სასწაულები
ფოკის მონასტრის სასწაულები
არქიმანდრიტი ფოკას (მარკოზია) მოგონებები:
-ფოკაში მამათა მონასტერი საცხოვრებელ ვაგონებში იყო განთავსებული. ზაფხულში სასმელი წყალი ფარავნის ტბის ნაპირზე გამოსული წყაროებიდან ვედროებით მოგვქონდა. ზამთარში ტბა დაახლოებით 1 მეტრი სისქის ყინულით იფარებოდა, ხოლო ნაპირები ივსებოდა თოვლის ნამქერით. იშვიათად თუ ვახერხებდით ამ ნამქერში დაახლოებით 10 მეტრიანი გვირაბის გათხრას და იქიდან წყაროს წყლის მოპოვებას. ეს ძალიან მძიმე სამუშაო იყო, ამიტომ გვერჩივნა 1 მეტრი სისქის ყინული ამოგვემტვრია და გადადუღებული ტბის წყალი გვეხმარა. წყლის გადადუღება აუცილებელი იყო, რადგან ტბაში გავრცელებული იყო სოლიტერის ჭია. ხშირად მინახავს, სოლიტერის ჭიისგან, მუცელგამსკდარი თევზები. ყინულის ამომტვრევა ხდებოდა ძალაყინის მეშვეობით. ეს ძალაყინი იმდენად დაღუნული იყო, რომ როდესაც ყინულს ვურტყამდით მკლავზე ტკივილს გვაყენებდა. ამიტომ ყინული სანამ სქელი იყო ძალაყინს მოქნევის შემდეგ ხელს არ ვუჭერდით, რათა არ გვტკენოდა. როდესაც ყინული დათხელდებოდა იძულებულები ვიყავით მისთვის ხელი მაგრად ჩაგვეჭიდა, რათა ტბაში არ ჩაგვარდნოდა. ასეთი შეცდომა მოუვიდა მორჩილ დავით კონჯარიას (მღვდელი დავით კონჯარია), ყინულის ამომტვრევისას, ძალაყინი ხელიდან გაუსხლტდა და ტბაში ჩაუვარდა. დაბრუნდა მონასტერში და გვაუწყა მომხდარის შესახებ. ჩვენ დავდექით რეალობის წინაშე, მონასტერი წყლის გარეშე რჩებოდა. ძალაყინის სათხოვნელად სასწარაფოდ სოფელში, დედათა მონასტერში წავედით. აღმოჩნდა, რომ მათ ძალაყინი ადგილობრივი მოსახლეობისგან ჰქონდათ ნათხოვარი. შევუდექით ტბის ფსკერიდან ძალაყინის ამოღებას. ნაპირიდან ყინულის ორმო დაშორებული იყო დაახლოებით 20-30 მეტრით, ხოლო სიღრმე წარმოადგენდა 2 ნახევარ მეტრს. თოხზე დავამაგრეთ გრძელი ტარი. ორმოსთან ვწვებოდით მუცლით, თოხის ტარს ემატებოდა ჩვენი მკლავის სიგრძე, რაც გვაძლევდა საშულებას მივწვდომოდით ფსკერს.

მონასტრის თითქმის ყველა წევრს ჰქონდა სურვილი და საშუალება, როცა იღლებოდა ერთი, ენაცვლებოდა მეორე, მოესინჯა საკუთარი ძალები ძალაყინის ამოსაღებად. კარგად ისმოდა ხმები, თუ როგორ ხდებოდა ამ თოხის მოდება ძალაყინზე, რკინის ხახუნის ხმა და შემდგომ მისი ვარდნა ფსკერზე. მოხდა ისე, რომ ვერც ერთმა ვერ შევძელით ძალაყინის ამოღება. დავბრუნდით მონასტერში, მონასტრიდან ტბამდე მანძილი 200 მეტრია.

მეორე დილისთვის გავამზადეთ ბარი, მას წავუმახვილეთ წვერი, დავაგეთ ტარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. ყოველ დილით გვიწევდა დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი ყინულის ამომტვრევა, დილიდან დილამდე წყალი ამ სისქემდე ასწრებდა გაყინვას. ამიტომ ბარს ხშირად ეღუნებოდა და უტყდებოდა წვერი. ერთ მშვენიერ დილას მოხდა საოცრება, ერთ-ერთმა მორჩილმა იპოვა დაკარგული ძალაყინი. ის დილით წყლის მოსატანად წავიდა და ორმოში დაინახა შავი ლაქა. იფიქრა, რომ ეს მკვდარი თევზი იყო. შემოუმტვრია ფრთხილად ირგვლივ ყინული, რომ არ აეწეწკვა თევზი და დაებინძურებინა წყალი. როგორც კი გადაწყვიტა მისი ფრთხილად ამოღება, აღმოჩნდა, რომ ეს იყო დაკარგული ძალაყინი. ანუ, სამი მეტრის სიმაღლეზე, ყინულის ორმოში გვერდულად ამოდებული თავამოშვერილი რკინა, წყალზე ტივტივებდა. თქვენ, ალბათ ხვდებით, მონასტრის წევრთაგან ამდენი სამღვდელო პირი და მაღალი იერარქი თუ რატომ შეემატა ეკლესიას, ხოლო ერის კაცთაგან წარმატებული ბიზნესმენები და ღირსეული მრავალშვილიანი მამები. მათი სახელები და გვარები ჩამოვწერე, რომლებიც ასევე არიან ცოცხალი მოწმეები, ამ საოცარი სასწაულების (მამა სვიმონი, მღვდელ-მონაზონი მიქაელი (მეუფე მიქაელი გაბრიჭიძე თიანეთისა და ფშავის ეპისკოპოსი). მამა სვიმონი (აბრამიშვილი), რომელიც მოღვაწეობს სამების ლავრაში, მამა ანტონი (ოსიაშვილი), რომელიც ოდესაში მოღვაწეობს, მღვდელი დავითი (კონჯარია) მოღვაწეობს თბილისში, მაშინ ის შეუმოსავი მორჩილი იყო, დღეს იგი მღვდელია, იღუმენი გაბრიელი ქაჯაია (შეუმოსავი მორჩილი). ერის ადამიანები: გიორგი ნადარეიშვილი (ბიზნესმენი), ზაზა მირიანაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიშა, ომარი ქელბაქიანი, ზურა, ალექსანდრე).
ბეჭდვა
1კ1